ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2021


მილენიალის მანიფესტი GenZ-ის

გწერ აღსარებას, ჩემო ძმაო,
ეს აღსარება
არაფერია გარდა ჩემი მოგონებების.
გარდა ტალახის იმ მარცვლების, რომლებიც მომხვდა.
ეს აღსარება ნაკრებია ყველა იმ
ძველი
გაცრუებული იმედების,
ტკივილის, სევდის
და ტკივილისგან გადამალვის.
ეს მაშინ, როცა
სიბნელის შიშით,
თბილი საბნის ქვეშ
თვალის დახუჭვის და სამუდამოდ
დავიწყების
დგება სურვილი...

მე მოპარული ოცნებების თაობის ხმა ვარ
და დახვრეტილი ოცნებების თაობის შვილი.

მე ვიზრდები და ეპოქები მემსხვრევა მხრებზე.
მიტინგს ცვლის ომი,
ომს მიტინგი,
მიტინგს მიტინგი.
დროშები ცვლიან მტარებლებს
და იცვლიან ფერებს,
ზოგი მოდის და სხვა მიდის და მერე პირიქით
და მე მათ ვუმზერ. ვეგებები ახვრების აღლუმს,
მათი მსჯელობა სტუდიებში,
ტრიბუნებიდან,
კაბინეტიდან,
დარბაზიდან,
მოედნებიდან,
სკვერებიდან,
კათედრებიდან,
სერიალებიდან,
საინფორმაციო გადაცემებიდან,
პრესიდან,
ამბიონებიდან,
ზეციდან ისმის
და უეჭველია, ამისაგან არა გამოდის რა.
მხოლოდ იცვლებიან თარიღები
და ქუჩაში მცირდებიან
ნაცნობი, მოხუცი სახეები
და თუ დიდი ხნით დატოვებ ქალაქს
შეიძლება საერთოდაც დაგავიწყდეს
რომ აქ, ამ ძველ ქალაქში,
ძველ ქუჩაზე,
ძველი ტანსაცმლით,
ძველ ტროტუარზე
ადრე ვიღაც ცოცხალი იჯდა
და სამ ცალ ლიმონს გაწოდებდა ლარის ფარგლებში.

ჩვენ სხვა ხალხი ვართ, მომაკვდავი ათასწლეულის
ბოლო შვილები,
ვინც ახალსაც ვეღარ მოერგო -
ვერც ათასწლეულს, ვერც შეგნებას,
ვერც ცხოვრების წესს,
ვისაც უწევდა ცხოვრების გზად ძებნა ექცია,
ძებნა სწორი გზის,
სწორი სიტყვის,
სწორი გაგების
და ვისაც გზაზე ბევრი წვიმა წამოეწია.

ტყვიების წვიმაც ჩაგვებეჭდა თავებში მტკიცედ
და ბომბდამშენის გამყინავი კივილიც ცაში.

ვნახეთ კანონიერი კანონების უკანონობა
და უკანონო კანონების კანონიერებაც.

ჩვენს წინ დაიმსხვრნენ და
იმსხვრევიან
ეპოქალური ფიგურები.
ზოგის სიყალბე
გვწამლავს.
ზოგის სიცრუე
გზებს გვიმრუდებს,
ზოგის საქმეებიც
გულს გვირევს
და ერთეულების გზებიღა რჩება,
რომლებზე სიარულიც ღირს.

ჩვენ მაგალითებზე ვიზრდებოდით:
ვიქცეოდით, როგოც იქცეოდნენ
ჩვენი მამები,
რომლებსაც რთული წარმოდგენა აღმოაჩდათ
იმ ყველაფერზე, რაც ცხოვრებამ შემოგვთავაზა
მოგვიანებით.
ჩვენ სუფრასთან ვსხდებოდით
და სადღეგრძელოებს ვამბობდით.
სულელურ, არაფრის მთქმელ,
გაცვეთილ,
მოსაწყენ
და პათეტიკურ
დითირამბებს ვუძღვნიდით ჩევნზე სულელებს და
ალბათ ზოგადად სისულელეებსაც.
ეს ყველაფერი მოულოდნელად,
გაუაზრებლად
გადაიქცა ერთგვარ მორალად,
ღირებულებად,
რაც რთულია იცვალოს კაცმა
და ჩვენც ასე ვართ, ვერ ვცვლით იმას, რაც გვიყვარს გულით
და ამიტომაც დღემდე ბევრი
მიუტევები
და მიამიტური
სიცრუის გვჯერა.
ჩვენ ვართ რაინდები,
რომლებსაც
არათუ დრაკონები,
ქარის წისქვილებიც კი აღარ დაგვრჩა
და მხოლოდ და მხოლოდ
ჩვენივე ოცნებების დამარცხებას
ვჯერდებით.

ჩვენ იშვიათად ვმეგობროთ მშობლებთან ისე,
რომ მათ მოვუყვეთ ყველაფერი,
რასაც განვიცდით.
ჩვენ არ დავდივართ ფსიქოლოგებთან,
სწორედ ამიტომ,
თავად გვიწევს ჩვენში მოვხარშოთ
მთელი ცხოვრების გოგირდმჟავა
და ალბათ იცი,
ეს რა ძლიერი დამშლელია.
ჩვენ იშვიათად, დავსხდეთ და
გავთქვათ,
ის რაც მართლა გულით გვაწუხებს
და ესეც ალბათ გადარჩენის არის ინტინქტი.
ჩვენ ხომ მუდმივად ვუყურებდით
რომ ძლიერი სუსტს
აუცილებლად გადაყლაპავს. სწორედ ამიტომ,
ჩვენს სისუსტეებს ყველაფერს და ყველას ვუმალავთ
და პირველ რიგში ჩვენს თავებსვე
რადგან, ცხადია
ყველაზე რთული ჩვენს თავებთან დამარცხებაა.

მისმინე... ახლა, როცა ამდენს გიყვები ჩემზე,
იმასაც გეტყვი, არ ყოფილა ასე იოლი
თანამედროვე სამყაროსთვის ფეხის აყოლა,
მითუმეტეს, რომ არაფერი ჩვენ არ ვიცოდით,
ამ სამყაროზე, ამ მოდერნზე. ჩვენთვის ვცხოვრობდით
მომაკვდავ ქვეყნის ჭაობებში. მერე უეცრად
შუქი მოვიდა,
გზა შეკეთდა,
სკოლა განახლდა
და ამერიკის პრეზიდენტიც კი ჩამოვიდა,
თანაც იცეკვა. გვიხაროდა, თითქოს ესაა,
გვეშველა! აწი, წინ გავიგდებთ გუშინ საკეთებს...
ჩვენ გავუძელით ძველი აზრის გარდაცვალებას
და ახალი კი თავში რკინის კეტით ჩაგვტენეს
და იმის შემდეგ სულ გვტენიან ახალს და ახალს,
ტრენდი ტრენდს მოსდევს, სახე სახეს, არა იცვლება.
ვუყურებთ ასი მილიონი სიახლის შობას
და იმას, ყველა უკლებლივ რომ გარდაიცვლება.
ჩვენ ნაადრევად მოგვაბერა ფიქრმა ამდენმა,
ვიმსხვრევით ახლაც, როგორც ქარში ხმელი ტოტები.
არავის მოგვწონს, ასე ღიად მარტო დარჩენა
და მაინც გვიყვარს, ბოლოს როცა განვმარტოვდებით,
რადგან ასეთი მარტოობა ვიცით რაცაა,
უმზერდე შენს თავს თითქოს უცხოს, თითქოს მოსისხლეს.
ამ სიჩუმეში არა განსჯა, არა გათქმაა
და უფრო მეტიც, კაციშვილი გულს ვერ მოგიკლავს.
ჩვენ კვლავ ვენდობით ადამიანს. მიუხედავად
იმისა, რამდენ გაცრუებულ ნდობას ვიბრუნებთ.
სწორედ ამიტომ, შეიძლება, არის ერთთავად
დაძაბულები რომ დავდივართ. ვხვდებით სიცრუეს
და თვალებს ვხუჭავთ, რადგან ვნახეთ დანახვის ფასი -
ზოგჯერ მაღალი, უმეტესად ნაჟანგი რკინა.
ჩვენ მივსდევთ ვალებს, ვალები ჩვენ და სწორედ ასეთ,
ასეთ აბსურდულ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ და გვძინავს.

მე მოპარული ოცნებების თაობის ხმა ვარ
და დახვრეტილი ოცნებების თაობის შვილი.

სწორედ ამიტომ, მომისმინე როგორც უფროს ძმას,
როგორც მეგობარს, ვისაც შენზე უნახავს მეტი
ერთი მტკაველით და იცოდე, რომ ეს მეტობა
ჩემი თაობის გაუთქმელი არის სათქმელი.
საიდუმლოა, როგორც ჩვენი რწმენა, კოდექსი,
საიდუმლოა, არა თავის მნიშვნელობით და
საკრალურობით. არა! მხოლოდ იმის მიზეზით,
რომ ჩვენ აზრიც კი ვერ გამოგვაქვს მნიშვნელობიდან
მის და ზოგჯერაც, როცა ახალ აზრებს გაიგებ,
როცა იფიქრებ შენებურად, ჩვენიც გაიგე.

ჩვენ არ გვქონია ეს სამყარო ხელის საწვდენზე,
რასაც ვსწავლობდით, ძველებური წესით ვსწავლობდით.
არ გვქონდა, არ გვაქვს, არ გვექნება ალბათ საყრდენი
ჩვენივე გარდა და ამიტომ, არც გასაყოფი
არ გვაქვს მისხალი არც დიდებთან არც პატარებთან,
არც მგლები ვართ და მითუმეტეს არ ვართ მწევრები.
ეს ჩვენ ვართ, ჩვენ ვართ, ჩვენი დარდი, ფიქრი და ხმა გვაქვს
და წლიდან წლამდე თავებს ვატყობთ, როგორ ვთეთრდებით.

სწორედ ამიტომ, მომისმინე, მე გეტყვი იმას,
რასაც არავინ არ გეტყვის და გვიან მიხვდები.
არ შეუერთდე ნაბიჭვრების უაზრო დრტვინვას
და მოისმინე, რას ამბობენ მიღმა სიტყვების.
თუ რამეს გასცემ, გასაცემი მხოლოდ სითბოა...
და დაიხსომე ეს სამყარო არის ბოროტი
რომ კაცი სიტყვით არასოდეს არ შეიცნობა,
მხოლოდ და მხოლოდ ნაკეთები საქმის ბოლოთი.
უფრთხილდი კაცებს, ვინც სიკეთეს მაშინ აკეთებს,
როცა ქვეყანა ხედავს მას და მერე ამაყად,
ითხოვს პასუხად შენს სიკეთეს. თავად სიკეთეს,
არც არასოდეს სჭირდებოდა ვინმეს დანახვა.
არ დაიჯერო, რასაც გეტყვის ბრძენი უჭკუო.
ზურგი აქციე უსულგულო ავტორიტეტებს.
შენ შენს გზას სდიე, შენს გზას სდიე, თორემ უთუოდ,
სხვისი გზის დევნა ერთხელ კარებს გამოგიკეტავს
შენივე სახლში და გახდები კაცი მძევალი
შენივე დიდი წარსულის და მუდამ გახსოვდეს
თავად ჩვენა ვართ ჩვენი თავის მკაცრი მევალე,
სწორედ ამიტომ შენი თავი არ შეიცოდო,
მუდამ ეომე, დაამარცხე, სანამ ბოლომდე
არ გამოჩხრიკავ შენს კოცონში მძიმე ნაკვერჩხალს.
გამარჯვებისთვის შეგიძლია თავი გადასდო
და გჯეროდეს, რომ ღირსებისთვის ღირს დამარცხებაც.

ახლა სჯობია, თუ დაგტოვებ ისევ შენს თავთან
და მე ჩემივე თავის კუთხეს მივეშურები.
მე მოპარული ოცნებების თაობის ხმა ვარ
დაკავებული ჩემი თავის განადგურებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები