 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პროზა 28 აგვისტო, 2020 |
წლების წინ, ჩვენს უბანში ერთადერთ ტოროლა კაფეში, სადაც მუშაობას დილის 5 საათიდან იწყებენ, შევირბინე ორმაგი პორცია ყავის მისაღებად. თითქმის გამოსული ვიყავი კაფედან, რომ ახალგამომცხვარი ფუნთუშების, შაქარლამებისა და მაჭკატების სურნელმა შემიღიტინა, შოკოლადიანი კრუასანები თითქოს ცხვირით მიმათრევდნენ შიდა სივრცეში. ცდუნებას ვერ გავუძელი და არავის რომ არ გაეგო ჩემი სისუსტე, მათ შორის ჩემს ცოლსაც, იქვე კუთხეში პატარა მრგვალ მაგიდასთან მოვკალათდი ფანჯრისკენ ზურგით და კენკრის ჩიზქეიქი შევუკვეთე -ნაკლებ კალორიულიაო, მითხრა მიმტანმა, თითქოს სულში ჩამძვრომოდა და ჩემი ორჭოფობის მიზეზი გაეგოს. ის იყო სურნელებით კუჭაწუილებულს დიდი მონდომებით უნდა ჩამერჭო მოცუცქნული კოვზი ჩიზქეიქში, რომ უნებლიედ კარისკენ გამეხედა. ცოტა ხანი ასე ვუყურებდი და შემდეგ ჩემი მიშტერების შემრცხვა და ჩემდა გასაკვირად, უღიმღამოდ განვაგრძე დაბალკალორიული ნამცხვრის კიკნა. ჩვენში სადღაც არსებული უხილავი თვალით ( მეცნიერულად კი რეალობის ნაკლოვანი ნაწილის აღდგენის უნარით), დავინახე უცნობი თუ როგორ მიუახლოვდა დახლს და მწვანე ჩაი შეუკვეთა. უცნაური ხმა ჰქონდა: რომ ვერ გაიგებ, გაუშიფრავი და შეუცნობელი. დიდი ჭიქა მწვანე ჩაით ჩემგან მესამე მაგიდას მიუჯდა. ჯერ კიდევ დიდი დრო იყო სამუშაოს დაწყებამდე. ასე რომ არც მე არ მეჩქარებოდა არსად და ჩემი აპეტიტისთვის უჩვეულოდ ნელა განვაგრძე ნამცხვრიდან კენკრის ამოჩიჩქვნა. როცა უცნობის ხმა კიდევ გაისმა, მაშინღა დავუკვირდი რომ ჩემს მოსვლამდეც კი, კაფეს მიყუჩებულ კუნჭულში ვიღაც კოხტად ჩაცმული,35 -იოდე წლის მამაკაცი იჯდა. ხელში ფორბსის ქართული გამოშვება ეჭირა და რატომღაც "თხა და გიგო" გამახსენდა მის შემხედვარე, მიუხედვად იმისა რომ წაღმა ეჭირა წიგნი. ეს გოგონა მის მაგიდასთან, მის გვერდით დამჯდარიყო და წკრიალა, ჟღერადი ხმით ესაუბრებოდა. - მიცნობ? - არა. - გინდა გამიცნო? - არც ისე - დარწმუნებული ხარ? - რაში? - რომ არც ისე? - კი. -ანუ არა? - რა არა? - არ გინდა? - რა არ მინდა? - ჩემი გაცნობა! - უკვე გიცნობ! - მართლა? ეს როგორ? მე რომ ჯერ არ გაგცნობივარ?! - უკვე ბევრი რამ ვიცი შენზე... - რა საინტერესოა! მე არ ვიცი ბევრი რამ ჩემზე... - ხარ აბეზარი, უტაქტო და მოკლებული ხარ ქალურ კდებამოსილებას. ამ ბუკეტს კი ემატება ისიც, რომ საშინელი გემოვნება გაქვს. - მართლა? - რა მართლა? - ფიქრობ რომ მიცნობ? ანუ - ენა ოდნავ დაება- ფიქრობ რომ მართლა ასეთი ვარ? - დიახ... - კი მაგრამ, ასეთი დასკვნა საიდან გამოიტანე? - შენი საქციელიდან და დაუდევარი შესახედაობიდან. - მე არც ასეთი საშინელება ვარ - თავი ოდნავ დახარა, თვალებით იატაკს დააშტერდა, შემდეგ კი წამში შეეცვალა სახე, გაიღიმა. ღიმილისას მარჯვენა ლოყა ეჩუტებოდა. მგონია ძალიან უხდებოდა ღიმილი. - და მეტი არაფერი არ გინდა გაიგო ჩემზე? - არა. - იქნებ ისეთი საინტერესო აღმოვნჩნდე... იქნებ დავმეგობრდეთ კიდეც... - რაც გავიგე ისიც საკმარისია იმისათვის, რომ აღარ მინდოდეს შენზე მეტი არაფრის გაგება. - სამწუხაროა! - შენთვის?_ შეიძლება. - არა. - აბა? - შენთვის. - ვითომ რატომ? - ამას უკვე ვეღარასდროს გაიგებ _ უთხრა და იმ მაგიდას დაუბრუნდა, სადაც ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული. სიმპატიური უცნობის ქვედა ყბა რამდენიმე წამი ოდნავ დაბლა ჩამოვარდნილი მომეჩვენა. ის მალევე მოეგო გონს, მანერული სტილით დაკეცა ჟურნალი, დატოვა თანხა და მკვეთრი ნაბიჯებით გავიდა კაფედან ისე რომ არც ყავა დაულევია ბოლომდე და არც არავისთვის შეუხედავს. ჩემს წინ უკვე თეთრი და წითელი ფერის რაღაც მასა იდო, რომელიც არც ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა, ამიტომ თეფში უნებლიედ გვერდზე გავწიე, მოვსვი ყავა და იმ გოგონას დავუწყე ყურება. გამიკვირდა, როცა ვერანაირი მღელვარება ვერ შევნიშნე მის გაცრეცილ სახეზე. არ მინდოდა მეტიჩარად ჩავეთვალე, დიდი ბრძოლა დამჭირდა საკუთარ თავთან რომ მის მაგიდას მივსკუპებოდი. ხელზე ხელი დამედო და თვალებში ჩამეხედა. რა ძალამ გამაბედინა მაგრამ გავბეე. პირი დავაღე რომ რაღაც მეთქვა... - ნუ შემიცოდებ! ძირითადად ადამიანები იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ_ მითხრა და გამიღიმა. საოცარი ღიმილი ჰქონდა. ღიმილის დროს წამიერად უნათდებოდა სახე და თვალის ფერი თვალის ფერს იძენდა, ლამაზი თეთრი კბილები ალმასებივით უელავდა... - არც მიფიქრია შეცოდება. უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ძალიან საყვარელი ღიმილი გაქვს და რაც შეიძლება მეტი გაიღიმე ხოლმე. - მადლობა! - რისთვის? - რომ არ მითხარი ლამაზი ხარო. ღიმილი კი... იყო დრო როცა ბევრს ვიღიმოდი და ვიცინოდი. - და ახლა? ახლა რატომ აღარ იცინი ბევრს? - ახლა უნარი დავკარგე - მითხრა და სევდიანად გამიღიმა. - უნარი თუ მიზეზი აღარ გაქვს ? - დავეჭვდი მის პასუხში. - უნარი დავკარგე ღიმილის, ანუ ღიმილის მიზეზების ამოცნობის უნარი აღარ მაქვს -რაღაც გარდაუვალობა ბლოკავს ყველა მიზეზს და გამღიზიანებელს. - რამე შეგემთხვა და ამის გამო? - ამ ჩემს თავსაფარს გულისხმობ ხო? - არა, არც მიფიქრია ამ თავსაფარზე, შეიძლება ეს სტილია - ვეცადე არ შემემჩნია უხერხულობა. - საქმე ისაა, რომ ერთ დროს მეც ისეთივე გულქვა ვიყავი, როგორც ის ვაჟბატონი. ძალიან მიყვარდა ჩემი თავი, ვამაყობდი ჩემი გარეგნობით და შესაძლებლობებით. ბევრი ფული არასდროს გვქონია, მაგრამ დედისერთას ყოველთვის მათამამებდნენ. მეც ვსარგებლობდი პრეროგატივებით და სილამაზეს და ახალგაზრდობას ფუჭად ვფლანგავდი. -ახლაც ახალგაზრდა ხარ და ყველაფერი წინ გაქვს! ამომხედა და რაღაც ძალიან უკიდეგანო ასხივებდა მის თვალებში. - - მე 2 დღეში ბელგიაში მივფრინავ ევთანაზიისთვის. -უცერემონიოდ მომახალა. გულში ჭვალი ვიგრძენი. -მოპირდაპირე ქუჩაზე ვცხოვრობ და დიდი ხანია ჩვევად მაქვს ამ კაფეში დილით საუზმე. ის მამაკაციც აქ გავიცანი. გავიცანი კი არა და, ყოველ დღე აქ ვხედავ, მაშინაც აქ დადიოდა, როცა თავზე საკუთარი თმა და სახეზე ნამდვილი წარბები მქონდა.ჩემს ოცნებაში დახატულ მამაკაცის იდეალს მივამსგავსე ის. წლებია ერთმანეთს ვხედავთ აქ და არასდროს შემხმიანებია.- მოულოდნელი გულწრფელობის ტალღა მოაწვა და არ დაგიმალავთ, ძალიან მეამა. -2 წლის უკან დამისვეს მწვავე დიაგნოზი. დაზღვევა არ მქონდა, დანაზოგი კი არ იყო საკმარისი დროულად ჩამტარებოდა მკურნალობა. სახლიც რომ გამეყიდა მაინც არაფერი მეშველებოდა. ერთადერთი რაც მახარებდა იყო სიცოცხლის დაზღვევა, რომელიც 8 წლის უკან მეგობრებთან ნასვამ მდგომარეობაში ხუმრობისას დავიქადნე და ავასრულე კიდეც. დღე არ გავიდოდა არ მეთხოვა ღმერთისთვის მოსულიყო ჩემი უცნობი ნაცნობი ჩემთან და გავეცანი.ეს დღე კი გონებაში მიტრიალებდა, თითქოს გული მიგრძნობდა ავს, მაგრამ გონება არ აძლევდა ამაზე ფიქრის უფლებას. გადაწყვეტილი მქონდა რომ, თუ დამთანხმდებოდა გაეცნო ასეთი თმა-წარბ დაცვენილი, გაუფერულებული, დაუდევრად ჩაცმული და ცოტა სასაცილო გოგონა, მას ჩავწერდი ანდერძში. ახლა კი... მე სულგანაბული ვუსმენდი. პირი გამიშრა და მერე მივხვდი მიზეზს - პირდაღებული ვიყავი მთელი ამ დროის მანძილზე. ყავა მოვსვი და გაოგნებულმა დავიწყე: - კი მაგრამ, ვიღაც ნარცისსა და აკარაკს რომ არ დაუტოვო შენი ჯერ არ არსებული ქონება, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც შეიძლება რომ გააკეთო. მაგალითად, ლეიკეემიით დაავადებული ბავშვები, იცი, რამდენია?! - კარგი აზრია ისე - გამიღიმე უცნობმა. წამოიზლაზნა - სხვა შესატყვის სიტყვას ვერ ვპოულობ ისეთი თხელი იყო და ისე გრძლად მომეჩვენა მისი სხეული - საუზმის ფული გადაიხადა და... ყინულივით ცივი ხელი ჩამომართვა, მეორე ხელიც მიახმარა და სიცივის მიუხედავად ვიგრძენი ახალგაზრდა, უიმედო გოგონას ცხელი და კეთილი გული მის გამხდარ მკერდში... ამხელა კაცს უეცრად ტირილი მომინდა და ძლივს შემოვუძახე თავს რომ კურცხალი უკან ჩამეტრიალებინა. - იქნებ გადაიფიქრო! - გავბედე და წამოვილუღლუღე. - აზრი? - რამდენიც დაგრჩა დატკბი იმ დღეებით! - ეჰ, სადაა სიტკბო ?! - ხელი ოდნავ შესამჩნევად ჩაიქნია და შეტრიალდა. კართან მომიბრუნდა და თავის უმნიშვნელოდ დაკვრით დამემშვიდობა. - Au revoir ! -სადღაც შორიდან გაისმა მისი ლამაზი ხმა. გავიდა კაფედან და თითქოს სინათლე და სითბო გაიყოლა. მე კი მწარე გემო დამრჩა, რომელიც დღემდე, ამდენი წლის შემდეგაც ვერ მოვიშორე - ნუთუ კაცები ასეთი დაცლილები ვართ ემოციური ინტელექტისგან?! ნუთუ, მეც ოდესმე ასე ვატკინე ვინმეს ჩემდაუნებურად გული?! ეს კითხვა დღემდე მიტრიალებს. ქვეცნობიერი თითქოს მეც მადანაშაულებდეს სიყრუვესა და სიბრმავეში. მას მერე კი, იმ კაფედან როცა გამოვდივარ, ყოველთვის ჩუმად, ჩემთვის, ჩემყურთათვისაც კი ოდნავ გასაგონად ვჩურჩულებ: - Au revoir!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ეს წაკითხული მაქვს, კაფეთი გამახსენდა, მაშინაც მომეწონა და ახლა უფრო. ეს წაკითხული მაქვს, კაფეთი გამახსენდა, მაშინაც მომეწონა და ახლა უფრო.
12. ბატონო სერგო, მინდა დაგამშვიდოდ, მაინდმაინც არც საზოგადოება არ იკლავს ჩემი ნაწერების მოწონებით თავს, ასე რომ მიირთვით თქვენ აპარატის ყავა და გვაცალეთ ჩვენ კავკასიელებს პიტნის ჩაით პირის ჩატკბარუნება! ბატონო სერგო, მინდა დაგამშვიდოდ, მაინდმაინც არც საზოგადოება არ იკლავს ჩემი ნაწერების მოწონებით თავს, ასე რომ მიირთვით თქვენ აპარატის ყავა და გვაცალეთ ჩვენ კავკასიელებს პიტნის ჩაით პირის ჩატკბარუნება!
11. თუ რამე მოსწონს საზოგადოებას..მე -----პას . არავითარი პირადი, უბრალოდ ევროპაო, განვითარებაო...ახლა გასაგებია რატომ არის კავკასიაში ცხოვრება ასეთი და არა სხვანაირი .... ახლა ერთ უბრალო რამეს მოგიყვებით, იტალიური ყავის აპარატი იყიდა ერთმა ჩემმა ნაცნობმა, ფირმამ, ვინც აპარატი მოაწოდა, ასევე მოამარაგა მსოფლიოში საუკეთესო ყავის მარცვლებით , კერძოდ კი :Tupinamba Extrisimo tradizione italiana: 60 ლარი ღირს პაკეტი, და რა მოხდა???? საზოგადოებამ, რომელის მიჩვეული იყო წყალ-წყალა უხარისხო ყავას, უკუაგდო და ვერ მიიღო ხარისხიანი პროდუქტი, მეტიც, ვერ გაიგეს საერთოდ რა მიაწოდეს, და საქმეც მოკვდა. სამაგიეროდ მათ გაიხარეს როცა იგივე ყავა დაუბრუნეს და კმაყოფილები არიან , დაე სულ ასე იყვნენ, აბა მეტი რა უნდა უსურვო კმაყოფილ ადამიანებს ?... თუ რამე მოსწონს საზოგადოებას..მე -----პას . არავითარი პირადი, უბრალოდ ევროპაო, განვითარებაო...ახლა გასაგებია რატომ არის კავკასიაში ცხოვრება ასეთი და არა სხვანაირი .... ახლა ერთ უბრალო რამეს მოგიყვებით, იტალიური ყავის აპარატი იყიდა ერთმა ჩემმა ნაცნობმა, ფირმამ, ვინც აპარატი მოაწოდა, ასევე მოამარაგა მსოფლიოში საუკეთესო ყავის მარცვლებით , კერძოდ კი :Tupinamba Extrisimo tradizione italiana: 60 ლარი ღირს პაკეტი, და რა მოხდა???? საზოგადოებამ, რომელის მიჩვეული იყო წყალ-წყალა უხარისხო ყავას, უკუაგდო და ვერ მიიღო ხარისხიანი პროდუქტი, მეტიც, ვერ გაიგეს საერთოდ რა მიაწოდეს, და საქმეც მოკვდა. სამაგიეროდ მათ გაიხარეს როცა იგივე ყავა დაუბრუნეს და კმაყოფილები არიან , დაე სულ ასე იყვნენ, აბა მეტი რა უნდა უსურვო კმაყოფილ ადამიანებს ?...
10. მადლობა ჯონათან, ხომ იცით, თქვენი მოწონება რამხელას ნიშნავს ჩემთვის! მადლობა ჯონათან, ხომ იცით, თქვენი მოწონება რამხელას ნიშნავს ჩემთვის!
9. თითქოს პარიზიდან გამოგზავნილ ღია ბარათს ვუცქერდი, ისეთი ხელშესახები კადრები იყო.
თითქოს პარიზიდან გამოგზავნილ ღია ბარათს ვუცქერდი, ისეთი ხელშესახები კადრები იყო.
8. ჰოლმვუდ,პირველ რიგში მადლობა. მიხარია თუ საინტერესო იყო შენთვის. მიხარია ისიც,რომ ზუსტად ხვდები სათქმელს და პარალელებს. თან იმასაც ავღნიშნავ რომ სათაური ამ სერიებს სწორედ შენ შეურჩიე. ❤❤❤ ჰოლმვუდ,პირველ რიგში მადლობა. მიხარია თუ საინტერესო იყო შენთვის. მიხარია ისიც,რომ ზუსტად ხვდები სათქმელს და პარალელებს. თან იმასაც ავღნიშნავ რომ სათაური ამ სერიებს სწორედ შენ შეურჩიე. ❤❤❤
7. ცუდია რომ ვერ "დაიჭირა წამი", ვერ ნახა სიტკბო. როგორც ვხედავ, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ხიდგადებული სერიები დაიწყო :) კარგია. ცუდია რომ ვერ "დაიჭირა წამი", ვერ ნახა სიტკბო. როგორც ვხედავ, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ხიდგადებული სერიები დაიწყო :) კარგია.
6. გილოცავთ ყველას მარიამობას!!! გაიხარე ფლორა!! :))))) გილოცავთ ყველას მარიამობას!!! გაიხარე ფლორა!! :)))))
5. ვანანო, ძალიან მიხარია თუ მოგეწონათ. მრავალ მარიამობას დაესწარით! ვანანო, ძალიან მიხარია თუ მოგეწონათ. მრავალ მარიამობას დაესწარით!
4. თავისით ჩამეკითხა, ზარმაცი ვარ, აქ დიდ ტექსტებს ვერ ვკითხულობ, ეს სხვა შემთხვევაა!! :) თავისით ჩამეკითხა, ზარმაცი ვარ, აქ დიდ ტექსტებს ვერ ვკითხულობ, ეს სხვა შემთხვევაა!! :)
3. მრავალ მარიამობას დაგასწროთ, ღმერთმა, გაიხარეთ! მრავალ მარიამობას დაგასწროთ, ღმერთმა, გაიხარეთ!
2. ოთარ, დიდი მადლობა! გავასწორე ! გაიხარე! მრავალ მარიამობას! ოთარ, დიდი მადლობა! გავასწორე ! გაიხარე! მრავალ მარიამობას!
1. დავწერ +5-ს, ოღონდ "კაფიდან", "კიკვნა", შეცვალეთ მართებული "კაფედან", "კიკნა"-თი
პატივისცემით, :) დავწერ +5-ს, ოღონდ "კაფიდან", "კიკვნა", შეცვალეთ მართებული "კაფედან", "კიკნა"-თი
პატივისცემით, :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|