ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
1 მარტი, 2022


გამანადგურებლის განადგურება და კაცობრიობის ადამიანურობა

ენა, სპორტი, ხელოვნება, საერთაშორისო გადარიცხვები და მისთანანი უნდა იყოს ხელშეუხებელი - უკიდურეს საომარ მდგომარეობაშიცა და მშვიდობის უმაღლეს მწვერვალზეც:
არ შეიძლება დამნაშავე ხელმწიფე ,,დასაჯო'' საერთაშორისო გადარიცხვების (სვიფტის) შეზღუდვით და ამით დააზარალო ყველა მისი ხელქვეითი ადამიანი შიმშილამდე მიყვანით, მათ შორის ისინიც, ვინც ეწინააღმდეგებოდა ხელმწიფის დანაშაულებრიობას;
არ შეიძლება, მაგალითად, რუსულ ენას გამოუცხადო აკრძალვა ან დაწუნება იმის გამო, რომ რუსი ხელმწიფის ბრძანებამ წაგვართვა აფხაზეთი და ოსეთი. არ შეიძლება იმიტომ, რომ შეიძლება თუნდაც ერთმა ადამიანმა, რუსმა ან არარუსმა, იმავე ენაზე თქვა, დაწერა ან გონებაში გაიელვა, რომ ეს იყო დიდი დანაშაული.
არ შეიძლება, ისე დაგმო დანაშაული, რომ შეიძლება დანაშაული ჩაიდინო.
ენა, სპორტი, ხელოვნება, საერთაშორისო სამართლითა თუ საერთაშორისო გადარიცხვებით სარგებლობა ჩვენ უნდა აღვიქვათ არა როგორც ცალკეულ სახელმწიფოთა კუთვნილებად, რომელიც შესაძლოა წაართვა ან შეუზღუდო, არამედ თითოეული ადამიანის ხელმწიფებად, რითაც სულდგმულობს კაცობრიობა; ისინი ჩვენ უნდა გვესმოდეს, როგორც ჰაერი, რომელიც ყველას ღმერთმა უბოძა და მას ვერავინ შეეხება.
დიახ, თავისუფლებასა და სამართლიანობაზე მსჯელობისას ჩვენ უნდა ამოვდიოდეთ თითოეული ადამიანის ხელმწიფებისა და ხელშეუხებლობის მიდგომებიდან, სწორედ ამიტომ ჰაერივით საჭიროა:
გაანადგუროს ყველა მფლობელმა საერთაშორისო (მასობრივი) განადგურების ატომური იარაღი და საქვეყნოდ განაცხადოს იმ დიდი ბედნიერების განცდაზე,  რაც ამ გამანადგურებლის განადგურებამ მოუტანა მსოფლიოზე სიცოცხლის ჩუქების ერთგვარი შეგრძნებით.
არ შეიძლება შენ გქონდეს საერთაშორისო განადგურების იარაღი (ატომური) და სხვას შეუზღუდო ან აუკრძალო მისი შექმნა. ამას შენ შეიძლება გამართლებას უძებნი თუნდაც იმით, რომ შენ ეს იარაღი შექმენი, მაგრამ ამას გამართლება არ გააჩნია, რადგან შენ მსოფლიოზეც და საკუთარ თავზეც განადგურების ტყვია გაქვს მიბჯენილი, თუმცა თავისუფლებაზე დამაყრუებლად ლაპარაკობ და მე არც კი მეკითხები, რატომ მწამს ,,ბოლო" და არ მაკვირვებს ,,ფიცი".
ყველა, ვინც ფლობს ატომურ იარაღს, დაუნდობელი ბოროტმოქმედია (ტერორისტია), რომელიც მზად არის, მოკლას მსოფლიო, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გასამართლდეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, თუ არ გაანადგურებს მსოფლიო-გამანადგურებელ ატომურ იარაღს.
ოდითგანვე სწორედ ერთეულების დანაშაულებრივ ახირებებს ეწირებოდა უთვალავი უდანაშაულო ადამიანი. წარსულიც მეტყველებს და აწმყოც, რომ ამ ახირებებს დამნაშავე ერთეულები წინ არასოდეს აღუდგებიან, არამედ საყოველთაო სამართლიანობა ისევ უთვალავმა დიდსულოვანმა უნდა მოითხოვოს და აქციოს იგი მსოფლიოს დღის წესრიგად.
ადამიანი კაცობრიობაა, კაცობრიობა კი ადამიანი. ღმერთო, ყველა კაცს (დედაკაცს) მიეცი ის ადამიანობა, რომ ჰაერივით სუნთქავდეს კაცობრიობით. აამიინ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები