მოიფრატუნებს ქარი არეს, ბოშა ქალივით, მოინარიკლებს ღერ ფოთოლსაც, ხეზე შერჩენილს. ცას აღარ შველის თეთრი ღრუბლის ფერუმარილი, დღე სულმოკლეა, შენ სულგრძელად მაინც ეჩვევი... ფრთების ქვეშ შერგავს თავს მავთულზე მჯდარი ბეღურა, სიცივე გამვლელს წამოუწევს პალტოს საყელოს... დილით მინაზე გხვდება ჭირხლის ბატიფეხური, სანამ ფანჯრები უძინარ თვალს გამოახელენ... ზამთრის გრაფიკას მოჰგავს სახლი, ეზოც და ქუჩაც, ვეღარ იტანენ აივნები ქარის არიებს. თოვლი მალამოდ ადევს მიწას გაყინულ ტუჩთან, გარეთ კი ისევ ცივი ქარი და ზამთარია... 27.01.21