ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: საბავშვო
7 იანვარი, 2021


ქაჯო ნატო

ქაჯო ნატო

პატარა, წაბლისფერთვალება და მოუსვენარ გოგონას, თბილისში ყოფნის განმავლობაში ყოველღამ თავისნაირი მოუსვენარი და ფერადი სიზმრები ესიზმრებოდა _ ქიზიყის პატარა და ლამაზი სოფელი, ხან თოვლით გადათეთრებული, ხან სიმწვანეში ჩაფლული, ნუშისა და ალუბლის ყვავილებით მოკაზმული, შინაური ცხოველებით ახმაურებული, მამლის გადაძახილ-გადმოძახილებითა და უამრავი თავგადასავლებით. ეს პატარა გოგონა სულმოუთქმელად ელოდა ყოველი არდადეგების დაწყებას, რათა მამას, თავისი წითელი მოსკვიჩით ისევ სოფელში დაებრუნებინა, სამყაროში, რომელსაც თვალუწვდენელი ფანტაზიებით კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდიდა.
სოფელში ყოველი მისი ჩასვლის დღე დღესასწაული იყო მისთვის. როგორც კი სოფლის ხევზე გადებულ ხიდსა და სოფლის კლუბს გასცდებოდა, გული ორჯერ სწრაფად იწყებდა ბაგიბუგს, საგულედან ამოვარდნას ლამობსო თითქოს და მოუთმენლობით ევსებოდა სხეული. თვალებით ეფერებოდა ორღობეებს, ნაცნობ ეზო-კარმიდამოებს, უბნის წყაროს და იქ შექუჩებულ მეზობლებს, ბირჟაზე დომინოს სათამაშოდ შეკრებილ ბერიკაცებს ... და ბოლოს, ბებოს და პაპას ძველსა და ქვით ნაგებ სახლს, მწვანე ჭიშკარს, საიდანაც გამაყრუებელი ყეფა ესმოდა მურკასი, თავისი ერთგული, პატარა, მაგრამ გულადი შავტუხა და გულთეთრა ძახლისა. მოპირდაპირე ჭიშკრიდან კი მურკას პრანჭო აძლევდა ბანს, ციყვისმაგვარი კუდიანი, ლამაზი და ბზინვარე ბეწვის უჯიშო, თუმცა გონიერი და ერთგული ძაღლი, რომელსაც გოგონა მურკასგან არ გამოარჩევდა და ორთავე ძალიან უყვარდა.
მამა ჭიშკარში როგორც შეაყენებდა მანქანას, ბებო და პაპა სიხარულისა და სევდანარევი ქოთ-ქოთის ხმებით ეგებებოდნენ. გოგონა კი მანქანის გაჩერებას არც კი ელოდა, ისე გადაფრინდებოდა ნახევრადღია კარიდან და ორივეს ცრემლიან თვალებს კოცნითა და თავისი სქელი, ხვეული თმებით უშრობდა _ მონატრებულები ხან ერთი იხუტებდა, ხან _ მეორე. 
იმ წუთში გავარდებოდა სოფელში ხმა, ქაჯო ნატო ჩამოვიდაო და მეზობლებიც ბარგის გადმოლაგებამდე რიგად მოედინებოდნენ მათ ეზოში.
- ფორე, გილოცამ ქა, შენი ქაჯანას ჩამოსვლაი!
- გოო, რამხელა გაზდილხარ?! _ ყოველ ჯერზე აგულიანებდნენ მეზობლები. ნატოსაც ეგონა რომ იმ რამდენიმე თვეში უკვე საგრძნობლად გაზრდილი და დამშვენებული იყო.
- აგრე უნდა გოგო, რო სულ დაგვივიწყე?
- რათა ლოლა ბაბო?! წერილებს ხომ გიგზავნიდით?! _ შეიცხადებდა ქაჯო ნატო და გრძელ და ხშირ წამწამებს გაოცებული აფახულებდა.
მართლაც, გოგონამ 5 წლისამ თავისით ისწავლა წერა-კითხვა, რათა წერილების წერა და წაკითხვა შესძლებოდა. წერილებს კი ხან ფოსტალიონს და ხან სოფლად მიმავალ მეზობლებს ატანდა. ჩამოსულ წერილებს ძველ ზარდახშაში ინახავდა და როცა კი სოფელი მოენატრებოდა, სათითაოდ ამოალაგებდა და თავის პატარა თეთრი ხელებით სათუთად ეფერებოდა.
როგორც მიხვდით, ამ პატარა გოგონას ნატო ერქვა, თუმცა მხოლოდ ამ სახელით არავინ იხსენიებდა სოფელში, მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი ნატო იყო იმ უბანში. ქაჯო ნატოს სახელი კი ღირსეულად ჰქონდა მოპოვებული, თავისი სიცელქით, ცოტა მავნებლობით, უსაზღვრო ფანტაზიისა და მოუსვენრობის გამო. მიუხედავად იმისა რომ ხვთისო პაპას ალუჩას დამწიფებას არ აცლიდა, ისე პირწმინდად და უჩუმრად ჩამოუკრეფავდა ხოლმე თავის სახლის უკანაკარიდან, მიუხედავად იმისა რომ გუგულა პაპას და ლენა ბაბოს გოჭები, კურდღლები და წიწილები აკლული ყავდა მოფერებითა და დევნით, მიუხედავად იმისაც რომ დევნისგან დაფეთებულ ქათმებს, ინდაურებს და იხვებს გადაჭმულ-გადაძოვილი ქონდათ მაყვალა და ქრისტინე ბაბოს ბოსტნები, ასევე მიუხედავად იმისა რომ მეზობლის ქალები პურს გამოაცხობდნენ თუ არა, ჩურჩხელებს ამოავლებდნენ თუ არა, ჩირებს და ტყლაპებს გასაშრობად გამოფენდნენ თუ არა, ნატოს ყველას კუდი მოვკნეტილი და ყველა დაგემოვნებული ჰქონდა და კიდევ უამრავი მავნებლობისა და სიცელქის მიუხედავად, ყველას ძალიან უყვარდა ის და ყოველ არდადეგებზე მოუთმენლად ელოდნენ მის გამოჩენას.
რატომ უყვარდათ? ლოლა ბებოს მეგობარი იყო და მთელი დღე ავადმყოფ მოხუცს ნარდის თამაშითა და გაუთავებელი ტიტინით ართობდა. ხვთისო პაპას უთენია წყლის მომარაგებაში ეჯიბრებოდა. ჟენია ბებოს მოკითხვა არ ავიწყდებოდა და მარტოხელა მოხუცებულს მეტი რა უნდოდა გულის მოსალბობად?! გაუთხოვარ ქრისტინეს, რომელსაც გასათხოვარს ეძახდა,  კი მუდამ იცავდა პაპამისის მწარე ხუმრობებისგან. გუგულა პაპას ახალგაზრდობის ამბებს დიდი მონდომებითა და გაფართოვებული თვალებით ისმენდა და მხოლოდ ის იჯერებდა, თუ როგორი მიმზიდველი და ყოჩაღი იყო ახალგაზრდობაში. კრიჭინაანთ ლიზა ბაბოს ხუმრობებზე მხოლოდ მას ეცინებოდა ხოლმე ჩაბჟირებამდე. შამშეს ლიზასთან დურაკას სათამაშოთ მხოლოდ ის იცლიდა. ყველას დაუზარლად ეგზავნებოდა სხვადასხვა საქმეზე და რაც მთავარია, უპირობოდ და უანგაროდ უყვარდა ყველა და ამას ალალი და გულკეთილი ქიზიყელები ძალიან კარგად გრძბობდნენ. ხოდა, მისი სიცელქეები მის სიკეთესა და სითბოსთან რაღა მოსატანი იყო?!
იმ ზაფხულსაც, რომელზეც ახლა გიყვებით, ასე რიგად დადგნენ მეზობლები. გუგულა პაპამ ბაჭია შემოუყვანა, ჩემმა ბოცვერმა დაჰყარა და ერთი შენ შეგინახეო. ლოლა ბებომ შვილების მიერ ჩამოტანილი გადანახული კანფეტები გამოუტანა, შამშე ლიზამ ბატიბუტის ტაროები, ქრისტინემ თხილი და აავსეს ნუგბარითა და მისი საყვარელი სასუსნაოებით. მაყვალა ბებომ კი პატარა ვარია აჩუქა, ჩვენი დედლის პირველი მონაგრიდანაა და ნატო დავარქვით შენს საპატივსაცემოდო.
როგორც კი მეზობლები შემოიფანტნენ, ხოლო მამა კი მშობლებთან განმარტოვდა წინკარში, ნატომ თავისი ჩვეული რიტუალი ჩაატარა და კიბეების მოაჯირის ფერება დაიწყო.
- ხომ მართლა აქ ვარ ღმერთო? სიზმარი ხომ არაა?! (და თან თავისი პუტკინა ხელებით ლოყაზე იჩქმიტა)
მამამ გამოსძახა, ამოალაგე ბარგიო, მაგრამ ბარგი სად გაექცეოდა. ქაჯო ნატო კი ბებოს განჯინისკენ გაიქცა. ბებოს ძველებური შინდისფერი უზარმაზარი განჯინა ჯადოსნური ყუთივით იყო და ნატოს უსაყვარლესი ადგილი ბრძანდებოდა. ყველა უჯრა, ყველა თარო გულდასმით შეამოწმა, კარგად დაიმახსოვრა, სად რას მალავდა ბებო, დიდ ხის სკივრში თავით ჩაშვებაც არ დავიწყნია, ან როგორ დაავიწყდებოდა, როცა იცოდა, თეთრეულისა და პლედების ნაკეცებში, რამდენი რამ შეიძლება აღმოეჩინა.
იმ საღამოს ტკბილად დაიძინა ბებოს გვერდით, ზამბარიან ძველებურ საწოლში. ბებოს მიერ გამოხარშულ და გაკრახმალებულ თეთრეულს სულ სხვა სურნელი ასდიოდა. ზამბარიან ლოგინში წოლასაც სულ სხვა ეშხი ჰქონდა. ემოციებითა და მგზავრობით დაღლილს, პაპას მიერ მოგონილ პირველივე ზღაპრის დქასრულებამდე (სხვა ყველა ზღაპარი გადაკითხული ჰქონდა ათასჯერ და პაპას სთხოვდა ახალ-ახალი ზღაპრები შეეთხზა, რაზეც საყვარელი პაპა უარს როგორ ეტყოდა) ჩაეძინა და ვალოდა პაპამ ფრთხილად რომ გამოაცურა ბალიშისქვეშიდან ქაჯო ნატოს მიერ ჩახუტებული ხელი, გაკვირვებული დარჩა, როცა ბავშვი არ შეფხიზლდა და უდარდელად გააგრძელა ძილი.
დილით ქაჯო ნატო უთენია ადგა, სანამ კავკასიონიდან მზე ამოიწველებოდა _ ესეც ხომ მისი საყვარელი რიტუალი იყო: მზის მისალმება. მზის სხივებს გაუწვდიდა თეთრ და ქუნქულა ხელებს, დილამშვიდობისას უსურვებდა და ტკბებოდა ალაზნის ველზე მზის შემობრძანების ცქერით, მამლის ყივილის მოსმენით, ქათმების გაღვიძებისა და ეზოში გამოფენის ყურებით, მერცხლების შრომით დაწყებული დილით. ის ბედნიერი იყო.
ის დღე ხან ერთ ქათამს დასდევდა, ხან ბაჭიას აჭმევდა აკაციის ფოთლებს, ხან ინდაურებს უკრეფდა ნახევრად მწიფე ლეღვს, ხანაც იხვის ჭუჭულებს უკიცნიდა ფრთებს და მათი დედისგან გამასპინძლებულ ჩანისკარტებასაც არ ეპუებოდა, ხან სიმინდის მცირე ყანაში მათი აბრეშუმის თმებისგან აკეთებდა სხვადასხვა ვარცხნილობებს, ხან ხვთისო პაპას ალუჩას გამოსდო ხელი, შემოიარა ეზოს კუთხე-კუნჭული და ბოლოს მკბენარა მამლისთვის თავისი ძალის გახსენებით დააგვირგვინა დღე, როცა ვენახის შესაწამლი აპარატის სათხოვნელად შემოვიდა შიო ძია, ქაჯო ნატომ უმალ დაიჭირა მამალი და გზა გაუთავისუფლა მეზობელს.
მამა დილითვე დაბრუნდა თბილისში და დაუბარა, არ იცელქო და ბებო არ გააბრაზოო. ნატომაც ალალი სახე მიიღო და ისე რომ ეშმაკუნების ელვა არ ჩამქრალა მის თვალებში, პირობა მისცა, ვეცდები არ გავაბრაზო და თვითონ თუ გაბრაზდა, ჩემი ბრალი არ იქნებაო.
საღამოს ბებომ მოაწესრიგა, დაბანა, ჩააცვა თავის შეკერილი ბამბაზიის პერანგი, რადგან საღამოობით საკმაოდ ციოდა, აუშვა მეორე სართულზე, დამელოდე, მოვაწესრიგებ ოთახს და მეც ამოვალო.
ბებო მალევე მორჩა საქმეებს და კიბეებზე სვენებ-სვენებით ასულს შვილიშვილი რომ არ დაუხვდა, იფიქრა უსათუოდ მემალებაო. გასძახა, ვერ გიპოვე, გამარჯვებულო გამოდიო, მაგრამ ხმა არსაიდან გაუცია ნატოს. შემდეგ ეხვეწა, დაღლილი ვარ გოგო, გამოდი, ერთი დღე მაინც ჩავათავოთ მშვიდობიანადო, მაგრამ ნატოს ჩამი-ჩუმიც არ ისმოდა. როცა ხვეწნამ არ გაჭრა, გაბრაზება შემოეპარა ფორეს ხმაში, მაგრამ ამანაც არ გაჭრა.
მოიხურა ხალათი, მთელი მეორე სართული შემოიარა, საწოლების ქვეშ შეიხედა, კარადები გამოხსნა, უჯრებშიაც კი ჩაიხედა, მაგიდიდან სკამები გამოალაგა, სათითაოდ დაფერთხა სკამები, აივანზე მოაჯირების უკანაც გაიხედა, ისევ აივანზე ხომ არაა გადაკიდებულიო (წინა ზაფხული გაახსენდა). ბავშვი არსად ჩანდა. ბოლოს განწირულმა იკივლა:“სადა ხარ ნატო“...
ვალოდა პაპას გამოეღვიძა ცოლის კივილზე. არადა, გახარებულს ჩასძინებოდა, ეგონა გოგო დაჭკვიანდა და ზღაპარს აღარ მთხოვს და სანამ გაახსენდება დავიძინოვო. ელდადაკრული წამოხტა, პიჟამოს ამარა გამოვარდა გარეთ და ჰკითხა ფორეს რა ხდებაო. ორივე სასოწარკვეთილი ეძებდა ბავშვს. მეზობლებმაც გაიგონეს ნიშაშაქროაანთ ატეხილი ამბავი, გააღეს გულდასმით ჩარაზული ჭიშკრები და გამოლაგდნენ ეზოებიდან. ზოგი ხევში წავიდა, ზოგი გზაზე ეძებდა ფარნით, ქრისტინე ბაბო თავის ბაღჩაში ეძებდა ემანდ მარწყვის დასაკრეფად ხომ არ გადმოძვრაო, ზოგიც ხეებზე ათვალიერებდა, შარშანწინ ზაფხულივით ხეზე ხომ არ ჩამოეძინაო, მაგრამ ამაოდ. როცა შუაღამეს გადასცდა და ქალები იმედგადაწურულ ფორეს ამშვიდებდნენ, გონიერი გოგონაა , უსათუოდ გამოჩნდება, რამე ახალი ხრიკი ექნება მოფიქრებულიო, ხოლო ხევში და გზებზე წასული მამაკაცები ცხვირჩამოშვებული დაბრუნდნენ, ხვთისომ ყველას მოუწოდა კეთილგონიერებისთვის მოეხმოთ და მშვიდად დალოდებოდნენ. ვალოდა შებრუნდა სახლში რომ ბუშლატა მოეცვა და აღმოაჩინა რომ მისი ბუშლატა და კალოშები ადგილზე აღარ იყო.
- ფორე, ჩემი ბუშლატა და კალოშები სად წაიღე ქალო?
- ვალოდ, რა მებუშლატება და რა მეკალოშება, კაცო, სულ გადაირიე მგონია!
- კაცო, აგერ მეკიდე და... უსათუოდ ნატომ მოიხურა. ალბათ ჩემი კალოშებიც მან ჩაიცვა!
- მაშინ, აუცილებლად დაბრუნდება _თქვა შიომ.
გაწბილებულები ჩამოსხდნენ ეზოში და ცოტა ხნის დუმილი გუგულამ დაარღვია.
- ვალოდ, სადმე აქ ჭა ხომ არაა?! გახსოვს ვენახში ჭაში რომ ჩამძვრალიყო ბლის მოსავლის აღებისას?! ძლივს რომ ვიპოვეთ გაყურსული. მერე რომ გვიყვებოდა ბაყაყებმა ზღაპრები მომიყვეს და ჩამეძინაო.
- მახსოვს, ჩემი გიჟი გოგო, ნეტა სადაა ახლა?! რასაც მაგის მოუსვენარი ჭკუა არ მოიფიქრებს...
- ის თუ გახსოვს, ქათამს ტანსაცმელი რომ შეუკერა, და საწყალი ქათამი კვერცხს რომ ვეღარ დებდა?! _ გაიხსენა ლენამ.
- და ის თუ გახსოვთ, კატას რომ წველიდა, ძროხას თუ წველიან, კატამ რაღა დააშავაო?!_ მოიგონა ქრისტინემ.
- აკაციის ტყვიებს რომ უშენდა მანქანებს ზამბარიანი თოფით? გახსოვთ რამდენი მანქანა გაჩერებულა ჩვენს უბანში საყვედურებით?!
- შარშან ლეღვს და ქლიავს რომ ყიდდა გზაზე, სანამ თქვენ ვენახში იყავით?! იმ ფულით კიდე საწყალ გოგიასთვის ნაყინებს ყიდულობდა თურმე.
- ჩვენს პრანჭოს რომ ასწავლა ჰაერში სპირალურად ტრიალი? მერე მანქანები რომ ჩერდებოდნენ სეირის საყურებლად?!
- ნინას გასვენებაში შალახო რომ დააკვრევინა დამკვრელებს და ლაზათიანად რომ დაუარა_ ნინა ბაბომ ასე დამიბარაო?!
ისხდნენ მეზობლები და იხსენებდნენ ქაჯო ნატოს ოინებს, ხან ეცინებოდათ, ხანაც _ ეტირებოდათ და კიდევ უფრო კარგად ხვდებოდნენ როგორ უყვარდათ ეს პატარა, მოუსვენარი და მაიმუნი ბავშვი.
- ეჰ, შარშან მთელი ჩითილი გამინადგურეს თქვენი ეზოდან თავსნაშველმა ქათმებმა _ თქვა ქრისტინემ_ მაგრამ მაინც მიყვარს მაგ ოხერი მაგი!
- მარიამ ღვთისმშობელო, ოღონდ საღსალამათი დამიბრუნე და მე მოვკვდე თუ ერთი საყვედური წამამცდეი! _ აღმოხდა ფორეს.
- იი, ქა, აღარც ჭინჭრით დაისუსხამ გოგოი? _ ჰკითხა შამშეს ლიზამ ეშმაკურად.
- გეფიცები ქა, რა სათქმელია, არაფერ ვეტყვი, ოღონდაც ხიფათში არ იყოი გოგო! _დაიფიცა ფორემ, თან მუშტს იკრავდა გულზე.
- ვალოდ, საქათმეში თუ ნახეთ _ უცებ გამოერკვა მაყვალა ბებო, რომელსაც მჭიდროდ წაეკრა თავზე „კასინკა“ (ასე იცოდა, როცა ნერვიულობდა და თავი სტკივდებოდა).
- არა, მაყვალ, მგონია არ გვინახამ.
ყველა ერთიანად წამოდგა, მოიმარჯვეს ფარნები და საქათმისაკენ გაეშურნენ, ფორე კი შეჩერდა, მაყვალას დაეყრდნო და ბოლო იმედივით გაჰყურებდა საქათმისკენ მიმავალ მეზობლებს.
საქათმის კარი შეღებული დახვდათ. მათ მიახლოებაზე ქათმების ფრთხიალი შემოესმათ. ყელტიტველას ქოჩორაქათამთამ ერთად წინა ქანდარაზე დაეკავებინა ადგილი და გაოცებული უყურებდა გვიან სტუმრებს.
ფორე კი იდგა ღონემიხდილი და მხოლოდ მაყვალა ხვდებოდა რომ ცოტაც და მუხლები მოეკვეთებოდა მოხუცს.
უცებ ხმაური შემოესმათ. გუგულა მწარედ იგინებოდა, ლიზა კიდე ქოთქოთებდა, ქრისტინე ტიროდა სიხარულისგან. აქარიო_ გამოსძახეს.
მაყვალამ მოასწრო ჯორკოს შეშველება, თორემ ფორე გონდაკარგული მიწაზე დაენარცხებოდა.
ფორე რომ მოასულიერეს და ნატო კი სიცილ-ტირილით ეხვეოდა ბებოს და ბოდიშებს უხდიდა, ყველაფერი დაწვვრილებით მოუყვნენ.
- ე, შობელძაღლი მკბენარა მამალთან ჩახუტებული იწვა და მშვიდად ფშვინავდა! _ გაბრაზებული ილანძღებოდა ვასო.
- ვიშ, ქა, მაგი რამ მოგაფიქრა გოგო, ასეთი აკარაკი როგორ გამოუხვედი პრაფესორ მამაშენ?
- პუპლუც კი დაგვტოვა ამ ეშმაკიი დარჩენილმა ამან და....
ქოთქოთებდნენ მეზობლები თან სიხარულნარევ ცრემლებს ზოგი ხალათის კალთით, ზოგიც პიჟამას სახელოთი იწმენდნენ.
ნატო კი ხან ბებოს ეფერებოდა და ხანაც პაპას, ბოდიშებს უხდიდა და უხსნიდა რომ მხოლოდ იმის სანახავად შევიდა საქათმეში, თუ როგორ ეძინათ, ამასობაში კი მეც მიმეძინაო _ უხსნიდა ბავშვი და თავს იმართლებდა, თითქოს ჩემი არაფერი ბრალი არააო.
ბებოს კი ჯერაც ახსოვდა მარიამ ღვთისმშობლისადმი დადებული პირობა და კიდევ რამდენიმე დღე მკაცრად ასრულებდა დანაპირებს. მერე კი... მერე აბა იმდენი ოინბაზობა ელოდა წინ, დიდხანს ვეღარ მოითმენდა ჭინჭრისა და საყვედურების გარეშე ქაჯო ნატოს გაძლებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები