ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
23 თებერვალი, 2009


ამბავი, რომელსაც არ ვიცი რა დავარქვა I ნაწილი

ნაწილი I. განგრენა, „ხიმჩისტკა”
და ვერიჩკა ექიმბაში


    - გიგა, გიგა, გიგაია უქნარა ადექი... ვინ მოგცა შენ მძინარას დიპლომი...
შაბათი დილაა. მძინავს. აშკარად რაღაც კარგს ვხედავ სიზმარში, იმიტომ რომ მეღიმება და უცებ ყვირილი მაღვიძებს. ვინ იქნება?! თამაზა... თან დაძახება კი არ იცის, ყვირის გოგილა  ბრიგადირივით. მას უყვარდა ასეთი დაძახება ბრიგადები რომ იყო და კოლექტივი, ბრიგადის წევრებს რომ ჩამოიარდა,  დაძახებაში  პატარა ისტორიასაც გაურევდა.  თუ რამე დაუშავებია ან კაი გაუკეთებია, პულიმიოტივით წააწყობდა და  დაძახილში ატევდა ყველაფერს...
თამაზა ჩემი კლასელია და ტრუსიკის ამხანაგი... ერთად არ დავბადებულვართ თორემ რაც თავი მახსოვს სულ ერთად ვართ...  თან გზის მეორე მხარეს ცხოვრობს, ჩვენი ჭიშკრები ერთმანეთს უყურებს და ასე მგონია ჩვენ რომ ვძმაკაცობთ, ისე ძმაკაცობენ ისინიც და უყვებიან  ერთმანეთს  ათასნაირ მბებს...
- გიგა, გიგა... – აგრძელებს თამაზა, ისე ყვირის თითქოს ჯონია ვეტექიმი კასტრაციას უტარებდეს ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე. ეტყობა საკუთარი ოდის აივნიდან იძახის გადმოსვლა ეზარება აშკარად, იმიტომ რომ ფანჯარაში ვხედავ თოვს, თან ქარი უბერავს და  ცივა ეტყობა... მართლა კასტრაცია აქვს ჩასატარებელი. სუფთა გიჟია. აბა ნორმალური კაცი სამჯერ ცოლს მოიყვანს. აი, ერთხელ კიდე ჰა, მეორედ – ჰა-ჰა,  მაგრამ მესამედაც კაცო. მესამედ რაღად მოგყავს... მესამედაც რო გაცილდა, ვიფიქრე ვსიო, მორჩა ცოტა დაისვენებს, ჭკუაში ჩავარდება. აბა კი. ორი დღის წინ მეუბნება,  შეყვარებული ვარ, ცოლი მომყავსო. ვინ არის ის უბედური მეთქი. არ გეტყვი ჯერო. და რატომ-მეთქი. არ ვიციო...  გიჟია აბა რა...
-  გიგა... გიგა... გიგა... გიგაია  ზარმაცო... გიგაია ძილისგუდა... – გოგილასავით იძახის ისევ. კოლექტივი რომ იყოს ბრიგადირობა არ აცდებოდა. ახლა უსაქმოდ დაყიალობს, უფრო სწორად დახრაგუნობს  ხან ფეხით, ხან დანჯღრეული ნოლტრით. სადაც ჭურჭელი გარახუნდება დაბარებულივით იქ არის. არ ვეპასუხები, ჩემთვის ვბურტყუნებ,  გიგა და ჯანდაბა შენ, დამაძინე რა, რა ჯანდაბა გინდა...
მესმის, დედაჩემი ეხმიანება, ძინავსო.  რა აძინებს, აშენდა ქვეყანაო, ის იქედან პასუხობს - თითქოს, სულ მის ფიქრში იყოს, ქვეყანა როგორ ააშენოს... ჩაწყნარდა ცოტა ხანი, კაია დავისვენებ, შაბათი დღეა, სკოლა ისვენებს. ვინ გასვენებს, ჯერ თამაზას ჭიშკარი ახმიანდა, პირველი ხმით,  მერე აყვა მეორეთი ჩემიც... … ახლა კარს შემოაღებს...
-  ბიჭო, რაშობი, გძინავს. რა გჭირს, სიცხე გაქვს? არ გაქვს? კვტები? რეიზა, მეიცა  პაწა...…
თამაზა კითხვებსაც სვამს და პასუხებსაც თვითონ ამბობს.  რაფერ ვუთხრა ახლა ვკვდები, გამანებე თავი მეთქი, ენამ არ მიყივლოს. არადა ამას წინათ (უფრო სწორად სექტემბერი იყო, ახალი დაწყებული იყოს სწავლა) ხუმრობით ვუთხარი, ფეხზე განგრენა მაქვს-მეთქი და კინაღამ ამიხდა.  სადღაც მეპატიჟებოდა შუა კვირაში, თან დილით, მაგარი ხაშია, წიფნარელმა (მეზობელი სოფელია, დასავლეთით ესაზღვრება ჩვენს სოფელს - კოხნარს) კაცმა ძროხა დაკლა და გვეპატიჟებაო და ჩვენ რატო გვეპატიჟება, რა წიფნარაზე ვერავინ ვერ ნახა დასაპატიჟებელი მეთქი, არა შარშან ცოლი მოსამშობიერებელი რომ იყო, წიფნარაზე ვერავინ ვერ ნახა მანქანიანი და  მე წავაყვანიე ჩახატოურშიო (ასე ეძახის ჩოხატაურს), თან კიდევ არც მეტი არც ნაკლები ბიჭი შეეძინაო. ბიჭის შეძენასთან თვითონ რა კავშირში იყო არ უთქვამს,  არც მე დავინტერესებულვარ.  ხაშმა მადა გამიღვიძა, იფ, კარგი იქნებოდა, მაგრამ გაკვეთილები როგორ გამეცდინა. თან ხაშს ნიორი უხდება  და არაყის ჩაფენა, მერე ლუდი, სამაგიეროდ არ უხდება მერე  გაკვეთილზე შესვლა და დიფრაქციული მესერი. მოკლედ არ წავყევი. ისე დაეჭვდა, განგრენიანი ფეხით სკოლაში როგორ მიდიხარო. განგრენის გულიზა ბავშვებს გაკვეთილს ხომ არ გავუცდენ-მეთქი, გამოვიდე თავი. აბა შენა ხარო? მაჩვენე აბა ფეხიო – არ მიჯერებდა. გინდა მეიწამლო-მეთქი. …ეჰ, რა პურმარილს ცდები! თუ გგონია შენი რომელიმე მოსწავლე აინშტაინი გამოვა, ძაან ცდებიო. აინშტაინი თუ  არა, ის ხო ეცოდინებათ, შიშველ პროვოდს ხელი რომ არ დაადონ-მეთქი. მაი ისედაც იცის ყველამ, ერთხელ რომ დაადებენ,  ისწავლიან ჭკუას და მეორედ არ დაადობენო... მოკლედ არ წავყევი იმ დღეს, ხოდა გაკვეთილების  მერე უფროსკლასელ ბიჭებთან სკოლის ოღრო-ჩოღრო მინდორზე ფეხბურთი ვითამაშე. ერთიც გაცხარებული შეტევის დროს ბურთის მაგივრად კოდმეს წამოვკარი ფეხი და სულ ცხვირით ვხანი მინდორი.  ბავშვებს შერცხვათ თუ რა იყო, პენალია მასო.  პენალი რაფერაა არ წამკარებიხართ არც ერთი-მეთქი... წამოვედი სახლში კოჭლობით...  ვნახე ფეხი, ცერა თითი მქონდა გასიებული... დედამ რა გჭირსო, ფეხი ვიტკინე-მეთქი.  გაკვეთილზე ფეხი როგორ იტკინეო, მე ვუთხარი მერხს ფეხი წამოვკარი-მეთქი... ამ დროს ცივი ტილოებია კარგი, პროცესი არ წავაო...  მომიტანა...  მომიხდა ცოტა სიცივე, ისე აღარ მიხურდა ფეხი...  თამაზაც მოვიდა დაბარებულივით, კარგად ჩაბუჟბუჟებული. ისეთი ნიორის სუნი ადიოდა, ათ მეტრ რადიუსში არც ერთ ვირუსს არ ახარებდა, სუფთა ანტივირუსი იყო რა. რას შობი ნიუტონოო. მერე ფეხშეკონილი რომ დამინახა, მეგონა იხუმრე, მართლა გტკივა ფეხიო? მტკივა, აბა კი არ ვმარიაჟობ-მეთქი.  სად იტკინე, გაკვეთილზე, მერხს წამოკარიო, არა ფეხბურთს ვთამაშობდი-მეთქი, ფიზიკის მასწავლებელი გაკვეთილზე ფეხბურთს თამაშობდიო, აია ჩვენი სკოლა?! აია  იი, რა ქვია იმას? განათლების რეფორმაო, - გაშალა ხელები. კაი ერთი თუ ძმა ხარ ჩემი გაჭირვება მეყოფა-მეთქი. ბიჭო, რა გამახსენდა, წამო ბენია კეშელავასთან მივიდეთ, რომელიღაც გუნდის ექიმი-მასაჟისტია, ამ დილით მე რომ ხაშზე მივდიოდი, იგი კვიპროსიდან მოდიოდა,  შეკრებიდან მოვდივარ, ხუთდღიანი შესვენება გვაქვსო. დაგეცა ტუზის აგური და ჯოკერიო. აგური მაკლია ზუსტად ახლა-მეთქი. არადა ტკივილი მიმატებდა და მიმატებდა, ისე მიხურდა ფეხი ცივ ტილოს ორთქლი ადიოდა უკვე...  მოიყვანა თავისი დაფეხვილი ნოლტრი. რაღა ეს და რაღა ბაბა იაგას  ქათმის ცალ ფეხზე შემდგარი ქოხი, მაინც რუსული ფირმაა ორივე.  უკანა სიდენიები საერთოდ არ უდგას, შოფრის გვერდითა სიდენია,  რომ არ გადახვავდე უკან, ხელით უნდა გეჭიროს, მოკლედ ძალიან თუ არ გიჭირს კაცს, ამ მანქანაში არ უნდა ჩაჯდე. ისეა დანჯღრეული, რომ მიდის, თან ნაწილები  ცვივა. თუ სადმე გზაზე ნაწილი ნახეს მანქანის, ყველამ იცის რომ თამაზასია და უნახავენ მეზობლები...  ერთი ფეხსაცმელი მთლიანად ჩავიცვი, მეორე ნახევრად, ასკინკილით მივედი მანქანამდე, წავედით ბენიასთან. ისე მანქანა გარედან კი დანჯრეული და ჯართია, მაგრამ არ მახსოვს თამაზს მანქანა ჩაქრობოდეს. მივედით ბენიასთან. იგი ადიდასის სპორტულებში  ვარჯიშებს აკეთებდა და ისეთი ხვნეშით სუნთქავდა, ვიფიქრე იგუდება და ეს არის-მეთქი, თურმე ესეც ვარჯიში ყოფილა, თვითონ თქვა, ხათხა იოგას სუნთქვის ვარჯიშიაო. აი ახლა ნირვანაში მივდიოდი, რა ცუდ დროს მოდითო. თამაზამ კიდე კარგი, მოგისწარით, ერთი ამ კაცს ფეხი ტკივა და უნახე რა ჭირს, კვტებაო თუ რჩება და მერე გინდა ნირვანაში წადი, გინდა კვიპროსშიო. რომელი, შეკონილი რომ აქვს ალბათ ის ხოო, ბენიამ. კიო, დაუდასტურა თამაზამ, როგორ მიხვდიო. თან მე გადმომხედა, თვალებით მეუბნებოდა, არ არის ეს მის მატორზე, რა ფეხი უნდა მოგირჩინოსო.  მოკლედ მინახა ფეხი ბენიამ. აუო! – შეიცხადა, -  განგრენა გეწყებაო.  დამცინი-მეთქი, რას დაგცინი, განგრენის ნიშნები სახეზე გაქვს, უი შემეშალა, სახეზე კი არა ფეხზე გაქვსო. თუ ახლა თითს არ მოიჭრი, მერე შეიძლება ფეხი გახდეს მოსაჭრელი და ახვალ ასე თავამდეო. წამივიდა კინაღამ გული, სხვა რამე არ შეიძლება ვცადოთ, მოჭრა აუცილებელია-მეთქი, შენ ქართული თუ იციო. რა ვიცი ისე რა-მეთქი, ხოდა გეუბნები, ხვალ და ზეგ  ფეხის მოჭრაც გვიანი შეიძლება იყოსო. მაგრად გაგიმართლათ რაო. ქუთაისის საავადმყოფოში ძმაკაცი მუშაობს. საკაიფო ხერხი აქვს, უცხოური, წვრილი კბილებით, ისე მოგჭრის, ამ თითს, ვერაფერს ვერ გაიგებო. ფეხზე რომ დაიხედავს და თითი არ ექნება, მაშინ ხო მიხვდებაო, იკისრა ჩემი თითის დაცვა თამაზამ.  შენ ერთ თითს ნაღვლობ, ცოცხალი რჩება კაციო. მოიცა მე თვითონ დავურეკავო. დარეკა. „ხიმჩისტკა” შენ ხარო, ვიღაცას ეკითხება. თამაზამ ხიმჩისტკაში რეკავ თუ ექიმთანო. კლიჩკა აქვს ასეთი, მაცალეთო, ბენიამ. „ხიმჩისტკა”, თუ ძმა ხარ ჩემი სოფლელი ბიჭები მოვლენ, ერთს ცერა თითი აქვს მისაჭრელი, იცოდე მარჯვენა ფეხზე და მაშინდელივით არ შეგეშალოს, აბა შენ იციო, მივხვდით რომ დაემშვიდობა.  გამოვართვით ტელეფონის ნომერი და წამოვედით.  თამაზამ, რა ვქნათ წავიდეთ ქუთაისშიო. სად მაქვს „ხიმჩისტკის” მოსაჭრელით თითები, გაგიჟდი, თან ვაი და მართლა შეეშალა, მერე რა ვქნა-მეთქი. შეშინდა მგონი თვითონაც. ხო იცი დიდი კაცი რომ ცუდად ხდება კონსილიუმი იკრიბება, სხვა ექიმიც ხომ არ გვენახა, ბიჭო რა გამახსენდა, წამო, სერზე მაგარი ექიმბაში ვიციო. სად ცხოვრობს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რომ ცხოვრობს გამიგიაო. სერი მთა არ გეგონოთ,  სამი მგელი რომ მირბოდა... მეზობელი სოფელია ჩემი სოფლის აღმოსავლეთით.  ჩვენთან სოფელში მზე სერიდან ამოდის. კიდე პური ცხვებოდა კარგი, ბერძენი კაცი მუშაობდა ფურნეში  და ისეთი პურებს აცხობდა მეზობელი რაიონებიდან მოდიოდა ხალხი რომ ეყიდა. შეიძლება ამიტომაც ამ სოფლის სრული სახელია საჭამიასერი. იქამდე შვიდი კილომეტრი იქნება. 
თამაზამ ბენზინი გაქვსო, არა-მეთქი. განგრენა გაქვს და ბენზინი არ გაქვს, კაცი ხარ შენო, ხო კაი ჩემ ბენზინს ჩავასხამო, გავიაროთ ჩემთანო. მვედით თამაზას ჭიშკართან... თამაზას მამა, სერგო ბიძიამ გადმოდი შვილო მანქანიდან,  დაგესვენათ ცოტაო, თითქოს მაგარი ნაჯაფ-ნამუშევრები ვიყავით. რას გადმოვა, განგრენა აქვს ფეხზეო, თამაზამ. კაი, ნუ იცი შენ უშნო ხუმრობაო, სერგო ბიძიამ. წავედით სერზე. ბავშვების ჟრიამული გვაცილებს, „თამაზა მოდის, თამაზაო”, აი ფილმში რომ არის, „ბაშაჩუკი მოდის, ბაშიაჩუკიო”, ზუსტად ისე... სერის საზღვარს რომ გადავედით (ნიშნულია პიზის კოშკივით გადაფერდებული და აწერია „საჭამიასერი”) მივედით კითხვა კითხვით, ვერიჩკა ბებია ერქვა ექიმბაშს, ვისაც ვკითხეთ სად ცხოვრობსო, ყველას ისე უკვირდა, როგორ ვერიჩკა არ იცით სად ცხოვრობსო,  რომ უცხოპლანეტელი მეგონა თავი. თან  ვფიქრობ რა დროს ექიმბაშია, ხალხი კოსმოსში ტურისტული ვიზებით დადის... მივედით ვერიჩკას ეზოში. ვხედავთ რიგია ხალხის, ოჯახის წევრები რიგს აწესრიგებენ. ჩვენ ურიგოდ გვეკუთვნის, კოხნარიდან ვართო (ჩვენი სოფელია), თამაზამ. ჩვენ სერელები ვართ და თქვენ ურიგოდ რატო გეკუთვნითო, რა მრავალშვილიანები ხართო?! არა, ამას საერთოდ არ ყავს ცოლი, მე კიდე მესამე ცოლი მყავსა უკვე, მრავალცოლიანი გამოვდივარ  და  ურიგოდ გვეკუთვნის მაინცო, თამაზამ.  Aარ გვაინტერსებსო, იმ ქალმა, მასე მე ორსულად ვარო, და არავინ არ მიშვებს ურიგოდო. რავი არ გეტყობა, და წუხელ თუ ქმართან იწექი, მაი არ ითვლებაო, - თამაზამ. მოკლედ ისე მიდიოდა საქმე გვცემდა ვიღაც. მერე ერთმა მიცნო,  ესო ფიზიკის მასწავლებელია  კოხნარშიო. ვინ მისცა ამას დიპლომი, რაი ეტყობა ამას მასწავლებლობისო, ფულით ექნება ნაყიდიო, დამიწუნა იმ ქალმა ორსულად ვარო რომ თქვა.  თამაზამ რაი ეტყობა კი არა თავი ტვინითაა აქვს გატენილიო და ფეხზე განგრენიოს ნიშნები აქვს, შეიძლება ხიმჩისტკასთან დაგვრჩეს წასაყვანი თითის მოსაჭრელად, მერე უთითოს ვინ წამოყვება ცოლად, ყველა თითი რომ ქონდა მაშინ არ მიყვებოდნენო, გაგვიშვით ურიგოდ, ხალხი არ ხართო. ხიმჩისტკაში თუ მიდიოდით, აქა რაღას მოდიოდითო, მაგრამ გაგვიშვეს მაინც.  შევედით,  ვხედავ ქალი დაფარფატებს ოთახში, 90 წლის იქნება, რა გჭირთო. მე არაფერი, ამას განგრენა ეწყება თითზეო თამაზამ, მომახსნევინა ნაჭრები. ხო თავიდან მეკითხება, ხო გინდა რომ მორჩეო, კი, აბა რატომ მოვედი-მეთქი.  ნერვული ხომ არ ხარ, სახლში ჭურჭელს ხშირად ამტვრევო?  არა, სად მაქვს დასამტვრევი ჭურჭელი-მეთქი, სადაურები ხართო, რომ გაიგო კოხნარიდან ვიყავით, გაუხარდა, აბა სახლიკაცები ყოფილხართ, მაქედან ვარ გამოთხოვილი, ჭუკულიე მიქაშავიძე ხო იცით კოხნარში, სათხიეს დაბლა რომ ცხოვრობს, იმის მამიდე ვარ მეო. ჭუკულიე რავა არ ვიცი, ძაღლი ყავს უბედური შემპარავი, აგერ გუშხამ ახალი შარვალი დამიხია და ბოდიში თქვენთან დეიდა,  სხვა რაღაცეებიც კინაღამ მიაყოლა ზედო, თამაზამ.  შენ რაფერი ენა გაქვს, რა ეშმაკის ფეხი იქნები შენო, მარა მოი ახლა ამ ფეხს მივხედოთო. მერე მე მომიბრუნდა, შენ რა შეშინებული ხარ, რაფერ გყვარებია თავი და ფეხებიო. ასაკთან შედარებით  ნაკლებ ნაოჭიანი და თბილი ხელები ჰქონდა. მოეშვი,  დაასვენე ფეხიო. „ხიმჩისტკა”  გამახსენდა  ფირმა, წვრილკბილებიანი  ხერხით და მოეშვი აბა თუ ბიჭი ხარ!  არაა განგრენა, დამშვიდდი, თითია შეშინებული და შენ რამ შეგაშინაო.  ამოვიუსუნთქე ეს რომ მითხრა. ახლა თამაზას მიუბრუნდა,  შენ მაგარი მაკვარანცხი ვინმე იქნები, თვალებში გეტყობაო,  შენ ცოლი რაფერ გიჩერდებაო, მოყევი აბა ახალი ანეკდოტი გეცოდინება, თან თითს ათვალიერებს და თითებს ისე უსვამს, თითქოს მართლა ამოყრილ ძარღვებს ყრიდეს უკან. ისევ, ვფიქრობ, ეს ქალი ხომ არ გვაშაყირებს, რა დროს ანეკდოტია, ხიმჩისტკა გალიპლიბებული ხერხით გვიცდის ქუთაისში-მეთქი.  დაიწყო თამაზამ შეკვეთილი ანეკდოტი, დღეს წიფნარაზე მოყვნენ დილას,  კაცი ბორდელში (მაგარია ეს თამაზა, რამე სხვა თემა ვერ აარჩია, მილიონი ანეკდოტი იცის მგონი)  შედის, იხდის ას დოლარს, შემოდის ქალი, ცუდი  ქალი არ ჩანს მაგრამ გამხდარია ცოტა. კაცი ეუბნება, ქალო შენ ძუძუ გაქვსო, კიო, ქალმა. კაცმა, მერე ნუ ტოვებ სახლში, ატარე თან გენაცვალეო. ვიცინეთ სამივემ გულიანად, ყველაზე მეტს თამაზა იცინის,  ვერიჩკას ბიჭმა შემოყო თავი, ალბათ იფიქრა ხომ არ შეიშალენო,  სულ დამავიწყდა გაგრენა და ამ დროს გაწია თითი ვერიჩკამ, დაიტკაცუნად რაღაცამ, წამიერად მოხდა ყველაფერი, სიცილში, ტკივილიც ვერ ვიგრძენიდა და მომეშვა. გაქრა ტკივილი.  ბენია რო სუნთქვადა ხათხა იოგის დროს, ზუსტად ისე ამოვისუნთქე.  ვერიჩკამ ხვალვე შეგიძლია ფეხბურთი ითამაშოო, მარა დაასვენე ცოტა ხანი, ამოვარდნილი იყო და ძარღვებია აყრილი, აი მალამო ისვი დილა-საღამოს ერთი კვირაო.  სკოლაში შეიძლება წავიდე მეთქი,  შენ რა კლასში სწავლობ კიდოო? არა ასწავლისო, თამაზამ. ეს  რა კარგი ბიჭი ყოფილაო... არ გინდა სერელი ქალი გაგირიგოო, სერელი ქალი არც მე მაწყენდაო, თამაზამ. შენ ისეთი ელანცარიე და მასკვიჩი ბიჭი ჩანხარ, ცოლი გეყოლება უკვეო, ვერიჩკამ. მესამე მყავს მაგრამ ისე მიდის საქმე გაოუშობ იმასაც მალე, რაცხა ვერ შევეწყვეო... მეისპე შენ აღარ, ხუმრობ ალბათო, ვერიჩკამ... ფული არაფრით არ დაიტოვა, სახლიკაცებს ფულს  როგორ გამოვართმევო,  გვითხრა და წამოვედით...  გამოსვლისას, ჭუკულიასთან თუ ნახავთ, ტყემალსაა შეპირებულს და შეახსენეთო...  მესამე დღეს მე და თამაზამ ათი  ლიტრა ტყემალი გავუტანეთ დედაჩემის მოდუღებული,  ჭუკულიამ გამოგიგზავნათ-თქო ვუთხარით და ვერიჩკამ, ნახე რა ეშმაკია, კი არ უთქვამს რამეს თუ აგზავნიდა - გუშინ აქ იყო და მარა რას იტყოდა, ენას ვერ ატრიალებდა პირში გალეშილი მთვრალი წავიდა სახლშიო...
ერთი კვირის მერე ხევისწყალაზე (ჩვენ სოფელში ჩამოდის ეს მდინარე, ისიც მზესავით სერიდან გამოივლის)  სათევზაოდ ვიყავით მე და თამაზა, ფეხსაცმელი ჯემალას დავუტოვეთ (მანქანას ეძახის ასე). შარვალ აკაპიწებული დავტლაშუნობდით წყალში და  ერთი  ხელბადით დავდევდით  დამფრთხალ წვერას  და ღორჯოებს.  მორიოსთან ბენია დავინახეთ, ეტყობა საცურაოდ იყო ჩამოსული, ისევ ხათხა-იოგას ვარჯიშებს აკეთებდა. თამაზამ, აგაშენა ღმერთმა, გადაგვირჩინე ეს კაცი  განგრენას, რა კაი ხერხი და ხელი  ქონია იმ შენ „ხიმჩისტკასო”. აბა კაცო აბაო – შეიფერა ბენიამ, მარა თვალები რომ გამოაპარა ჩემი ფეხის თითებისკენ და ყველა დახვდა, გაშეშდა, მგონი მართლა წავიდა ნირვანაში...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები