ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2020


* * *

ერთხელაც, ავდექი და გავიზარდე.
მგზავრი მინდოდა გამოვსულიყავ.

ბევრიც ვიარე და  ცოტაც,
მთაშიც ვიარე და გზაწვრილზეც,
კიდეც მათოვა და მაწვიმა,
კიდევ მათოვებს და მაწვიმებს.

ჰალსტუხიანმა ძიამ შემაჩერა და მირჩია თეთრი ხალათი დაგამშვენებს და ექიმი იყავიო.
მხოლოდ სამოსის მოხდენა  რომ პროფესიონალად ვერ მაქცევდა ვიცოდი და უცებ  სულების ექიმობა მომინდა.
თვითნასწავლ ფსიქოლოგობას მივდიე.
მალევე საკუთარმა სულმა დამამძიმა და მივხვდი  სხვების სულებსაც ვეღარ შევამსუბუქებდი.
არ გამოვიდა ჩემგან სულთა მკურნალი და ისევ წავედი.

რატომღაც მაღლა ყურება დამჩემდა სიარულისას.
მიეჩვიეო ოცნებას . სინამდვილეში ვარსკვლავთა აღრიცხვას ვაწარმოებდი. მოწმენდილ ცაზე სრული სწრებადობა მქონდა.
არ მიყვარდა ღრუბლიანი ცა.
ამ დროს ჩემი ჟურნალი "არებით" ივსებოდა და  ვარსკვლავებთან გაკვეთილები მიცდებოდა.

მერე მომინდა მოსწავლეებში ამეკიაფებინა ვარსკვლავები და სკოლაში წავედი.
იქ ყველანი  ვარსკვლავები დამხვდნდნ .
ისინი ციმციმებდნენ და მათი ნათებით მეც ვიმუხტებოდი. ბოლოს მივხვდი, რომ მათი ენერგიის გამოყენებით საკუთარი ენერგიის წყაროს შექმნა უსამართლობა იქნებოდა.
გზა განვაგრძე.

ცირკის ქარავანმა ჩამოიარა. შემშურდა მათი ღიმილიანობის ,  მასხარას ფორმა მოვიპარე და  ჩავიცვი.
ერთხანს გამაბედნიერა მაყურებლების სიცილმა, მაგრამ როგორც კი  ქურდობა  გამოაშკარავდა აღარც მაყურებელი იცინოდა და აღარც მე.
გავიხადე ფორმა და გავუდექ გზას.

ტყის პირას მგლების ხროვას გადავეყარე.
შიში ოხერი ყოფილა და მგლის ტყავი გადავიცვი.
სუნი არ ეგუათ და ღრენა დამიწყეს. სულის სუნი იგრძნეს ალბათ.
ზედაპირზე რაც დევს იმას ხომ იოლად იჯერებენ და გარეგნულად რომ მგელსა ვგავდი მათიანად ჩამთვალეს. 
რაკი დაგლეჯას გადავურჩი, იქ რაღა გამაჩერებდა ?!

მას შემდეგ ცხრა ტყავი  გამოვიცვალე.
ცხრა სიმღერა ვთქვი და ცხრა ბანი,
ცხრაჯერ გავიწვდინე საბანი.
ცხრაჯერ დავიხურე ცხრა ქუდი,
ცხრა მოვიპარე და გავქურდე.

ბევრი ვიარე თუ ცოტა, საკუთარ თავს დავუბრუნდი.

ბევრმა წყალმა იარა,
ქვიშა დარჩა ნოტიო,
რად  არ ჩამოიტანა
წყალმა ხის ნაფოტიო?

მერე 
ღმერთს პირადი წერილი მივწერე. უპასუხო წერილებს ვაგროვებდი ჩემივე თავის ლაბირინთებში. დაგროვილი კითხვებისა და გაუცემელი ემოციების ხარჯზე  ასობგერებმა ფრენა ისწავლეს და სიტყვებად გადაიქცნენ.
სიტყვები წინადადებებად დამიფრთიანდნენ.

დღემდე ფრინავენ ჩემი წერილები მიწიდან ცამდე , ციდან მიწამდე.
ათასჯერ მაინც გაუპიათ ჰორიზონტი ...
ათასჯერ დანარცხებიან ნისკარტით ქვიშიან სანაპიროს...

ერთხელაც , ავდგები და საკუთარი თავის გადამთიელი გავხდები...

წერილებზე  მიპასუხე, უფალო !7

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები