#მემორია
ნინო დარბაისელი
გოგლაურები
გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანების დასაწყისში ლიტერატურის ინსტიტუტის თეორიის განყოფილებაში რომ მივედი სამუშაოდ, ისეთი დიდი მეცნიერები იყვნენ ჩვენს ირგვლივ, რომ მარტო იმათი სმენა გაგზრდიდა და კიდეც გვზრდიდა, ათასი უნდა მოგესმინა და ერთი - გეთქვა, ის ერთიც ისეთი დაფიქრებით, რომ თქმად ღირებულიყო. ახლა რომ არის, ადამიანები ჯერ ლაპარაკობენ და მერე ფიქრობენ, ეგრე არ გამოვიდოდა! რომ გითხრათ, მხოლოდ სამეცნიერო კონფერენციებსა თუ სხვა ღონისძიებებზე ვიზრდებოდით და ეგ იყო-მეთქი, ინსტიტუტელებიდან ვინ დამიჯერებს! თუმცა რა ვიცი, იქნებ ისეთი თაობა მოვიდა, რომ ქეიფი და დროსტარება აღარც არის წესად. მე „ძველი მოქეიფეების კამანდა“ თუმცა შეთხელებული, მაგრამ მაინც იქ დამხვდა. რამდენი რამ შემორჩა მეხსიერებას მათთან პურობიდან, რა სიყვარულით მაგონდება! რამდენიმე მოგონება ხომ ადრეც დავდე ფეისბუქზე, ამას წინათ რაღაცის გამო ეს გამახსენდა გოგლა ლეონიძეზე, რომელიც სამოციანი წლების შუამდე ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი იყო.
*** ესენი - ძველი მოქეიფეების მონაყოლია: გოგლას უყვარდა თქმა, კაცს, რომელსაც ქეიფი არ უყვარს, სხვაფრივ ოქროს კაციც რომ იყოს, მე - არ ვენდობიო. მერე ვინმე ახალგაზრდას მიუტრიალდებოდა, შენ ხო გიყვარსო და ისიც დაუდასტურებდა. გიყვარდეს, ოღონდ ძაანაც ნუ გადაჰყვები, ჯერ საქმეო!
*** - რომ გეტყვიან, დირექტორთან ამოდი, ის დირექტორი თვით გოგლა ლეონიძეც რომ იყოს, რა სახალისოა, მაგრამ ბიჭებმა ერთი რაღაც ვიცოდით - თუ შეხვიდოდი და კულტურული სალიტერატურო ქართულით შეგიწვევდა და სკამს შემოგთავაზებდა, შენი საქმე ცუდად იყო და თუ შენს დანახვაზე კახურად მოუქცევდა, - აღარ უნდა გშინებოდა, შეიძლება რამე კარგი ამბავიც მოეყოლებინა. ერთხელაც დაგვიბარა ეს, ეს, ეს და ეს ეხლავე აქ გაჩნდნენო. შევედით და სულ ლიტერატურულად გველაპარაკება. მივხვდით რომ რაღაც საქმე ვერაა კარგად. წინ ქაღალდი უდევს, აიღებს- დახედავს-დადებს, აიღებს- დახედავს- დადებს. ჩვენ ისე ახლოც არ ვუდგავართ რომ მივხვდეთ, რა არის. ეს, იცით, რა არისო? ამხანაგ ამა და ამის განცხადებაა ჩემს სახელზე და სასწრაფოდ რეაგირებას მთხოვსო. წინა დღეს ხელფასი ავიღეთ და ბიჭები საქეიფოდ წავედით, ჩვენში ერთი ისეთიც ერია, ადრე ცეკას ინსტრუქტორად რომ იყო ნამუშევარი და მერე ჩვენთან გადმოიყვანეს, რა ვიცი, რატომღაც ისიც წავიყვანეთ, კარგად ჭამა-სვა, მოილხინა ჩვენსავით, დილას მისულა თუ არა ინსტიტუტში, დირექტორთან განცხადება შეუტანია, სამუშაო საათებში ალკოჰოლური სასმელების მიღებით იყვნენ დაკავებულებიო და ჩვენი სია. პაუზა. რა ვქნათ, რა ვთქვათ! უცებ გვეუბნება, მოსახსნელები და აქედან გასაყრელები ხართ ყველანი, მა, საქეიფოთ რო მიძვრებით, არ უნდა იცოდეთ, თან ვინ უნდა წაიყვანოთ? დღის ბოლომდე ულუკმაპურო მარტო ვეგდე სამსახურშიო! ეხლა თავიდან მომწყდით და მეორეთ არ დაგინახოთ, ეგეთი რამე შეგეშალოთო!
*** არ მახსოვს სუფრა, გოგლაურები რომ არ დაელიოთ, ასეთი სადღეგრძელო სულ სამი იყო: ერთი იქიდან - სიმღერადაც იქცა, მთელმა საქართველომ იცის, მეორე იყო, ვისაც ახლა ჩვენთან ყოფნა გაუხარდებოდა და ჩვენც გაგვახარებდა იმისი დანახვა, სადაც არის, როგორც არის, იქ გაუმარჯოსო... მე მოკლედ ვამბობ, შინაარსი ეს იყო, თორემ ლამაზად ითქმებოდა. მესამე - ამწუთას არ მაგონდებ, მერე ჩავამატებ.
*** ერთხელ ვეკითხებით, ბატონო გიორგი, ტიციანზე იქნებ გვიამბოთ? _ ვინ ტიციანზე?- კითხვა მოგვიბრუნა. --ტაბიძეზე, ცისფერყანწელი რომ იყო, დეკადენტი, სიმბოლისტი, დენდი... - ვინ იყო, ბიჯო, სიმბოლისტი და დეკადენტი, ტიციანი? ერთ ბატკანსა სჭამდა ერთ ჭამაზე მარტო. არც დანარჩენები აკლებდნენ. აბა, ქეიფი მაგათ იცოდნენ. მე მაგათზე კარგა პატარა ვიყავი, მაგრამ ერთად კარგი რამეებიც გვიკეთებია. როცა გვიკეთებია, არც ქეიფი დაგვიკლია. ერთი კარგი დუქანი იყო მტკვართან დიდუბის მიდამოებში, ეხლა რომ რესტორანი მტკვარი ააშენეს, რაჭველი კაცისა . ნისიათაც შეგეძლო პური გეჭამა, ერთი ჭიქა დაგელია. ვქეიფობთ იქ ერთხელ, ჯერ კაი დროა, ლექსი და სადღეგრძელო ერთმანეთს მოსდევს, თავზე გვათენდება, კარგი, გემრიელი ნასვამები ვართ და აიჩემა ტიციანმა, მტკვარი ახლოა, მოდით მტკვარში თავი დავიხრჩოთ, თავის მოკვლა გვეპატიებაო, ესენიც აიყარნენ სუფრიდან, წავიდეთ, ბარემ ერთად დავიხრჩოთო, მივყვები მეც და დავწინაურდი კიდეც, კარგა მთვრალი კი ვარ, მაგრამ იმდენს კი ვგრძნობ, რომ, რაღაც, თანდათან, ირგვლივ შემომეცალნენ და მარტო ჩემი ნაბიჯები ისმის, თან უკნიდან არეული სიცილის ხმა მომდევს, მივიხედე და რასა ვხედავ, ფეხზე ვერა დგანან, ერთმანეთს ეყუდებიან და სიცილით კვდებიან, სად მირბიხარ, მოდი აქაო. ისე როგორ უნდა დათვრე, ცხოვრებას და ლექსს ვეღარ არჩევდეო და ვითომც არაფერი, დაბრუნდნენ სუფრაზე და ქეიფი გააგრძელეს, მე - დაშლამდე თავი აღარ ამიწევია. ერთ-ორ დღეში ახლიდან მომადგნენ, წამო საქეიფოთ წავიდეთო. მე ვეუბნებიო, მე თქვენთან დამლევი აღარა ვარ-მეთქი. იცინეს, ვიცინე და ისევ წავედით!
*** ერთხელ ყვება, სახალხო პოეტი, სახალხო პოეტიო, რა სახალხო პოეტი, ბიჯო, საგარეჯოში ჩავალ - მეუბნებიან, თქვენ საგარეჯო ასახელეთო, თელავში ჩავალ- თელავი ასახელეთო, გურჯაანში ჩავალ - გურჯაანიო, ეს კახელები ცოტა საზღვარსაც არ გაგიწევენ გვერდითა რაიონამდე, ქართლში - კიდევ არა უშავს და ტუნელს იქით - მაგასაც არ მეუბნებიან,. მოკლედ, მე ვარ „ნაროდნი პოეტ კარტლ-კახეთინსკოვო ნაზნაჩენია”. ვინც გიორგი ლეონიძეს მისი ფუნდამენტური სამეცნიერო შრომებით ან პოეზიითა და უკვდავი პროზით იცნობს მხოლოდ, ასეთი, ალბათ, ვერც წარმოუდგენია. ჰო, არ დამავიწყდეს, თანამშრომლები მის ბუხუნა, ოდნავ წამღერებულ ხმას ბაძავდნენ, როცა ამ ყველაფერს და კიდევ მრავალს მის შესახებ სუფრაზე ყვებოდნენ და ორმაგად სახალისო მოსასმენი იყო ყოველ ჯერზე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გენიოსები ყველაფერში გენიალურები იყვნენ. გაიხარეთ გენიოსები ყველაფერში გენიალურები იყვნენ. გაიხარეთ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|