ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
25 თებერვალი, 2009


ამბავი, რომელსაც არ ვიცი რა დავარქვა II ნაწილი

II ნაწილი. თამაზას  სიყვარულის მესიჯური პრელუდია  და თეთრი „ოპელი”

- ე, ძამა, აი აწი ფეხზე, წევედით თბილისში, - მომაბრუნა ფიქრებიდან თამაზამ, -  აი, თორე ჩავრჩით თოვლში...
ხო ვთქვი გიჟია-მეთქი, რა მინდა აბა ახლა თბილისში...
    -  დამაძინე რა, კაცი არ ხარ?!
- ე ბიო, რაის ძილია, თბილისში მივდივართ?!
- თბილისში რაი გვინდა?
- ცოლი მომყავს...
- კიდე?!
- კი.
- სახლში იციან?!
- ჯერე  არა, სიურპრიზი...
- მერამდენე?
- მეოთხეა,  ხომ კი?
- მე მეკითხები?
- ხო, სულ შენ არ ხარ ჩემი მეჯვარე?
- რა მეჯვარე, ჯვარი ერთხელაც არ დაგიწერია...
- ვერ მოვასწარი...…ვერ გევიგე, აი ცოლები, რავა ყველე ერთმანეთს გავს?
- თუ ერთმანეთს გავს რაღად გინდოდა სამი, გყოლოდა ერთი...
- აი ძამა ახლა მივხვდი, მარა ადრე ხომ არ ვიცოდი...
- ისე მართალი ხარ  ხო იცი? ეძებ ესე იგი!
- ვეძებ ძამა, ვეძებ, მგონი ახლა გამიმართლა, ისე თბილია, რაფერც  ბუხარი...
- რა იცი? ნახე?
- არა.
- აბა ხმა აქვს თბილი, ურეკავ ალბათ...
- არა, მესიჯები აქვს თბილი...
- რა?!
- რა და ზახრუმა...
- მესიჯებით მოგყავს ცოლი...
- გული მეუბნება, კაიაო...
- როგორ?!
- გაიცანი?
- მესიჯი მომივიდა, გაცნობა მინდაო და ასე...
- ვერ ხარ შენ ხო იცი დაწყობილი...
- ისეთი თბილი მესიჯები აქვს, რომ წაიკითხო ამას არ იტყოდი!
- რადიატორთან ზის ალბათ რომ გიგზავნის!
- სარძლოზე ასე უნდა იღადაო...
- რას გწერს ამისთანას?
- დავიხიე უკან...
- წაგიკითხო?
- მიდი!
- აი, რაი მომწერა გუშინ ღამე პირველ საათზე:  „მიკვარხარ,  გიჟო”!
- მეორე სიტყვა სწორია, აშკარად.  რა ჭკვიანი გოგო ყოფილა, როგორ მიხვდა...
- ჰა, ჰა, ჰა, -  იცინის და ბედნიერი ღიმილი დათამაშებს, თან გიჟია, თან უხარია.
- პირველი, რო გწერს მიყვარხარო,  დარწმუნებული ხარ?!
- კი, აი კიდო ერთი მესიჯი: „ახლა შენთან ვარ, მესიჯით მოველი,  მაინტერესებს, თუ როგორ მომელი, სითბოს დაგიტოვებ და მერე გავქრები, თუ კი ნებას დამრთავ, სულ შენთან დავრჩები”!
-   ე. ი. დართე ნება... აუნთე მწვანე?
-   ხოდა წამო! დაბადების  დღეზე დამპატიჟა.  ბარემ ცოლადაც მოვიყვან... 
-   შენ ცოლი მოგყავს მე რა შუაში ვარ, მოიყვანე მერე ვინ გიშლის?!
-   ხომ გითხარი, მეჯვარე შენ უნდა იყო, კაი ფეხი გაქვს-მეთქი?!
-   შემეშვი, ექიმთან წადი, მე თავი დამანებე...
    განგრენა გამახსენდა... თან ვფიქრობ, როგორ მაქვს კაი ფეხი, მეოთხე ხელი ცოლი რომ მოყავს? ისე მართლა ამბობენ, რომ კაი ფეხი მაქვს. ჩემი სოფლის ბოლოს მურმანა ცხოვრობს ერთი, ორმოცდაათის ხდებოდა და ცოლი არ ყავდა კიდე და დედამისი გადამყვა თხოვნით ორი წლის წინ, კაი ფეხი გაქვს, მეკვლედ მოდი ამ წელს ჩვენთანო. მივედი, მურმანა ისეთი  მთვრალი, იყო ვერ მიცნო, მთელი სამი ჭიქა, მეკვლე კი არა კვანწარახიო, იძახოდა, დედამისი სუ ბიჭო (ორმოცდაათი წლის კაცს), სირცხვილიაო. მართლაც მოიყვანა იმ წელს  მურმანამ მშვენიერი ქალი ცოლად. ბიჭიც ყავს უკვე. იქნებ მართლა ჩემი ბრალია თამაზას თითქმის ყოველს წელს ახალი ცოლები მოყავს, ყოველ წელს მე ვარ მეკვლე იმასთან...
-  წამო კაცო, შენი რა მიდის? მაგარი პურმარილი იჩითება...
-  სად, თბილისში? ყავას შენ მაგარ პურმარილს  ეძახი?
-  წამო კაცო, რა იცი რა ხდება?!
მოკლედ მოუცილებელი ჭირია, ხოდა წავედით. დედამ სად მიდიხარო, აი სოფლის ცენტრში გავალ, პურს მოვიტან-მეთქი. არ გვინდა პური, დავაცხვე უკვეო. კაი მაშინ არ მოვიტან-მეთქი. შაქარი გამოაყოლე მაშინო, კაი-მეთქი. თამაზას რომ შეცივდა და მეოთხე ცოლის მოსაყვანად მიდიოდა თბილისში, ის არ მითქვამს. მერე დავრეკავ და ვეტყვი, ახლა რომ ვუთხრა, ახსნა-განმარტებას მოვუნდები ნახევარი დღე... თამაზამ მაინც ვერ მოითმინა და ნანა დეიდა, თბილისში მივდივართ და არ ინერვულო, ხვალ საღამოს აქ ვიქნებითო. თბილისში რატომ მიდიხართო, დედაჩემმა. ცოლი უნდ მოვიყვანოო, თამაზამ  და შენი ბიჭი შაფირად მიმყვებაო.  დედამ,  არ მჯერა, რას ღლაბუცობთო. ნანა დეიდა, დაუჯერებელი რა არის, პირველად ხომ არ მომყავსო. მერე მეც გამოვედი სიტყვით: მოკლედ დედა, ამ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი აარჩიე, ან შაქრის მოტანის ვარიანტი, ან თამაზას ცოლის მოყვანის, მეტი ვარიანტი არც არის-მეთქი და წავედით... …
თოვს. გუშინ საღამოს დაიწყო და არც გაჩერებულა მგონი. თეთრად გადაპენტა უკვე ყველაფერი. უკვალავში ნახევარ მეტრზე ადის უკვე. ცენტრალურ  ტრასამდე სამი კილომეტრია.
- ფეხით გინდა მატარო?!  რა შობა ჯემალა?!
- თბილისამდე ვერ ჩაგყვებიო...
- გადასახოვამდე?! – გადასახოვს იმ ადგილს ვეძახით, სადაც ჩვენი სოფლის გზა მთავარ გზას  უერთდება.
- არ უყვარს თოვლი, პაკრიშკებზე ცივა...
სოფლის გზა თითქმის უკვალავია, მთელი დღე ერთ-ორ დიდ მანქანას თუ ქონდა გავლილი.  ფეხსაცმელშიც მეყრება თოვლი. ეს თამაზა ხო გიჟია, არც მე ვარ ნაკლები.  აბა სად მიყვები, რომ მივყვები?! თამაზას ფეხებზე კიდია ყველაფერი, მიდის და თან მღერის:
- „მივალ მივყვები, თეთრი გზებით  მე ჩემს ფარასა...”
- ეს თეთრი გზები …თოვლზე კი არ არის, ცხვრებზეა...
- იყოს რა...  „ბატკან ხელში მყავს და ვუმღერი იავნანასა...”
- მაგასაც ვნახავ ხელში რა დაგრჩება...  ჯერ საერთოდ გზა თუ იქნა,  თუ წავყევით რამეს?!
- წავყვებით კაცო, აბრეშუმის გზაა ძმაო, ვინ გააჩერებს...
    უცებ ტელეფონი აუხმიანდა. მესიჯის ზარია.  ის გოგოა ალბათ, აბა ამ თოვლში სხვა ვის  გაახსენდებოდა. ტელეფონი ამოიღო და მესიჯი ჩუმად წაიკითხა.  ბედნიერების ღიმილმა გადაუარ-გადმოუარა. წეღან მეუბნებოდა, ეს დღეები ისეთი ბედნიერი ვარ, რომ დავდივარ სულ ვმღერივარ და ერთი-ოთხჯერ კარებსაც კი დავეტაკე თავით, მაგრამ სულ არ მტკენიაო...
- რას გწერს? – ვერ მოვითმინე და ვკითხე.
- დილა მსჰვიდობისა ტკბილო, მოდიხარ? – წამიკითხა მესიჯი. პასუხი სწრაფად აკრიფა, კიო ალბათ უპასუხა. ცოტა ხანში ისევ მესიჯი, ახლა უკვე მე არც მითხოვია,  ისე წაიკითხა ხმამაღლა.
- „სიცოცხლე ხარ. გემრიელო,  თუ დაგჭირდა ყივჩაღებსაც  ჩამოგისახლებ ბარში, და იმ ჯაჭვის პერანგსაც მე ამოგიკემსავ,  გარღეული რომ იყო”.
- რაიო? – მე მეკითხება გაკვირვებული.
- მე მეკითხები რაიო?
- რაცხა აი მესიჯი ვერ გევიგე...
- რა იყო, უკან ხომ არ დავრუნდეთ, ჰა... – იმედი მომეცა, იქნებ დაჭკვიანდა?
მეტი არაა ჩემი მტერი!
- გაგიჟდი? იცის რომ მივდივარ უკვე...
- კი გიჟი ვარ, აბა რა...  – გამოვიტანე დასკვნა.
- მე რა მივწერო?
- რაც გინდა, თუ უყვარხარ Yყველა სულელური მესიჯი სიბრძნედ მოეჩვენება, თუ არ უყვარხარ და მით უმეტეს რა მნიშვნელობა აქვს რას მიწერ! -    ცეცხლსაქრობივით მივაფრქვიე აზრები. ჭირდება ახლა ამას, იწვის აშკარად, არა და თოვლი ძლიერდება და თამაზას მანც არ შველის... კრიფავს რაღაცას.
- წაგიკითხო?
- მიდი...
- „შენი დავით მეფეც მე ვარ,  აღმაშენებელი,  ვახტანგიც მე ვარ, გორგასალი, მგლისთავა, და თამაზ  მეფეც, შენზე გამიჯნურებული, ჩემო სატრფოვ და ტკბილსურნელებავ!”  - წაიკითხა. ხო ვთქვი გიჟია-მეთქი... ეს ტკბილსურნელება საიდან მოიტანა, ნანახი არ ყავს, მით უმეტეს სუნი საიდან ეცოდინება? პასუხი მალე მოუვიდა, ერთი სიტყვა იყო სულ, ბედნიერების პიკში მყოფი თამაზა თვალანთებული კითხულობს: „მიყვარხარ”,  იგივეს გზავნის პასუხად, იქედან ვხვდები, რომ თან ასოებს კრიფავს მობიურზე, თან ახმოვანებს...  ვერაფერი გავიგე, ამათ თუ ასე უყვართ ერთმანეთი, რატო თოვს ასე და რას ბუქავს და საერთოდ  რა  ჭირი ეტაკა ამ ამინდს...
...გავედით ამასობაში ცენტრალურ ტრასამდე, განაწმედი დაგვხვდა გზა, გრეიდერმა ჩაიარა სანამ გავიდოდით.  თამაზას გაუხარდა, გვეშველა, აუცილებლად გამეიარს რამეო.  მოდის ამასობაში თეთრი „ოპელი”, ვხედავთ მარტო შოფერი ზის.
ის იყო ხელი უნდა აგვეწია, შეანელა მოძრაობა აჩერებს თვითონ. მინა დაწია ჩვენს მხარეს. შუახნის კაცი იყო...
- ბიჭებო, სამტრედიაში მივდივარ მე, - გვიძახის. ალბათ კითხვა უნდოდა, სამტრედიისკენ სწორად მივდივარო?
- წაი ძამა მერე, -  ეუბნება თამაზა.
- ხო სწორად მივდივარ? -  დააზუსტა კითხვა ოპელის მძღოლმა.
-   ჯერე კი, – ისევ თამაზაა, - გზებზე ბევრი გადასახვევებია და ფრთხილად იყავი!
- თქვენ სეით მიხვალთ, წაგიყვანთ ქუთაისამდე იქეთ თუ მოდიხართ...  – გვიძახის შოფერი.
- წაგვიყვანე თბილისში  და წამოგყვებით! – არ მოეწონა წინადადება თამაზას.
- ქუთაისში ჩაგიყვანთ და რაღა დარჩა თბილისამდე! ყოველ ნახევარ საათში მარშუტკები  გადიან.
-   წავყვეთ? – მეკითხება თამაზა.
- წავყვეთ!.
    ჩავჯექით, ჩაუქრა ამასობაში მანქანა. გადაატრიალა სტარტერი, არ იქოქება.
- ამას მოუკვდა გამომცემელი, - მიწასთან ასწორებს მთელ გერმანულ ავტოინსდუსტრიას, -  გამაწამა რა, სამი Dდღე მყავდა მზახალთან ოზურგეთში,  მანქანის ხელოსანია, მომკლა სამი დღე მზახალმა სმით, მანქანასთან ვერ მივიყვანე. დღეს - ხვალე, დღეს - ხვალე, არ გამოვფხიზლებულვარ სამი დღე. ვერ შევძელი მეტი და ამ დილით გამოვეპარე... 
    -  აბა სცადე კიდევ ერთი! -  ეს თამაზააა. მანქანის პატრონმა გასაღები გადაატრიალა. მანქანამ თუხ-თუხ-თუხო იძახა კაი ხანი და ჩაყუჩდა..
    -    ბენზინი გისხია?
    -    სავსეა...
    -    აკუმულატორი კარგია, ალბათ ტრამბლიორის ბრალია, -  გამოიტანა დასკვნა.
    -  ახადე კაპოტი და კლუჩი მომე მეცამეტე!
    რაღა მაინც და მაინც მეცამეტე, არ მომეწონა თამაზას არჩევანი, ვითარსებით მგონი. ამოიღო ჩვენმა მძღოლმა კლუჩები. გადაეყუდა კაპოტში თამაზა და ჩალიჩობს რაღაცას, ისე ოქროს ხელები აქვს, თვალახვეული დაშლის და ააწყობს მანქანას.  თუ ვინმემ რამე ვერ გაიგო მანქანის, ყველა თამაზას აკითხავს.
-    დავქოქო კიდო? – ისე მორიდებით კითხა თამაზას მძღოლმა, თითქოს ბოდიში, ხმა რომ ამევიღე საერთოდო.
-    არ გინდა! შეიწოვს  და  სვეჩს დაასველებ! 
უყურებს თამაზას მანქანის პატრონი მორიდებით, გადავედი მეც, შემრცხვა მარტოს თბილ  მანქანაში ჯდომა. არა და თოვს, თან წვიმს, ძვალრბილში ატანს. მიატრაიალ-მოატრიალა იქ რაღაცეები თამაზამ, აბა ახლა დაჯექი და დაქოქეო. დავჯექით. გაეშვა მანქანა, აწიკწიკდა საათივით.  შენ ვინ ყოფილხარ, რა კაი ფეხზე შემხვდით,  თქვენ გაიხარეთო,  მძღოლმა და წავედით.
- ბიჭებო, თქვენ სად მიდიხართ?
- თბილისში.
- გიჭირთ რაღაც ეტყობა თორემ ამ თოვლსა და ქარში რა გინდათ თბილისში.
- მე არა, ამას უჭირს, ცოლის მოყვანა უნდა, მეოთხედ!…
- ჩავუშვი ეგრევე თამაზა.
- ეკუთვნის ძმაო,  -  ისე შემომხედა, მე თვითონ შემრცხვა ჩემი სიტყვების, -    ოქროს ხელი აქვს, იცი რას ნიშნავს მანქანის კარგი ხელოსანი რომ ხარ, ეს არის, არ ვიცი რა როგორ ვთქვა, სიბრძნეთა სიბრძნე.
თამაზას გადავხედე, თავისი დიდებით ტკბება, ხმას არ იღებს...
-  სულ ჩემი შვილის ბრალია, მანქანა უნდა, მოვლა არ უნდა, კაცო მანქანა ქალივითაა ძმაო, უნდა მიხედო. ვეუბნები, ფეხებზე კიდია. ან ქალის რა იცის მაგან,  მარტო რული იცის, არადა უშიშროებაში დაიწყო მუშაობა ქუთაისის და ხო უნდა ახლა თავის გამოჩენა ბიჭებთან?  - გვკითხა.
- კი, -  დავეთანხე მე. მარა მე არ მიყურებს, მისი მშველელი და ავტორიტეტი ახლა თამაზაა.
- ჯერ უმაღლესი რომ დაამთავრა  და სამუშაოს ვარიანტი გამოჩნდა, მობილური ტელეფონი მინდაო. კი მამა,  აი 100 ლარი და იყიდე-მეთქი. დამცინი მამაო, უცებ რომ დამირეკო, ასლარიანი მობილური  ჯიბიდან რაფერ ამოვიღოო.
მე სამოცდაათ ლარად ნაყიდი მობილური მოვსინჯე ჯიბეში, ხომ არ დავკარგე-მეთქი. გამორთული იყო.  იყოს რა. თუ დამჭირდა ჩავრთავ.  ის კი აგრძელებს...
- ა ბატონო ორასი ლარი, მაინც ჩემი ხარ-მეთქი, წავიდა. ბალახვანზე მაღაზიაა მობილურების. სექცია მქონდა იმ მაღაზიაში ადრე, იცნეს გოგოებმა. ხოდა ექვსას ლარიანი ტელეფონია აგერ  და მის ფასში, ოთხასად მოგცემთო, ფული ორასი…მაქვსო, ჩემი ბიჭი ეუბნება თურმე, მამაშენს ფულების მეტი რა აქვსო, გოგოებს უთქვამს, „ხიმჩისტკას” ბიჭი  არ ხარ შენო?!... მოკლედ 400 ლარში გადამაგდეს...
-  ვისი ბიჭი?!  - რატომღაც ორივეს ერთდროულად დაგვებადა ეს კითხვა.
-  „ხიმჩისტკას”,  - გვითხრა და გამოგვხედა, ალბათ რა გაუკვირდათო.
-   შენ და კიდეა სხვა ხიმჩისტკა „ქუთაისში”? – ეკითხება თამაზა და უხარია რაღაც. 
-   რაშია ბიჭებო საქმე? – არ მოეწონა კითხვა.
-   ბენიას თუ იცნობ კეშელავას, კოხნარიდან?
-   ვიცნობ კი არა ძმაა ჩემი...
-   შენ გაქვს თითების მოსაჭრელი, წვრილკბილებიანი, ფირმა ხერხი?
-   კი და თქვენ საიდან იცით?
-   ვიცით კი არა, აგერ  შენი კინაღამ პაციენტი გიზის მანქანაში, კინაღამ გაიგო შენი ფირმა წვრილკბილებიანი ხერხის გემო...  - იცინის  თამაზა...

    II ნაწილის დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები