ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2021


ქალი-მხსნელი

#ეტიუდები
#ჩემი_მხიარული_რითმებიდან

ნინო დარბაისელი

ქალი - მხსნელი
(იუმორესკა)

მე ვარ ნაზი, ნელი,
მე ვარ ქალი - მხსნელი.

ცოლიანი კაცი რომ არ ეცოდებათ,
სახელად კი  მაინც ცოლი ეწოდებათ,

ჩემკენ ეშურება, აქ დაეძებს კალთას
თავის ჩასადებად, მსვლელი ალთა-ბალთას.

ვინ დაიხსნის საწყალს, ჩაგრულს ბედისაგან,
ვინ გაიგებს გულით მისი ტანჯვის საგანს.

მორბის ჩემკენ ქმარი სხვისი,  განა ჩემი,
აი - სამართალი, აი - განაჩენი!

მე ვარ ნაზი, ნელი,
მე ვარ ქალი - მხსნელი.

საცოდავი კაცი სხვის ხელში რომ კვდება,
რომ ამოსდის ყელში შინაურთა კდემა,

მე გავუღებ კარს  და გულით ვეგებები,
ყველამ კარგად იცის ეს გზა,  ეგ ამბები.

იყოს მეგობრისა, სხვისი ქმარი იყოს,
გამოაგნოს ჩემკენ, რომ არ გაირიყოს.

მე ვარ ნაზი, ნელი,
მე ვარ ქალი - მხსნელი.

რა ვქნა,  თუკი ვეღარ იშნოვებენ კაცებს? -
კაცებს - დასატაცებს,  კაცებს - თვალწარმტაცებს.

მიაგდებენ მშიერს, უფერებელს, ნაცემს…
ვერ მიხედავ კარგად? ვინმე გამოგტაცებს.

მე ვარ ნაზი, ნელი,
მე ვარ ქალი - მხსნელი.

სხვისი ქმრების ცოდვით ვიწვი,  ვით აბედი.
რა ვქნა, საკუთარი - არ მეხსნება ბედი.

გულზე დამდგარ ლუკმას ხშირად შველის ხველა…
სადაც კაცი იყო,  ქმრებად ირგეს ყველა.

ეჰ, ყველაფერს უნდა ბედი თუ ყისმათი!
კაცმაც რა ქნას! ერთზე მოდის ქალი - ათი.

ცოლიანი რად სჯობს? - კვირობთ გარეშენი:
მოსავლელად - სხვისი, მოსახმარად  - შენი!

დავიღალე კია მე ამდენი გარჯით,
სხვების ქმრებზე ზრუნვით მე ვარ განატანჯი.

მე იმათაც მესმის, გულს რა მოუფონებს,
ჩაასცქერიან  ვისი ქმრებიც -  აიფონებს…

აქ ვიბარებ  სიტყვებს, თქვენთვის გადმოსაცემს:
-მოუარეთ თქვენს ქმრებს, მოუარეთ კაცებს!

მე ვარ ნაზი, ნელი,
მე ვარ ქალი - მხსნელი და ა.შ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები