ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2020


ცრუ რწმენა

ჩემი საძინებლის კედელზე ნალს,
ჩემი იღბალი უჭირავს ხელში,
მოაქვს და მოაქვს წარმატებები...
ხოლო ეზოში ჩემივე ცხენი,
უნალოდ დადის და ფეხს იტკიებს.

კვირა დასრულდა
და მთვარის დღეა,
პირველი დღე,
ორშაბათი...
ო , როგორ მინდა 
კვირის პირველ დღეს,
სიკეთე მოხდეს,
რადგან მთელ კვირას
გაუყვება ეს დასაწყისი.
ნუ მთხოვთ ნურაფერს,
ორშაბათია ,
ვერაფერს გავცემ...
ძალიან ვფრთხილობ,
თმასაც არ ვიჭრი - არ შეიძლება!

ჩუმად ! მარცხენა თვალი თამაშობს,
უთუოდ რაღაც კარგი მოხდება,
ოღონდ არა სთქვა,
ქარი წაიღებს...

ძალიან მშია,
ძირს მობნეულ
ბრინჯის მარცვლებს კი,
ახალი ცოცხის ელით მშვენება,
რადგან შემდეგში
ბარაქით გავძღე.

იცი? კენტ რიცხვში,
მეექვსე თვეში,
13 როა,
მე დავიბადე...
რავქნა უნაკლო არავინ არის...
მე ცა მეტება.

არ მემეტება
შავი კატა მე დასაკლავად,
მაგრამ არ მომწონს,
ურცხვად გზაზე  გამირბინა...
ცერა, შუა და საჩვენებელი
თითების ჯამი,
შუბლზე მივიდე
-ფუი ეშმაკს !

ისევ თენდება ორშაბათი
(მერამდენეა ნაღდად არ ვიცი)
ბებიაჩემი თვალწინ მიდგას
ახლა სარკეში
და სამწუხაროდ,
სარკე უკვე გაბზარულია...
თავდახრილს სევდამ შემომიტია,
სახეზე სარკის ვხედავ იარას
და საიდანღაც
ტკბილი ხმა მესმის,
ისეთი,
როგორიც ბებიას ჰქონდა
“ვაშინერს“ “ვაშინერს“ “ვაშინერს“
ეს მეგრული სიტყვა,
დაახლოებით,
არ შეიძლებას ნიშნავს,
ოღონდ არა აკრძალვით,
არამედ კრძალვით...

დღეები გადის,
მე ვერ ვხვდები -
რატომ, ან რისთვის,
რა და როგორ,
არ შეიძლება.

ახლა საძინებლის კედლიდან
მიმზერს ბებია
და მეუბნება:
ახლა უფრო ვარ შენთან,
ვიდრე ოდესმე...
ეზოში ცხენი მიჰქრის რიხინით,
მის ფეხზე ნალებს,
ცეცხლები სცვივათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები