რუსეთმა, გარდა უკრაინისა და საქართველოსი, გაცილებით დიდი ზიანი მიაყენა სხვა სახელმწიფოებსაც, ამიტომ ის უნდა დაისაჯოს, რადგან მოძალადეა, მაგრამ მთავარია, ვინ ვართ ჩვენ ამ დროს - სხვა დანარჩენი? მიმოვიხილოთ. რუსეთის პუტინიან - ხალხიანად გაცამტვერების მოსაზრებასა და მცდელობას ვერა და ვერ შევგუებულვარ, ეს ყოვლად მიუღებელი და სამარცხვინოა, არამედ - უნდა დაისაჯონ მხოლოდ დამნაშავეები და უნდა დაისაჯონ ბრძოლის ველზე. დიახ, ვისაც დახმარება სურს, უკრაინას უნდა დაეხმაროს ბრძოლის ველზე და იბრძოლოს თავისუფლებისთვის - ბრძოლის ველზევე. თუ ჩვენ გავამართლებთ რუსი მოცეკვავეების, სპორტსმენებისა და ხელოვანების საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოკვეთას, ან რუსეთზე საერთაშორისო გადარიცხვა-გადმორიცხვების (სვიფტის) აკრძალვას, ან კიდევ გარესამყაროსგან რაიმე შეზღუდვის განზოგადებას მთელ რუსეთზე, მაშინ ეს იქნება თანხმობა, მაგალითად, ამ ქვეყნის წინააღმდეგ ატომური ბომბების გამოყენების, - ღონისძიების, რაც სწრაფად და იოლად გაანადგურებს ამ ქვეყანას. - არა, ეს აზრი ყოვლად უსულგულოა. ჩვენ - ომშიც და მშვიდობაშიც, უნდა შევინარჩუნოთ ადამიანურობა. ამას მოითხოვს როგორც ზოგადი ადამიანური მოვალეობა, ისე - კერძოდ ამ ქვეყანაში მყოფ უდანაშაულოთა მიმართ სამართლიანობა. მოვიყვანოთ მაგალითები: ლევან თედიაშვილი ხომ მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი იყო ჭიდაობაში; ნონა გაფრინდაშვილი - ჭადრაკში; იყვნენ სხვა მრავალიც. მილიონობით ადამიანის დახვრეტის გამო რომ სსრკ-თვის მსოფლიოს ,,სანქციები" დაეკისრებინა და ამ სპორტსმენებს ვეღარ მიეღოთ მონაწილეობა ოლიმპიადაზე, - სამართლიანი იქნებოდა? ჰიტლერის დანაშაულების გამო რომ გერმანული ენა აეკრძალათ ან რამენაირად დაემდაბლებინათ, რის გამოც ვეღარ შეგვძლებოდა გერმანელ მწერალთა შემოქმედების გაცნობა, რომლებიც წერდნენ, რომ ჰიტლერი იყო დამნაშავე (და ამის მწერალი ბევრი იყო), - იქნებოდა სამართლიანი?... - არა, პირიქით, ენას, სპორტსა და ხელოვნებას ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ სწორედ მსგავსი სისხლისღთვრების დროს წარმოდგნენ მშვიდობისკენ მიმართულების გზამკვლევებად. მაგალითად, რუს მოჭიდავეებს, რომელთაც ახლა შეჯიბრებაში მონაწილეობა აუკრძალეს, შეიძლება გამოესწორებინათ ომის სისასტიკე შემდეგ შემთხვევაში: უკრაინელი თუ გაიმარჯვებდა რუსზე, მაგრამ რუსს ააწევინებდა ხელს, ან რუსი თუ გაიმარჯვებდა უკრაინელზე, მაგრამ უკრაინელს ააწევინებდა ხელს. ჩვენ გვაქვს სპორტსმენებისგან ომის შეჩერების ნამდვილი მაგალითებიც, როცა პელემ ნიგერიის ომი შეაჩერა და სხვა; ან, თუ მაგალითად, რუსულ ენაზე დავწერთ ლექსს ან ჩავწერთ სიმღერას, სადაც წარმოჩენილია, როგორ ცრემლებამდე წუხან, ვთქვათ, რუსი ბავშვი და მისი უკრაინელი ბებია, - შეიძლება ეს ომს შეაჩერებდა ან შეანელებდა მაინც, და ა.შ. არის სხვა მახასიათებლებიც. დღეს ამერიკის პრეზიდენტი პუტინის მისამართით აცხადებს, ჩვენ მოგწვდებით რუსეთში და წაგართმევთ უკანონოდ მოპოვებულ სიმდიდრეს, ქონებას და მისთანებსო. ამას ისე ამბობს, თითქოს მათი ქონება არ იყოს მოპოვებული ერაყის, ლიბიისა და სხვა ქვეყნებიდან მიტაცებული ნავთობითა და სხვა სიმდიდრეებით, როცა იქ ამ მიზნის მისაღწევად მილიონობით ბავშვი დახოცეს, ზოგი ტყვიით და ზოგი შიმშილით. ამერიკა კიდევ ამბობს, რომ რუსეთი ატომური ბომბების შესაძლო გამოყენებით დიდ საფრთხეს უქმნის მსოფლიოსო, არადა მან პირველმა შექმნა და გამოიყენა ატომური ბომბები, რამაც მილიონობით ადამიანი შეიწირა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კი არ გაანადგურა ეს გამანადგურებლები, არამედ უფრო მეტი დაამზადებინა. ამ ყველაფერს იწვევს შერჩევითი სამართლიანობა, რომელსაც აწარმოებენ მეტწილად მილიარდელი უსამართლოები - რუსეთისაც, ამერიკისაც და სხვა ქვეყნებისაც. ატომური იარაღის მფლობელ არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ისაუბროს სიტყვის თავისუფლებაზე, თანასწორობაზე თუ სამართლიანობაზე. მსოფლიომ მარტო რუსეთს კი არა, უკლებლივ ყველა მფლობელ სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოს ატომური ბომბების განადგურება დაუყოვნებლივ; როცა, მაგალითად, ლიბიასა და ერაყში უდანაშაულო ხალხს ხოცავდნენ, მსოფლიოს მისი ფიზიკური ჩართულობით სწორედ მაშინ არ უნდა მიეცა ამის საშუალება მხოცავებისთვის, რადგან ახლა უკვე რუსეთს ვეღარ მიეცა საკუთარი თავისთვის უფლება, საქართველოსა და უკრაინაში ომი განეხორციელებინა. რაც შეეხება საერთაშორისო გადარიცხვების აკრძალვას და სხვა საერთაშორისო შეზღუდვებს, რითაც შიმშილამდე მივა მთელი რუსეთი, მათ შორის ისიც, ვინც წინააღმდეგია ამ ომის და მათი ნაწილი ამ წინააღმდეგობის გამო ციხეშია გამოკეტილი. დაუშვებელია. ვერც უკრაინას წაადგება მთელი რუსეთის შიმშილამდე მიყვანა, - მოკვდებიან ისინიც, ვინც უკრაინელთა მხარდაჭერისთვის ციხეში გამოკეტეს, უკრაინელები კი ვერ აპატიებენ ამას საკუთარ თავს. რადგან საერთაშორისო ურთიერთობებით სარგებლობენ არა მხოლოდ სახელმწიფოთა დამნაშავე მთავრობები, არამედ ყველა ადამიანი ამ სახელმწიფოებში, მათ შორის სამართლიანნი, ამიტომ გვევალდებულება, იგი (საერთაშორისო ურთიერთობები) აღვიქვათ, როგორც ჰაერი, რომელსაც ვერავის შეუზღუდავ. სუნთქვას ვინმეს ავუკრძალავთ?! მოდით, შევიდეთ თვითონ მეომრების მდგომარეობაშიც, შევეხოთ მათი სულის უღრმეს შრეებს და წარმოვიდგინოთ: განა ყველა რუს მებრძოლს სურს მისი მეთაურის დავალების შესრულება ან რომელიმე უკრაინელს სურს საპასუხო შეტევის განხორციელება? - ადამიანური სულის ბუნება ჩვენ არ გვაძლევს უფლებას, გავწიროთ მტრის რიგებში მყოფი სამართლიანებიც კი. ეს არგაწირვა საფუძველს ჩაუყრის იმას, რომ შემდგომ ომებშიც არ გაწირონ სამართლიანები. ომშიც არსებობს წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს. ეს წითელი ხაზები თანდათან უნდა გავამრავლოთ იქამდე, სანამ ომების საფრთხეს არ შევამცირებთ და საერთოდ არ გამოვრიცხავთ. თუ ჩვენ რუსეთს საერთაშორისო გადარიცხვებს ავუკრძალავთ ახლა, მერე შეიძლება რუსეთი აუკრძალავს პეტრეს, შემდეგ ივანე - ვინმე სხვას, რაც გაამრავლებს ომებს და დამკვიდრდება ქაოსი. როცა სხვა გამოსავალი არ არსებობს, მაშინ საუკეთესო გამოსავალია: ,,ებრძოლო მხოლოდ მას, ვინც გებრძვის"; სამართლიანად დასაჯო მხოლოდ ის, ვინც გსჯის უსამართლოდ. ერთი კეთილმოქმედიც კი, მტრის რიგებში იქნება თუ მოყვრის, გაცილებით მეტია, ვიდრე მთელი კაცობრიობა. ადამიანები თავიანთი დიდსულოვნების მაგალითებით ომის დროსაც უნდა ცდილობდნენ, რომ ომის შემდეგ ომების რაოდეობა შემცირდეს და გაქრეს. ვინ ვართ ჩვენ - სხვა დანარჩენი? ჩვენ ვართ ის, ვინც ლოცულობს, რომ ასე გაქრეს ომები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|