გავიდა ხუთი თვე. კოტე მამა სერაფიმეს მოლოდინში ხელის გულებით ცისფერ ჰორტენზიებს ეფერებოდა . არც არაფერზე ფიქრობდა. მხოლოდ მოგონებები-დედა, ზღვა, ეზოში უთვალავი და მრავალფერადი ჰორტენზია, თოლიების გაბმული ხმა, გემის გუგუნი, დედას მოდუღებული "კოფე"... დედა დიდი ხანია აღარ ჰყავს. ვერ გაუგეს რა დაემართა-ვერ მოასწრეს გადარჩენა. უმამოდ გაზრდილს ერთადერთი საყრდენიც გამოეცალა. ნიკუშა ბათუმში ზაფხულის არდადეგებზე გაიცნო. ცელქმა, მოუსვენარმა, ხიფათა, თუმცა ყურადღებიანმა და თავაზიანმა ბიჭმა, დედამისის გული პირველი შეხვედრიდან მოიგო . თითქოს მაშინვე მიუხვდა ქალის ხასიათს და ხან ნარცისების ბოლქვები, ხან კამელიებისა და ვარდის ძირები მოჰქონდა მისთვის. დედა კი თავისი საფირმო კოფეთი უმასპინძლდებოდა და თუ ძალიან დაღლილი არ იყო, კარტოფილსაც შეუწვავდა, თავისებურად გემრიელად. დედის გარდაცვალების მერე , კოტეს მაცივარი არ დაცარიელებულა - ხან რომელი კეთილისმოსურნე შემოაწვდიდა საჭმელს და ხან რომელი ნათესავ-მეზობელი - კეთილი ქალი იყო დედაშენი და ამით მის ვალს ვაბრუნებთო - ეუბნებოდნენ. დედის ორმოცამდე ლურჯ ზოლიან კოსტუმში გამოწყობილი გემრიელი პირი-სახის მქონე საშუალო ასაკის მამაკაცი ეწვია, აუწყა, რომ ყოველ თვე გარკვეულ თანხას მიიღებდა დედის ანაბრიდან . ძნელად დასაჯერებელი იყო დედამისს ამხელა თანხის დაგროვება მოეხერხებინა, მიუხედავად იმისა, რომ დღედაღამე შრომობდა და ყველანაირად ცდილობდა კოტეს არაფერი მოკლებოდა. კოტეს დედა თხელი და მხრებში ოდნავ მოხრილი, ცხოვრებისგან მოტეხილი ქალი იყო. ახალგაზრდა დაქვრივდა. ერთ წელიწადში თალხი გაიხადა - ჩემს შვილს შავი ფერი არ უყვარსო - და მეზობლები უშნოდ აალაპარაკა. ხალხი მოწყენილობაში ათას ლეგენდას იგონებს და ეყოფათ პაწა ხანს საჯიჯგნადო - ეუბნებოდა მასსავით ახალგაზრდობაში დაქვრივებულ მამიდას. კეთილისმოსურნეები ამაოდ ურიგებდნენ ხან ახლობელს და ხანაც შორებელს. ასე, მარტო ზრდიდა შვილს და ყოველკვირა საკურთხს უკეთებდა გარდაცვლილ მეუღლეს. პირველ ხანს კოტე გაოცებული ხვდებოდა ფოსტალიონის სტუმრობას, შემდეგ კი ჩვეულ ამბად ექცა. დამამთავრებელ კლასში მასწავლებლები სახლში მოსდიოდნენ - დედაშენს ვიცნობდით, კარგი ქალი იყოვო და უმაღლესის გარეშე რაფერ დაგტოვებთო . უმაღლესში ჩაბარება არ გასჭირვებია კოტეს, ბეჯითი, გონიერი და ნაკითხი ახალგაზრდა იყო. თბილისში გადმოსვლა როცა დაუდგა დღის წესრიგში და ბათუმის სახლის გაყიდვა გადაწყვიტა, მორიგი გაოცება ელოდა - ახლო ნათესავმა რეესტრიდან ამონაწერი და სახლის გასაღები მოუტანა, დედაშენმა თბილისში ბინა გიყიდა და აქამდე ვერ გეუბნებოდი - არ უნდოდა ბათუმის სახლი სტუდენტობამდე მიგეტოვებინაო. ამ ბინისა და ყოველთვიური სახარჯი ფულის წყალობით სტუდენტობა უდარდელად დაიწყო, რამდენიმე კვირაში კი დაურეკეს და დაფინანსებულ სტაჟიორად მუშაობა შესთავაზეს. მესამე კურსიდან სრულ შტატში რომ აიყვანეს, კოტეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სამსახურის დაწყების აღსანიშნავ საღამოს, ნიკუშას ტელეფონში ნონა დეიდას მონაწერი შემთხვევით რომ არ ენახა, მისი ცხოვრების საოცარი წარმატებით განვითარებას, ბოლომდე უფლის საჩუქრად ჩათვლიდა. მოგონებებიდან მამაოს ომახიანმა ხმამ გამოიყვანა. -დამლოცე მამაო-დაუხარა თავი კოტემ. -არაფერია ახალი? -არა, მამაო, ვერანაირად ვერ წავიწიეთ წინ. ზოგი გოგო უკვე დიდი ხანია გათხოვილია, ზოგი გაყრილიცაა და ქმრისგან შვილები ჰყავს, ზოგი ჯერ ისევ გასათხოვარია , ზოგი კი ამბობს რომ ნიკუშასთან ურთიერთობა პლატონური იყოვო. ორი საზღვარგარეთ წასულა, თუმცა არცერთი საეჭვო შემთხვევა. - საძმაკაცო რას ამბობს? - ყველაფერი გააკეთეს მამაო, ცდა არ დაუკლიათ ბიჭებს. ხელი არ ჩაუქნევიათ, თუმცა, არ იციან მეტი რა გააკეთონ. - შენ , კოტე? - მე იმედს არ ვკარგავ და შავოც არ მტოვებს. - უფლის ნებაა შვილო ჩემო ყველაფერი! - მაპატიეთ მამაო, მაგრამ არა მგონია უფლის ნება ყოფილიყო ნიკუშას სიკვდილი. - მამაომ მრავალმნიშვნელოვნად ამოიოხრა და თითქოს გაიღიმა კიდეც. - თურმე, ერთ-ერთ მონაზონს როცა ჰკითხეს, თუ იგი როგორ გრძნობდა თავს, მან უპასუხა რომ მომაკვდავთა ბედის შურდა. როდესაც მამა პაისი ათონელს შეატყობინეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის შესახებ, მან სიხარულისგან ცეკვა დაიწყო... - მამაო, ადამიანი, რომელიც განდეგილივით ცხოვრობს , ყოველგვარი საცდუნებლის გარეშე, იცის , რომ უპირობოდ სამოთხეში მოხვდება და ფაქტიურად სიკვდილისთვის ემზადება მთელი ცხოვრება, ჩემთვის ეგოისტი მამაძაღლია და მეტი არაფერი .... მაპატიეთ ჩემი გაცხარება, მაგრამ იმ ადამიანებს მაგალითად ნუ მომიყვანთ, მხოლოდ საკუთარი სულის ცხონებისთვის რომ ცოცხლობენ. ნიკუშას სიცოცხლე უნდოდა, უხაროდა სიცოცხლე და უამრავი გეგმა ჰქონდა. ამას წინ, მამა მირიანმა მითხრა, წინაპართა ცოდვებისთვის მოგვეთხოვებაო. თუ ამ ქვეყანაშივე მოგვეთხოვება ცოდვებისთვის, იმ ქვეყნად რაღას ვაკეთებთ?! - კოტე, ადამიანურია შენი სიბრაზე და მესმის ყველაფერი ადამიანურის, ამბობენ, ჩემნაირ ცოდვილებს განზრახ ირჩევს უფალი რომ უკეთ გავუგოთ მერე სხვა ჩვენნაირებს.მეც შენსავით ერთი ახალგაზრდა ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი ოდესღაც. - უთხრა და მხარზე ხელი დაადო, თითქოს მოეფერა კიდეც. კოტემ თავი დახარა, ახლადამოსულ იებს მიაჩერდა, სინამდვილეში კი ცრემლებს უმალავდა მამაოს, მამობრივმა სითბომ ცოტა გული აუჩუყა და ყელში მობჯენილი ბურთისთვის პაუზა აიღო. - ნათქვამია, ადამიანი ბედნიერებისთვის კი არ იბადება, არამედ უნდა დაიმსახუროს ბედნიერებაო. ნიკუშას ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა, თუმცა ჯერ არ დამსახურებული და რავიცი, უფლის გზები შეუსწავლელია ბოლომდე ჩვენთვისაც კი. შეიძლება მისი უდარდელი ცხოვრება ავანსი იყო. შენ კი ცრემლების ნუ შეგეშინდება. ვიცი ნიკუშა შენთვის რასაც ნიშნავდა, ნუ გაჩერდები, შესაძლოა ნაკლები ინტენსივობით , მაგრამ მაინც გააგრძელე ძებნა. ქრისტეფორე კოლუმბმა იცი როდის იგრძნო ბედნიერება? - ამერიკა რომ აღმოაჩინა? - არა, შვილო, მაშინ იგრძნო, როცა მის აღმოსაჩენად გაეშურა. იმედი და მოლოდინი დიდი ძალაა. იკვებე ამ ძალით და რწმენით, რომ ნიკუშას შვილი სადღაც არსებობს და სუნთქავს. არ დაივიწყო, ამ ამბავმა როგორ შეგკრათ სამეგობრო. ერთი წლის მანძილზე მიმოფანტულები იყავით სოკოებივით, შენს გარდა არცერთს გავხსენებივარ... - და ახლა დადიან? - თითქმის მთელი საძმაკაცო - ხან პანაშვიდს იხდიან, ხან ლოცვებზე ან წირვაზე შემოირბენენ, ერთი-ორმა თითქმის ყოველ შაბათ-კვირა დაიწყო სიარული, ზოგს ბავშვები დაჰყავს საზიარებლად და ერთი თქვენი ძმაკაცი, ორი ანგელოზი ბავშვის მამა ცოლსაც კი შეურიგდა. - ნოდო? - გაოცებულმა იკითხა კოტემ. - დიახ, ნოდარი. მადლობა მითხრა თავის დროზე ჯვარი რომ არ ავყარე. - ჩემთვის არაფერი უთქვამს, არადა ნიკუშას ამბის გამო მართლაც ლამის ყოველდღე ვიკრიბებით. ეტყობა , მოერიდა კიდეც საკუთარი ბედნიერების აფიშირება. - ბედნიერების არა, არამედ დაუთმენლობის. დაუთმენლობა რჯულად გვექცა და იმედია ცხოვრება მაინც გვასწავლის რაღაცეებს, თუ წაკითხულის ან მოძღვრის არ გვჯერა - ამაზე თავისი მშვენიერი ღიმილით შეანათა სახე მამაომ , პირჯვარი გადასსახა და დაემშვიდობა.
მამაოსგან ოდნავ გულდამშვიდებული წამოვიდა კოტე. ბევრ რამეზე ეფიქრებოდა, მათ შორის ისიც კი იფიქრა ნატაშკას დასდგომოდა მადრიდში. საღამოს შავო და ალეკო ესტუმრნენ. - ბიჭო, შვებულება მინდა ავიღო რამდენიმე დღით. - ვა, დასასვენებლად მიდიხარ? - ჰკითხა ალეკომ. - მადრიდში მინდა ჩავიდე. - იქ რა დაკარგე? - ნატაშკას მინდა შევხვდე. ვიდეო ზარი რაღაც მეუხერხულება... - იმ თემაზე ძმა? - კი , კი, ნიკუშას თემაზე. - შენ აღარ ხუმრობ?! - ამაზე, შავოს და კოტეს ერთად ჩაეღიმათ. - არც მე , არც შავო, არც შენ და არც დანარჩენები - ასე არაა?! - ნატაშკას ქმარი ჰყავს ესპანელი - დაფიქრებულმა გააგრძელა შავომ. და მგონი შვილები ჯერ არ ჰყავს. ჩემი დის დაქალის მამიდაშვილია და ამბობდა, ძალიან განიცდის ჯერ რომ ვერ გაუჩნდა ბავშვიო. - ვააახ, მაშ ტყუილად უნდა ჩავპრაკუნებულიყავი მადრიდში! - რატომ, ტყუილად, დაისვენებდი ცოტას, მგონი, რაც სტუდენტი გახდი ბათუმშიც აღარ ყოფილხარ მას მერე. - უთხრა წითურმა, რომელსაც , ჩვეულებრივზე უფრო გაცილებით სერიოზული, ჩაფიქრებული და დადარდიანებული გამომეტყველება გაუხდა ნიკუშას დედის თხოვნის შემდეგ. - იცოდით ნოდო რომ ცოლს შეურიგდა? - ნოდომ შენ გითხრა და ჩვენ მოგვტეხა? - ჰკითხა ალეკომ. - არა, მამაომ მომახარა.უხაროდა, ჯვარი რომ არ აყარა, როცა ორივე ეხვეწებოდა. - ამას წინ კი დავინახე ორივე ბავშვებს როგორ ასეირნებდა და კი ვიფიქრე, რაღაცაში იყო საქმე, მაგრამ ასე სწრაფად თუ მოხდებოდა რას ვიფიქრებდი?! - თქვა შავომ. - უჰ, ნოდოს რა გამოასწორებს?! - გაეცინა ალეკოს. - არც არაფერი, მისი ცოლის არჩევანი იქნება: ან დაიჯერებს რომ გვერდზე არ გაიხედავს და ან იწამებს მის პატიოსნებას - სხვა გზა არ აქვთ.
მეორე დღეს კოტემ საშვებულებო შეავსო სამსახურში და დარცხვენილმა ადამიანური რესურსების მენეჯერმა უსიტყვოდ დაუკმაყოფილა მოთხოვნა. გეზი ბათუმისკენ აიღო: დედისა და მამის საფლავი, მისი ეზო-კარმიდამო... უმძიმდა უპატრონოდ დარჩენილი კარ-მიდამოსი და საფლავების ხილვა.
გაგრძელება მესამე ნაწილში
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. საინტერესოდ ვითარდება. კარგია, როცა რაღაც მაინც გვაბრუნებს ეკლესიისკენ 5 საინტერესოდ ვითარდება. კარგია, როცა რაღაც მაინც გვაბრუნებს ეკლესიისკენ 5
3. მადლობა ნიკი და მუხა რომ წაიკითხეთ❤ მადლობა ნიკი და მუხა რომ წაიკითხეთ❤
2. რა უცნაურია ცხოვრება, ცოცხლები იმით ვჯობივართ მიცვალებულებს, რომ მათი ხსოვნა შეგვიძლია. რა უცნაურია ცხოვრება, ცოცხლები იმით ვჯობივართ მიცვალებულებს, რომ მათი ხსოვნა შეგვიძლია.
1. ეს მეორე თავი ცოტა გაწელილია რამე დიდი ინფორმაციის მატარებელი არაა თუ საწყის ნაწილს არ ჩავთვლით, სადაც ძველი ამბებია აღწერილი ბევრი ნიუანსებია გახსნილი
და ეს ეკლესიური ამბებიც მთლად აუცილებელი სულაც არაა მე მგონი
დაველოდოთ მესამე ნაწილს იმედია ფინალიც ისევე საინტერესო და უცნაური იქნება, როგორც დასაწყისი :)
“მეორე დღეს კოტემ საშვებულებო შეავსო სამსახურში და დარცხვენილმა ეიჩარმა უსიტყვოდ დაუკმაყოფილა მოთხოვნა.“ - რაც აქ ვერ გავიგე რატომ იყო დარცხვენილი ეს ეიჩარი. ყოველშემთხვევაში სამსახურერივი საქმის დროს ან გამო :) ვნახოთ იქნებ მესამე თავმა რამე საინტერესო გვითხრას ამ კუთხით
კიდევ, მახსოვს რომ ერთი კარგი ქალი გვყავს შუა მოთხრობაში მიტოვებული გაჭირვებაში და ერთი სული მაქვს გავიგო როგორ დამთავრდება მისი ამბავი :) იმედს არ ვკარგავ :)
ეს მეორე თავი ცოტა გაწელილია რამე დიდი ინფორმაციის მატარებელი არაა თუ საწყის ნაწილს არ ჩავთვლით, სადაც ძველი ამბებია აღწერილი ბევრი ნიუანსებია გახსნილი
და ეს ეკლესიური ამბებიც მთლად აუცილებელი სულაც არაა მე მგონი
დაველოდოთ მესამე ნაწილს იმედია ფინალიც ისევე საინტერესო და უცნაური იქნება, როგორც დასაწყისი :)
“მეორე დღეს კოტემ საშვებულებო შეავსო სამსახურში და დარცხვენილმა ეიჩარმა უსიტყვოდ დაუკმაყოფილა მოთხოვნა.“ - რაც აქ ვერ გავიგე რატომ იყო დარცხვენილი ეს ეიჩარი. ყოველშემთხვევაში სამსახურერივი საქმის დროს ან გამო :) ვნახოთ იქნებ მესამე თავმა რამე საინტერესო გვითხრას ამ კუთხით
კიდევ, მახსოვს რომ ერთი კარგი ქალი გვყავს შუა მოთხრობაში მიტოვებული გაჭირვებაში და ერთი სული მაქვს გავიგო როგორ დამთავრდება მისი ამბავი :) იმედს არ ვკარგავ :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|