ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2021


ლოდინი

სანამ წითელი წიგნიდანაც გადაგვაშენეს,
მოგონებიდან, სიზმრებიდან, ზმნიდან, ფიციდან,
სანამ ზღაპრიდან გაფრენილან უფლის შაშვებიც,
ჯერ შემწევს ძალა, საღამომდე ტბასთან გიცდიდე,
თან მამშვიდებდეს ულაგამო ცხენის ფრუტუნი
და ფერდებიდან აფხეკილი კანაფის მტვერი,
ცოტაოდენი სასწაული, ცოტაც თუთუნი,
მე შემიძლია მწევარივით ბილიკი ვზვერო,
ტბასთან უმიზნოდ გაჩხერილი მწვანე ქოხიდან,
რომელსაც სუნი აღარ შერჩა ნედლი ბამბუკის
და ვფიქრობ ჩემთვის, ამ საღამოს რომ არ მოხვიდე,
ათასი ეჭვი გამიჩნდება, რა უბადრუკი
კითხვები მოვლენ-პასუხისთვის, თუმცა ვერაფერს,
მოვიმიზეზებ საქილიკოდ, ყველას მოვისვრი
ტბაში-კენჭივით, აიმღვრევა ტბაში ქეძაფი-
ჩამავალი მზის, შევამზადებ თვალებს-ლოცვისთვის,
ანუ დავხუჭავ, სიბნელეში უფრო მარტივად
მჩვევია შუქის გამოყოფა, როგორც პრიმატებს,
რადგან ყოველთვის როდი მრჩება ალტერნატივა,
ლოდინის ნაცვლად შენზე ლოცვის, ღმერთთან პირადად
გასაუბრების, აღსარების, გულის გადაშლის,
მონანიების, ბავშვად ყოფნის და ზიარების,
ცრემლის, ნუგეშის, მოსვენების-უფლის კალთაში,
რაც მთავარია, მშვიდად ძილის, ნაიარევი
გულის მცირე ხნით გამრთელება-გამოშუშების,
თანაბრად სუნთქვის სიხარული და პატიება-
ჩემი ცხოვრების მეძავების და ჯაშუშების,
მერე ღრუბელში გამოკრთება ცისკრის მთიებიც,
როგორც პასუხი ჩემი ლოცვის, როგორც ნიშანი,
ჯერ შემწევს ძალა, საღამომდე ტბასთან გიცდიდე,
სანამ წითელი წიგნიდანაც გადაგვაშენეს,
მოგონებიდან, სიზმრებიდან, ზმნიდან, ფიციდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები