ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
16 ოქტომბერი, 2022


ზღვარი 36

ოცდამეთხუთმეტე თავი

  შვიდიც არ იყო ტელეფონის ზარმა გააღვიძა ეკა. ნამთვრალევ დამიანეს ღრმად ეძინა. ელვის უსწრაფესად გადასწვდა ქმრის მობილურს, საბა რეკავდა.
- უნამუსო, უთენიაღა აკლდა დარეკვა, - ჩაილაპარაკა ქალმა. ქმრის მესიჯები გადაათვალიერა. საეჭვო ვერაფერი მოძებნა და ტელეფონი გამორთო.
  ვეღარ დაიძინა. ჯერ ქმრის მეგობრებზე გაბრაზდა, მერე დამიანეზე მოეძალა ბრაზი, რა ენაღვლებათ, იმათ დალაგებული ოჯახები აქვთ, ეს კიდევ შტერი - ყველა ამას ატყუებს და იყენებს. არა, ამის ბრალია, არ უნდა ჩვენთან ყოფნა, ოღონდ სახლიდან გავიდეს და მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს. დავიღალე, ამოვიდა ყელში ამისი გაუთავებელი სმები და ძმაკაცები, გაიღვიძებს და დაველაპარაკები, გავცემ ამას საკადრის პასუხს, - ელაპარაკებოდა საკუთარ თავს ეკა.
  11 საათი ხდებოდა დამიანემ თვალები ძლივს რომ გაახილა. თავი უსკდებოდა, სული ამომდისო იფიქრა და ხელისგულები საფეთქლებზე მიიჭირა. აღარც ახსოვს სახლში როგორ მივიდა. თანამშრომლის დაბადების დღე იყო, 50 შეუსრულდა ნათელას. ტორტი ჰქონდათ და შამპანური. ზოგმა ძეხვი მიამატა, ვიღაცამ მჟავე, პური იყიდეს. ღვინო დიდი საძებნელი არ გახდომიათ. გვიანობამდე სვამდნენ. ბევრს სვამს დამიანე, ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად და ყველაფრის დავიწყებამდე. ევის შემდეგ ცდილობს, რაც შეიძლება ბუნდოვნად ახსოვდეს წარსული, ვეღარ ხედავდეს სამყაროს, გაქცევა უნდა რეალობიდან, მაგრამ ტყვეს გავს - ვეღარსად მიდის, მიჯაჭულია ამ მოვალეობებს, რომელსაც კარგა ხანია თავს ვეღარ ართმევს. იქნებ არ მოიქცა სწორად, იქნებ ჯობდა, რომ წასულიყო, ვის სჭირდებოდა მისი მსხვერპლი? რისთვის ან ვისთვის იყო საჭირო?  პირი უშრებოდა და ნერწყვის გადაყლაპვა უჭირდა.
- ეკაა, ბორჯომი არ გვაქვს? - გასძახა ცოლს და საკუთარი ხმა ეუცხოვა. პასუხი არავის გაუცია.
- ეკაა, - ახლა უფრო ხმამაღლა დაიძახა დამიანემ.
  ეკამ სამზარეულოში ონკანი მოუშვა, თითქოს ამით დააფიქსირა, აქ ვარ, მესმის, მაგრამ არაფრად გაგდებო.
- ახლა რაღა მოხდა?! - საკუთარ დამძიმებულ და გასკდომამდე ატკიებულ თავს ჰკითხა დამიანემ და დაეზარა ეკას კიდევ ერთი ისტერიკის მოსმენა. წამოიწია, ოთახი შებარბაცდა. ძლივს გავიდა სამზარეულოში, ეკა წარბშეყრილი რეცხავდა ჭურჭელს. რაღაც ჰკითხა დამიანემ, პასუხი ისევ ვერ მიიღო. აღარაფერი უთქვამს კაცსაც, ზედმეტად ცუდად იყო არარსებულ დანაშაულზე თავის მართლებისათვის. ბორჯომი გამოიღო მაცივრიდან, ბოთლიდანვე დალია და აბაზანაში წავიდა შხაპის მისაღებად. რაც მალე მორჩებოდა საქმეს და სახლიდან გავიდოდა, მით უკეთესი იქნებოდა. ჰაერი არ ჰყოფნიდა, ამ ბოლო დროს სულ დაძაბული იყო. გრძნობდა ეკას წინაშე დანაშაულს, მაგრამ ეს მუდმივი თავის მართლებაც მობეზრებოდა. ის, რაც ხდებოდა მხოლოდ მისი ბრალი არ იყო, მათი უთანხმოება ბევრი კომპონენტისგან შედგებოდა. მალე დაივიწყა ეკამ, რომ ქალი იყო. მთავარი იყო ბავშვები მოეწესრიგებინა, დავარცხნილ-დასუფთავებულები ჰყოლდა, ცხელი სადილი არ მოჰკლებოდა ოჯახს, მინები ყოფილიყო გაკრიალებული, იატაკები დაგვილ-დასუფთავებული... მთავარი იდეალური წესრიგი იყო, არად დაგიდევდა ქვაბების ხეხვისგან გადაქლეტილ ფრჩხილებს, დაუვარცხნელ თმას, თბილ ხალათს, რომელიც შემოდგომის დასაწყისიდან გაზაფხულის ბოლომდე მისი განუყრელი სამოსი იყო. არად დაგიდევდა, რომ, როცა დამიანეს მასთან ქუჩაში ხელჩაკიდებული სიარული უნდოდა, იმ დროს თეთრეული ჰქონდა დასაუთავებელი, დასაგველ-დასასუფთავებლი იყო სახლი. დამიანე თავგადაკლული შეყვარებული არც არასდროს ყოფილა, მალე კი ის უმნიშვნელო ცეცხლიც ჩაქრა და დარჩნენ ჩანაცრებულნი გაცივებულ კერასთან. დამიანეს ძალიან უჭირდა, გულის გახეთქვამდე უჭირდა და ეკას მისი ტკივილის არც დანახვა შეეძლო და არც თანაგრძნობა.
  ეკა და დამიანე თითქოს მართლა სხვადასხვა პლანეტაზე მოხვედრილიყვნენ, თითქოს მხოლოდ შვილები აერთიანებდათ და მეტი არც არაფერი ჰქონდათ საერთო და ის საწოლიც, რომელსაც ჯერ ისევ იყოფდნენ, სასჯელად ქცეულიყო. სიამოვნებაზე მეტად მოვალეობას იხდიდნენ, ხანდახან უღიმღამოდ, ყოველგვარი რომანტიკისა და სენტიმენტების გარეშე, საწოლში, შუაღამისას, როცა ბავშვებს ღრმად ეძინათ, სიბნელეში, საბნის ქვეშ უგერგილოდ ეხვეოდნენ ერთმანეთს. მერე იწვნენ ზურგშექცევით, ეკა თითქოს ამადლიდა, ხედავ რა ქალი ვარ, არაფერს გაკლებო. თავს იბრალებდა, თითქოს ვალი ყოფილიყოს - მათი ქორწინების საზღაური, ოჯახის შენარჩუნებისათვის გაღებული მსხვერპლი. დამიანე კი იწვა, თვალები დაეხუჭა და ევიზე ფიქრობდა. იმ წუთებზე, როცა კი არ სურდა, სჭირდებოდა; როცა უყვარდა; როცა ფართოდგახელილი თვალებით აკვირდებოდა და მის დამახსოვრებას, ყველა წამის შენარჩუნებას ცდილობდა; ახსოვდა მისი ხელები, მისი ყველა შეხება ახსოვდა, მისი თვალები და გამოხედვა, მისი ტკივილი და ბედნიერება ერთ მზერაში, ახსოვდა და ახლა, იმ ქალის გახსენების შემდეგ, ყველა ღამე, როცა სარეცელს სხვა ქალთან იყოფდა, წარმოუდგენელი ტკივილი იყო.
- რატომ ადრე არ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში? - მუდმივად უმეორებდა ევის და თითქოს ამ დროს საყვარელ ქალსაც საყვედურობდა და სამყაროსაც.
- მე სულ აქ ვიყავი, უბრალოდ შენ ახლა დაგჭირდი, ახლა მოგაკლდი ჰაერივით და ამიტომ დამინახე. თითქოს დიდი სიცარიელე გაჩნდა შენს ცხოვრებაში და მე მისი ამოვსება მევალებოდეს, - უთხრა ევიმ. და მერე სულ ფიქრობდა დამიანე იმ სიცარიელეზე, რომლის არსებობამაც გახადა ევი საჭიროდ.
  სანამ შხაპს იღებდა, ლამის გული გაუჩერდა, დაორთქლილ სარკეს ხელისგული გადაუსვა და საკუთარ თავს მიაჩერდა.
- გაიპარსე რა, რა არის ეს, ზარმაცო შენ, - გაახსენდა ევის სიტყვები და გაეღიმა. ერთ ხანს ხელში ატრიალა საპარსი, მერე თითქოს იმ იმედით, რომ ისევ გადაეყრებოდა ქუჩაში ევის, რომელიც წარბებს აძგიბავდა და განაწყენებული ბავშვივით დატუქსავდა, გაიპარსე პირი თორემ არ გაკოცებო, ჩააბრუნა აბაზანის ჭიქაში საპარსი, კარი გამოაღო და სახლი ორთქლით აავსო. აივნის კარი შეღებული იყო და წვიმის ხმა აღწევდა ოთახში. ისევ ევი წამოაგონდა, ახლა დავწვებოდი, გულში ჩავიკრავდი და ღრმად დავიძინებდი, - იფიქრა და ეტკინა ევის სიშორე.  ღმერთო, რა ვუშველო ამ ქალს და ამ სიყვარულს? ნუთუ არასდროს გადამივლის? ნუთუ სულ იქნება, სულ მეყვარება.
  ხმაურით ამზადებდა სადილს ეკა. ჭურჭლის ხმაზე გაახსენდა გაბუტული ცოლი და სახლიდან რაც შეიძლება სწრაფად გასვლა მოუნდა. კიდევ ერთხელ დატრიალდა სახლი. მართლა ნამეტანი მომსვლიაო, გაუწყრა საკუთარ თავს და კარადაში პერანგს დაუწყო ძებნა. თეთრ პერანგს ეძებდა, ევის საყვარელი პერანგი იყო, აუხირდა მაჩუქეო. სხვას გიყიდიო ასეთს და შენი ზომისასო, დაჰპირდა დამიანე. არა, მე ეს მინდაო, აიხირა ბავშვივით. კარგი, წამოგიღებ ხვალო, პირობა მისცა კაცმა.
- არა, არ წამომიღო, ჩემი იყოს, მაგრამ შენ გეცვას ხოლმე, გათხოვებ, და იცოდე, რომ წესიერად გაუფრთხილდი! - ჩამოართვა პირობა.
  ძლივს შეიკავა თავი, ეკას რომ არ გასძახა ევის პერანგი სადააო. ვერ მიაგნო, შავი მაისური ჩაიცვა და ის იყო გასვლას აპირებდა სახლიდან, რომ აკოსილი თმითა და სველი ხელებით დოინჯშემოყრილი გამოვიდა ეკა და კარში ჩადგა.
- სად მიდიხარ? ჯერ ხომ არ გათენებულა?!
  დამიანეს ისე სტკიოდა თავი, გაბრაზება დაეზარა.
- სამსახურში.
  ეკა ზურგით მიეყრდნო კარს. დამიანე ერთ ხანს შედგა და გაოცებული უყურებდა ცოლს, მერე ხმამაღლა გაეცინა.
- აუუ, ჩემი, - ცოტა ხანს ხმამაღლა იცინოდა და მერე ისე გაბრაზდა, მთელი ხმით დაიღრიალა: სულ გაგიჟდი, შენ, გოგო? შენ უნდა გკითხო, სახლიდან გავიდე თუ არა?
- არა, მე რატომ უნდა მკითხო, მე ხომ შენი მოსამსახურე ვარ! შენ შვილებიც ფეხებზე გკიდია, სახლიც, ცოლიც, ყველაფერს, ყველა მოვალეობას მე ვასრულებ ამ სახლში! შენ მხოლოდ გახვიდე სახლიდან და ძმაკაცები არ მოაწყინო. ან იქნება კიდევ ვინმე ახალი ქალი გყავს?!
- სამსახურში არ წავიდე, ეკა? ვერ გავიგე რა გინდა!
- სულ მუშაობის დარდი გაქვს, აბა რა. ოჯახი მხოლოდ გადახდილი გადასახადები და პროდუქტები არაა. შვილებს მამა უნდათ და არ ჰყავთ.
- მე ჩვენი შვილებისათვის არაფერს ვაკეთებ?
- არა, ბავშვებს მამა არ ჰყავთ. ამ სახლში შენ მხოლოდ გძინავს, ბანაობ და გაქცევას ცდილობ. მხოლოდ მე ვაკეთებ ყველაფერს.
- რა გინდა სამსახურს თავი დავანებო და მინები ვწმინდო? მე საკუთარი თავი დავივიწყე, საკუთარ თავზე უარი ვთქვი თქვენ გამო და დააფასე ეს, თორემ ყელში ამომივიდა უკვე. ამისი დედაც... და საერთოდ, თუ იღლები გითხარი, რომ ავიყვანოთ დამხმარე.
- დამხმარე ქალი და მასთან რომანიღა გაკლია, მაგითი რომ მომჭრა თავი, ერთი ეგღა დაგრჩა.
- ავადმყოფი ხარ! - მკლავში ხელი მოჰკიდა და გვერდზე გასწია, - ჰკითხე საკუთარ თავს, რატომ მინდა ამ სახლიდან გაქცევა, - კარი მთელი ძალით მიაჯახუნა და ერთი ამ ცხოვრებისაცო, მწარედ შეიგინა.
  მანქანაში რომ ჩაჯდა გული ისე ჰქონდა აჩქარებული, სუნთქვა უჭირდა, ხელები უკანკალებდი. ერთი პერიოდი იფიქრა, ახლა ავბრუნდები სახლში და საბოლოოდ დავუსვამო წერტილს ამ ჯოჯოხეთს, მაგრამ მერე შვილები გაახსენდა, რაღაცნაირად საკუთარი თავიც დაადანაშაულა - სულ ვენატრებიო, ბავშვებმაც რა ქნან, ისინი რაში არიანო დამნაშავენი. მაგრამ თავადაც ჩიხში იყო, მეტის გაკეთება არ შეეძლო, მეტი უკვე მის შესაძლებლობებს ჭარბობდა. ისედაც ამ სახლში ცხოვრება, ამ ქალის გვერდით ძილი, ეს მოვალეობები ახრჩობდა. კვდებოდა დამიანე და მიუხედავად იმისა, რომ ხსნის გზა ეგულებოდა, მაინც სიკვდილი აირჩია, თავისი პასუხისმგებლობის, იმ მძიმე ტვირთის ბოლომდე გასატანად, რომელიც საკუთარი ნებით მოიკიდა ზურგზე. დღესვე განქორწინდებოდა, მაგრამ ეკა ზედმეტად არის მიჯაჭვული დამიანეზე, ეკას ვერც კი წარმოუდგენია, როგორ შეიძლება გააგრძელოს ცხოვრება ქმრის გარეშე. დაიღალა, ძალიან დაიღალა დამიანე.
  ისევ გადმოვიდა მანქანიდან, ერთ ხანს წინ და უკან დადიოდა, მესამე ღერს გაუკიდა უკვე. მერე სადარბაზოს კედელზე მიაჭყლიტა სიგარეტი და კიბეს აუყვა. ეკა ჯერ ისევ გაუსწორებელ საწოლზე იჯდა, ხელისგულებში ჩაერგო თავი და ტიროდა. დამიანემ პიჯაკი გაიხადა, საწოლზე მიაგდო და ეკას გვერდით დაუჯდა.
- რა გინდა, ეკა. მართლა ვერ გავიგე, განგებ იწყებ ყველა დილას სკანდალით, რომ მთელი დღე ჩამაშხამო, თუ რამეს ვაშავებ და ვერ ვხვდები?!
- რომელ საათზე მოხვედი წუხელ?
- ქალბატონი ნათელას დაბადების დღე იყო, სხვათა შორის, დაგირეკე და გითხარი, გამოდი-მეთქი შენც, გაუხარდებოდა, მაგრამ ტელეფონზეც კი არ მიგილოცავს.
- ჰო, აბა მე ოპერასა და თეატრში ხომ არ წამიყვან, ნათელას დაბადების დღეზე მეპატიჟები.
- როგორც მახსოვს, ბოლოს კინოს ბილეთები ტყუილად ვიყიდე, წამოსვლა არ ისურვე!
- არ მჭირდება მოვალეობის მოხდის მიზნით შენი კინოები და თეატრები!
- იმის დედა, ვაფშე თუ ვხვდებოდე რა გინდა რა! - წამოხტა ფეხზე დამიანე და კარისკენ დაიძრა.
- რა მინდა? შენთვის მხოლოდ მეგობრები არსებობენ, იმის იქით შენ არაფერი გახსოვს, ნამუსი არ აქვთ, მე უკვე ყელში მაქვს ამოსული და საკუთარ თავზე პასუხს აღარ ვაგებ, თავი დაგვანებონ, თავის ოჯახებს მიხედონ.
- ჩემი მეგობრებისგან რაღა გინდა? - გაოცდა დამიანე.
- რა და უნამუსოები არიან, ხომ უნდა მიხვდნენ, რომ ოჯახი გყავს, ეგენი ჩვენი ოჯახის დანგრევას ცდილობენ, შურთ ჩვენი.
- დავიღალე, ეკა. მართალი ხარ, სახლში მოსვლა აღარ მინდა, ეს ოჯახი აღარაა, თავს ვიტყუებთ, ამას უკვე ჯოჯოხეთი ჰქვია!
- ოჰ, ჩვენ ბოდიში რო, ევი არ ვარ და მუსიკის ჰანგებით ვერ გაღვიძებ ყოველ დილით!
  დამიანე ერთ ხანს გაოცებული შეჰყურებდა ეკას, ვერ გაეგო საიდან იცოდა ეკამ ევის შესახებ. როდის, რა გზებით გაეგო ამ ქალის არსებობა. მერე წამოდგა, პიჯაკი აიღო და ოთახიდან გასვლამდე უთხრა ეკას:
- მართალია, შენ ევი არ ხარ!
  მიხვდა, რომ საჭესთან ჯდომა არ შეეძლო, ვერც სამსახურში წავიდოდა, ბიჭებს დავურეკავო იფიქრა და ტელეფონი რომ მოიმარჯვა დასარეკად, მაშინღა შეამჩნია, რომ გამორთული იყო.
- ოოხ, ეკა, ეკა, - ხმამაღლა თქვა და მობილური ჩართო. საბასგან ათამდე გამოტოვებული ზარი დახვდა. მიხვდა ეკას ამ ისტერკის მიზეზებს და კიდევ უფრო გაბრაზდა. საბას დაურეკა:
- ხომ მშვიდობაა, ბიჭო? - ჰკითხა, აიღო თუ არა საბამ ყურმილი.
- სად ხარ, შე ჩემა, მოვკვდი რეკვით! - დაეღრინა ყურმილს მიღმა საბა.
- ჰო, რა ვიცი მეძინა.
- გამოდი, სანაპიროზე ვართ.
- გრიგოლაც მანდაა?
- კი, ძმაო, შენ გვაკლიხარ, ყველა აქ ვართ.
- კაი ჰო.
- კაი ჰო კი არა, მალე რა, როგორც იცი ხოლმე ისე არ ქნა ახლა, - კარგად შემთვრალიყო საბა. სად მოასწროო, გაუკვირდა დამიანეს ტელეფონი რომ გათიშა და ტაქსიში ჩაჯდა და, მიუხედავად იმისა, რომ გაღვიძებისთანავე გადაწყვიტა, კარგა ხანს აღარ დავლევო, მიხვდა, ახლა ერთადერთი რაც უშველიდა, გონების დაკარგვამდე დათრობა იყო.
  წვიმამ მოუმატა. ფანჯარაზე დაკიდებულ წვეთებს დააკვირდა და ღრმად ამოიოხრა: სად ხარ ახლა, ჩემო გოგო? ხომ შეიძლება ჩამოიარო იმ ქუჩაზე, რომელზეც მე ვიდგები და ისე, ზურგიდან მაინც მოგკრა თვალი. ხომ შეიძლება ერთხელ მაინც გავიგო შენი ხმა. ალბათ, ფიქრობ, რომ მიგატოვე, ფიქრობ, რომ გიღალატე, არა, მე შენთვის არ მიღალატია, მე საკუთარ თავს ვუღალატე, მე საკუთარ თავს ვუთხარი უარი. ნეტა შეგეძლოს გაგება ახლა, როგორ მჭირდები, როგორ უზენაესად მიყვარხარ. შენგან გაქცევას რომ ვცდილობ, უფრო მეტად გიახლოვდები, სულ ჩემს ფიქრში ხარ, ჩემი გონებიდან ვერ გიშორებ. რომ ვიცოდე, ეს შენ გჭირდება, ამ წუთას დავთმობდი, ჩემს გაძაღლებულ ცხოვრებას. ნეტა შეგეძლოს გაგება, როგორ მჭირდები, როგორ მიყვარხარ, ნეტა შეგეძლოს ამის ცოდნა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები