ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2020


უთბილქვეყნოდ

აღმუვლდებიან მისტრალები, ცა ჩამოიწევს
ამინდი მალე შეიცვლება, როგორც ამბობენ...
მზესთან ვიწექი მთელი ეს თვე, თუმცა, მოიცა,
ამ საიდუმლოს მხოლოდ შენ და ნაპირს განდობდით...
ხეს გააშიშვლებს ქარი ურცხვად, მერე დაფლეთილ
ყვითელ სამოსსაც თან წაიღებს, ვნების სახსოვრად.
გადაუვსია მხრჩოლავ ხსოვნას მთელი საფერფლე,
განცდის რეტროში ჩარჩენილი ფიქრის თანხმობით...
ისევ შემთხვევას დავუბრუნდეთ, ნაწარსულევი
ეკრანზე გადის, მსხვილი კადრით, ვრცელი ტიტრებით.
ეს მე კი არა, გრძნობა იყო ისე სულელი,
რომ დაიჯერა ცხელტუჩება დანაპირები...
მალე ამინდი შეიცვლება, მზე გაგულგრილდა,
უკვე უბერავს ზამთრისპირულს ცივი მისტრალი.
ვგავარ იმ წეროს, ჩამოვარდნილს მთავარ გუნდიდან,
და უთბილქვეყნოდ როგორ გავძლო, ერთი მითხარი...

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები