ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2020


კეთილი დღე



სიტყვა "ბოროტება" მდოგვი მეგონა, რომელსაც, ბავშვობიდან,
ენის წვერით ვუსინჯავდი გემოს
და წამსვე გადმოვანერწყვებდი.
გაგიკვირდებათ და
სოსისები მე საზამთროსთან ერთად მიჭამია.
აგე, იძინებს გაზაფხული, თითქოს არც გაუღვიძია...
თრომბივით შედედებული ჰაერი და,
აქა-იქ, ალვების ცარიელი თავის ყანყალი...

როგორც იქნა, თავს ვუთხარი:
- ჰეი, შენ, ქაჯანავ,
შეხედე,
შენს მიერ შარშანწინ დარგულმა ალუბალმა
როგორ გამოგიწოდა ნაყოფი,
მიდი, ტუჩები მოითხუპნე,
აკოცე ყოველ გამვლელს და
გადასდე შენი სიტკბოება!
არადა,
ჯერ კიდევ წინაა ბევრი ცუდი დღე. -

ამ ფიქრში გართულს
ჩრდილოეთის კედლის ნიშიდან
ო. ჭილაძის მომღიმარი სურათი მიმზერს.
მე ვამბობ:
- დასრულდა ეს ერთი კეთილი დღეც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები