ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ჯორდი
ჟანრი: პროზა
20 მაისი, 2020


რექვიემი 2

კარები წიხლით შევაღე, ხმაურით მიასკდა საწოლის თავს და უკანვე დაბრუნდა. კალომ ხელით დაიჭირა და ასევე ხმაურით დაკეტა. ყველა საწოლზე წამოჯდა და მოგვაჩერდნენ გაფართოებული თვალებით. ქამარი, აქამდე ხელში რომ მეჭირა, მაჯაზე დავიხვიე და ტოლიკას საწოლს მივუახლოვდი. დაბალ ტუმბოზე რადიო იდგა, ჰოპ ჰეი ლალა ლეი, ხმამაღლა მღეროდა აგუტინი.... ხელის დარტყმით გამოვრთე და მთელი ძალით მოვიქნიე ქამარი, მძიმე ბალთა ტუმბოს კიდეს მოხვდა და მოგლეჯილი პლასტიკატის ნატეხები შორს მოისროლა.
-ტუმბოზე დადე ფული, ტოლიკ! - ჩემი ხმა მომესმა, მივხვდი რომ ჩემი ხმა იყო თორემ რას ვიცნობდი, უცხო ტონალობა ჰქონდა, ხორხისმიერი, ბრაზისგან ჩახლეჩილი.
დამცინავად გაიღიმა და მიმოიხედა მხარდაჭერის იმედით, მაგრამ სახე ერთბაშად შეეცვალა, მოექრუშა, როცა დაინახა რომ რატომღაც არავინ დაიძრა ადგილიდან „სალაგას“ ჭკუის სასწავლებლად, საწოლის საზურგეს აეკრა, ერთბაშად შეიცვალა, თვალებში შიში ჩაუდგა, პანიკური შიში.
-ფული აღარა მაქვს, დამეხარჯა... ვიშოვი და როცა მექნება მერე მოგცემ...
ჩემი კოზირი მოულოდნელობაა, შოკური მდგომარეობიდან არ უნდა გამოვიდნენ, ყოყმანი და შიში თუ შემატყეს, ჩემი საქმე წასულია, ზედ გადამივლიან, დაუნდობლად, წიხლებით...
რადიო ავიღე ხელში.
-ხუთამდე დავითვლი, თუ ტუმბოზე სრული ათი მანეთი არ დაიდება, ამ რადიოს ნამსხვრევებსაც ვეღარ მოაგროვებთ, შენ კი საკუთარ კბილებს. - კბილებში გამოვცერი და საწოლის თავს დავუმიზნე.
- ეგ ჩემი... რა..დი..ო არ არის... ტუჩების კანკალით დამარცვლა ბგერებად.
-ეეე, ჩემია, არ გაბედო!... ყვირის ჩოფურა, ბუთხუზა ლოყებიანი, გვერდით საწოლიდან.
-მე სულ ფეხებზე მკიდია... ფული ტუმბოზე, დანარჩენი უჩემოდ გაარკვიეთ... ერთი! ... თითბერის ბალთა ლიტერას ხვდება ჭახანით და ჟღრიალის ხმას გამოსცემს...
-ორი!
იგორმა ჯიბეების ქექვა დაიწყო, სხვებიც ამოძრავდნენ.
-სამი!
-ოთხზე - უკვე მოგროვდა რამდენიმე წვრილი კუპიურა და ხურდა ფულები.
-აჰა, დაიჭი. - ათ მანეთიანი გამომიწოდა ბუთხუზამ აკანკალებული ხელით,  სანაცვლოდ რადიოს მართმევს, ხელში ატრიალებს, რწმუნდება რომ მთელია და უვნებელი.
კარებისკენ მივდივარ უკუსვლით რომ ზურგიდან არ დამესხნენ თავს. კალო ზურგით მიყრდნობია დაკეტილ კარებს. მარჯვენა ხელში ბასრი დანა უკავია, პლაფონების შუქზე რომ ელვარებს ავად და მარცხენა ხელის ზურგზე უსვამს სიბრტყით, წინ და უკან ... წინ და უკან, თითქოს სალესავის ქვაზე ლესავსო დიდი მონდომებით...
აი, თურმე რას მოუხდენია ეფექტი...
გამოვედით და გამოვიკეტეთ ზურგსუკან კარები. იქვე კედელს მივეყრდენი და ხარბად შევისუნთქე ჰაერი. ციებცხელებიანივით ცახცახებდნენ ჩემი ხელები და მოქმედების თავისუფლებას ითხოვდნენ. უკმარისობის შეგრძნება გამომყვა რომ სახეში არ ვლეწე ჭკუის სასწავლებლად.
რატომ გავიხსენე ეს ძველი ისტორია?- სწორედ იმიტომ რომ მაგალითი მომეყვანა, ბოღმა და ბრაზი როგორ თრგუნავს შიშის გრძნობას. პირველ შემთხვევაში ყველაფერმა ისე ჩაიარა დაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი, მაგრამ ბოღმა ხომ ჩამყვა გულში. მეორეჯერ კიდევ ახალი შეურაცხყოფა დაემატა, იმისდა მიუხედავად რომ ეს, ასე თუ ისე, უმნიშვნელო თანხას შეეხებოდა. ჰოდა დაგუბებულმა ბოღმამ მაინც თავისი ქნა და ამოხეთქა. ამოხეთქა და ტვინი ისე დამიბინდა, რომ მზად ვიყავი რაღაც გამოუსწორებელი ჩამედინა, რაღაც ათი მანეთის გამო... ათი ქეციანი მანეთის გამო. მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი ასე დამთავრდა და არა ისე, როგორც  შეიძლებოდა რომ დამთვრებულიყო...
  რაც შეეხება მონატრებულ ღვინოს, პროპორშჩიკი გამეგზავნა იმავე პირობით, ღვინო ქართული არ იყო, მაგრამ ჯანდაბას, სიმფეროპოლში დაწურულსაც არა უშავს ... ერთი თავისთვის დაიტოვა, ორი მე მომიტანა. ერთი ბოთლი ქართველ „ძმებს“ ვაჩუქე, მეორე მე და კალომ გამოვცალეთ პლაცის მიღმა, სკვერში, საბჭოთა ჯარისკაცის ბეტონის მონუმენტის ძირში, ეგრევე, ბოთლის ყელიდან...
................................
ადრე ავდექი, შხაპი მივიღე და წვერი გავიპარსე. სარკიდან გამხდარი, ლოყებჩაცვენილი კაცი მიცქერის, უღიმღამო, ნაღვლისფერი თვალებით. მე აქედან ვუბღვერი და არც ის მრჩება ვალში, ენაც კი გამომიყო უზრდელი ბავშვივით. ყოველ შეხედვაზე თავის შეკავებას ვცდილობ რომ სარკე ნამსხვრევებად არ ვაქციო, მზარავს ამ კაცის დანახვა...მისი უაზრო გამომეტყველება, ჩაღამებული თვალები, შეშუპებული ქუთუთოები...
  მსუბუქად ვისაუზმე, უხეში ტილოს შარვალი და თეთრი ბამბის მაისური ჩავიცვი, ქუჩაში გავედი ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი, უდარდელი გამომეტყველების გრიმასით. ეზოში მხოლოდ ერთი ნაცნობი შემხვდა, პენსიონერი პარმენა, ერთერთი იმათგანი, რომელზეც იტყვიან, გაზის ბალონივით სულ ქუჩაში დგასო. მოვიკითხეთ ერთმანეთი და ის იყო წამოიწყო წუწუნი ამ გაფუჭებულ და უსამართლო ცხოვრებაზე რომ ჩვენს გვერდით შავი მერსედესის მარკის მანქანა გაჩერდა, რა თქმა უნდა  “ე“ კლასი და თანაც ხუთასი, ქართულ მენტალიტეტის შესაბამისი... ხუთლიტრანახევრიანი ძრავით, (ბენზინს როცა ასხავენ, ავზი რომ არ ივსება თუ მოტორი არ გამორთეს). ოცდაათიოდე წლის  ქალმა გადმოყო ქერად შეღებილი, დახვეულ კულულებიანი თავი, ძვირფასი სუნამოს მძაფრი კორიანტელი დააყენა და მეოთხე კორპუსი იკითხა. ვისარგებლე შემთხვევით და ვიდრე ჩემი ზედმეტად ცნობისმოყვარე მეზობელი გამოჰკითხავდა თუ ვისთან მიდიოდა და რა მიზნით, ქუჩაში ვდურთე თავი.
  ჯერ მხოლოდ დილის რვა საათი იქნებოდა, ქუჩაში კი უკვე უამრავი ხალხი ირეოდა. გაუგებარია, ყველა სამუშაოს უქონლობას უჩივის, ქუჩები კი დილიდანვე სავსეა, ტრანსპორტი - გადატენილი.
გადასასვლელთან, კუთხეში, თვითნაკეთ დაბალ მაგიდაზე ჟურნალ გაზეთებია გაშლილი, იქვე ასფალტზე ხილი და ბოსტნეული, პლასტმასის ყუთებით. ჩემს წინ მიმავალი, წელში მოხრილი მოხუცი კაცი მაგიდასთან შედგა, გაზეთი აიღო და ის იყო ყავარჯნიანი ხელით გადაფურცლა რომ ვიღაცამ მთელი ხმით უყვირა:
-ფული გადაიხადე რო კითხულობ?
ფაშფაშა ქალმა, თითქოს მიწიდან ამოძვრაო, გაზეთი ხელიდან გამოგლიჯა,  გაფუებული მკერდი წინ გადმოაგდო და მებრძოლი მამალივით  დაუდგა წინ.
კაცმა ძირს დავარდნილი ყავარჯენი ხვნეშით აიღო, გაზეთი უხეშად მიუგდო, დამცინავი, ზიზღნარევი ღიმილით გადახედა მოწინააღმდეგეს და უხმოდ გასცილდა.
ხასიათი წამიხდა, რამდენიმე ნაბიჯი გავიარე და უკანვე მოვბრუნდი. ჯიბეში ხურდები მოვიძიე და გაზეთი ვიყიდე.
-მე აქ სამკითხველო კი არა მაქ, ფულის გადახდა არ უნდათ ამ ოხრებს, დამადგებიან აქ და კითხულობენ! - არ ცხრებოდა ქალი.
ეს რა ეპიდემია დაატყდა ამ ქალაქს რომ ერთ მომღიმარ სახეს ვეღარსად მოჰკრავ თვალს, ყველას ცხვირპირი ჩამოსტირის. იქნებ არც მე მილხინს, მაგრამ სხვებს როდი ვუბღვერი ეს ოხერი. თვალებიც რომ დახუჭო, მაინც შეიგრძნობ უარყოფითი მუხტებით გაჯერებულ ჰაერს. ავდრის მოახლოვებასაც ხომ ადრევე ხვდები, ქარში გაბნეული ოზონის სუნით, გაცილებით ადრე, ღრუბლების გამოჩენამდე.
ნაბიჯს ავუჩქარე, ძლივს წამოვეწიე ბერიკაცს.
-ინებეთ ბატონო! - გაზეთი მივაწოდე...
გაკვირვებულმა შემომხედა გამჭირვალე შუშის თვალებით.
-ვერ გავიგე?!
-უხერხულად შევიშმუშნე. თქვენ მგონი გაზეთის წაკითხვა გნებავდათ და აი...
-მერე, მე გთხოვე რო? - ხომ უნდა ვიცოდე რას სწერია იმ ოხერ გაზეთში რომ ვიყიდო? - ხველა აუტყდა. - ეს ჩათლახები ყველა უნდა გარეკო და მტკვარში გადაყარო ერთად. შენ რა, გგონია, მე ფული არა მაქვს?
-ეგ არც მიფიქრია, ბატონო, არც თქვენი შეურაცხყოფა გამივლია აზრად... - მე ეს გაზეთი უკვე წავიკითხე და თუ ინებებდით....- ერთბაშად ვინანე რომ ამ ისტორიაში გავეხვიე.
-შენ რა, საქმე არაფერი გაქვს?  - ხმას აუწია ბერიკაცმა. - ვინა ხარ, რას გადამეკიდე? - ჯოხი დააბაკუნა ასფალტზე...
გამვლელები  ცნობისმოყვარე თვალებით მოგვაჩერდნენ, რამდენიმე შეჩერდა კიდეც.
ზურგი ვაქციე, გაზეთი პირველსავე ნაგვის ურნაში ჩავაგდე. ხასიათი მომეშხამა, ღრმად შევისუნთქე ეს საზიზღარი, ღვარძლით შეზავებული ჰაერი... ეს რა იდიოტი ვარ, რა ფილანტროპია შემეყარა ამ მიზანთროპების სამეფოში.
-გიჟია, ვინ ოხერია... - შორიდან მომესმა ბერიკაცის ჯუჯღუნი. ცოტა ხნით კედელს მივეყრდენი, ვიდრე ქოშინმა არ გადამიარა, მერე  იქვე, პატარა სკვერში შევედი. გრძელ მერხზე ათი-თორმეტი წლის გოგო-ბიჭები ისხდნენ და სიგარეტს აბოლებდნენ არხეინად. საინტერესოა, დილა ადრიან სიგარეტის მოსაწევად შეიკრიბნენ ვითომ? - მოშორებით ჩამოვჯექი ბორდიურზე. ფეხები აზიურად მოვიკეცე და თავი ჩავკიდე.
ეკლესიის ზარებმა გამომაფხიზლა. ჩამძინებია, ნეტა რამდენ ხანს მეძინა? -ათი წუთი? - ოცი? - ან იქნებ ორმოცი? გოგო-ბიჭები აღარსად ჩნდნენ.
  ზანტად წამოვდექი და  სკამზე გადავჯექი. დაბუჟებული ფეხები გავშალე და საზურგეს მივეყუდე. ამ სკამზე, უფრო სწორად იმ სკამზე რომელიც ზუსტად ამ სკამის ადგილზე იდგა, პენსიონერები ჯდებოდნენ ხოლმე ჩემს ახალგაზრდობაში. აქვე ცხოვრობდნენ, რკინიგზელების კორპუსში. მისჯილებივით სულ აქ ისხდნენ, სახლში მხოლოდ სადილად ადიოდნენ.  ალიოშა ლანგი, ყოფილი სადგურის უფროსი, ფეხმოუცვლელად იჯდა თავის მარცხენა კუთხეში. კირილე, ყოფილი სამხედრო მფრინავი, მუდამ თეთრი ფერის პერანგით და ცხენის ტყავისგან შეკერილი ყავისფერი ქურთუკით, მასიური, ოქროსფერი ელვა შესაკრავით რომ იკვრებოდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ საავიაციო ქარხანაში მუშაობდა ინჟინერ კონსულტანტის თანამდებობაზე და მხოლოდ სამსახურის შემდეგ უწევდა გამოსვლა, გრაფიკით. ხმელ ხმელი, ულვაშებ გაწკეპილი რაჟიკო რკინიგზის სამშენებლო უბნის უფროსი იყო, დიდი მოქეიფე და ქალების მოყვარული, ამ უკანასკნელზე აშკარად მეტყველებდა მისი მეუღლის ისტერიკები, ღია ფანჯრიდან რომ გამოდიოდა რეგულარულად, ყოველ ორ სამ დღეში ერთხელ. ქეიფიც გადაბმული იცოდა, ზღვარგადასული. ერთხელ ჯაბარას უნახია სასაუზმის კედელზე აყუდებულს ეძინა თურმე, ზეზეურა. ჯაბარაც ჩვენი ქურთი მეზობელია, ბუდიონივითა აქვს ულვაშები გადაგრეხილი, კორპუსის უკანა ეზოში ცხოვრობდა, შანხაის რომ ეძახდნენ. მისი სრული სახელია ჯაბარ-ჰამიდ-მუზხარ-ალი და მისი გენიოლოგიის ერთ ზედა ტოტს სრულად განმარტავს: - ჯაბარა, რომელიც ჰამიდის შვილია და მუზხარას შვილიშვილი, თავად მუზხარა კი დიდი ბაბუა ალის უფროსი ვაჟიშვილი. სადგურის ნასილჩიკია, ერთი ალალი და მშრომელი კაცი, გამხდარი და მძიმე ჩემოდნების ზიდვით მკლავებდაკუნთული. ჰოდა რა უნდა ექნა  ჯაბარას, იქვე დასვა რომ არ წაქცეულიყო, თავისი ურიკა საჩქაროდ დააბინავა, მერე ტაქსი გააჩერა და სახლში წამოიყვანა. პირველად იჯდა ჯაბარა ტაქსში, ტაქსში კი არა, ტრამვაიში არ ჯდებოდა, ზედმეტი სამი კაპიკი რომ არ დაეხარჯა ( ჰო, ბევრი ალბათ არც დაიჯერებს, მაგრამ სამი კაპიკი ღირდა ტრამვაით მგზავრობა, ოთხი ტროლეიბუსით და ხუთიც ავტობუსით), ჯაბარას კიდევ ექვსი შვილი ჰყავდა, ერთიც გვარიანად ჩაპუტკუნებული, ახალგაზრდა, მკერდსავსე ცოლი და ყველას ერთმანეთზე უკეთესი მადა ჰქონდათ. ტყუილად ედგათ სამზარეულოს კუთხეში ერთი ციცქნა მაცივარი, პროდუქტის შეწყობას ვერ ასწრებდნენ, უკვე ცარიელი იყო. ჰოდა გადაიკიდა რაჟიკო მხარზე აბანოს სველი ტილოსავით და სულ ღიღინით აიყვანა მესამე სართულზე. ზარის ხმაზე გამოსულმა ცოლმა ჯერ რაჟიკოს შეუღრინა, მერე ჯაბარას. - ჩაგისკდათ მუცელი, თქვენ გამილოთეთ პატიოსანი ქმარიო. მერე მოლბა, - საწოლამდე მაინც მიმათრევინე ეს უბედურიო. - ამოგანგლული პიჯაკი რომ გახადეს ერთობლივი ძალისხმევით, მაშინ გაახილა რაჟიკომ თვალი. - რა ხდება, რა ამბავიაო... იყვირა რიხიანად, თამადა თუ ეგონა ისევ თავი „პრივაგზალნი“ პავილიონში.
-რა ხდება და ქურთმა ჯაბარამ მოგათრია, შე უბედურ დღეზე გაჩენილო, თორემ კბილებდაკრეჭილს გიპოვიდნენ დილას მეეზოვეები.
-ჯაბარამო? -კბილები დააღრჭიალა და ყელში სწვდა საბრალო ქურთს. - რა მჭირს ბიჭო, მე, რჟიკო ჩანადირს ნასილჩიკის მოსაყვანი, მე თქვენი ყველას დედაო.... - აქამდე მოჩვარულ ფეხებზე ფხიზელი კაცივით მხნედ წამოიმართა, კარში გააგდო და წიხლიც მიაყოლა. კიბეებზე დააგორა საწყალი კაცი. კიდევ რაჟიკოს იღბალი რომ ზორბა ცოლი ჰყავდა და დროულად სტაცა ხელი საყელოში თორემ ჯაბარასგან განსხვავებით, საკუთარ ძვლებსაც ვეღარ აკრეფდა ქვის საფეხურებიდან.
  სულ ფურთხებით წამოდგა ერთიანად დაბეჟილი ჯაბარა, შარვალი ჩამოიბერტყა, ვირო მადლიო... წაიბურტყუნა და კიბეებს დაუყვა.
„ბირჟას“ ისე ჩაუარა, თავიც არ უწევია. როცა ჰკითხეს, რა მოხდა რა ხმაური იყოო ზევით, ხელი ჩაიქნია მხოლოდ და სახლისკენ წალასლასდა. შესახვევში შედგა, შუბლში შემოირტყა ხელი,... ქარს გატანებულ მანეთიანს დარდობდა საბრალო და როსტოვის მატარებელზე, რომელიც უკვე სადგურში იქნებოდა ჩამომდგარი, მის წასაღებ „ათ-ათ შაურიან“ ჩემოდნებს კი სხვები მიარბენინებდნენ ტაქსებისკენ.
საშა გამცილებელი იყო მოსკოვის მატარებელზე. დეფიციტური „რაღაც რაღაცეები“ ჩამოჰქონდა და ასე ვთქვათ ხელს ითბობდა. მძიმე ჩანთებით ბრუნდებოდა დიდი დედაქალაქიდან, შორიდან თოფივით ისროდა სალამს და სადარბაზოში დურთავდა თავს. „კონტრაბანდას“ დააბინავებდა, თავის მუდმივ კლიენტებს დაურეკავდა და ამცნობდა რომ ჩამოვიდა. შემდგომი ეტაპი სპეკულაცია-რეალიზაცია იყო და ეს უკვე მისი მეუღლის ფუნქციებში შედიოდა. თვითონ, ვალმოხდილი, ერთ ძეხვს თხლად დასჭრიდა, შეახვევდა „იზვესტიაში“ და  ორ წუთში უკვე „ბირჟაზე“ იყო. აქ უკვე ყველას სათითაოდ ესალმებოდა, ხელის ჩმორთმევით. მერე ცალ თვალს მოჭუტავდა და - ბელომიცინზე რა აზრისა ხართო, ეშმაკურად იკითხავდა. ბელომიცინი მისი განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, არაყს ნიშნავდა. ყველა ჯიბეზე ისვამდა ხელს და ბანქოს ქაღალდებივით აწყობდნენ ერთმანეთზე მანეთიანებს. თუ ახლოს ვიყავი მე მაგზავნიდნენ მოსატანად, თუ არა, რომელიმე მათგანი კისრულობდა ამ „ფრიად საპასუხისმგებლო“ საკითხის გადაჭრას. იქვე სკამზე ანთავისუფლებდნენ ორი მტკაველის ხელა ადგილს, სვამდნენ არაყს და აყოლებდნენ ძეხვს, შავ პურთნ ერთად. ბოთლს რომ მოცლიდნენ საშა ყოველთვის პლეხანოვისკენ იღებდა გეზს, ფრანგული ფუნთუშების შესაძენად. წასვლამდე, როგორც წესი, დაიწუწუნებდა, რომ მოვიტან ერთმანეთს ხელიდან ართმევენ ეს ვირიშვილები, ყიდვით კი ყოველთვის ბუხანკას ყიდულობენო.
თავყრილობას ზოგჯერ ვარლამიც უერთდებოდა, პოლიტეკონომიის ლექტორი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მისი გადაპრანჭული მეუღლე სადმე იყო წასული. ცოლის გამოჩენისთანავე ხუსხუსით გარბოდა სახლში. ეკრძალებოდა „ლოთებთან და უსაქმურებთნ“ ურთიერთობა.

  როცა ხამსა გამოჩნდებოდა, ის იღებდა თავის თავზე „საორგანიზაციო საკითხების“ მოგვარების ინიციატივას და საღამო მაშინაც ყოველთვის პურმალით მთავრდებოდა. უსაშველოდ გამხდარი კაცი იყო, ორმოციოდე წლის. ათი წლის უკან, აბასთუმანში გაუცვნია ჩემი უბნელი  იამზე, ულამაზესი ქალიშვილი. ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ და კარგად ვიცნობდი, თანაც კარის მეზობლები ვიყავით. მისი ძმა  ჩემზე მთელი ექვსი წლით უფროსი იყო, ასაკის მიუხედავად კარგი ძმაკაცები ვიყავით. ხამსა და იამზე აბასთუმანში მკურნალობის კურსს გადიოდნენ, ორივე ტუბერკოლიოზით იყო დაავადებული. ჰოდა იქვე დაქორწინებულან. პირველ ხანებში ხამსას მშობლების სახლში ცხოვრობდნენ ნახალოვკაში, იმის  ცოლშვილიან ძმასთან ერთად. მერე იამზეს მშობლებმა ახალი ბინა მიიღეს და ახლად დაქორწინებულები ძველ ბინაში გადმოვიდნენ აქვე შანხაიში. აგურით ნაშენ, მაღალჭერიან სახლში. ამის მერე სულ რაღაც ორი წელი იცოცხლა საბრალო იამზემ. მას მერე მარტო ცხოვრობს ხამსა. ადრე გეოლოგიურ პარტიაში უმუშავია. მერე ხან საწყობის გამგე იყო, ხან მძღოლი, დანარჩენ დროს, სტაბილურად უმუშევარი.  ქვედა ტუჩზე, ცუდად შეხორცებული, ღრმა ნაიარევი ჰქონდა, ნიკაპამდე გასდევდა. ახალგაზრდობაში ჩხუბისთავიც იყო ეტყობა, ნაციხარიც იყო, მაგრამ არასოდეს მიკითხავს რაზე იჯდა. ერთი კი ვიცოდი რომ ქურდი ნამდვილად არ იყო. მის ბინაში სულ ქაოსი და აურზაური სუფევდა. ფხიზელს იშვიათად ნახავდი, მხიარული და ხმაურიანი, მაგრამ უწყინარი და ადვილად ასატანი კაცი იყო...
საკმარისია ვინმეს რამე ეთხოვა, ქვას გაარღვევდა, ღამეებს გაათევდა, მინისტრებს აუტალახებდა კარს და მაინც შეუსრულებდა. 

სანდრო საღამოობით გამოდიოდა. ერთთავად მოქრუშული ბერიკაცი, ოდესღაც მრისხანე ჩეკისტი, მხრებში მოხრილი და დათრგუნული, ყავერჯენზე დაყრდნობილი, გაჭირვებით მოათრევდა გასიებულ ფეხებს. მის ტრაღიკულ ისტორიაზე სქელტანიანი წიგნის დაწერა შეიძლება. ახალგაზრდობაში ენკავედეში მსახურობდა. ტუაფსეში გაამწესეს. გაზაფხულის ერთ მზიან დღეს, ზღვისპირა ბულვარზე იჯდა თურმე, ჩრდილში, რამდენიმე მილციელთნ ერთად. ათი თორმეტი წლის ბიჭები ღლაბუცობდნენ იქვე ახლოს, ეტყობა სტადიონიდან მოდიოდნენ, როგორც ჩანს მოზღვავებული ენერგია ბოლომდე ვერ დახარჯეს და დროდადრო ისევ გვარიანად გაქუცულ ტყავის ბურთს ესროდნენ ერთმანეთს. ერთხანს შეგროვდნენ, რაღაცას ჩურჩულებდნენ, მერე ერთი მათგანი, სხვებთან შედარებით მთელი თავით მაღალი რომ იყო, ჯგუფს გამოეყო, მიუახლოვდათ და მის წინ აისვეტა..
-ბიძია, დამახურე რა, შენი ქუდი ერთი წუთით...
სანდრომ ჯერ გაწკეპილ ულაშზე გადაისვა ხელი, ერთხანს ყოყმანობდა, მერე წითელ ვარსკვლავიანი, შავი ფერის ტყავის გრძელკაკარდიანი ქუდი, „კომისარკას“ რომ ეძახდნენ, მოიხადა და თავისი ხელით დაახურა. ბიჭი გაიბადრა, ქუდი ყურებამდე ჩამოიფხატა. - ყველა ერთხმად ახორხოცდა. ბიჭი, თითქოს ამას ელოდაო, მკვირცხლად შეტრიალდა და გაიქცა.
სანდრო წამოხტა, არც უყვირია, არც უთხოვია შეჩერდიო, სწრაფი მოძრაობით კაბურაზე გაიკრა ხელი, მაუზერი გაიძრო და დაუმიზნა.
სამი ტყვია დაახალა ზედიზედ ზურგში. ბიჭმა სულ ორი ნაბიჯი გაირბინა ინერციით, ფეხები მოეღვენთა და მოცელილივით დაეცა პირქვე. სისხლის გუბე დადგა უმალ. კომუნისტები ამაყობდნენ, რელს ხვრიტავსო გერმანული მაუზერის ტყვია, მოზარდის მყიფე ხერხემალი განა რა წინააღმდეგობა იქნებოდა ცხრა მილიმეტრინი ტყვიისთვის. დამსხვრეული ძვლები მკერდში გამოიტანაო ამბობდნენ.
ეს საქმე მალე ჩაფარცხეს.  დამწუხრებული მშობლები სამძიმრის ნაცვლად, მკაცრადაც გაკიცხეს კომუნისტური სულისკვეთებით არ აღგიზრდიათო შვილი...
სანდრო თბილისში გადმოიყვანეს, დააწინაურეს. ავლაბარში ბინა მისცეს, კერძო სახლი, პატარა ეზოთი. ციმბირში გადასახლებულ, „ხალხის მტრისგან“  ახლად გამონთავისუფლებული.
მალე დაქორწინდა კიდეც კანცელარიის მდივან მემანქანეზე. ოთხი შვილი შეეძინათ, ოთხივე ბიჭი. გადიოდა წლები, ხელფასი იზრდებოდა, მხრებზე ვარსკვლავების რაოდენობა მატულობდა, შვილებიც წამოიზარდენ. როგორც პრინციპულ პარტმუშაკს და მრისხანე ჩეკისტს, დრო და დრო აწინაურებდნენ კიდეც.
რკინიგზის ტრანსპორტის მილიცის უფროსის მოადგილე იყო, პენსიაზე რომ გავიდა. იმავე წელს, ახლად აშენებულ ბინაშიც გამოუყვეს ოთხოთახიანი, ფართო აივნებიანი ბინა. უდარდელი სიბერე მეღირსაო, ღიღინებდა ბედით კმაყოფილი. საბრალო ბათუმელი ყმაწვილის „კომისარკის“ ქვემოდან ეშმაკურად მომზირალი თვალებიც სამუდამოდ გადაავიწყდა. - კაცი ბჭობდა და აღმერთი იცინოდაო...
ერთ, არც თუ ისე მზიან დღეს, უბანში მეხივით გავარდა, კობა მოკლესო. კობა სანდროს მესამე შვილი იყო, ცხრამეტი წლის. გეოლლოგიას სწავლობდა. იქვე მოკლეს, გეპეის კიბეებზე. სამი ტყვია დაახალეს  მკერდში. ერთნი ამბობდნენ ქალის გამო მოკლესო, მეორენი, მამის ცოდვებმა უწიაო და საკრალური სამი ტყვია მოჰქონდათ „უტყუარ“ მტკიცებულებად, ის საბრალო ბავშვიც ხომ სამი ტყვიით შემოაკვდაო ტუაფსეში... ბევრი სტუდენტი შეესწრო ამ ამბავს, ამბობდნენ, რამდენიმემ მკვლელიც კი ამოიცნოო სახეზე.  სანდრომ ბევრი იბობოქრა, ბევრი საჩივარი წერა მაგრამ ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. საქმე დახურეს მტკიცებულებების არ არსებობის მოტივით. იმასაც ამბობდნენ ვიღაც ძალიან დიდი ჩინოვნიკის შვილი იყოო და მისთანებზე ხომ არ ვრცელდება კანონმდებლობა...
იმ დღიდან დაიწყო ბედის ბორბალმა ტრიალი უკან, გაცილებით სწრაფად, ვიდრე წაღმა ბრუნავდა იქამდე.
კობას სიკვდილიდან ერთი წელი იცოცხლა მხოლოდ დედამისმა. ერთ წვიმიან დღეს სასაფლაოდან დაბრუნებული ჩაწვა ლოგინში  და აღარც ამდგარა, ერთ კვირაში მიაბარა სული უფალს.
უფროსი შვილი, ნიკა ავლაბრის სახლში ცხოვრობდა ცოლთან და პატარა გოგონასთან ერთად. ძალზე კეთილი და მხიარული კაცი იყო. ხშირად მოდიოდა ჩვენთან, უბანში. მთებში უყვარდა სიარული, ზამთარში თხილამურებით სრიალი, ნადირობის სეზონის გახსნას მოუთმენლად ელოდა, სათევზაოდ ღამისთევით დადიოდა...კიდევ პოეზია უყვარდა და გიტარა, მოკლედ მაგარი ვინმე იყო, სიცოცხლით სავსე, ხალისიანი, მის გვერდით რომ არ მოიწყენდა კაცი. ოცდათხუტმეტი წლის იყო ცერებრობასკულარული ინსულტი რომ დაემართა.  სანდრომ მოსკოვიდან ჩამოიყვანა საუკეთესო პროფესორები.  წამლების გადამყიდველებს, ადრე თვითონ რომ დასდევდა და იჭერდა სპეკულაციის  მუხლით, დაჩოქილი ეხვეწებოდა დეფიციტური წამლების შოვნას, მაგრამ უშედეგოდ. ერთადერთი რასაც მიაღწია, იყო ის რომ მიუხედავად აცახცახებული კიდურებისა, ათიოდე მეტრის გავლას ახერხებდა ყავარჯნების დახმარებით. ყბა მოღრეცილი დარჩა, თვალის ქუთუთოები გადმობრუნებული, ენას გაჭირვებით აბრუნებდა და გაურკვეველ ბგერებს გამოსცემდა. თუმცა ჩვენ, ვისაც ყური გვქონდა უკვე შეჩვეული, ამ ნაწყვეტებიდან აზრის გამოტანას მაინც ვახერხებდით. ავლაბრის სახლში ცხოვრობდა, მარტოდმარტო. ცოლმა ორი სამი თვე უყურა, მისი საშველი რომ არ გამოჩნდა, მოკიდა ხელი ბავშვს და სახლიდან წავიდა. მოკლე, სამსიტყვიანი წერილი დაუტოვა მხოლოდ. „მაპატიე, ჩვენ მივდივართ“.
ცოლის წასვლას ადვილად შეეგუა, ადრე თუ გვიან ეს გარდაუალი იყოო, ფიქრობდა, მაგრამ შვილი ენატრებოდა და უძლური იყო რამე შეეცვალა. ბავშვი ვეღარ ცნობდა, მისი ეშინოდა და დანახვისთანავე ისტერიულ ტირილს იწყებდა. ზოგჯერ, საბავშვო ბაღიდან გამოყვანის დროს, სადმე, მოპირდაპირე შენობის კუთხეს ამოფარებული ადევნებდა თვალს, ბებიამისს რომ მიჰყავდა ხელჩაკიდებული...
გეგა, ნიკას მომდევნო ძმა იყო. მამამ თავისი გავლენიანი ნაცნობობა გამოიყენა და ფულიანი სამსახური უშოვა. სპირტიანი სასმელების ვაგონებს აცილებდა დიდ რუსეთში. ბევრი ფულის შოვნას ახერხებდა მაგრამ რასაც შოულობდა ურჯერ მეტს ხარჯავდა. დარდიმანდი კაცის ცხოვრებით ცხოვრობდა, ხელგაშლილი, არაფერს იკლებდა.
  ერთ დღეს კიდევ ერთხელ დაიქუხა ბერიკაცის თავზე. გეგა სადღაც ურალში აუჩეხიათ ცულით, თავისსავე ვაგონში. ერთი კი დაიბღავლა ბერიკაცმა მთელი ხმით და ჩაუწყდა ხმა. დადუმდა, საკუთარი გაჩენის დღე დასწყევლა. გეგა კობას გვერდით დაასაფლავეს. სანდროს მთელი დრო კრინტი არ დაუძრავს, სიტყვა არ დასცდენია, არც ცრემლი შეუმჩნევია ვინმეს მის თვალზე. თავი ხელში აიყვანა ისევ.
ისედაც სიტყვაძუნწი, მთლად პირქუში გახდა, ათასში ერთხელ, პურს და „ბელამორ კანალს“ რომ  იყიდდა, მაშინ თუ ჩამოჯდებოდა ოციოდე წუთით და ისევ სახლში მიდიოდა უხმოდ, უთქმელად...
გეგას დასაფლავებიდან ერთ კვირაში ბერდომაც აიკრა გუდანაბადი და წავიდა. არავისთვის უთქვამს თუ მიდიოდა, ან სად მიდიოდა, ადგა და წავიდა. ბედისწერას გაქცაო ამბობდნენ...ვინ იცის, გაექცა კი?  იქნებ სწორედ ბედისწერის შესახვედრად წავიდა... აღარაფერი გვსმენია მასზე.
ამით არ დასრულებულა სანდროს უბედურება...ერთ დღეს ნიკას მეზობელი მოვარდა თავისი ცისფერი პობედით, ფერი არ ედო სახეზე... - ნიკას სახლი დაიწვა და თვითონაც შიგ გამოიწვაო ცოცხლად... მისი ბღავილი ცასა სწვდებოდაო...
უბედურს, ახლოს ვერავინ გაეკარა, ისევ ჯაბირამ ითავა და დანახშირებული ძვლები კუბოში გადააწყო, სათითაოდ...
ისიც კობას გვერდით დავასაფლავეთ.

ჯარიდან რომ დავბრუნდი სანდრო მოვიკითხე. - მოკვდაო მითხრეს. ისედაც იშვიათად ჩამოდიოდა და არ გაგვკვირვებია, მაგრამ კარის მეზობელმა უსიამოვნო სუნი შეამჩნია და კარი შევამტვრიეთო. იატაკზე ეგდო თურმე საცოდავი, ემბრიონივით მოკრუნჩხული.
„ბირჟაც“ შეთხელებული დამხვდა. რაჟო დაუჭერიათ, სამშენებლო მასალებს ყიდდაო ჩუჩუმად. ალიოშა ლანგს ბინა გადაუცვლია და ქმარგაშორებულ შვილთან გადასულა საცხოვრებლად. კირილეს ლამაზი ქალიშვილი რუსეთში გათხოვილა და მამამისიც იქ გადასულა, აქ მარტო ყოფნას იქ ყოფნა მირჩევნიაო შვილიშვილებთან. ხამსა „პახმელიაზე“ მომკვდარა. დილით ადრე გამოვიდაო ბალკონზე, მაისურის ამარა, ხელში დაორთქლილი ბორჯომის ბოთლით. კარის მეზობლებს მიესალმა და სულ ორი ყლუპის დალევა მოასწრო თურმე, საწყალმა, ინფარქტს დაურტყავს და იქვე დაულევია სული. მეზობლებმა, ეტყობა არ ჰქონდა თორემ ნამთვრალევზე ბორჯომის ნაცვლად ერთი ჭიქა ღვინო დაელია, გადარჩებოდაო. ტუბერკულიოზს მოერია და ინფარქტმა კი მოუღო საწყალს ბოლო. სამაგიეროდ ახალი წევრი შემატებია, დათა ზანდუკელი, კაგებეს ყოფილი პოლკოვნიკი, პენსიაზე გასულა და საშასთან ერთად არჩევდნენ  ხოლმე საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს. ადრე დიდი ჩინოვნიკი იყო, პერსონალური მანქანით დადიოდა, გამარჯობასაც არ კადრულობდა, ცხვირაბზუებული დურთავდა ხოლმე თავს სადარბაზოში.
  მახსოვს, ერთ ზაფხულს ცივი წყალი გადაასხეს ქურდებმა მის ამპარტავნობას და მსხვილვარსკვლავიან სამხრეებს. ბიჭვინთაში იყო წასული ოჯახთან ერთად, დასასვენებლად. მის კარის მეზობელს, ფაშფაშა ზინას ჰქონდა დატოვებული სახლის გასაღები, კანარის ჩიტებისთვის საკვები რომ დაეყარა და დრო და დრო ყვავილები მოერწყო. პირველსავე კვირა დღეს, ორმა ახალგაზრდამ დარეკა ზარი ზინას  კარზე.
- ბოდიშს გიხდით მშვენიერო ქალბატონო, დათა უნდა ჩამოსულიყო დღეს დილით, სახლში არ ჩანს და ხომ არ იცით სად არის. - ღიმილით დაიღვარა ერთი მათგანი.
- ერთ კვირაზე ადრე არ ჩამოვლენ, ასე დამიბარესო, - ქათინაური შეიფერა და ღაბაბიანი ყელი მოიღერა ზინამ.
-ეგ ჩვენც ვიცით პატივცემულო, მაგრამ დათა სასწრაფოდ გამოიძახეს სამსახურში, გუშინ საღამოს ველაპარაკეთ ტელეფონზე. ცოლშვილი ათიოდე დღეს კიდევ დარჩება, ძალიან კარგი ამინდები ყოფილა და წამოსვლა არ უნდათ, მაგრამ დათა დღეს დილით წამოვიდა, მოხსენება უნდა მოამზადოს ხვალ დილისთვის.
-ვერაფერს გეტყვით, ჯერ არ მოსულა, - შეწუხდა ზინა.
-თუ არ შეწუხდებით, იქნებ კარები გაგვიღოთ, ჩანთებს დავტოვებთ და მერე ქალაქში გავივლით დათას დაბრუნებამდე.
ზინამ გასაღებების ასხმა მოარბენინა, კარები გაუღო და იქვე, დერეფანში გაჩერდა ვიდრე პროდუქტს მაცივარში შეაწყობდნენ. ერთი მათგანი მალე მობრუნდა, ორი ცალი მოზრდილი ატამი და ერთი მტევანი მსხვილმარცვლიანი, ქარვისფერი ყურძენი გაუწოდა. - ინებეთ ქალბატონო, თქვენ ძალიან კეთილი გული გაქვთ და ძალიან, ძალიან ლამაზი თვალები. - თუ ნებას დაგვრთავთ, ნამგზავრები ვართ და წყალსაც გადავივლებდით...
-კი, რა თქმა უნდა, გაიოფლებოდით, გაუსაძლისი სიცხეები დაიჭირა...მაშინ მე წავალ და როცა მორჩებით გასაღები შემომაწოდეთ.
თეძოების რხევით წავიდა ზინა, დერეფანში სარკისკენ გაექცა თვალი, მძიმედ ამოიოხრა, - ათი თხუთმეტი წლით უმცროსი მაინც ვიყო, დავუბრმავებდი თვალს ტალიკ-ტალიკ ბიჭებსო. სამზარეულოში შევიდა, ხილი გარეცხა, ატამი გათალა და გემრიელად შეექცა. ათიოდე წუთის შემდეგ გამოვიდა, კარები დაკეტილი დახვდა. იქვე დადგა და დაელოდა. მერე კარებს მიადო ყური, შიგნით ჩამი ჩუმი არ ისმოდა. გულმა რეჩხი უყო...თავი დაიმშვიდა, ასეთი ზრდილობიანი ბიჭები ცუდს არაფერს იკადრებენო. ფრთხილად დააკაკუნა, მერე ზარი დარეკა, მუშტითაც აბრახუნა... ალბათ ქალაქში გავიდნენ და გასაღების დატოვება დაავიწყდათო...
რაჟიკო ამოდიოდა კიბეებზე, ეცა და სხაპასხუპით მოუყვა ყველაფერს.
-გადაირიე ქალო? - უცხო ხალხი ბინაში როგორ შეუშვი? - იყვირა რაჟომ, -დათას როგორ დავუკავშირდეთ თუ იცი?
-რა ვიცი, ასე თქვეს, ბიჭვინთაში მივდივართო...პანსიონატში...
რაჟიკო კიბებზე დაეშვა, ზინაც გაჰყვა ლოყების ხოკვით.
-ითათბირეს კაცებმა და მილიციაში უნდა დავრეკოთო, გადაწყვიტეს.
დათა მეორე დღესვე ჩამოვიდა. კარები რომ შეაღო, დაჭრილი ლომივით იღრიალა, თავდაყირა დახვდა ყველაფერი. იატაკზე ხუთიოდე ატამი და სამი მტევანი ყურძენი ეყარა. გროვებად ეყარა დაჭმუჭნული გაზეთები. ჩანთები კი, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დანიშნულებისთვის გამოეყენებინათ.
ზინამ მაცივარი გამოაღო და შეიჭყიტა. უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, ის მსუქან - მსუქანი დედლები უკანვე წაუღიათ იმ გათახსირებულებსო.
ფეხზე დადგა ქალაქის მილიცია, კრიმინალური ავტორიტეტებიც კი შეაწუხეს და შეაფუცხუნეს, ყველამ ხელები გაასავსავა, მაგ საქმეში ჩვენი ხალხის ხელი არ ურევია, ნამდვილად დილეტანტების გაკეთებულიაო.
დილეტანტები უძახე შენ და უშიშროების ჩინოვნიკს კი უთავაზეს მტკივნეული ალიყური.
არადა, ძალზე კეთილი და მხიარული კაცი ყოფილა, საინტერესო მოსაუბრე.
ეს მხოლოდ მისი პენსიაზე გასვლის შემდეგ აღმოვაჩინეთ.
მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მისალმებას მასწრებდა. ყველას ღიმილით ელაპარაკებოდა, ერთი ორჯერ ლუდხანაშიც დაგვპატიჟა უბნის ბიჭები. ქუჩაში რომ გვხედავდა, ჩერდებოდა, გამოგვკითხავდა, როგორ მიდისო საქმეები, წარმატებებს გვისურვებდა და თავის დაკვრით გვემშვიდობებოდა. მეტამორფოზის აშკარა დემონსტრაცია იყო სახეზე.  რას იზამ, ეტყობა წესიერ ადამიანებსაც ერევა და ღრწნის  ძალაუფლება, ზოგს დროებით, ზოგს კი სამუდამოდ, მათდა საუბედუროდ.
ამბობენ ციხე გამოვლილი ჩინოვნიკები აბრეშუმივით რბილდებიანო. კარგი იქნებოდა თუ პერიოდულად მიუსჯიდნენ ყოველ მათგანს ორ სამ წელიწადში ერთხელ, თუნდაც ექვს თვიან სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით, ჰო, წინასწარ, პროფილაქტიკის თვალსაზრისით. რა, არ იმსახურებენ თუ რა? ნებისმიერი რომ დაიჭირო ყოველივე ახსნა განმარტების გარეშე, ორიოდე დღე იფიქრებს მშვიდად თავისთვის ბნელ საკანში და ყველაფერს რომ გაიხსენებს, გაეხარდება კიდეც, ეტყობა ყველაფერი ვერ დამიმტკიცეს და ძალიან იოლადაც გადავრჩიო.
მე ერთერთი იმათთაგანი ვარ, ვისაც ბედისწერის ნაკლებად სჯერა, თვლის რომ ადამიანი თვითონ ქმნის თავის აწმყოს და მომავალს, წარსულის შეცდომებს განიცდის და სტკივა. დარწმუნებული ვარ ბოროტების ჩამდენი ადამიანი დაუსჯელი არასდროს დარჩება, სამართალს თავიც რომ აარიდოს, საკუთარ თავს სად გაექცევა, ცოდვა არ მოასვენებს და დატანჯავს, მშვიდი სიბერე არ ეღირსება. დანაშაულს მრავალგზის სასჯელი ემუქრება: ღმერთის, მართლმსაჯულების, საზოგადოების, შურისძიების და საკუთარი სინდისის სახით. ღმერთმა თუ თვალი დახუჭა ან აპატია კიდეც, სამართალი თუ მოისყიდა, საზოგადოებას თუ ზურგი აქცია, ან სულაც სადმე გადაიხვეწა,  დაზარალებულებმაც თუ შეიბრალეს როგორც უბედური და უგულველჰყვეს ძველი ადათი „სისხლი სისხლისა წილ“, საკუთარი ცოდვილი სული ხომ არასოდეს აპატიებს...დღე არ მოასვენებს და ღამე ძილს არ მისცემს....სიკვდილს სანატრელს გაუხდის...
... სანდროს ბედი და იღბალი კი ყველას აშოროს, ან იქნებ ბედისწერა...
ისევ რეკავენ მარიამ ღვთისმშობლის ეკლესიის ზარები... ვინ იცის ვის უხმობენ ან სად უხმობენ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები