 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 7 მარტი, 2022 |
ვაჟა ოთარაშვილის პოეზია - ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილი პოეზიაა! აი, ახლაც ხელთ მაქვს ბატონი ვაჟას წიგნი ,,მწუხარე ბედნიერება“. ვკითხულობ ამ წიგნს და ცრემლებს ვერ ვიკავებ, ძნელია უემოციოდ და ცრემლების გარეშე წაკითხვა.
ვაჟა ოთარაშვილის პოეზიაში ყველაფერი მხიბლავს, რაც სულის სილამაზესთან და მამულიშვილობასთან არის დაკავშირებული. მისი წერილებიც განსაკუთრებულად მაღალი გრძნობით არის დაწერილი. ვკითხულობ ვაჟა ოთარაშვილის წერილებს დედაშვილობაზე, 9 აპრილზე, ქრისტიანობაზე და კიდევ უფრო მეამაყება ქართველობა!
ბატონი ვაჟა ოთარაშვილი 2010 წლის 9 აპრილს გავიცანი „სამეფო უბნის თეატრში“ გამართულ პოეზიის საღამოზე, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიას მიეძღვნა. 9 აპრილზე ლექსების მთელი ციკლი მაქვს შექმნილი, გთავაზობთ ჩემს ერთ-ერთ ლექსს, რომელსაც „9 აპრილის გახსენება“ დავარქვი:
... და გაისმოდა მუსიკა ქარში, ყველა ტაძარში სანთლები ენთო. ვაი, რაღა ვთქვა... ოთხმოცდაცხრაში ჩვენ გაზაფხული მოგვიკლეს ღმერთო.
დავუბრუნდეთ ისევ ვაჟა ოთარაშვილის შემოქმედებას. ბატონი ვაჟას ლექსებიდან განსაკუთრებით „ლოცვა რუსთაველზე“ მიყვარს.
ბატონი ვაჟასგან ვიცი, რომ ილია ჭავჭავაძემ ნაწარმოები „ოთარაანთ ქვრივი“ ოთარაშვილებს მიუძღვნა. ილიას ამ ნაწარმოების მიხედვით ეს ლექსი დავწერე:
ოთარაანთ ქვრივო! ისევ გლოვობ ქმარს, მინდა ძველი სევდა გაატანო ქარს.
ოთარაანთ ქვრივო! კვლავ დასტირი შვილს, მეც შენსავით მტკივა, მეც სიკვდილი მჭირს.
სანთელს ვუნთებ დედას და ვქვითინებ ჩემთვის, მარადიულ გრძნობას მონატრებაც ერთვის.
მაშ, ვიჯეროთ გული ტირილით და სევდით, შენ - საფლავზე შვილის, მე - საფლავზე დედის.
ვაჟა ოთარაშვილის საზოგადო მოღვაწეობიდან ჩემში ასევე აღფრთოვანებას იწვევს მისი დამოკიდებულება გიორგი სააკაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან.
გიორგი სააკაძე ჩემთვის მამულიშვილობასთან ასოცირდება... ბევრი ფიქრობს რომ დიდი მოურავი ამოუხსნელი ფენომენია, არასდროს იმდენი არ დაწერილა, რამდენიც სააკაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
გიორგი სიაუშის ძე სააკაძე ჯერ მარტო იმიტომ არის დასაფასებელი, რომ საკუთარ სამშობლოს ყველაზე ძვირფასი – შვილის სიცოცხლე შესწირა პაატას სახით.
გიორგი სააკაძეს დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცი ჰქონია დადებული, რომ დავითის საქართველოს აღადგენდა. სამწუხაროდ დიდ მოურავს შადიმანებმა შეუშალეს ხელი დიდ საქმეში, დანაწევრებული საქართველოს გაერთიანების საქმეში.
გიორგი სააკაძეს ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი:
„გახსოვდეს: დიდკაცობას კარგი კაცობა სჯობს, კარგ კაცობას - კარგი მამულიშვილობა!“
დანარჩენს ჩემი ეს ლექსი ამბობს:
გიორგი სააკაძეს
მარტყოფიდან მარაბდამდე, თბილისიდან ნოსტემდე, გზა ბრძოლებით გაიკაფა, თუმცა ხშირად მოსდევდნენ.
იდგა ერის სამსახურში - უშბასავით ამაყი, ვიდრე წავალ და თბილ გულზე ქართულ მიწას დამაყრით,
მსურს ვესტუმრო ერთაწმინდას, გული დარდმა დახია, იქ გიორგი სააკაძის შვილის თავი მარხია.
თუ გვსურს წყლული გავამრთელოთ - საქმე წინ - წინ მიგვყავდეს, მოვუაროთ საქართველოს, ერთმანეთი გვიყვარდეს.
ვაჟა ოთარაშვილის წერილებიდან ჩემში ასევე მოწონებასა და პატივისცემას იწვევს მისი ნააზრევები მერაბ კოსტავაზე, ზვიად გამსახურდიაზე, თევდორე ბერზე, კონსტანტინე არსაკიძეზე და მთლიანად საქართველოს ისტორიაზე.
დაბოლოს, ისევ ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
შეწირულთათვის
ამ ქვეყნის მიწის ნაგლეჯი ჩვენია, განა სხვისია! საქართველოა გარეჯი, ქართველთა ჯილაგისია!
ისევ მღერიან „ჩაკრულოს“, ფოლკლორი ჩვენი განძია, ბედნიერ მერმისს ნატრულობს თვით სულხან-საბას ტანძია.
მინდა მგოსნებმაც შემინდონ, თუ რამე კარგად ვერ ვთქვი მე, ლოცვებში მოვიხსენიოთ თაყაიშვილი ექვთიმე.
ვკითხულობ იმათ ცხოვრებას, ვინც იყო ქვეყნის სინდისი... ერს მუდამ ემახსოვრება: ცხრა აპრილი და შინდისი.
მეც მტკივა ბერი თევდორე,- დუშმანმა ხმლით რომ აკუწა... ვარ იმის თანამედროვე, ვინც დააფასა ქაქუცა.
ქვეყნად ყველაზე მთავარი სამშობლოს სამსახურია, დავითიც მიყვარს, თამარიც, კოსტავაც, გამსახურდიაც.
მაოცებს ცოტნეს გმირობა, ლომ-ვეფხვს ვადარებ, განა მგელს, ვუქებ მამულიშვილობას ცხრა ძმას და სამას არაგველს.
აწ ქეთევანიც ვახსენოთ,- მარტვილი ქრისტეს რჯულისთვის... ვაცოცხლებ, ვიდრე ვარსებობ, ამ მიწის სიყვარულისთვის.
ვლოცულობ, დედა ღვთისმშობელს წყალობას შევსთხოვ ქართველი, ბიჭად-კაცს ცრემლშეუშრობელს რომ არ ჩამიქრეს სანთელი.
ლექსში-ვით უხმლო ქარქაშში, თუმც ყველა ვერ ჩავატიე, შეწირულთათვის ტაძარში მე ღამეები ვათიე.
ოთარ რურუა
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|