ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
5 იანვარი, 2022


.........

         

დიდიხანი არ მენახა.
მეოთხე წელი იქნებოდა. ყოფილი მეზობლის პირით შემომითვალა მნახეო და მეც  სოფელს გავემგზავრე.
შეცვლილიყო.
მობერებულიყო.
დანაღვლიანებულიყო.
მარტოობასთან შეგუების პროცესში ვარო.
ფეხების ტკივილი დამეწყო და ნინას საფლავზე ხშირად ვეღარ დავდივარო.
მეზობლებთან უწინდებურად ვერ გადავდივარო. ისინიც კანტი-კუნტად  შემორჩნენო. ჩემთანაც იშვიათად თუ ვინმეს ფეხი ჩამოუცდებაო.
ცხოვრებამ სიკვდილიანობას
შეგვაგუაო.
ბავშვების  ჟრიამული  მომენატრაო, აღარ აჩენენო.
სოფლის სკოლაში წელს ორი პირველკლასელი
წავიდაო. უწინ ოთხი პირველი კლასი იყოო.
ძროხებისთვის საძოვარი აღარ არისო. ბოსტანი არავის აქვსო.
მამლის ყივილიც სადღაც შორიდან ისმისო. წისქვილი აღარაა სოფელშიო.
ქელეხს არავინ აკეთებს და ქორწილი ამ ბოლოს ერთი იყოო.
ქალებმა წყევლას უმატესო,
კაცებმა ბილწსიტყვაობასო.
მამაოს ,,მომეცი,, შეარქვესო.
ერთი ბებერი ცხენია სოფელში და ისიც დაუჭედავიო.
ჭაში წყალი დაშრაო. ხეხილსაც ორგზის შეწამვლა უნდაო.
ხალხს სახე ჩამოსტირისო.
გადაძახილი აღარ ისმისო.
საფლავებზე ბალახი ბიბინებს და სახლებს ხავსი მოეკიდაო.
მაგრამ ეს გათენება მაინც მიხარიაო. მგონი კიდევ უფრო მეტად ვიდრე უწინო.
ადრე ყვავის ჩხავილს ვერ ვიტანდი, ახლა სიამოვნებისგან მეღიმებაო.
ბაყაყების ყიყინი სმენას მიამებსო და ღამით ჭრიჭინების ხმებზე ცრემლი მდისო. ქარი ახლა მღერის და წვიმა მესაუბრებაო.
ბალახი მიღიმის და ჩიტები ამბავს მიყვებიანო.
ოღონდ ეგ არის, ყოველივე ამის  გაზიარება მინდა ვინმე სულიერისთვის და არავინ არისო.
შენ იმიტომ მოგიყვანე ეს რომ მეთქვაო.
  მერე გულის ჯიბიდან  რვეულის ორი  დაკეცილი ფურცელი  ამოიღო და გამომიწოდა:
ეს წაიღე და რომ წაიკითხავ
დანარჩენს თვითონვე მიხვდებიო.
  მალევე მიესვენა.
რაც მთხოვა ორმოცამდე  ზედმიწევნით შევასრულე.
ორივე ფურცელზე გვარები და სახელები ეწერა.
ერთზე ვინც იყო, მათთვის პატიება უნდა მეთხოვა მისგან.
მეორეზე ვინც ეწერა, მათთვის მადლობა გადამეხადა.
კიდევ მთხოვა  ერთი უბრალო რამ - საფლავზე კოინდარი დამიგე მეტი არაფერი მინდაო, არც ქვა ფოტოთი და არც საფლავის  შემოღობვაო.
დღესაც მწვანედ ბიბინებს მისი საფლავი.
არც ფოტო, არც სახელი, არც დაბადების და გარდაცვალების თარიღია მიწადქცეულის კუთვნილ პატარა მიწის ნაგლეჯზე, თავისი ნინას გვერდით რომ წევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები