ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: თაკო წულაია.
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2020


გაქცევა

ყველაფერი გარბის,
მეც გავრბივარ,
ვცდილობ, თვალი არ გამექცეს
გზებისკენ, რომლებსაც ავცდი.
ვცდილობ ფიქრი არ გამექცეს
ხალხისკენ, რომლებსაც ავცდი.
ვცდილობ ხელი არ გამექცეს
ლექსებისკენ, რომლებსაც ავცდი.

არ ვცდი,
არც მიცდია,
არც ვცდი,
ამიტომ გავრბივარ
და ყველაფერი გარბის ჩემთან ერთად.
ხეები მაცილებენ,
მაგრამ უკან არ მომყვებიან.
ხანმოკლეა მათი შრიალი.
ისეთივე ხანმოკლე, როგორიც ჩემი მეხსიერება:

მხოლოდ ის მახსოვს, რაც არ მომხდარა.
ალბათ, იმიტომ, რომ მომხდარზე უკეთესია და
ადვილი. ბევრად ადვილი.

- ისევ?
მეკითხებიან ხმები და სიჩუმეები.
- ისევ!
ვპასუხობ და ვდუმვარ.
მე ხომ იქ ვარ, სადაც დავიკარგე,
იქ, სადაც არასოდეს ვყოფილვარ,
აქ არა.
აქ მეტისმეტად აშკარაა ყველაფერი, ვერ ჩავერევი.

გავრბივარ.
ესეც რიგითი ხმამაღალი საუბარია,
რომელსაც არ სჭირდება მსმენელი,
არც მთხრობელი,
არც პერსონაჟი,
არც სიტყვები.
ეს საუბარი ჰგავს ჰაერში გასროლილ ტყვიას
და დაჭრილ ცას,
რომელიც თავზე მემხობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები