ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2022


ბამბის ნაყინი

#ლექსები

ნინო დარბაისელი სტრონი

ბამბის ნაყინი

ნეტა ეს რაღა სახელიაო,
სად ნაყინი  და სად -  ესაო?
ცისარტყელას მთელი სპექტრი შიგ რომ ერიოს,
უბრალოდ, რაღაც თბილი არისო,
თბილი და ტკბილი,
ნაყინი კი ვერ იქნებაო.

მინდოდა მეთქვა,
მენაყინენი თბილის-ქალაქში
მთელი კვირა რომ ნაყინის ყუთს დაატარებდნენ,
უფროსები არ ყიდულობდნენ,
სუსტი ყელი გაქვს,
სიცხეს მოგცემსო,
კვირის ბოლოს კი ერთი დღე იყო,
ერთადერთი,
პარასკევი,
ბამბის ნაყინის  ჩამოტარებით გულს გვიხარებდნენ.
მერე რა,
თუკი მშრალად მბოლავი
რაღაც ყინულის სანატრელად  მყრალი
სურნელი
ყიდვისას და ყუთის ახდისას ცხვირში ჩვენ  არ გვეძგერებოდა!
ის სურნელი სხვებისა იყო,
ყელმაგრებისა,
ცივი ნაყინის ამტანებისა,
ჩვენ კი გვერგუნა -
ბამბის ნაყინი.

გაწეპილ თითებს გაწეპილივე ენის წვერით რომ  ვილოკავდით, 
განა გვესმოდა,
განა ვინმე დაგვაჯერებდა,
ორგანიზმისთვის სასარგებლოს რომ არ შეიცავს იგი არაფერს
და  ნახშირწყლების  ამ დიდ საბადოს
მეტაბოლიზმი  ცხიმად  გარდაქმნის და მუცელ-თეძო-ბარკლეულში
ფენა-ფენა  ნაზად გვილაგებს;
ცუდ ქოლესტერინს ეხმარება,
სულ  მაღლა-მაღლა აიწიოს,
მთელ სისხლძარღვებში
ჩახერგოს ყველა  მოსახვევი თუ გასასვლელი,
ათასნაირი ტრომბოზების წერა გაგხადოს…

შენ თუ წახვედი,
რა აზრი აქვს ან გაციება- გაცხელებას,
ავად გახდომას ან კარგად ყოფნას?
შენ თუ წახვედი,
რამე ახალ აზრს გამოვიგონებ,
გულში ცარიელ ორმოს დიდხანს არ დავიტოვებ,
ყოფას მოვირთავ საარაკოდ,
ათასერთ რამეს მოვიფიქრებ,
საკუთარ თავთან დამტოვებ რაკი…
შენ თუ წახვედი,
დავრჩები ისე გაწბილებული,
როგორც ის ბავშვი,
ხვეწნა-ხვეწნაში
გულგრილმა თუ დაღლილმა მამამ
ხურდის მიცემა ძალიან რომ დაუგვიანა,
მერე თავქვეზე კი გამოიქცა,
სულს ძლივს ითქვამდა,
მაგრამ ნაყინის მოტოციკლეტი იქ აღარ იდგა,
წასულიყო
და შავი ბოლი თრახთრახით რომ  მოიქნია ბუზისტოლამ  შორ მოსახვევში,
ერთი დღით,
არა, ერთი კვირით,
არა, მთელი ერთი სიცოცხლით წავიდა და
თვალს მიეფარა.
მე შევცქეროდი და გავიფიქრე:
თუ დაგვიანდი, რა აზრი აქვს, ფულიც რომ გქონდეს.
ფულიც რომ გქონდეს, ვერ გიშველის,
თუ რაც გინდა, არ იყიდება.
მაშინ იმხელა არ ვიყავი, ფიქრს რომ ამაზე ღრმად ჩავყოლოდი,
ახლა ცოდნა კი რაღა დროსია!
   
იქნებ  ცხოვრების  ქარიშხლებით  გადაქანცულის
გადასარჩენი სიყვარულია ბამბის ნაყინი:
ტკბილი და თბილი,
უფაფუკესი,
ზოგჯერ ნაზადაც შეფერილი,
ვეებერთელა, მაგრამ მსუბუქი,
ნებადართული…

ვინ დაგაჯერებს, ორგანიზმისთვის სასარგებლოს რომ  არ შეიცავს იგი არაფერს!
დე, როგორც უნდათ, იმეორონ:

ნეტა ეს რაღა სახელიაო,
სად სიყვარული  და სად -  ესაო?
ცისარტყელას მთელი სპექტრი შიგ რომ ერიოს,
უბრალოდ, რაღაც თბილი არისო,
თბილი და ტკბილი,
სიყვარული ვერ იქნებაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები