ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2020


წიგნი თინათინისა

მე დავიბადე ზაფხულის თვეში-
თაკარა მზეში.
ეტმასნებოდა სხივებს ატმის რტო.
იასამანი ყვაოდა მთებში-
შემოდიოდა ცხელი აგვისტო.

იყო დოღები, ჯირითი, რბოლა.
სათიბზე სიზმრად თეთრი კვიცები.
დაგეფიცები ამ ზამთრის ბოლოს-
ამ ზამთრის ბოლოს გარდავიცვლები.

შემოვიარე ათასი მხარე-
მაშრიყი, ბღვარი,
ვეძებდი თვალთა გამკრთალ ნაჩრდილევს,
გადავეყარე ღამის აჩრდილებს.
ათასგან სიმწრის ცრემლები ვღვარე.

თითები თლილნი, თითები ბროლის...
ხედავ, წვეთ-წვეთად როგორ ვიცლები
და გეფიცები ამ ზამთრის ბოლოს
ამ ზამთრის ბოლოს გარდავიცვლები

შენს არყოფნაში ღამეა მრუმე,
საკვები- უმი.
გული კი, გული წლებმა დაფლითა.
და რა იოლი ყოფილა, თურმე,
სიკვდილი სავსე ზანტი თაფლითა.

შენს არყოფნაში წერილებს ვწერდი
და ყოველივე მქონდა დართული,
ამ ზამთრის ბოლოს მიწა ქართული
გახდება ჩემი სამარე, წერტი.

2


ახლა კი მძინავს
და მე, მძინარეს,
პირველყოვლისა და უწინარესს,
მთის არწივები მესიზმერებიან
(ჩემს ძველ ლექსებში რაც  კი ზმებია,
შენგან ნასწავლი არის ის ზმები)

რად მითხოვილან დები ავაზაკთ,
რად გახიზნულან ზღვრებს იქით ძმები?!
მე კი ვიძინებ,
თავდაღმა ვწვები,
ვით ვოლიერში- შავი ავაზა.

და ასე მძინავს,
ასე მძინარეს,
პირველყოვლისა და უწინარესს,
მთის არწივები მესიზმერებიან...

3


სუფრა ავშალე, ავალაგე
საჩრდილობელი გავალაკი.
შენი ქულფათი კი, ამალა კი,
სოფელს დასცილდა…
ახლა დავსხდეთ და დრონი ვძერწოთ,
უპოვარმა და ერთმა ბერწმა.
ვილაპარაკოთ ამინდებზე-
როგორ აცივდა...

გულ-მკერდ გაშლილი საქინისტედ,
გავა, გაივლის ენკენის თვე,
ღალღები თბილი ქვეყნებისკენ
გაფრინდებიან.
ჩვენ კი, ვისხდეთ და
დრონი ვძერწოთ,
უპოვარმა და ერთმა ბერწმა.
ვილაპარაკოთ ღამეებზე-
როგორ დნებიან.

და როს კეთილი დასძლევს ბოროტს,
გარდავიცვლები ზამთრის ბოლოს.
გადამასვენე ოდის ოროს.
უხმე საქციელს-
აკაციებთან წამაქციე.
გადაეხვიე აკაციებს!
ფერფლად მაქციე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები