ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
2 აგვისტო, 2021


ნაკურკალი

ნინო დარბაისელი

დილაუზმოს ფიქრებიდან

ნაკურკალი

საერთო კედელზე წავიკითხე და რადგან ტიპობრივი აზრია, ავტორს არ ვასახელებ.
“მწერლები სახელმწიფომ უნდა შეგვინახოსო”
არა, არ ხუმრობდა ამის დამწერი, თვითდარწმუნებით ამბობდა და სხვებიც კვერს უკრავდნენ.

და მუსიკოსები?
და მხატვრები?
და მეცნიერები?…


განვაგრძო?

რატომ მიაჩნია ვინმეს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, თუნდაც წიგნები გამოუცეს მხატვრული ლიტერატურისა?
ცხადია, სახელმწიფოს აუცილებელი საბიუჯეტო ხარჯების გარეთ თუ რაიმე თანხა დარჩა და მისი მესვეურნი, კანონის დაცვით, როგორც კეთილი ნების გამოხატულებას, რამეს გაიღებენ მწერლობისა და ზოგადად ხელოვნებისათვის - ეს ძალიან კარგია და მათი გადასაწყვეტია.
სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებს ნამდვილად სჭირდება ხელის შეშველება,
ასევე, სამეცნიერო ლიტერატურას;
აუცილებელია მთარგმნელობითი პროექტების დაფინანსება, კონკურსის საფუძველზე; საცნობარო ხასიათის ლიტერატურა და ყველა სახის ლექსიკონები, ოღონდ ონლაინ…

მე, ეტყობა, ცოტა მეხსიერება მღალატობს და იქნებ ვინმემ შემახსენოს ან წარსულიდან ან აწმყოდან რომელიმე სახელმწიფო, სადაც ხელოვანთ ფულს ახარჯებენ და “მუსიკას არ უკვეთენ”; სადაც ხელოვანთა დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან - ღია თუ ფარულ იდეოლოგიურ მიზნებს არ ემსახურება.
გინდათ იყოთ თავისუფალი ხელოვანი?
იყავით ფინანსურადაც დამოუკიდებელი.
ძნელია?
დიახ, ასე ძნელი და ძვირია ფასი თავისუფლებისა და არა ,, თავისუფლებობანას” თამაშისა - სამეგობროსთან ერთად - სხვის - სახელმწიფოს ან “მეცენატის” კისერზე ჯდომით.
არ მითხრათ, წიგნი თუ ვერ გამოსცა ბეჭდურად, მწერალი სოციალურად როგორ-ღა შედგებაო.
დღეს ინტერნეტით ყველას ყველაფრის გავრცელება შეუძლია დამოუკიდებლად, ერთ წამში, მეტადრე პოეტებს.
ოცდამეერთე საუკუნეა და უფასო ინტერნეტ ბიბლიოთეკები - სავსეა.
სახელმწიფომ უნდა გაიღოს სახსრები, რათა მოეწყოს თანამედროვე მწერლობის უფასო ონლაინ ბიბლიოთეკები, (თუ არ არსებობს!), განავითაროს ბადე.
წიგნიერება ერისათვის - ბევრი წიგნის გამოცემას სულაც არ ნიშნავს, ეს ნიშნავს
მკითხველთა მოთხოვნილებას წიგნზე.
დღეს ფული ბევრმა იშოვა და ბევრიც გამოსცემს საკუთარი სახსრებით მდარე ნაწერებს. რა ვუყოთ, მისი კანონიერი ნებაა!
ზოგს მიდგომ-მოდგომის სხვაზე უმეტესი ტალანტიც არ აკლია…
ვინ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ლიტერატურული ქმნილების რეალური ღირებულება?
მკითხველებმა და მეტადრე, მკითხველთა შორის უმკითხველესებმა - კრიტიკოსებმა.
აი, ამისთვის არიან საჭირონი ლიტერატურაცოდნენი და კრიტიკოსები, ვითომ სულ უმათობაზე რომ მოსთქვამენ საქართველოში და თუ ვერ დაიყენებენ პირად პანეგირიკოსად, არანაირ გასაქანს არ აძლევენ და გუდავენ!
სიმართლე თუ გინდათ, ესაა!
თამამად ვამბობ, რადგანაც
ღვთის შეწევნით, არავისი არც წყალი დამჭირვებია და მჭირდება და არც პური, რუპორად რომ ვექცე ან ბუჩქებში დავემალო!

ჩემს ქართლულ სოფელში თელადგორში ბლის ჭამისას ხელუკუღმა კურკა რომ გადაგედო, ხე ამოდიოდა.
ნაკურკალზე ამოსული ხე , ბალი იქნება თუ ატამი, ღონიერი ვერ არის, მაგრამ ერთ ჩემს მეზობელს, შვილმკვდარ ქვრივს ერთი ნაკურკალი ატამი აივნიდან თავისი შვილის ნასროლი კურკის ადგილზე ამოსულად ეგულებოდა. ირგვლივ სხვა საღი თუ სუსტი ხეხილი სულ ამოუძირკვა, სასუქსა და წყალს არ აკლებდა, იმდენი ქნა, ტანი გაუმსხვილა, ახარა და რაღაც ნაყოფიც კი გამოატანინა…
აღტაცებით შესცქერდა, ელაციცებოდა, შინ თუ გარეთ სულ იმ ნაყოფზე ლაპარაკობდა, მეზობლებიც, შენი ატამი რასა შვრებაო, ჰკითხავდნენ ხოლმე წყაროზე.
ის ქვრივი ცას ხომ ვერ გამოეკერებოდა, მოხუცებულა და მომკვდარა. უპატრონოდ ხეც გამხმარა, ეზო და ნასახლარი კი ნათესავებს მომიჯნავე მეზობლისთვის მიუყიდიათ ჩალის ფასად…
ეს - იქით იყოს და დიდი ხანია, თვალს და გულს ვადევნებ თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებას და გულისტკივილით შევცქერი, საუკუნის დასაწყისში დაახლოებით ერთნაირი სასტარტო პირობების მქონე ნიჭიერი ავტორები როგორ გამოიხშირნენ გავლენიანთა მიერ, “ნაკურკალთათვის” სასათბურე პირობების შესაქმნელად.
ვინ დაბლოკა ისინი?!
თქვიო?!
მითქვამს და კიდევაც გავიმეორებ, თუ საჭიროა.
დევს გუგლში ჩემი წერილები უხვად ამის თაობაზე, ჯერ იმას გაეცნოს ცოდნის მოწადინე!
თუ არ ეყო და ჯერ ცოცხალი ვარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები