ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
31 მაისი, 2022


ბარასია



ღრმა მოხუცი იყო.
თითქმის ასი წლის.
საბუთებით ცოტა ნაკლების.
მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა.
გვიან გათხოვდა და შვილიც გვიანი ჰყავდა, რომელიც აგე, უკვე მერვე წელი ხდებოდა,  რაც საზღვარგარეთ წასულიყო და  თავის დედაზე ბევრად უმცროს მოხუცს უვლიდა.
ქმარი ადრევე ჭლექით გარდაეცვალა. უყვარდა.
სამაგალითო ქვრივობა გაუწია.
    ბარასია ცნობილი იმით იყო რომ გზადშემხვედრ ნაცნობსა თუ უცნობს ყველას ერთნაირად ლოცავდა:
- შინ მშვიდობით მისულიყავ  და იქაც მშვიდობა დაგხვედროდესო.
ხანაც ბოსტნიდან ან ხილის  ბაღიდან ასევე მიმართავდა  ნაცნობსა თუ  უცნობს იგივე ლოცვით და თან ისე რომ გულს ამოაყოლებდა.
ტაძარში არასოდეს უნახავთ,
ტაძრის ეზოში კი, ხშირად.
განმარტოვდებოდა, ხან ხეებს ამოეფარებოდა ხან ბუჩქებს ისე, რომ არავის დაენახა და მიწას რაღაც ჩაჰბუტბუტებდა. თუ რას არავის არასოდეს გაუგონია.
ერთხელ მეზობლის ქალისთვის უთქვამს - ისე მინდა მოვკვდე რომ არავის მოსავლელი ვიყოო.
ახლა ბარასია თავისი სახლის კიბის პირველ საფეხურზე იჯდა და ჭიშკარს გაჰყურებდა.
დაინახა, როგორ შემოვიდა ეზოში  თეთრწვერებიანი მოხუცი ისე, რომ არ დაუძახია და მისკენ გამოემართა.
ვერ იცნო, მაგრამ არ გაკვირვებია მოხუცის ჩუმი მოსვლა, რომელსაც არც მკაცრი სახე ჰქონდა და არც იღიმოდა:
- არ დაიღალე, ბარასია?
- დავიღალე, ჰო.
- ჰოდა, მოვედი.
ბარასიამ ფეხზე წამოდგომა სცადა.
- იჯექი, იჯექი.
დაჯდა.
- როდის უნდა წამიყვანო?
- ეგ შენ მითხარი როდის წაგიყვანო.
- ასე ხდება?
- არა, ასე არ ხდება, მაგრამ ზოგჯერ ასეც შეიძლება.
დაფიქრდა ბარასია.
- მე ვერ ვიტყვი
- რატომ?
- ბევრი რომ მომივიდეს?
- თქვი, რამდენსაც იტყვი და
ზუსტად ისე იქნება.
იფიქრა ბარასიამ და:
- ერთი კვირა ბევრი იქნება?
ახლა კი, ნამდვილად გაეღიმა თეთრწვერა მოხუცს.
- არა, არ არის ბევრი.
- სად დაგხვდე?
- მე თვითონ მოვალ
- შეიძლება დღეები გამოვაკლო და იქ მოხვიდე სადაც გეტყვი?
ახლა თეთრწვერას გაეცინა:
- არ უნდა გამოკლება.
სად მოვიდე?
- სად  და,
თუ შესაძლებელია, ტაძრის ეზოში.
- კარგი.
მოხუცი წავიდა, ეზოდან გადავიდა, ღიღინით გაუყვა სოფლის გზას.
იმ საღამოს ბარასიამ
შვილისთვის რამდენიმე სიტყვა დაწერა:
,,არაფერზე ინერვიულო, შვილო. გული არაფერზე დაგწყდეს.
მე ბედნიერი ვიყავი.
შინ მშვიდობით მოსულიყავ და აქაც მშვიდობა დაგვხვედროდეს.
სულმუდამ სიყვარულით  გევლოს, ჩემო ანა.
ჩემს ამბავზე თუ ვერ ჩამოხვალ არც მაგაზე იდარდო. შენ შენი ცხოვრება გაქვს.
მადლიერი ვარ ყველაფრისთვის რაც
ჩემთვის გააკეთე,,
მერე ტომრები მოძებნა და შიგ სხვადასხვა ნივთების ჩალაგება დაიწყო.
სარდაფიდან  ზამთრისთვის დამზადებული კომპოტები და მურაბები გამოიტანა,
ისინიც ტომარაში მოათავსა და პირი მოუკრა.
კიდევ ჩაუცმელი  ანას გამოგზავნილი  ტანსაცმელები ჩაალაგა სხვა ტომრებში.
მეორე დღეს მეზობელ სიმურას მანქანაში საწვავი ჩაუსხა და სოფლის სამ გასაჭირშიმყოფ ოჯახებს ჩამოურიგა, დანაზოგიც სამად გაყო და ისიც მათ დაუტოვა.
კიდევ სხვა დღეს ვინც უყვარდა იმათ ჩამოურა და ეზოში არ ჩასულა ჭიშკართან მოესიყვარულა.
კიდევ ერთ დღეს სოფლის ბოლოს, მინდორში ხალია მოინახულა რვა  წელი რომ
უვლიდა, წველიდა და, რადგან მოვლა ვეღარ შესძლო, გაყიდა.
ბარასიას დანახვაზე ხალიამ ბღავილი მორთო,  მისკენ გამოქანდა, თავი წაუღუნა და მხარზე ჩამოადო.
დიდხანს ეალერსებოდა მოხუცი ბარასია ხალიას.
უფრო სწორად ერთმანეთს.
სახლში მისვლისას მხოლოდ  ერთი ჭიქა წყალი შესვა, 
ეზოში სკამზე ჩამოჯდა და თვალდახუჭული
დიდხანს უსმენდა მგალობლებს.
შემდეგ დღეებს თანასოფლელ მახოსა და დუროს თავისი მეუღლისა და და-ძმების საფლავები დაასუფთავებინა.
სახლში დაბრუნებისას ისევ მხოლოდ ერთი ჭიქა წყალი შესვა.
კიდევ ერთი დღე სახლი მიალაგა-დაასუფთავა.
ღამით წყალი გადაივლო და დილაუთენია ტაძრის ეზოს მიაშურა.
არც ხეს ამოფარებია და არც ბუჩქებს.
იქვე ახლოს ქვაზე ჩამოჯდა და თავი მიწისკენ დახარა.
მანამ ბუტბუტებდა, სანამ ტაძრის ეზოში  თეთრწვერებიანი  არ შემოვიდა.
მას უკან ტაძრის დიაკვანიც მოყვებოდა, მაგრამ ქვაზეჩამომჯდარ ბარასიას გარდა ის აშკარად ვერავის ამჩნევდა.
მოხუცი ბარასიას მიუახლოვდა.
ბარასიამ თავი ასწია და ფეხზე წამოდგა.
თეთწვერებიანმა მას ხელი ჩაჰკიდა და ყურში ჩასჩურჩულა:
- მეგონა მიცნობდი,  ბარასია.
მენატრაბოდი.
ახლა ერთად ვიქნებით.
ბარასიამ ხმა ახლაღა იცნო და გაღიმებულმა საყვარელ  ქმარს თავი  გულზე  დაადო და ასე გადავიდნენ ტაძრის ეზოდან.
      ანამ რომ წერილი  წაიკითხა ტირილს უმატა.
მოხუცმა დედამ კი შეუმსუბუქა დარდი და ტკივილი,  მაგრამ ადამიანის გული ფაქიზია.
მეორე დღეს იქ დარეკა, თავის მოხუცთან და შეატყობინა რომ ვერ ჩავიდოდა.
მერე იმ კაცს დაურეკა ვინც  უკვე მესამე  წელია ცოლობას სთხოვდა და ანა უარს ეუბნებოდა.
- მე ვარ...
ხომ არ გადაიფიქრე? ...
მაშინ ჩამოდი.
მერე დიდხანს, დიდხანს ტიროდა,
ვიდრე, ეზოში სავარძელში არ ჩაეძინა.
სიზმარი ნახა:
დედას ტაძრის ეზოში ხეებს შორის მუხლები მოეყარა,
თავი მიწისკენ  დაეხარა და ასე ლოცულობდა:
,,სამყაროს განმგებელო,
გევედრები, დაიფარე ყველა შვილი ყოველი განსაცდელისგან.
სამყაროს განმგებელო,  გევედრები, შეეწიე ყველა შვილს,  პატარასა და  დიდსა.
სამყაროს განმგებელო, მშვიდობითა და
სიყვარულით ატარე ისინი შინ და გარეთ.
სამყაროს განმგებელო...,,


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები