ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პროზა
22 ოქტომბერი, 2020


ჭიამაია, მაპოვნინე

მე ახლა ჭიამაია ვარ, სულს რომ შეუბერავ და საბედოს გზას გაპოვნინებს.
ოდესღაც სხვა ვიყავი...
ოდითგან მომდგამს სულიერებს ბედის პოვნაში დავეხმარო.
მახარებს მათი ბედნიერების მონაწილე რომ ვხდები.
ერთხელ, მთლად ქათქათაფრთიან, შავ დამფრთხალთვალებიან გოგონა პეპელას დაკარგვოდა საბედო.
ეძებდა თურმე გზაარეულს.
იმასაც თეთრი ფრთები ჰქონია და შავი დამფრთხალი თვალები.
მე სუნით ვპოულობ მეწყვილეს. გარეგნობით არასოდეს ვიცი როგორია.
მთხოვა და  ვაპოვნინე.

ნეტავ არ მეპოვნინებინა.

იმ თეთრფრთიან საბედოს სხვა , ლამაზ,  ჭრელ პეპელასთან დაუწყია ცხოვრება.
წვრილი, აბლაბუდას ძაფებით გაუბამთ ერთმანეთთნ დამაკავშირებელი გზა.
ოდესღაც ქათქათა ფრთებს სიჭრელე შერეოდა.
წითელ ლაქებად ჩამოღვენთოდა თეთრ ფრთებზე ცოდვის კვალი.
შავი არშია შემოვლებოდა ორივე ფრთის ბოლოს.
თვალები  დამრგვალებოდა და გუგებს სიყვითლე შეჰმატებოდა .

ვერ იცნო გოგონა პეპელამ თავისი ნახევარი.
იუარა.
ისედაც თეთრი იყო და მთლად გაფითრდა.
ეს როგორ შეიძლება იყოს  ჩემი თეთრფრთიანი საბედოო.
კოპები შეიკრა .
თვითმარქვია მიწოდა.
მკაცრად მისაყვედურა, რომ თავისი სიცოცხლის ნახევარი დღე დავაკარგვინე.

აღარაფერი მითქვამს.
მე ხომ სუნით ვიცანი იგი.

მას შემდეგ ჩემი ფრთები ნახევარჯავშნად ვაქციე.
მეც დამამჩნია ცხოვრების წვიმამ შავ-წითელი წვეთების წერტილები.

მე ახლა ჭიამაია ვარ, სულს რომ შეუბერავ და საბედოს გზას გაპოვნინებს.

ხშირად, როცა მესმის ხმა  „ჭიამაია, მაპოვნინე, ოქროს კოშკებს გაპოვნინებ“- ვნატრობ ,  ყნოსვის უნარი დამეკარგოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები