ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2009


სულთა მარტია

გაზაფხულის ცას
შეეფაკლა ღაწვები თოთო,
ბუნებამ სწრაფად შეიკერა
ფერთა მანტია,
საცაა ატმის უცოდველი
ყვავილიც მოთოვს,
ფიფქმა რომ თოვის მითვისება
ვერ აპატია...
გამოიზამთრა ტირიფმაც და
სულ აღარ ლოთობს,
წყალში ჩაღვარა შემოდგომის
ღვინის პარტია,
წელზე ხელს მოხვევს
მოცახცახე, მშიშარა ფოთოლს....
სიყვარულია, სიგიჟეა,
სულთა მარტია...!

***
ვერ ვაჩუმებ ჩემივ თითებს,
ეს რა ყბედი ყოფილა,
ფურცელს სტროფად მიუწვინა
ლექსი დედიშობილა!

***
ცრემლავს ზეცა... იფლითება...
თუ იქნება ხვალე დარი,
სწრაფად უნდა გადავფურცლო
მარტოობის კალენდარი!


***
მე ვერ ვპატიობ საკუთარ თავს
შენს სიყვარულს და...
სიკვდილს მოვისჯი...
დედაჩემთან და ჩემს უფალთან
ბოდიშს მოვიხდი...
არ გადავხტები ქვაფენილზე
ღია ფანჯრიდან,
გალაკტიონის აჩრდილი რომ
დღემდე გაჩრილა,
არა, მოვკვდები
ზღვის ტალღებზე ნაშობ ქაფივით,
დავნაწევრდები უძველესი
საქსოვ ძაფივით,
რომ ვეღარასდროს, აღარასდროს
ამკინძოს ბედმა,
ენა ჩაიგდოს გამყიდველმა,
ფლიდმა და ყბედმა!
...
მე რომ მოვკვდები,
ჩემი ლექსი შენში გადარგე,
მოდი ნაპირზე
სიყვარული მოიქადაგე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები