ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2020


მელანო

მელანო, იცი? ჩვენი კოცნაც მელოდია
არის ერთგვარი, როცა ქუჩაში
დეკემბრის სუსხია და მელოდები,
როდის მოვალ. ჩაგეხუტები. კოცნას დაგიშენ
და გეშინია, რომ არ მოვიდე. მაგვიანდება,
ქალაქის საცობს ვერასძალით გამოვერიდე,
ყველა პროსპექტი ბინძური და ნაგვიანია,
შენ მეტროსთან ხარ, მე კი ახლა ზემო ვერიდან
რუსთაველისკენ მოვაბიჯებ, თანაც ქოშინით.
წვიმს. სიცივეა. საღამოა. დღისგან დაღლილი,
გზად უნებურად თვალს შევავლებ ქუჩის გოშიებს,
სადარბაზოსთან შეყუჟულებს და მეც ძაღლივით
ჩამოვუყვები ქვაფენილებს, ჩიხებს და ვიწრო
გადასახვევებს და სისველეს თმიდან, შუბლიდან
მთელ პირი-სახეს ვუწილადებ, მალევე ვიგრძნობ,
როგორ ვსველდები, ნეტავ მალე შემოუვლიდე
წრეებს, წრეწირებს, ამ ოვალურ ბაღებს, სკვერებსაც,
ეკლესიასთან ჩავიარე, ბავშვებს სანთლები
სახეს უნათებს, მათ ნაწილს კი სეფისკვერებით
უბე აქვს სავსე. მე კი შენ წინ ვერ გავმართლდები,
რადგან ჩვეულად ვიგვიანებ, შენ კი, მელანო,
უკვე მომწერე, რომ მოხვედი, სადაც დროდადრო
ერთმანეთს ვხვდებით და თვალებიც ისე ღელავენ,
რომ ვერ გიხილო, მაგრამ მაინც უნდა მოვასწრო
შენამდე მოსვლა, ჩვენი კოცნაც მელოდიაა,
დგახარ ქუჩაში, დეკემბერი თმაში შემოგდის...
შენ მელოდები, მელოდები, კვლავ მელოდები,
რომ მერე მითხრა გულმოსულმა, როგორ მელოდი...
...და მე აქა ვარ, შენ წინაშე, მოდი გაგითბო
ხელები, სახე, მერე წაღმა სახე, ხელები...
დავაგვიანე, მაგრამ აქ ვარ და მსურს დაგითმო
ცხელი და ხშირი ამოსუნთქვა, ხშირი და ცხელი.
მელანო, იცი? ჩვენი კოცნაც მელოდია
არის ერთგვარი!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები