ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2022


***

მე ვწერდი სხვებზე და სხვებისთვის და შემრჩა მხოლოდ
ღრმა ნაჭდევები, ზოგიერთი სიხლად მდინარი
(ჯერაც) ჭრილობა. არაფერი, უბრალოდ ბოლოს
ვხვდები, რომ მხოლოდ მარტოობის ცივი მდინარის

ფსკერზე დაშვების გამომიტანს წლები განაჩენს.
ალბათ ეს იყო ჩემი ბედი, ბედი უბედო.
მხოლოდ იმედი... ქარი ცამდე აშლის დანარჩენ
გრძნობებს, პირობებს, წარსულ დღეებს და უიმედო

ნაწერებსაც კი. კვამლად ქცევის ძველი სურვილი
ისევ ძველივე თავმდაბლობით ავსებს აივნებს.
მე რა ჯანდაბა უნდა გითხრა? რაღა გირჩიო,
როცა ჩემივე თავისაც კი ვერა გავიგე.

მხოლოდ ის ვიცი, რომ რაც ვიცი, არის ნაცარი,
არის ფერფლი და არაფერი, რასაც ვიწამებ.
ცოტა რამ მქონდა და რაც მქონდა ასად გავყავი
და თითქოს მაინც მარტოდმარტო დავრჩი მიწაზე

რადაც ვიქცევი ნაბიჯ-ნაბიჯ, სიტყვა-სიტყვა და
სულ არაფერი არ დავრჩები გარდა მიწისა.
არაფერს ვნანობ - ვწერდი, ვსვამდი, მძულდა, მიყვარდა
და მერე რა თუ ისტორია გადამივიწყებს,

როგორც მილიონ ჩემს მსგავს ნაჭერს შემთხვევითობის.
დრო ჩემთვის დიდი და დროისთვის ერთი ნამცეცი
წაშლის ყველაფერს სადაც მსურდი და დავდიოდი,
თავის ქუჩებით, პროსპექტებით, გრძედით, განედით.

მხოლოდ დაინდობს, საკუთარ თავს, როგორც ჩვევია
ყველა ნაბიჭვარს, ვინც მარტოც კი სიცილს ახერხებს.
დიდი ხანია, რაც მე ვიცი, ყველა მტვერია -
ვინც ვიწამე და ვიყვარე და ვისზეც დავწერე

ერთი სიტყვაც კი. უსასრულო დროის კი არა
ხელის თითებზე დათვლილ წლებით რამდენს მოვშორდი.
რამდენი გაქრა...
მიილია
და დაიკარგა...
მე კი მიყვარდა.
ვსვამდი,
ვწერდი,
მძულდა,
ვცხოვრობდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები