ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2021


და შენ დგახარ როგორც წიფელი

შენ ახლა დგახარ ხიდის ბოლოს ***
როგორც წიფელი,
სასიკვდილოდ დაჭრილ მუხას გვერდს რომ უმშვენებს
გაუვალ ტყეში,
და მიაცილებ,მიაცილებ ვაგონს,მოხუცებს
და შენი მძიმე,გადაღლილი მღვრიე თვალებით,
ვერაფერს ამჩნევ,გარდა იმისა როგორ მიდიან,
რადგანაც წასვლას გაცილებით
უხდება თოვა,
თოვა,რომელშიც მარტო დარჩები,
უკანასკნელი საკურასავით.
ვერაფერს  ამჩნევ, გარდა იმისა,
აღარაფერი აღარ ხდება გულთვალთ საღები.

ვერ დაგიმალავ მეგობარო,როგორ გამშვენებს,
ძირგამომძვრალი  ფეხსაცმელი ცისარტყელებით,
და შავი პალტო,შავი პალტო
გამოზოგილი,
და შიგადაშიგ ამომწვარი გულის მხარესთან
და მუქი პალტო,მუქი პალტო  და თეკერეი.
გუშინ ღამით რომ ერთმანეთზე ვმარჩიელობდით:
ყველა დარაბა,ძველი კარი,ძველი ფანჯრები,
და ეს გალიაც,
რომ გადავრაზეთ,ამოვქოლეთ, არიქა, ვაჰ ჩვენ...

შენი ფანჯრიდან შენ ხომ იცი, გზაა, ენგური,
და პოეზია, ჟურნალები,"უცხო, ებგური"
დამერწმუნება თვით გურამიც სოხუმშიც არ წვიმს,
როგორც ბალკონზე აქვე ჩვენთან,საფიჩხიაზე.
როდესაც დედა მოუთმენლად გვაწვდიდა ფუნჯებს,
ჩვენ კი ვხატავდით უნაყოფო ხეებს, ფრინველებს,
პალმებს,ბროწეულს.

ჩვენ კი ვხატავდით ჩვენს ცხოვრებას ასე მგონია,
თეთრი ხალათით,პოეზიით პაციენტურად,
ჩვენთან ქარია, იალქნები, სხვების ჭორები,
პოეზიაა ჩვენი თავიც,
ბოლოსწინა ნეკროლოგებთან.

ვერაფერს ამჩნევ,გარდა იმისა როგორ მიდიან,
რადგანაც წასვლას გაცილებით
უხდება თოვა,
თოვა,რომელშიც მარტო დარჩები,
უკანასკნელი საკურასავით.
ვერაფერს  ამჩნევ, გარდა იმისა,
აღარაფერი აღარ ხდება გულთვალთ საღები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები