ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2009


ღმერთი და კაცი





კაცი კიდევ ერთხელ
/ვინ იცის,მერამდენედ!/
მზეზე ადრე გამოჩნდა სოფელში.

ღმერთი კიდევ ერთხელ
/ვინ იცის,მერამდენედ!/
იმ კაცის სახლში დარჩა,
რომ ქალის ხელებით
მისთვის პური გამოეცხო
და წინდა გაეკერა…

კაცი ვენახში მუშაობდა,
მტევნებს ისე შესცქეროდა
და ისე ეხებოდა,
როგორც ზარებს ეკლესიისას.

კაცი ვენახში მუშაობდა,
ღმერთი მასთან იყო
და,საერთოდ,ღმერთი იყო
ყველა ვენახში,
ყველა სახლში და ნასახლარის
სევდიან სიჩუმეში,
ყველა აკვანსა და სამარეში,
ყველა გულისა და
პლანეტის ნათებაში
და იმ გულებსა და პლანეტებს
ისე დასცქეროდა
და ისე ეხებოდა,
როგორც სამყაროს
/ყველაზე დიდი ეკლესიის!/
სხივოსან ზარებს…

კაცი ვენახში მუშაობდა
და ღმერთი იყო
იმ კაცის სახლში,
რომ შებინდებისას,
ვენახიდან რომ დაბრუნდებოდა,
კიდევ ერთხელ
/ვინ იცის,მერამდენედ!/
ქალის გულიდან
უკვდავების წყაროს წვეთებივით
გაეწოდებინა სიტყვები ტკბილი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები