 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პოეზია 30 ოქტომბერი, 2021 |
ჩემს ფანჯარასთან თოლიამ დაიდო ბუდე. ბუდე მეთქი კი ვამბობ, მაგრამ ფანჯრის რაფაზე მოკალათდა და ცივ ლითონზე დაიბუდა. არც გალაპაგოსის, არც მონღოლური, არც დელავერის თუ აცტეკების ჯიშის არაა. ვარდისფერია-საკვირველება. ოკეანე კი საათებითაა დაშორებული ჩვენგან. ისე, რომ ოკეანისგან სურნელიც ვერ აღწევს,ვერც ჰავა. ის კი ჯიუტად არ სცილდება ჩვენს ფანჯარას. ის კი ჯიუტად თვალებში ჩამცქერის. მისი თვალები - უკიდეგანო, უძირო, მუქი... მისი თვალები - ათასი თავგადასავლის მომყოლი... მომყოლივით მოჰყვა დაბერილ ქარს, თითქოს ამბად მომიყვა. იმ ამბად, რომელიც ჯერ ვერ მოვისმმიინე, ვერ წავიკითხე, ვერ გავიგონე. დღემდე ვერ მივხვდი, ჩემი ქალაქის ხელა შენობის ჩვენი წამებისხელა ურიცხვ ფანჯრებში ჩვენი ფანჯარა რად აარჩია. და სულ პირველად, მისმა მზერამ რომ დამიწვა დანგრეულ „ლეჟანკაზე“ წოლით დაბეჟილი ზურგი, და მისი ორი, გონივრულად მომზირალი მრგვალი თვალი რომ შემეფეთა გამიხარდა - მარტო რომ არ ვიყავი იმ სასტიკ ათ კვადრატში ჩემს ჩაბრუნებულ ტკივილებთან და ცრემლებთან. იქნებ ჩემს ფანჯარას გაღება რომ შესძლებოდა, იქნებ გამეღო და ჩავხუტებოდი. იქნებ,შეშინებულიყო და ვერც ჩავხუტებოდი, მაგრამ ამაზე ფიქრს ახლა რა აზრი აქვს. ამაზე ფიქრის დროც აღარაა. ის მე მელოდა. ასე მეგონა და ახლაც ამ აზრზე ვარ. ის მელოდა რომ წავეყვანე, გადავეფრინე, გავეტაცე და გვემოგზაურა გაგვევლო საათები, მზის წელიწადები, ათასი მანევრით მოვფერებოდით ჰაერის ნაკადს, მზის ტალღებს, წვიმასა თუ შტორმს. მე კი იმედი გავუცრუვე, ისევე როგორც ვუმუხთლე ჩემს სულსა და სხეულს. ჩემს ფანჯარასთან ყოველ დილით თოლიასთან ერთად ვიღვიძებ. და როცა ღამე მარტო ვრჩები, როცა ჩემი სიცოცხლე ჩემს პირდაპირ ჩასთვლემს მტკივანი, მე და თოლია თვალებით ვსაუბრობთ. მას კარგად ესმის ჩემი წაღმა რად იქცა უკუღმად. მან კარგად იცის ჩემი ამტანობის ზღვრები. მას კარგად ესმის რომ ვერცერთი ქარიშხალი, ქარბუქი , ცუნამი თუ კატრინი რომ ვერ შეედრება ჩემს სულში დაბუდებულ სტიქიას. რომ ჯერ არ ვიცი , მე ვაჯობებ თუ ის-მე. მისი მდუმარება ყველაზე დიდი შვებაა ჩემთვის, ვიდრე ტელეფონზე გატარებული საათები. ვიდრე გამამხნევებელი მესიჯები. ვიდრე .... ვიდრე ვიდრეები- მან იცის, რომ მდუმარება ყველაზე მეტყველია. რომ სიჩუმე უფრო ხმაურიანია ხშირად, ვიდრე მომიტინგეების გნიასი ქუჩიდან. მაგრამ ერთხელაც, როცა აპარატის წუილმა ჩემი ყურთასმენა იმდენად გააჯერა რომ მეგონა ცოტაც და გაწყდებოდა მოთმინების სიმები. ერთხელაც როცა თითქოს დროებით, შეგვიცვალეს ოთახი... მაშინ, როცა თოლია კი არა, არაფერი მახსოვდა გარდა სიცოცხლისა, ყველაზე ძვირფასი სიცოცხლისა მთელს სამყაროში. გვიან გამახსენდა ჩემი თოლია. რომელიც ასე, თითქოს უგულოდ მივატოვე. ვიცი და მჯერა - ის მოგვაგნებდა. ჩვენს ოთახს ფანჯრები რომ ჰქონოდა. *** ჩემო თოლია, იმედისფერო, სიკეთისფერო... მე დავიღუპე იმ ოთახში, ჩემო თოლია. ნეტა გამემტვრია ის ფანჯრები, ნეტა გაგეტაცე, არსაით-თუნდაც, ოღონდ ის არ ენახა ჩემს თვალებს. თუმცა, არა, მაშინ მის გვერდით ვერ ვიქნებოდი ბოლო წუთებში. მაშინ მის გალურჯებულ ფეხებს ვერ მოვეფერებოდი. ჩემო თოლია, ახლა უზარმაზარ თვითმფრინავში ვზივარ და ჩემი სიცოცხლე 6 ფიცარში დაჭედილი მიმყავს სამშობლოში. მგონია ჩემი იმედები, რწმენა და სიყვარული ყველაფერი შიგ ჩავაყოლე და უზარმაზარი ფოლადის ლურსმნებით საიმედოდ დავაჭედე. ახლა მე ნახევრად ცოცხალი და ნახევრად მკვდარი ვარ. ახლა მე ნახევრად დედა და ნახევრად არარაობა ვარ. ნახევრად შვილი და ნახევრად ცოლი ვარ. ჩემთვის შვება იქნებოდა ამ სანახევროობას თუ ვინმე უწამლებდა ოღონდ ღმერთი არ მიხსენო. თუ რატომ , მხოლოდ შენ გესმის - ვიცი. ახლა მე ვტირი იმ წუთებს, რომელიც უსიცოცხლოდ ვიარსებე. ახლა მე ვტირი იმ სივრცეებს, რომელიც მკვდარმა მოვიარე. ახლა მე ვგლოვობ მომავალ მონატრებას, დაკარგულ ჩახუტებას და მიძინებულ ხმას, რომელიც მხოლოდ ვიდეოებით უნდა მოვისურვილო, რომელიც ჩემს ტვინში უსასრულოდ ტრიალებს და მაინც, ვერ მყოფნის, ვგლოვობ იმ სურნელს, რომელიც გასარეცხ ჯემპერს კვლავაც შერჩა, მაგრამ უსიცოცხლოდ და იმის შიშით, არ გაილიოს, მისი უჯრიდან ამოღებაც კი მეშინია. ახლა მე ვტირი დედას, რომელსაც უბედურად შეექმნა ბედნიერი შვილი. ახლა მე ვტირი უსიცოცხლო წლებს, რომელიც ვალდებულმა უნდა გავლიო. ახლა მე ვტირი ჩემს ქმარს, რომელსაც სამუდამოდ მოუკვდა ცოლის ის ნაწილი, რომელიც მას ეკუთვნოდა. ახლა მე ვტირი ყველა ჩემს მეგობარს, რომელსაც ვეღარ ვეყოლები. ვტირი ყველა იმ ბავშვს, რომელსაც ვეღარასდროს გავუღიმებ ისევ ისე, ბავშვურად, უდარდელად, იმედიანად და თვალში ვარსკვლავებით. ახლა მე ვტირი ყველა იმ საქმეს, რომელსაც მოვუკვდი. ვტირი უცრემლოდ. და ველოდები ჩემს რიგს, და მაინც , ველოდები როდის გაირბენს ეს საათები და წუთები, როდის მომაგნებ და მეც ჩემი ნაწილებიც, ჩემი ნამცეცებით გარდავიქმნები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მუნჯი ვარ... უძლური ვარ... მუნჯი ვარ... უძლური ვარ...
3. დედის გოდება, რამდენიმეჯერ წავიკითხე და არ მეყო ძალა კომენტარი დამეწერა, ან რა დავწერო, , გასკდა გული. დედის გოდება, რამდენიმეჯერ წავიკითხე და არ მეყო ძალა კომენტარი დამეწერა, ან რა დავწერო, , გასკდა გული.
2. უსიტყვოდ.... 5 უსიტყვოდ.... 5
1. ჩემო უსაყვარლესო და უსათნოესო გოგო! უცრემლებოდ ვერ წავიკითხე. შენ ძლიერი ხარ. ღმერთმა შეგიმსუბუქოს ტკივილი. ჩემო უსაყვარლესო და უსათნოესო გოგო! უცრემლებოდ ვერ წავიკითხე. შენ ძლიერი ხარ. ღმერთმა შეგიმსუბუქოს ტკივილი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|