ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2021


ესეც გაივლის! (აუტოტრენინგი)

ესეც გაივლის! - საკუთარ თავს ჩუმად ვამხნევებ,
თმენის ულუფებს ვინაწილებთ მე და განწყობა...
იღბალს ვუღიმი, სულ არ ვიცნობ თუმცა სახეზე,
ერთ მშვენიერ დღეს თვითონ მოვა ჩემს გასაცნობად!
ამასაც შევძლებ! - ვუმეორებ ნებას ყოველდღე,
სისუსტეს ისე ვატუსაღებ, როგორც პატიმარს.
ჩემი ფიქრები რაღაცას კი მიედ-მოედნენ:
რა შეძლებაო, რის იმედი, რა გარანტია?..
ყოფა ხან მომყეფს, ხან ლაქუცა ხდება ფინია,
თუ მაძღარია, ცდილობს თავიც კი მომაწონოს.
ბედს შევუთვალე, რომ მარცხისაც არ მეშინია,
ვარდნაც რაღაცით ფრენას მოჰგავს, უწონასწოროს...
ესეც გაივლის! - საკუთარ თავს ისევ ვამხნევებ,
ხარის წელიწადს ქედს იმაგრებს ჩემი ნიკორა!
მალე ზამთარიც ჩამოიხსნის ყინვის სამხრეებს,
და გასაძლები იქნებ მართლაც არა იყო რა...
        12.01.21

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს