ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2020


საქმე რომ არა გქონდეთ, რა - 2

ამის მერე - მოემზადეთ, კარგი რაღაც უნდა დავდო,
ფორმითაც და შინაარსითაც მართლა საინტერესო კრიტიკული წერილი - ი. ბროდსკის შესახებ. თავფურცელზე რომ ჩემი თარგმანი დევს, იმ ლექსის ანალიზია ფართო კონტექსტში.  თითქმის მოვრჩი
მანამდე კი  ამით შეიქციეთ თავი:


ეს ლექსები ძირითადად 25-30 წლის წინანდელია.
გუგლში ვიპოვე.
ყველა ერთად დამიდია ქართული ინტერნეტის გარიჟრაჟისას,  ერთ საიტზე
და აი ასე, ერთად შემორჩენილა.
კი გადმოვაკოპირე აქ დასადებად, მაგრამ
იმდენია, ამის მთლიანად წამკითხავი მე თვითონ არა ვარ. თვალი კი გადავავლე და ნამდვილად ჩანს ჩემი ინდივიდუალური სახის ნაწილი (!)
რაღაცნაირად შემეცოდა ჩემი უწინდელი თავი, რა უბედურებებში უხეტიალია სულიერად და რისთვის?!
წამკითხავი - კიდევ ჰო, მაგრამ ვინ  ეგულებოდა  იმის მოწადინე, რომ უფრო ღრმად ჩაფიქრებოდა ნაწერს.
(მადლობა მათ, ვინც ასე მოიქცა და ბეჭდური კვალიც დატოვა. დავასახელებდი, მაგრამ ვშიშობ, ვინმე გამომრჩება).
მას მერე ცოტა როდი მიწერია,
კარგიც, ცუდიც, საშუალოც. ამ ნაკრებში კი მხოლოდ კარგის კარგებია.
რას ვეტყოდი ძველ ნინოს?
- წადი, რა, შვილოსან! რა თავს იკლავ?
დატკბი იმით, რაც ღმერთს მოუცია, გაიხარე და მადლიერი იყავი!
მაგრამ არა, არ ვეტყვი.
თქვენც გირჩევთ.
მოეფერეთ საკუთარ წარსულ თავებს.
აწმყოსაც და მომავალსაც და გახსოვდეთ,
მასზე ძვირფასი თქვენთვის ადამიანთა შორის - ჯერ არ დაბადებულა.  თუ არ გეყვარებათ იგი, ვერასოდეს შეიყვარებთ  ადამიანურად მას, ვინც უნდა გიყვარდეს, “ვითარცა თავი შენი”; უბრალოდ, სიყვარული გეგონებათ რაღაც ცხოველური ლტოლვა და თავგანწირვა...
ქადაგად დავეცი!

თან შესავალიც რომ დამირთავს!

წინათქმა
- - -

ამ ლექსებთან თვალშეჩერებული მკითხველი ალბათ ადვილად აღმოაჩენს, რომ ყოველ მათგანს რაიმე კონცეპტუალური ღერძი აქვს: დიდ წინაპართა გამონათქვამი, აფორიზმი თუ ანდაზა ან ტრივიალური აზრი, რომელსაც “ვიჩემებ” და რომელიც ზოგან “ღიად დევს”, ზოგან - ტექსტსმიღმურია.
სიტყვები კი... ნუთუ ისინი ვერ გამოხატავენ სათქმელს, თუკი მიაგნებ, ენის ბუნებიდან მოუწყვეტლად იერს შეუცვლი, დიაპაზონსა და ინტონაციას მოარგებ?!

ნინო დარბაისელი

ნინო - წამალი
- - -

როგორ მინდოდა,
რომ ასეთი არვის ვენახე:
მყიფე ქალ-თიხა,
შიგ - ოქროს მტვერში არეული
რუხი ნაცარი...

მე ავადა ვარ,
ალბათ ვბოდავ,
მაგრამ, ძვირფასო,
შენ არ დაიბნე!
მე ვიცი ჩემი ავადობის
თავი-წამალი:

იალნოს ქედის
ნისლაკრეფილ იალაღებზე,
იალტიალში,
მისხის მისხამდე მომაგროვე
და თან იფრთხილე,
სიტყვა “ნინო” არ მომაშორო,
რადგან წამალი უსახელო -
- საწამლავია.

გამომიწოდე ვერცხლის თასით
ნინო-ნაჯერი,
მწარე მიქსტურა,
გულისწვერის ჩამტკბილებელი,
შემომახვიე ყელზე თავშლით
ნინო-სალბუნი,
დამკარი ნინო-ინექცია,
თავთით დამიჯექ!

თავთით დამიჯექ,
და თუ გინდა, კიდეც გამსაჯე,
რომ თავი ჩემი,
ასე მარგი,
უქმად ვაბნიე.
რა მიტყუებდა,
თავდაკარგვით რას ვეწვდებოდი,
ბოლომდე ვის რა შეუცნია,
რომ მე შემეცნო?
გათანგული ვარ
და თან მაინც გეთამაშები.
შენ კი უცხო ხარ,
შორეული,
მაგრამ ამგვარი უფრო მჭირდები
და აღარც მინდა,
რომ ბოლომდე არსგადახსნილნი
ერთ მთელად ვიქცეთ.
დაე, ბორგავდეს ჩვენორშუა
მთელი სამყარო!

ალნი დამქრალან?
ჩემო დაღლილო,
ნაღვლიანად გაღიმებულო!
თუ ვერ გადავრჩი,
აქ ნუ დამტოვებ,
სადმე, მივარდნილ ნაპირზე დამწვი
და მეცხრე ტალღას გამატანე
მეცხრე სკნელისკენ,
ბროლკრიალა
მეცხრე ცისაკენ!

სუფრის ფოჩები
- - - -

ბნელი სარდაფის ძველმანებში,
აბლაბუდებში...
თურმე ამდენხანს სად მელოდა
ჩემი ბავშვობა!

აი მაგიდაც, ფიცრეულზე მიყუდებული.
ახლა ასეთი მაგიდები ვის ეხსომება,
წრიული, შუაფეხიანი...

ამ მაგიდის ქვეშ
მქონდა მყუდრო თავშესაფარი
და ამ ნიშებში ვაუნჯებდი
მძივებს, ნიჟარებს.
ისე მდიდარი
იმის მერე არცა ვყოფილვარ,
არც ისე მშვიდი,
რადგან მშვიდი ხარ მხოლოდ მაშინ,
როცა შინა ხარ
და განძიც იქვე, საიმედოდ შენახულია.

ზემოთ, ნათელში
უფროსების არის ნადიმი
და ხმიანობენ წელზემოთა სამყაროები.
შენ დაბლა ზიხარ
შენს მობინდულ სიმარტოვეში,
აგიყოლიებს სუფრის ფოჩების
რხევა მთენთავი,
ცხადად ჩაგესმის ყველა სიტყვა,
მაგრამ რადგანაც
ვერას გებულობ
და წარმოსახვა
თეთრ უდაბნოს ვერ ეგუება,
თავადვე გავსებს
ფეხადგმული სურათ-ხატებით.
ასე შედიხართ: შენ - სიზმარში,
სიზმარი - შენში.
და ხარ ნეტარად,
ვიდრე ვინმე მოგისაკლისებს
და ჩაძინებულს ცივ საწოლში გადაგაწვენენ.

შეცდომა იყო,
ჩემი კბილა ბიჭი-სტუმარი
სიმარტოვეში
სულგრძელად რომ შევიპატიჟე.
ნეტავი მხოლოდ ეს მეკმარა,
მაგრამ ვაი, რომ
მთელი ჩემი საგანძურიც
წინ გავუშალე.
როგორ აცელქდა!
მარგალიტები დამიბნია,
ამახმაურა
და ორივენი სამოთხიდან გამოგვაძევეს.
იმავე ღამეს,
ავსებულმა შურისძიებით,
სუფრას ფოჩები მოვაჭერი,
მერე შევშინდი
და წასულ სტუმარს დავაბრალე
და მე დამსაჯეს.

მაშინ ვიგრძენი,
რომ შეცდომის დედა არის
ძველი შეცდომა,
ხოლო შვილები
უმრავლდებიან
და შენ არ იცი,
სად გაექცე,
თავს რით უშველო.

ო, არა წლები
ანდა უფროსთა სიმკაცრეები,
ჩვენ ბავშვობიდან
საკუთარი შეცდომები გვერეკებიან.

და ვიღაც ტირის
ჩვენს მობინდულ სიმარტოვეში.

მამიანი სურათები
- - - -

რუხი პლიაჟი,
ჭრელი ქოლგები
და ცხელი ქვები...

რა პატარა ვარ!
ალბათ ორი წლისა ვიქნები.

თვალმოჭუტული
მუხლზე გიზივარ,
კიკინები ამიშვერია.

საოცარია,
რაც ხანი გადის,
ხუნდება ფოტო,
მაგრამ
მძაფრდება მოგონება:
დიდ წყალში როგორ შემიყვანე
მხარზე შესმული
და როს ნაპირზე
ბუზისტოლად მოჩანდა ყველა,
უეცრად როგორ გადამაგდე,
ან ფსკერისაკენ
ტალღამ როგორ ჩამატრიალა,
ანდა რა ძალამ ამომაგდო
კვლავ ზედაპირზე.
მე ვფართხალებდი,
შენ - სიცილით უკან იწევდი
და
“მა-მა, მა-მა!” -
იმედიანი სასოწარკვეთის
ტყუპი მარცვლები იფანტებოდა,
ირეოდა მწარე შხეფებში.

პირველად მაშინ შევიგრძენი,
სიცოცხლის წკიპზე
როგორ ერთდება მლაშე ყლუპად
დაბნეულობა, ნდობა,
შიში და სიყვარული.

ჰო! აი, ასე მასწავლე ცურვა.
და როცა წყალთან შევთამამდი,
მომდევდი ხოლმე შორი-ახლო
ფართო მკლაურით
და მხოლოდ გვიან,
როცა ძალიან გავიზარდე,
ქვიან ნაპირზე მშვიდად მჯდომი
თვალს მადევნებდი
და მე ვცურავდი მარტოდმარტო,
მაგრამ ყოველთვის ვყოვნდებოდი
მოტივტივე
საზღვრის ნიშანთან,
რათა ძალ-ღონე მომეკრიბა
და სუნთქვაშეკრულს
ერთხელ მაინც გამეღწია
სადღაც, შორს შენგან,
სადაც საერთოდ აღარ ჩანდი,
არც იგრძნობოდი.

გიბრუნდებოდი მერე დაღლილი,
ნაპირთან ახლოს ვედებოდი
შიშველ სხეულებს
და მეყვსეულად ცოცხლდებოდა
წყალქვეშა შიშიც.

რა იყო შენთვის ჩემი სიშორე!
შენ ხომ მასწავლე
მკერდში ჰაერის გამოზოგვა,
ზღვის მოქანავე ზედაპირზე გულაღმა
წოლა,
გარინდებაც
და კიდევ რაღაც,
რაღაც მთავარი,
რაც ჩემში ისმის, რაც მართლა ვიცი,
მაგრამ სათქმელი იხერგება
ყელის სრუტეში
და აღარ ვიცი, სიტყვად როგორ გადავაქციო.

ქალი ღელეში
- - - -

რად ხარ მდუმარე,
რა ვუპასუხო, დედა მარიამ,
ამ ქალს, რომელიც
ჯიბის სარკიდან
ცრემლმორეული ამომცქერის
მღვრიე ორეულს?

როდესაც იგი ბავშვი იყო,
უცებ კიბეზე რომ დაეცა
და
ზედ ცემაც რომ დაუმატეს,
რად არ დატოვე
შენი ღვთიური სამზარეულო
და რატომ ხელში არ აიტატე?

“ვაიმე, დედა,
მტკივა, დედა,
დედა, მიშველე!”
როგორ გიხმობდა,
დაგეძებდა გულგამჭოლ ქარში,
როგორ სჯეროდა,
რომ სადღაც ჰყავდი,
შენ - ყველას დედა,
ნამდვილი დედა,
ყოვლისშემძლე და ყოვლისგამგები!

რად ვერ გაიგე მისი ზლუქუნი,
მაშინ, როდესაც მამამისი
მძიმე ჩემოდნით კართან მივიდა,
და უკან რატომ არ მოაბრუნე,
და სამუდამოდ არ ჩაკეტე
რკინის კარები?

ან მაშინ როგორ არ დაიფარე,
მისი არსების მყიფე ნაჭუჭში
გამოშუშულმა სიყვარულმა
ჯერ რომ გაბზარა
მერე შიგნიდან გამოტეხა
და გულგრილად გადააბიჯა,
რომ თბილ ქვეყნებში გადაკარგვამდე
ფრენა ესწავლა?

ან სად იყავი,
ვიდრე სიამით ჩასახულ პირმშოს
კოლტების ფაფად გადაუქცევდა
რკინის საფხეკი?

ან სასაგამშრალს,
მომაკვდავი ძმის საწოლთან
რად არ მიუხველ,
სიტყვა როგორ არ შეაწიე,
რომ სანაცვლოდ ის წაეყვანათ?

ვერ გხედავ, დედა!
დედა, ცივა ცრემლის ღელეში!
ყოველ ნაბიჯში ირყევიან
სიპი კითხვები,
მაგრამ მე ვიცი,
გამოვაღწევ მზიან დარამდე.

ნაავდრალ ცაში
დავლანდე მტრედი
და გავიგონე:
- ფრთხილად, შვილო, აღარ დავარდე!

მოწყენილობის პარადიგმა
- - - - -
(თეონასათვის)

რა ბილიკები,
რა ხიდები,
აღმართ-დაღმართი!..
შვილო, რამდენი სავალია,
მიმოიხედე!
ოღონდ აქეთკენ ნუ წამოხვალ -
შემოგიტყუებს
ნელსურნელება ვარდისფერი,
ბგერა-ხავერდი!

მართლა ვარდებით ნაფენია
გზა სიყვარულის,
მაგრამ თვალთაგან
მცვივა სიმწარით მე ნაპერწკლები -
ვერც წინ მივდივარ,
ვეღარც უკან.
ვაი, ვეცემი!
წამის წამიც და,
კვნესას ჩემსას ცაში ვეწევი.

დაბლა კი, დაბლა -
დინებას თავქვე მიჰყვებიან
შეყვარებულნი,
ცრემლდიდობისგან
ფესვიანად მოგლეჯილები
და იმათ შორის,
ძლივს-ღა ვარჩევ,
როგორ ირწევა
აიმ ვარდისფერ კალაპოტში
ჩემი სხეული,
ჩემთვის ასეთი ახლობელი
და შორეული.

მაღლა, ო, მაღლა,
კიდევ მაღლა!
რა სილაღეა!

ამ სიმაღლიდან
ჩვენი მოდგმის მთელი სავალი
უფლის გადაშლილ ხელისგულზე
ერთ ხაზად მოჩანს.
ყოფიერების ევერესტიც
ბორცვი ყოფილა,
პატარა ბორცვი
- თავზე ყინულის ნამცეციანი.

მანდ კი,
რა უნდათ ნინოსაგან ადამიანებს,
როგორ ანჯღრევენ,
ნეკს უჭრიან,
როგორ შიშობენ,
ყოფის ბარგი არ შეატოვოს!

კარგი, ეყოფათ!
დავუბრუნდები.

თუ შეგიძლია, ნურასოდეს მისაყვედურებ.
დედის წესია,
ვიდრე სასმელს გამოგიწვდის,
ჯერ თვითონ სინჯავს.
არა, პატარავ,
ეს საშენო წყალი არ არის!
წადი და თვალი მაინც აქეთ თუ გამოგექცა,
გახსოვდეს, ამ გზამ დედაშენი როგორ დაღალა,
როგორ წაართვა სიცოხლის და
სიკვდილის ღონე.
რაო, პატარავ,
ამ სიტყვებით რად დაგაღონე?

რა - გზა, რა - ვარდი,
რის - ფრენა, რა - ევერესტი!
ამ ზამთრის ღამეს მე, უბრალოდ,
მოწყენილი ვარ,
და... ყველაფერი გასართობად გამოვიგონე.


ბიჭი “იამახათი”
- - -

აეროპორტს ვეღარ შველის,
უფალო, ნება შენი.
დაერივნენ ჩემს ბარგს ქშენით
“ციური მებაჟენი”.

არც რამ აალებადი,
არცა რამ იარაღი,
ამაცალეს, რაც მებადა -
ერთი ბოთლი არაყი.

ბედის უკუღმართობით
მე - სევდამორეული
რითმებითღა ვერთობი
და მევსება რვეული.

გულს მომედო რაღაც ფერისცვალება.
მხარზე ჩანთით, ხელში “იამახათი”
გვერდს მომიჯდა ბიჭი - შენფერთვალება,
გაიკვირვა ჩემი ნაწერ-ნახატი.

რვეულს აქ ერთი ფურცელი აკლია.
მე ის ფურცელი
წამოსვლისას
სასთუმალთან,
წიგნში ჩაგიდე,
მაგრამ არ ვიცი,
მინდა თუ არა,
წაიკითხო.
ზედ ერთი სიტყვა წერია:
“მაპატიე!”

სასაზღვრო ზოლთან
სულ გაფერმკრთალდა
შენი სათვალე - “ქამელეონი”.
(მე თავიდანვე არ მიყვარდა
კაცის ცრემლები).
განშორებისას
მე ხომ ცივად მოლაპლაპე
ქვა და რკინა ვარ,
ბოლო წამს მაინც ჩავიფიქრე,
თუ მიმავალი
ერთხელ მაინც მოიხედავდი,
ყველაფერი კარგად იქნებოდა.
შენ, რა თქმა უნდა,
არ მოგიხედავს.
ან იქნებ კიდეც მოიხედე,
მაგრამ დაფარა შენი სახე
მოჩქარეთა მღვრიე ტალღებმა.

ეჰ, ანგელოზებს ჩვენთვის უკვე აღარ სცალიათ,
ანდა არ ესმით აღარაფერი,
რადგან ისინი
თვითმფრინავებს
მოგრუხუნე ფრთებზე ასხედან.

ადიდებულა არეები
ტურბულენტური.
ივსება ზეცის მორევები
ფრთებდამწვარი ანგელოზებით!

რას აცხადებენ?!
ამ ავდრის გამო
უკვე მესამედ გადაიდო
ჩემი რეისი.
მე მაინც არსად მომელიან,
რა მეჩქარება!
და ფრთხილად ვსუნთქავ,
უნებლიედ რომ არ შევაკრთო
მხარსმონდობილი
მძინარე ბიჭი - შენფერთვალება.


დიოტიმა
- - - - 

დიოტიმა ვარ,
მზის ასული,
სულით ორსული,
უცხო ტომისა,
უცხოდ მხედი,
უცხოდ მავალი.

შემოკრბით, ბრძენნო,
სანადიმოდ,
შესვით წყალ-ღვინო,
რაც გინდათ, მკითხეთ
სიყვარულზე,
ვიცი მრავალი.

ვიცი, ნიადაგ ვით დაეძებს
ნაკლული ნაკლულს
და შეერთების მწარე ნდომა
ვით დაიმონებს.

ღმერთს და კაცს შუა
მოქანავე ვნახე სამანი -
იქ გახიდულებს
პირზე კოცნით ვიცნობ დემონებს.

“დამენამაო თვალი ცრემლით,
მოდი მალეო,
უშენოდ წყვილმა აფროდიტემ
გამაწამაო...”
უნდოს, უჭეროს, დაუდევარს
ვინ დაუჯეროს.
თვით უკვდავებაც
სიკვდილივით არის ამაო.

კმარა ბაასი.
მო, კალთაში ჩამიდე თავი,
ჩემს ბაგეს დაჰყევ,
გარინდული,
ღელვას მიენდე!
მორჩა ამბავი.
რას დაეძებ,
თუ იბნევიან
ნათელმზიდველნი
მთის წვეროდან
ჩრდილთა მღვიმემდე.

ხედავ?
აფრინდა წყვილი წერო,
ცაც აირია,
შემოისერა
ბედისწერის თეთრი არშია.

რას ვერჩით ღმერთებს,
ეს ტანჯვაც ხომ
ჩვენ მოვიგონეთ.
არ არის ქვეყნად სიყვარული
და არც ცაშია.

----------------------------
გამოყენებული ლიტერატურა:
1. პლატონი - “ნადიმი”, “სახელმწიფო”,
2. ჰოლდერლინი - წერილები,
3. გალაკტიონი - “უსიყვარულოდ”,
4. ნ.დარბაისელი - სიყვარულით,
5. ცხოვრება - როგორც ტექსტი.


ასეთი, ასე...
- - -

დე, სხვამ უმღეროს ნაღვლიანად
წარსულ სიყვარულს,
სხვამ დაინანოს,
რომ მიუვალს ემონა თვალი.
მიმქრალ ვარსკვლავთა
იდუმალი ახმიანება
სიტყვა ეგონოს,
საყვარლისა შემონათვალი!
ამივსე თასი!
დაილიოს წვეთი ბოლომდე.
მოედოს ზეცას
აღტაცება და სიკისკასე!

არ მენაღვლება,
არ რა იყო,
ან რა იქნება,
მე შენ მიყვარხარ
აქ და ახლა,
ასეთი,
ასე!


დოქი
- - -

თიხა - წყნარი, შესაწყნარი,
ძირბნელი და პირნათელი -
ბნელგრილოში დავრჩი ისევ,
შენი ნაწარნაქალი.
სად ხარ, ჩემო მეთუნეო,
უფარავი ვინ დაფაროს!
ვიდექ ჩემთვის დაბლა თაროს,
არც მეძებდა არავინ.
დამიარა ელვის ელდამ,
ამოსუნთქვა გამიძნელდა,
მყუდრო, თვლემამორეული
აირია მარანი.

ყურზე ხელის მოკარება,
ჟრიალი და ნეტარება
გულამომქრალს მეცნაურა,
არა, მეუცნაურა...
მაგრამ აღარ დამელია
გარეთ - ლაქა, შიგნით - ლექი.
მანჯღრია და მაჭანჭყარა,
მაინც გამძლე გამოვდექი.
სილაც ბევრი დამაყარა,
ამირია გონება,
დამაყვედრა წყალზე დგომაც,
მოლზე წამოგორებაც.
რა არ მითხრა სავაგლახო!
მერე პირქვე დამამხო.
განა ზღვიდან ამოზიდულ
ტანმოხატულ ამფორებს
ვინმე ასე მოკითხავდა
ნათითურ - ნაამბორევს?

რა ვიცოდი, თურმე სურდა
სხვა სასმელით ავევსე.
დაწრეტიდან ავსებამდე
ვეღარც მივუალერსე.
იქნებ თავი მოვაწყინე
მორაკრაკემ არაკთა?
რას არ იტყვის დოქი,
ერთხელ თუკი ალაპარაკდა.
მომანდომა - მოვინდომე
რაც იყო და რაც არა
სიტყვა აღარ დამაცალა,
მოყუდებით დამცალა.
მე მეგონა, ამავსებდა
სათავისოდ, თავიდან,
... ... ... ... ... ... ... ...
დამაგდო და წავიდა.

საღვინე და სავენახე
ნეტა სულ არ დავენახე!
რას მერჩოდა,
რაღად მითხრა,
დოქთა შორის მიცნიხარო,
იცი, მართლა მიყვარხარო,
ჩემი სულისდგმა ხარო?
ერთხელ ვსურდი თურმე სურად
და ნაწადიც აისრულა.
რა ვქნა,
როგორ განვიკითხო
მე - აყალომ აყალო?

მეთუნეო,
მეთუნეო,
მეთუნეო მაღალო!


რეკვიემი ქეთინოსათვის
- - -

ღმერთო, კეთილო, აღარ არის ჩვენი ქეთინო!
ცივ შუშაბანდში ასვენია,
ზამთრის ხიდან ჩამოვარდნილ ბეღურასავით.

სხვა ვიღა გყავდა ამ სოფელში
ქეთინოსავით
ღვთისმოშიშარი, ღვთისმოყვარე და
ღვთისმოსავი?

გაშლილ სუფრაზე წყნარად კუთხეში
ჩამოჯდებოდა,
არას შეჭამდა,
პურს ტყემალს ამოიწობდა,
ბოლოს ქაღალდში შეახვევდა ძვლებს და
ნატეხებს
და მაწანწალა ძაღლებისთვის წაიყოლებდა.

ღმერთო კეთილო, აღარა გვყავს ჩვენი ქეთინო!
ერთხელ ჩანთები შეგვეცვალა,
შიგ ეწყო ხურდა, პურის ყუა, კრიალოსანი -
სხვა არაფერი, არაფერი, არც არაფერი.
ის ხომ ოცდაცხრის არც კი იყო
და არ ენახა სიყვარული ჩვენებური,
ჩვეულებრივი,
ღმერთო კეთილო, გაგვიჩუმდა ჩვენი ქეთინო!
თავად მეუფემ აზიარა,
ოლარის კალთა დააფარა.
ტკივილებს უნდა გაუძლოო,
არ იტიროო, დაუბარა
და როცა კარი მოიხურა,
ჭრილში მოუყვა ანაფორა,
რაღაცა ძალა აბრუნებდა:
“მთავარი უთხარ, მეუფეო”,
მაგრამ არ უთქვამს არაფერი.
ნეტა მკვდარს ჩემი ხმა თუ ესმის,
ან ცოცხალს რად არ მოვეფერე?

ღმერთო კეთილო, დაიღალა ჩვენი ქეთინო!
მითხარით, ხომ არ მოვკვდებიო, მაინც იკითხა.
ვინ მაჯერებდა, სიკვდილის მე არ მეშინია,
ზეიმიაო,
ვიღას ვედავო სააქაო-საიქიოზე,
ვიღა მომიტანს პატარ-პატარა ხატებს და
წიგნებს
და კუთხეში ჩუმად დამიწყობს,
იქნებ მაინც წაიკითხოსო?
მინდა ვიტირო,
მაგრამ თვალზე ცრემლი არ მომდის.

ღმერთო კეთილო, რად მოკალი ჩვენი ქეთინო,
სნეულთა შემწე,
სასთუმალთან გამთენებელი,
არცარის მქონე,
არცრის შემძენი.
ან სიმსივნით რაღად გასტანჯე?
ან დენს დაერტყა,
ან ნამცეცი გადასცდენოდა,
ან დაეძინა და აღარასდროს გაღვიძებოდა!

მაგრამ ტანჯვისთვის შენ ხომ შვილიც
არ დაინანე.

“ელი, ელი, ლამა საბაქთანი?”
ვინ გაიგოს შენი სამართალი,
ვინ დაიხსნას ეჭვისაგან თავი,
ცნოს ბილიკნი გზათა სავალთანი,
“ელი, ელი, ლამა საბაქთანი?”

ნათესავები მორიდებით ფაციფუცობენ.
მანდ, ცაში უკვე ხმას იწმენდენ ანგელოზები
და ზეფიროვან შესამოსელს მზე
აგვირისტებს.
ო, რამოდენა სამზადისი ჰქონია ქრისტეს!
და ჩვენც მზადა გვყავს შენი სასძლო,
ღმერთო კეთილო,
ღმერთო კეთილო, ჩაიბარე შენი ქეთინო!


ლაზარე
- - -

მართა მართალია.
დამთავრდა, მარიამ,
ჯვარს აცვეს იესო,
განიბნენ სხვანი
და ვიდრე განიხვნენ
კარნი ზეცათანი,
მოაწყდა ქვეყანას
გოდების ღვარი.

განბანილს ზეთით და
შესუდრულს ტილოთი,
მესმოდა, მარიამ,
როგორ დამტიროდით,
მაგრამ გარინდული
სასწაულს ველოდი,
ტიროდა იესოც,
გლოვობდა არე.
მჯეროდა, მძინარე
მკვდრეთით აღვსდგებოდი,
რაბი მიხმობდა:
“გამოვედ გარე!”

ამბობდით,
რომ აღმდგარს
დამჩემდა დუმილი,
რომ რაღაც მთავარი
დებსაც დავუმალე,
ვიყავი ცოცხალი
და ცოცხალს არ ვგავდი,
მდუმარე, მდუმარე...

მარად მოფუსფუსე
და დაუზარელი,
დამზრალი მორჩივით
ჩქამობენ დები.
მორჩილად ვიცოცხლე,
მორჩილად აღვსდექი,
მეორედ ცოცხალი
მეორედ ვკვდები.

კვლავ კართან მომდგარი
ვერ გაიცნო ვერავინ,
მგზავრი თუ ეგონე,
შორისკენ მსწრაფი.
“გამოვედ, გამოვედ!” -
შენი ხმა მომესმის.
რაბი, რა ბინდია!
მოვდივარ, რაბი!


ჭუპრი-პეპელა
(მეგობრებისთვის)
- - -

თუთის ფოთოლი მოილია.
დარჩა ტოტები
და ამ ტოტებზე -
- უამრავი თეთრი კოშკი,
კოშკი უკარო.

შემოვიქოლეთ
ნაპირები და ნაპრალები
ბნელში
საპეპლედ ვეპირებით
ნაჭუპრალები -

რარიგ მყუდროა ჩემი კოშკი!
ვწევარ დაღლილი
და თქვენგან უკვე
ჩამიჩუმი არ მეყურება.

რა დაგვემართა?
მწვანე სარჩო გვერგო ულევი,
მწვანე გზა გვედო
ოთხივ კუთხივ,
ჩელტის კიდემდე.
ვინ ფეხი ვეღარ მოიკიდა
და გაისრისა,
ვინ აიკენკა
და ვის სენმა დარია ხელი.
თითო პერანგიც ვერ დაცვითეს,
ჩვენ კი,
ო, ჩვენ კი
დავშორიშორდით,
დავთითოვდით
და მოგვერია ტკბილი წვენი -
- ძაფადსაქცევი
და თუთის ტოტებს დავეკონეთ
და დავტრიალდით.
ო, ეს ტრიალი,
და ტრიალით თავბრუდახვევა!
პირველწიაღის მონატრებამ
მარტოეულნი
როგორ გვაბრუნა! -

შავგულაა თეთრი კოშკი,
ყრუა კედელი.
უკვე მელევა
მოსამრავლებლად გადარჩევის
ბოლო იმედი,
ფრთები კი,
სწორედ ახლა ვიგრძენ,
როგორ მეზრდება
და ჩინდაკარგულს,
სმენადახშულს
ახლა მომეცა
გულის თვალ-ყური,
რომ გამეგო;
ნება ჩვენია,
საით გავიწევთ,
რომელ ტოტზე დავეკიდებით,
მაგრამ არასდროს მოგვანდობენ
მთავარ არჩევანს.
მოაწევს დრო და
ნაცარტუტით დავიმდუღრებით.
მაინც ვერცერთი ჩვენთაგანი
ვერ გადარჩება.
გავიწირებით
ერთი გაბმა აბრეშუმისთვის.

რაღაცა კვდება
ქვეყნად ყველა გადარჩენილშიც.

ყელში მაწვება მწარე წვენი.
ნუთუ ეს არის?
არა!
ამაო არის უკვე
თავჩაგონება,
რომ ყოველივე ამაოა.
როცა გივლიან
და სათუთად თავს გევლებიან,
ვაი,
თუ მართლა მოდუნდები
და მიენდობი!
ისინი თავის დროს ელიან.
ჯანდაბას კოშკი!
უდროობა ჩემი დრო არის.

ამოვჭერ კარი
და დავიძარ.
ფრთებქვეშ მკვრივდება
ცა,
სხივებით ოქროსირმული.

რა სინათლეა!
რა ჰაერი!
მე მოვირწევი,
მოვირხევი,
ჰეი!
ჰეჰეი!
ჰეჰეჰე-ჰეეეი!


ელეგია
- - -

სოფლის ბოლოს ძილ-ბურანი მორევია მონადირეს.
ხარის ლეში გელის სიბნელეში.
მგელო, დღემდე, იცი, როგორ მოგელოდი?
მაგრამ ნეტა ვეღარ იკრა გეში!
რა ახლო ხარ! პირქარს მოაქვს შენი სუნი,
ნარ-ეკალსაც შერჩენია ბეწვი,
თოვლზე მგლური ნაკვალევი დაგიტყვია.
მეშინია არ აგცდება ცხელი ტყვია.
გულზე შენი ნაკბილარი მეწვის.

გახსოვს, როგორ ავიწყვიტე?
ყეფა-ყეფით მოვყვებოდი ბილიკს,
ახლო მაინც ვერ გავბედე შენთან მოსვლა,
გიელავდა ალესილი კბილი,
მაგრამ იგრძენ შორიდანვე შენი სერი,
მოგიშვირე უსუსური კისერი,
დამსუნთქე და მერე ლოკვით დამისველე
ეს კისერი, ჯაჭვით გადანაქუცი,
დამავიწყდა შიშიცა და უშიშობაც,
მოვდუნდი და უცებ მოგელაქუცე.
გვერდით გდიე,
მამჩნევდი და ვერც მამჩნევდი,
წინმხედველმა ვეღარც მომიცილე.
ვინ რა იცის მარტო მგლისა,
მგელზე უფრო უმგლესისა
ბურჯღნაობა, თავმიდებით ძილი.

ბოლოს ქანცი გაგვეცალა,
ზედ ზამთარი და შიმშილი დაგვერთო,
ავირიეთ, უკვე ერთად ვეღარ ვძლებდით,
ვეღარ ვძლებდით ვეღარც უერთმანეთოდ
და წამოველ, გადმოვსერე ტყე და ბექი,
ჩავირბინე მინდორი და ბაგები,
გალეული ისევ პატრონს მივადექი,
შენი ცალი, შენთან ნაბუნაგევი.
კუდქიცინას დამიყარეს უხვად ძვლები
და პატრონიც ჩემით კმაყოფილია.
საძაგელო, იცი, როგორ მოგელოდი,
მე, ძუმგლობის ვერშემძლები ფინია?
გატრუნული ლუკმას პირს არ ვაკარებდი,
სალაფავი ჯამში დავაობე.
დე, ყოველღამ ჩაერაზათ ურდული,
მეგულვოდა მორღვეული ღობე.

კისერს მადევს ჯაჭვი, მტკიცედ მონაწნავი.
რაწამს კარი გაიღება,
მავალია ავი ყეფა,
მერიდება მპარავი.
ყმუილისთვის პატრონისგან
ფერდში კავი არ ამცდება,
გაურჩებულს არ დამინდობს არავინ,
მაგრამ რაღამ გამაყუჩოს,
ფათერაკი ახლო თუა?
დამიძახონ უწვრთნელი და ცრუ...

დაიჭექა!!!

იქნებ თოფი გაუვარდა მონადირეს?
შფოთავ, გულო და საგულეს ანგრევ.
არ იქნება, მგელს ის ტყვია მიეკაროს,
ჩადექ, ჩადექ, ნამგლევო და სამგლევ!

მაგრამ რატომ აიშალა არემარე,
თავქვე რატომ ჩამორბიან გაჩქარებით,
რაღას ნიშნავს უეცარი მაშხალები,
ალებისგან რაღად მესხმის ბრუ?

შავნისლიდან გამოცურდი მთვარის კიდევ,
მგლოვიარეს ნუ დამაგდებ, ნუ!
ვინ გაიგოს შენგან კიდე
ჩემი გულის ღვიარება,
ყველა ყრუა,
ყველა უა-უუ-უუუუუ...


მაი სფეისი*
- - -
(*My Space (ინგლ.) - ჩემი სივრცე. პოპულარული ვებ-გვერდის სახელწოდება)

რაც მოხდა, მოხდა!
კარგო,
განა ჩემი ბრალია,
ნურც გამამტყუნებ,
ნურც ინაღვლებ განალაღები.
მე დავასწარი,
განაჩენი გამოვუტანე
და
დანარჩენებს შევაჩეჩე იარაღები,
რათა მრავალი მორეოდა
ტყვია,
იარა,
არეულიყო
დანაკოდი და დანასერი.
ცოდვას ვერ ვიტყვი,
უკან არვის დაუხევია
და
როგორც იქნა,

მოკვდა ნინო დარბაისელი.

არ დაინანო,
თვალი ცრემლით არ დაისველო!
განა რაც მჭირდა
ყველაფერი მისგან არ იყო?!
რად აიჩემა სიყრმითგანვე,
პოეტი ვარო,
სათქმელი მაქვსო...
რა სათქმელი, რისი სათქმელი!
მთელ წელიწადში
ერთი ლექსი ეწერებოდა,
ბალიშქვეშ მალ-მალ მოსინჯავდა
ხელისფათურით.
ბოლოს იმ ერთსაც ვეღარ წერდა,
იწყებდა სიტყვას და ყმუილზე გადადიოდა.

სულმოუთქმელად
განსაცდელში მიმაქანებდა
ვერ მოვერიე,
არ იქნა და არ მოიშალა
სხვის შესაქცევად თავის გვემა,
ცრემლი მდუღარე.
ვერ შევასმინე,
რომ არავის არ სჭირდებოდა,
დევნა-მალვაში
დავბერდი და გადავიღალე.

დე, ახლა სხვებმა იდაონ და ისაცოდაონ,
სხვებმა დააცხრონ
სიტყვა-თქმათა აურზაური,
ეძიონ ბნელში სიტყვის ფერი,
ხმაურში - ჟღერა,
უმბარ ამბარში
უებარი იცნონ სურნელი,
უსინჯონ სიტყვას
მიმოხვრა და სახეცვლილება
ზომონ და წონონ,
გინდ იწონონ, გინდა იწუნონ!

მე კი წავალ და “მაი სფეისში” დავიკარგები.
მეც მომერგება ის თარგები, ყველას სარგები.
მეგებებიან აღტაცებით ყმაწვილ-კაცები,
დაუნანებლად გულს მიშლიან ტოლი ქალები.
ვირტუალური არსებობა ნამდვილს სჯობია!
ისე მშვიდია ჩემი სივრცე,
ისე დაცული,
ამოვისუნთქე.
რა მაქვს საშიშ-საკანკალები?!
ანტივირუსით შევკარ, კარგო,
ყველა კარიბჭე,
ხოლო საეჭვოს და უცნაურს არც ვეკარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები