ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
31 აგვისტო, 2022


აჯისაი (მესამე, მეოთხე ნაწილი და დასასრული)

მესამე თავი

ყოველ ჯერზე უფრო და უფრო უჭირდა მშობლიურ ქალაქში დაბრუნება, ეჩვენებოდა რომ მიტოვებული სახლი საყვედურებით ავსებდა.
სკოლის დასრულების მერე, ყოველ თვე ჩადიოდა, სახლს ასუფთავებდა, საფლავებს აწესრიგებდა და ფოტოებთან სანთელს ანთებდა .სახლი წესიერად ვერც ასწრებდა განიავებას, ობობებისგან მხრების ჩამოფერთხვას, წელში გამართვას და მზეს მიფიცხებას, რომ კვლავ იკეტებოდა და რჩებოდა მარტო. დედისეული სახლიდან თავისი პირადი ნივთებისა და ბებიის ნაჩუქარი ციფერბლატიანი, მწვანე ტელეფონის მეტი არაფერი წაუღია. ყველაფერი ძველებურად დატოვა - მოგონებების დიდი მცველი გახლდათ კოტე.
მატარებლის ვაგონიდან ჩამოსულს, ბაქანზე დედის მეგობარი ქალბატონი შეხვდა.
- კოტე, რაფერ ხარ ბიჭო? როგორ გამიხარდი. აწი, ყველაფერი კარგად მექნება. შენ ყოველთვის კარგ ფეხზე მხვდებოდი ხოლმე.
- თქვენ როგორ გიკითხოთ ლუიზა დეიდა?
- როგორი სიმპატიური ხარ!  მიხარია შენი ამბები. საწყალი დედაშენი ტყვილა არ წვალობდა. კარგი შვილი ხარ შენ, კარგი შვილი, იმედები არ გაუცრუე ქალს! - და მკერდზე ხელი მოუთათუნა, უფრო მაღლა ვერ მიწვდა.
- მაინც არ მიპასუხეთ როგორ ხართ?
- არც შენ მიპასუხე მარა....  - გაეცინა ქალს.
- მე, კარგად ვარ, ლუიზა დეიდა. ვმუშაობ. სხვა ყველაფერი ძველებურად. ახლა შვებულება ავიღე...
- კარგია შვილო შვებულება, თვარა, აი, უშვებულებოდ რომ ვიმუშავე , მიტომ ვარ ასე დაგრეხილად.
- ცუდად ხართ ლუიზა დეიდა?
- უჰ, მე რა საკითხავი ვარ ბიჭო. ან, ჩემი ავად ყოფნა რაღა გასაკვირია?! გამოკვლევებზე დამიბარეს  თბილისში, მეც მორჩილი ბაღანესავით უნდა ჩავჩაქჩაქდე თბილისში.
- რამით ხომ არ შემიძლია თქვენი დახმარება ლუიზა დეიდა?
- მადლობა რომ მკითხე. თუ ხვალ არ ბრუნდები უკან, 2 დღეში ჩამოვალ და შემომიარე.
- აუცილებლად, ლუიზა დეიდა.
- გელოდები კოტე.
- იმედია, კარგი ამბებით დაგვიბრუნდებით.
კოტე დაემშვიდობა ქალს და სანამ თვალს არ მიეფარა, მანამ მიაცილა თვალით.
კოტეს სახლი სანაპიროსთან სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობდა. მის გვერდით უკვე აღემართათ ცათამბჯენები, ისე რომ დილას ზღვიდან წამოსული ბრიზი მის ბელეტაჟის აივნამდე ვეღარ აღწევდა. ხის მოაჯირებს გახუნებისგან ალაგ-ალაგ საღებავის ფენა მოფარფატე პეპელასავით ეჯდა, მაგრამ სურნელი, რომელიც სახლს ასდიოდა, პირველივე საფეხურზე ფეხის შედგმისას იგრძნობოდა. იმდენად საყვარელი და მშობლიური იყო კოტესთვის ეს სურნელი, ჩაბეჭდოდათ მის ყნოსვის რეცეფტორებს და ხშირად იგივე სურნელი ფანტმოსმიასავით ეჩვენებოდა სახლიდან შორს მყოფს.
იმ დღეს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. საღამოს 6 საათისთვის სასაფლაოზე ავიდა, ჩვეულებისამებრ მიასუფთავა საფლავი, გადაწმინდა ქვები და ყვავილები დაულაგა. სანთლები დავიწყნოდა და იფიქრა, მეორე დღეს ბათუმელ მამაოს სანახავად შევლისას სანთლებსაც წამოვაყოლებო.
ღამე უცნაურად ეძინა. ხან ლუიზა დეიდა ესიზმრებოდა და ხანაც შორიდან მომავალი ვიღაც გოგონა... დილით, გათენებული არ იყო რომ წამოხტა საწოლიდან და დაფაცურდა. ზუსტად ვეღარ აღიდგინა სიზმარი, ხმამაღლა ჩაილაპარაკა -„ ესკალატორს კი ჯობია“-ო და მომცრო სამგზავრო ჩანთიდან პირსახოცისა და საცურაო კოსტუმის ამოლაგება დაიწყო. მიასწორა თუ არა ლოგინი, ზღვაში გავიდა.
ასე უთენია, ლამპიონები ჯერაც რომ არ ჩაექროთ, ცარიელი იყო სანაპირო და ეს უნდოდა კოტესაც. გაახსენდა ბავშვობა, ნიკუშასა და მისი შეჯიბრებები, ლალი....
ლალი პატარაობიდანვე ბიძასთან ჩამოდიოდა ზღვაზე დასასვენებლად, სანაპიროზე ხელბურთის თამაშისას შეხვდნენ და თანატოლები მალევე შეეთვისნენ ერთმანეთს. ლაღად ატარებდნენ  დროს და კარგ მეგობრებადაც იქცნენ. ლალი მხიარული და სხარტი გოგონა, შორტებსა და შარვლებს რომ არასდროს იხდიდა, მუდამ მზად იყო ბიჭური თავგადასავლებისთვის. ნიკუშასა და კოტეს ხუმრობებზე განსაკუთრებულად გულიანად  კისკისებდა, ბიჭებსაც უხაროდათ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლალის გაცინებაში. ნიკა სიცელქით და ონავრობით გამოირჩეოდა სამივეს შორის. ხშირად არ ეთანხმებოდა კოტე და მის შეგონებას იწყებდა, რაზეც ლალის გაუჩერებელი კისკისი უტყდებოდა და ბოლოს, ყოველთვის ნიკუშას მხარეს იჭერდა.
სააბიტურიენტო წელს , როცა ბიჭებმა გადაწყვიტეს კარგად დაესვენათ, ლალი ისეთი შეცვლილი და დასერიოზულებული ჩამოუვიდათ თბილისიდან, მის შესახვედრად გაქცეულები შეჩერდნენ და ძველებურად ჩახუტება და ჩაკოცნა მოერიდათ. გოგო ნაზად იღიმოდა და სიმშვიდეს და სიკეთეს ასხივებდა. კოტეს გული ჩაწყვიტა იმის შემჩნევამ, რომ ნიკა რაღაც გადასხვაფერებულად, თვალებში სრულიად უცხო სხივჩამდგარი მზერით უყურებდა გოგოს და თვალს ვერ აცილებდა.
***
ეკლესიაში მესანთლეს მოწოდებულ ხურდას შესაწირში დებდა, როცა ზურგსუკან უჩვეულო სითბო იგრძნო. მოტრიალდა და ხედავს ულამაზეს, თეთრსა და ფითქინა ქალს, იისფერ თავსაფარში, მარგალიტივით მბზინვარე თავთუხისფერი კულულებით.
- ლალი! - შეჰყვირა გაოცებისა და სიხარულისგან. ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა, თუმცა ამაზე საფიქრელად სად ეცალა.
- კოტე! როგორ გამიხარდა შენი ნახვა! იმედი არ მქონდა რომ აქ შეგხვდებოდი.
- აქ, ეკლესიაში თუ? - დაბნეულად მიუგო კოტემ.
- ეკლესიაშიც და ბათუმშიც. ლუიზა დეიდა ამბობდა თვეში ერთხელ თუ ჩამოირბენს და ისიც , მეორე დღეს უკან , თბილისში ბრუნდებაო.
- ლუიზა დეიდა გუშინწინ ვნახე, თბილისში გამოკვლევებზე მივდივარო და შენზე არაფერი უთქვამს.
- რა უნდა ეთქვა?
- რომ აქ იყავი...
- არ იცოდა, სიურპრიზი გავუკეთე ჩემებსაც.
- რამდენი წელია აღარ შევხვედრივართ!
- ბევრი, მაგრამ შენ არ შეცვლილხარ კოტე.
- შენ კი უფრო დამშვენებულხარ ლალი. ვიცოდი რომ საქართველოში არ იყავი. მერე გავიგე ფლორენციაში სწავლობს ხელოვნების ფაკულტეტზეო. - ამასობაში, ვერც შეამჩნიეს ისე გამოვიდნენ ეკლესიის ეზოდან და ქუჩას გაუყვნენ სკვერისკენ.
- სულ დამავიწყდა, სანთლების ყიდვა რომ მინდოდა! - უცებ შეიცხადა ქალმა ნაზი ღიმილით, მაგრამ უკან არც კი გაუხედავს.
- წავალ, გიყიდი, ან ჩემსას გიწილადებ.
- არა უშავს, იყოს, ხვალ ბავშვი მინდა ვაზიარო და ვიყიდი, არაა საჩქარო.
- ბავშვი? ვისი ბავშვი?
- ჩემი.
- არ ვიცოდი ლალი - ოდნავ დადაბლებულ ტონალობაში უთხრა კოტემ. თითქოს ნირი წაუხდაო, მაგრამ მალევე აიყვანა თავი და თითქმის ბუნებრივად ხალისიანად გააგრძელა.
- შენები ხომ არიან კარგად?
- კი. ცოტა დამიბერდნენ. შენ საით ხარ? რას საქმიანობ?
- რავიცი, თბილისში ვარ, ვმუშაობ... არაფერი განსაკუთრებული.
- არ მოგატყუებ და რაღაც ამბებს კი მიყვებოდა ლუიზა დეიდა...
- გიყვებოდა?
- კი, ხშირად ვურეკავ ხოლმე, ვსაუბრობთ, ვიხსენებთ ძველ დროს... შენ...
- რა კარგი გოგო ხარ! მე ერთხელაც არ მომივიდა თავში დამერეკა და მომეკითხა. ... ჩემს ამბებს კითხულობ ხოლმე?
- კი...
- ისე გაქრი, ისე აორთქლდი... დამშვიდობებითაც არ დაგვემშვიდობე. დღემდე არ ვიცი რა მოხდა. ლუიზა დეიდასგან რატომ უნდა გაგეგო ჩემი ამბები, როცა ჩემთან შეგეძლო დაგერეკა და გეკითხა?! - საყვედურის ტონს ვერაფრით ვერ მოერია და სახეც კი შეეცვალა.
- .....  - ქალი დუმდა, თავი დაბლა დახარა პრინცესა დიანასავით და დიდრონი თვალებით ასე დარცხვენილი შუბლის მიღმიდან ამოჰყურებდა ბიჭს .
- მაპატიე ლალი, საყვედურებით აგავსე. არადა, ვერ აგიხსნი სიტყვებით, თუ როგორ მომენატრე და როგორ მინდოდა შენი ნახვა! ბიძაშენის სახლში რამდენჯერ მივედი, ვერ მოვთვლი. ხან არავინ მიღებდა და ხანაც თქვენი დიასახლისი მეუბნებოდა რომ არაფერი იცოდა შენს შესახებ. შენთან სახლში რომ ვრეკავდი, ნომერი გაუქმებულიაო. მერე ნიკუშამ მითხრა საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად და არ ამბობენ სად არის ახლაო.
- ნიკას ამბავი ელდასავით იყო ჩემთვის. აქაც რომ ვყოფილიყავი, ალბათ ვერ შევძლებდი მისვლას და მისამძიმრებას. ვწუხვარ და მრცხვენია რომ მძიმე წუთებში შენს გვერდით არ ვიყავი. - აქ კოტეს გული მოეწურა და ბევრი, ძალიან ბევრი რამის თქმა მოუნდა ლალისთვის. რომ ეგონა, წლები მოემატა და ემოციების მართვა უკეთ ისწავლა, თავშეკავებასაც შეეჩვია და საკმაოდ კრიტკულ ფილტრში ატარებდა ყოველ სიტყვას, მიხვდა რომ ცდებოდა. უძლურება იგრძნო. შერცხვა კიდეც ამდენი ხნის უნახავი მეგობრის. იმ წუთამდე , ლალის გახსენებაზე მხოლოდ იმასღა ნატრობდა, ნეტავ მანახა სადაა და როგორ არისო. ახლა კი მოუნდა ყველა კითხვის დასმა, ყველა გაუგებრობის გამორკვევა და ... და თქმა იმის, რისი თქმაც ათასჯერ უნდოდა და ვერ გაბედა. ახლა კი, ახლა კი იყო ძალიან გვიანი, თუმცა უჭირდა , ძალიან უჭირდა თავშეკავება.
- აი , მოვედით - თქვა ქალმა და კოტეს პირისპირ დაუდგა. დაკვირვებული უყურებდა თვალებში. მის გამოხედვაში იყო მზრუნველობა, სითბო, და არც ერთი წვეთი დაეჭვება ან გაურკვევლობა.
- ბიძაშენის სახლი სხვა ქუჩაზე არაა?
- კი, ისევ იმ ქუჩაზეა, სადაც უწინ. ეს ჩემმა ქმარმა იყიდა. ძირითადად აქ ვიცხოვრებთ.  - ქალის პასუხები ხელოვნურად შემოკლებული მოეჩვენა კოტეს, იფიქრა თავი მოვაბეზრეო. არადა, ქალი სულ სხვა მიზეზით სიტყვაძუნწობდა.
- მე შვებულებაში ვარ. ხომ შევხვდებით კიდევ?! - დამფრთხალი სიფრთხილით იკითხა კოტემ.
- კი, ლუიზა დეიდასთან მინდა მისვლა და ხვალ თუ ისევ თბილისში იქნება, ზეგ აუცილებლად შევუვლი კოფეზე.
- ხოდა მეც დამპატიჟა, შემომიარე რომ ჩამოვალო.
- დროებით, მაშინ.
- დროებით ლალი.
ქალი ოლეანდრის მაღალ ბუჩქებში გაუჩინარდა. კოტე კიდევ დიდხანს იდგა მისი სახლის ჭიშკართან და მოგონებებისა და ძლიერი გრძნობებისაგან წარმოქმნილ ჟრუანტელს უმკლავდებოდა.
***
მთელი ღამე თვალი ვეღარ მოხუჭა. ძველი ფოტო ალბომები გადმოიღო. დედას ფოტოებს რამდენიმე გვერდი ეკავა მხოლოდ. დანარჩენი: მისი ჩვილობა, ბავშვობა, მეგობრები, სკოლის პერიოდი და განუყრელი სამი მეგობარი: კოტე, ნიკა და ლალი... რამდენი ფოტო გადაგვიღიაო - თავადაც გაუკვირდა ბოლოს.
გარიჟრაჟისკენ, ახალი ჩაძინებული იყო რომ ისევ ძველებურად წამოფრინდა ლოგინიდან და ზღვისკენ გაეშურა. ზღვა ამღვრეულიყო მისი ფიქრებივით. ტალღებს მოჰქონდა გემების სევდა, აღარ ჩანდა ზღვის ფსკერი და ჰაერი მაზუთის სუნით იყო გაჟღენთილი. ზღვის ქაფის შემყურეს ისეთი სიამე ეუფლებოდა... იცოდა რომ ზღვის მოსურვილებას მაინც ვერ მოახერხებდა და ტალღებში თავით გადაეშვა. კარგად ცურავდა კოტე. მოსწავლეობისას მშვიდ ზღვაში არც კადრულობდა შესვლას. მაშინ როცა, დამსვენებლები სანაპიროზე დაეფინებოდნენ ან სახლში მირბოდნენ სიცივისგან შეშინებულები, კოტე და მისი სამეგობრო ტალღებთან თამაშს იწყებდნენ.
წყლიდან გამოსული კოტე პირსახოცით შემშრალდა და სახლში დაბრუნდა. ერთი პირობა იფიქრა ეკლესიაში წირვას დავესწრებიო, მაგრამ მერეღა გაახსენდა რომ ლალიც იქ იქნებოდა ბავშვთან ერთად და გადაიფიქრა.
საფლავზე  ავიდა, ამჯერად სანთელიც არ დაავიწყდა . ფიქრებში ჩაძირულს დრო ისე გაექცა , მოსაღამოვებული იყო შინ რომ დაბრუნდა და გათანგული  საწოლზე მიეგდო. წინა ღამის უძინარს, ტანსაცმლიანს მიეძინა. დილით კარგად იყო უკვე მზე ამოწველილი, როცა სიცხისგან შეიღვიძა. როგორც კი გაახსენდა რომ იმ დღეს ლუიზა დეიდასთან უნდა მისულიყო, წამოფრინდა საწოლიდან, მოწესრიგდა და ოც კვადრატულ მისაღებში წინ და უკან დაიწყო სიარული. ნერვიულობისას ზოგი ფრჩხილებს იჭამს, ზოგი ტუჩს იკვნეტს, ზოგი უზომოდ ჭამს .... კოტემ კი ბავშვობიდან ასე იცოდა ნერვიულობა. ლენინივით უკან შემოიწყობდა ამოტრიალებულ ხელისგულებს და მიდი-მოდიოდა.
ერთი აზრი მოსვენებას არ აძლევდა. თავი თითქოს ადუღებამდე გაუხურდა, მაგრამ აზრებს მაინც ვერ უყრიდა თავს და ვერ ალაგებდა ერთ ჯაჭვად. კარგად ხვდებოდა რომ აზრების სირთულე არაფერშუაში იყო, არამედ სიტუაცია ართულებდა ყველაფერს და მისი აფორიაქებული სული ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებდა.
აქამდე, არცერთ გოგოსთან თუ ქალთან არ გაჭირვებია საუბრის წამოწყება საქმეზე, რომელსაც თითქმის ნახევარი წელი შეალია.არც დაწყება უჭირდა და არც დასრულება უძნელდებოდა. ახლა კი... ახლა, როგორ ჰკითხოს ლალის ბავშვის შესახებ? თუ მისი ცნობიერის ერთ ნაწილს უნდოდა რომ ნიკუშასი აღმოჩენლიყო, მეორე ეუბნებოდა „ოღონდაც ნიკუშასი არა“. მისი ქვეცნობიერი კი რაღაც უცნაურ გემოს უტრიალებდა გულშიც და გონებაშიც, იმგვარად რომ გული სხვას ედავებოდა და გონება კი - სხვას. ვერ გაეგო ოღონდ, რომელი რომლისკენ უბიძგებდა.
- „თავის დროზე არ ვიბრძოლე  ბედნიერებისთვის. ახლა მაინც მოვიქექო თავი და ძალები არ დავაკლო... არ დავნებდე...“
- „ხომ არ გაგიჟდი , კოტე?! გათხოვილი ქალია, შვილიც ჰყავს. ნეტა რამდენი წლისაა? როგორ არ ვკითხე?! მე რომ ვერ დავივიწყე და არ შევქმენი ოჯახი, ამ ქალმა რა დააშავა?! არ უნდა ავურიო გზა! არ მაქვს ამის უფლება!“
- „ არც იმის უფლება მაქვს  ბედნიერება უკვე აგერ მეორედ გავუშვა ხელიდან! ან რომ ვუთხრა, ამით რა დაშავდება?! მე ჩემსას ვეტყვი და... მაგრამ ბავშვზე როგორ ვკითხო? როგორ გავარკვიო? ან როგორ გამოვა? ჩემს გრძნობებზე დაველაპარაკო და თან ვკითხო, ნიკუშასი ხომ არაა ბავშვი? არა, კოტე, დიპლომატია გმართებს, მაგრამ სადაა ?! თითქოს ყველა ჩემს გამჭრიახობას დამბლა დაეცა, მომიბლაგვდა ყველა მახვილი თვალი და არც არავინაა გვერდით რომ ჭკუა დამარიგოს.  ნეტა ნიკა რას მეტყოდა ახლა?!
ასე, ნახევრად ბოდვაში ისე გაოფლიანდა, ხელახლა მოუწია შხაპის მიღება. სახლიდან გასვლისას სარკეში საკუთარ ანარეკლს დამაჯერებლად დაუკრა თავი და ლუიზა დეიდასკენ ფეხით გაემართა.
***
მე-4 თავი

მანქანით 5-10 წუთის სავალი, ფეხით გაიარა, მოუსვენრობას რომ გამკლავებოდა, ასე არჩია,  თანაც ღამის წვიმამ მიწა გააგრილა და ზაფხულის სურნელი ესიამოვნა კოტეს.
ლუიზა დეიდა ძველ, ულიფტო ხუთსართულიანის პირველივე სართულზე ცხოვრობდა. ეზოს მხარეს, 50 კვადრატამდე მიწა ჰქონდა შემოღობილი მის ცხონებულ მეუღლეს და ლოჯიიდან პირდაპირ ეზოში ჩადიოდა რამდენიმე საფეხურიანი კიბე.
ლუიზას ქმარი რობინზონი, ხელმარჯვე და დაუზარელი კაცი იყო. დაქვრივებამდე ხშირად ნახავდით დილა-საღამოს მოჭუკჭუკე ცოლ-ქმრის ჩაის სმის ცერემონიას, რობინზონის მიერ საგულდაგულოდ, სიყვარულითა და რუდუნებით მოწყობილ ულამაზეს, ბამბუკის ფანჩატურში. ჩაისთვის ალუბლებიანი ჭიქები ჰქონდათ. შესაძლოა, სწორედ წარსულის მოგონებების გამო , ჩაის სმა რაღაც, ღირსების მაგვარი გახდა პენსიის ასაკს კარგად გადაცილებული ქალისთვის. ღმერთმა შვილები არ მისცათ, თუმცა თავადვე ამბობდა მისი ქმარი :იმდენ ბავშვს შეაყვარა თავი ამ ჩემმა „პარასკევამო“, მაგათი სიყვარული ეყოფა, მეტი არც უნდაო.
ბაღში შემავალ კარს ეზოს სიმწვანე გადასდებოდა და კარგად თუ არ დააკვირდებოდი, ვერ შეამჩნევდი - ქმარი რაც გარდამეცვალა, ამის გასაღებიც დავკარგე და აღარც მიძებნიაო - იმართლებდა ხოლმე თავს ლუიზა.
ეზოს რომ მიუახლოვდა, ქალების საუბარი გაიგონა. ლუიზა დეიდას ხმა ადვილად ამოიცნო. მეორე ქალის ხმა ეცნო, თუმცა ვერ გაიხსენა ვინ შეიძლება ყოფილიყო. ყურის დაგდება არც უკადრია. ინსტინქტურად ავიდა სადარბაზოში და კარზე დაუზარუნა. კარი ლალიმ გააღო - არ კი მოელოდა ასეთ დახვედრას კოტე. ეგონა დროზე ადრე მივიდა. ლალის თვალები უბრწყინავდა, ალბათ კოტესაც, ოღონდ, ისე იყო შებოჭილი, დაძაბული და ნერვებს აყოლილი, ლალის სამზარეულოში გაბრუნების შემდეგ, საკუთარ არაადეკვატურობაზე მოუვიდა გული, ეგონა,  სათანადოდ ვერ გამოხატა სიხარული და ლალის ფიქრები ედარდებოდა.
-ძალიან გემრიელი ნამცხვარი მოვიტანე , დავჭრი და ჩამოვალ ეზოში. იქ არიან გოგოებიც.
- ვინ გოგოები?
- ლუიზა და ჟუჟუნა.
კოტეს ნაცრისფერი უჯრედები ჟუჟუნას ვინაობის გახსენებისთვის არ მოუცდენია - საკუთარი ემოციების უკონტროლობა ედარდებოდა.
ეზოში „გოგონები“ ოვაციით შეხვდნენ. ლუიზა დეიდას ისე გაუხარდა, თვალებზე სისველე ვერაფრით დამალა და კაბის საყელოთი მოიწმინდა ცრემლები.
- ჟუჟუნა დეიდა არ გახსოვს? - ჰკითხა მასპინძელმა;
- დიახ, დიახ, როგორ არ მახსოვს - მაშინღა გაახსენდა ლალის გაუთხოვარი ნათესავი.
- როგორ ბრძანდებით ჟუჟუნა დეიდა?
- მადლობა, კარგად ვარ, კარგად - თავაზიანად უპასუხა ახლადგამომცხვარმა პენსიონერმა ქალმა.
- ნახე ლალი?  - ამ კითხვაში პასუხიც იგულისხმებოდა, რადგან სხვა ვერ გაუღებდა კარს. - ისეთი გემრიელი ნამცხვრები მოგვიტანა! ახლა , თავისებურად კოხტად დაგვიჭრის და მეც ჩაის დაყენებას შევუდგები.
კოტეს მოეჩვენა რომ ზედმეტად სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები - ეს ჟუჟუნა დეიდა, ლალის დახვედრა... ბოლოს დაასკვნა რომ ძილი დააკლდა და უბრალოდ გადაიღალა. ამასობაში ლალიც ჩამოვიდა და ჩაის ჭურჭელიც სახელდახელოდ გაეწყო მაგიდაზე. კოტეს პირი უშრებოდა, ამიტომ წყლის დასალევად სამზარეულოში ავიდა. იქ დარწმუნდა რომ ლუიზა დეიდა მხოლოდ ჩაისთვის არ მომზადებულა, არამედ მათ დასახვედრად კარგად ეწვალა ქალს.
ლუიზას დაყენებული ჩაი, მართლაც განსაკუთრებული იყო. კოტეს მღელვარება როგორც ჩანდა ლალისაც გადაედო და ჩუმი, ნაზი ღიმილით კარგად თამაშობდა სიმშვიდეს. ყველას მაგივრად ჟუჟუნა საუბრობდა.
- ძალიან არომატული ჩაის დაყენება იცი ხოლმე შენ ლუიზა. ეს ნამცხვრებიც რა გემრიელია! არ ვიცი რომელი გავსინჯო.
- შენც ყველა გასინჯე მერე, ვინ გიშლის?! - უღიმოდა მასპინძელი.
- ხო, აი ცოტას მოვიჭრი... კარგა ხანია ტკბილი არ გამისინჯავს. ისე გაძვირდა ყველაფერი, თვის ბოლომდე მშიერი რომ არ დავრჩე, ბევრ რამეზე მიწევს უარის თქმა.
- როდის ჩამოხვედი ლალი? - მცირე ჩახველებით ყელის გაწმენდის შემდეგ თემა შეცვალა ლუიზამ.
- ერთი კვირაა რაც მე და ბავშვი აქ ვართ.
- სად ხართ ახლა? ისევ ბიძასთან?
- არა, ლუიზა დეიდა, მეუღლემ სახლი იყიდა თვეების უკან, მერე არემონტებდა, ბოლოს მეც ჩამომიყვანა მოსაწყობად. თქვენთვის სიურპრიზი მინდოდა ყოფილიყო, ამიტომ არ გეუბნებოდით. სანამ ბავშვი სასკოლე გახდება აქ ვიცხოვრებთ.
- ეს რა კარგი ამბავია - სიხარულისგან ტაში შემოჰკრა ლუიზამ. მერედა... ახლა რამხელაა შენი ჯი.. აჯი... თუ .. ოხ , როგორ ვერ დავიმახსოვრე მაგ ბავშვის სახელი?!
- აჯისაი .
- ხო, ხო, აჯისაი ახლა რა ხნისაა ლალი?
- 5 სექტემბერს 2 წელი შეუსრულდება. - კოტეს ტვინში ავტომატურად ჩაირთო მთვლელი მექანიზმი. წლებია ლალი წავიდა და ნიკუშასაც არ უნახავს. თუმცა, მხოლოდ ერთი ვარიანტია, თუ ნიკუშა მასაც უმალავდა რამეს და სადღაც , ქვეყნის გარეთ შეხვდნენ, მაშინ  თავისუფლად დასაშვებია, რომ ეს უცნაურ სახელიანი ბავშვი ნიკუშასი იყოს. ამის გაფიქრება და მისი გულის მოწურვა ერთი იყო. სახეზე მჟავე გამომეტყველება იმდენად შეეტყო, რომ შეწუხებულმა ლუიზა დეიდამ ჰკითხა:
- კოტე, ზედმეტად მუქი და მწარე ჩაი ხომ არ გამომივიდა?
- არა, ლუიზა დეიდა, ძალიან გემრიელია. რატომ მკითხეთ?
- არა, უბრალოდ მომეჩვენა თითქოს რაღაც არ მოგეწონა და სახე შეგეცვალა - მოგეღრიცაო, ვერ ან არ უთხრა ფრთხილმა , მოზომილმა და სხვებზე მზრუნველმა ქალმა.
- შესანიშნავი ჩაია, შესანიშნავი - გაუჩერებელი ლუკმვითა და სიამოვნებისგან ოდნავ (ან უფრო მეტად, ვიდრე ოდნავ) გადამეტებული კრუსუნით განაგრძობდა სუფრის ქებას ჟუჟუნა - ამ ნამცხვარს რა ქვია ლალი?
- ეს მაჭკატების ტორტია, ჟუჟუნა დეიდა - მოკლედ მიუგო ლალიმ, ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს თითქოს, მხოლოდ მცირედ , ოდნავ, დასანახად შეატრიალა თავი.
- ახლა ბავშვი ვისთან გყავს? რატომ არ წამოიყვანე? - განაგრძო ლუიზამ.
- ბავშვი ძიძასთან და დედაჩემთანაა სახლში. გუშინ საზიარებლად მივიყვანე და მონათლული რომ არ იყო, ბარემ მოვნათლეთ და ცოტა დაიღალა. ვიფიქრე სჯობდა სახლში მოესვენა. პირველადაა სამშობლოში და აკლიმატიზაციასაც გადის.
- რომელ რესტორანში გადაიხადეთ ნათლობა? - თავდაჯერებული ეშმაკობით იკითხა ჟუჟუნამ.
- ნათლობა ეკლესიის მერე სახლში აღვნიშნეთ, ნათლიებთან, ჩემს მშობლებთან და ვალერისთან ერთად. მოვერიდეთ ხალხმრავლობას, თორემ თქვენს გარეშე რესტორანს როგორ დავხურავდით?!  - აქ კოტემ ლალისთვის აქამდე უჩვეულო სარკაზმი წაიკითხა, თუმცა, გაგრძელებამ ოდნავ გაუფანტა ეჭვები - მთავარი , ხომ ნათლობაა?! პურ-მარილს და რესტორანს მერეც მოვაწყობთ. ვალერი ზეგ მიდის ისევ მივლინებით და 8 დღეში ჩამოვა. ხოდა, რომ ჩამოვა, ყველას ჩემთან გეპატიჟებით.
ჟუჟუნას ისე ჰქონდა ორივე ყბა გამოტენილი , რამის თქმაც რომ სდომებოდა , მაინც ვერაფერს იტყოდა, მხოლოდ „უუუუ“ მოახერხა ამოეშვა ლოყებსა და ყბებს შორის დარჩენილი სივრციდან.
- დიდი სიამოვნებით გეწვევით. შენ კოტე? შენც ხომ წამოხვალ? რატომ ზიხარ შვილო ასე ჩუმად?
- ლუიზა დეიდა, პირი მქონდა დაკავებული - გაუღიმა კოტემ. მერე მიხვდა რომ დაძაბულობა თითქოს მოეხსნა და უფრო ლაღად იგრძნო თავი.
- რომელ ქვეყანაში იყავი ლალი? - თითქოს, წუთიერი დუმილის დასარღვევად იკითხა კოტემ.
- ჯერ ფლორენციაში წავედი, სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე და მერე, გრაფიკულ დიზაინზე.
- მიქელანჯელოს დავითი ნახე?
- ხელით არ შევეხე რო?! - გადაიკისკისა ლალიმ და კოტემ ჟრუანტლის მაგვარი იგრძნო მთელს ტანში.
- ჩაი გნებავთ კიდე? ვფიქრობ, ახლა ჩემი ღვეზელების დროა და მოდი, ცივ კომპოტს დავუთმოთ ასპარეზი.
ლუიზამ , თავისი ასაკისათვის საკმაოდ სხარტად დაიწყო მაგიდის განახლება, ფინჯნების სინზე გადალაგება და სამზარეულოში გატანა.
ლალი წამოდგა მოსახმარებლად, მაგრამ ბოლომდე გამართვა ვერც მოასწრო, ისე ჩასჭიდა მკლავში ხელი ლუიზამ და ისევ ადგილზე დასვა.
- მართლა ბებრუხუნები ხომ არ გგონივართ მე და ჟუჟუნა, ჰა?! ახლავე წამოხტება ჟუჟუნა და მე და ის ვიფუსფუსებთ. 
ცხადი იყო ჟუჟუნასთვის არც კი უკითხავს, ისე განამწესა დამხმარეთა რიგებში, თორემ ქალი ჯერ კიდევ ნიგვზიან სიგარეტებს გადაამუშავებდა დიდი გულმოდგინებით, როცა ზლაზვნითა და აშკარა წუხილით უკან გაჰყვა ლუიზას.
კოტემ თავიდან არ იცოდა, გახარებოდა ლალისთან პირისპირ დარჩენა თუ არა, მაგრამ მერე გონს მოუხმო და გადაწყვიტა იმ დღესვე გაერკვია ის დეტალები, ასე რომ აინტერესებდა.
- ლალი, ფლორენციაში ცხოვრობდი ეს წლები?
- არა, კოტე. იქ რამდენიმე წელი ვიყავი. ჩემი მეუღლე მესამე წელს გავიცანი - გაგაცნობ მალე, სხვათაშორის, საკმაოდ კარგი ადამიანია. თავისი ნიჭითა და მონდომებით, სრული დაფინანსებით მოხვდა ჩემს ფაკულტეტზე. მეორე სპეციალობა მისი ხათრით გავიარე. მერე იაპონიაში მიიწვიეს.
- ტოკიო?
- არა, აისაი ქვია ქალაქს.
- როგორ შეეჩვიე?
- რაღა დასავლეთ საქართველო და რაღა აისაი - გაუღიმა ლალიმ. ზამთარში 4 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის ტემპერატურა და ზაფხულობით ნესტიანია და ცხელა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში შედის როგორც ჯანსაღი ქალაქი. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, ჩვენს სახლს ულამაზესი ეზო ჰქონდა. იცი, მაშინ პირველად ვიგრძენი , თუ როგორ მენატრებოდა აქაურობა.
- მიკვირს, უცხო ქვეყანაში როგორ გაძელი.
- ფლორენციაში ისეთი დატვირთული მქონდა ყოველი დღე, მოსაწყენად და ნოსტალგიებისთვის არ მეცალა. მერე ვალერი გავიცანი და ....
- სადღა გახსოვდა სამშობლო, ხო?!
- აი იაპონიაში, როცა სახლში დავრჩი და საფიქრელად დრო საკმაოზე ბევრი მქონდა, ცოტა გამიჭირდა. ჩვენს ეზოში იასამნისფერი ჰორტენზიები ხარობდა. ის ბაღი ძალიან მაგონებდა ....
- სამშობლოს?
- არა, დედაშენის ბაღს...
- ესეიგი ჩემზე ფიქრობდი? - ჰკითხა ღიმილით, თუმცა უცებ ჩაასწორა - ჩემზე და დედაჩემზეც?
- უფრო თქვენს ბაღზე - კისკისით უპასუხა ლალიმ.
- იმ ბაღში უფრო არ უნდა გეგრძნო თავი შინაურად?
- ის ბაღი უფრო მეტად მახსენებდა უთქვენობას.
- მერე, ამ ხნის მანძილზე რატომ არ შეგვეხმიანე ?
- ნიკა თავად შემეხმიანა, ჯერ კიდევ სტუდენტობისას.
- ნომერი საიდან გაიგო?
- ჩემს სახლის კართან გაუთენებია. დილას მამაჩემი სამსახურში რომ მიდიოდა, არ მოეშვა და სთხოვა, ერთხელ მაინც დავლაპარაკებოდი. მამამაც დამირეკა და ვისაუბრეთ.
- რაზე ისაუბრეთ?
- ისეთზე არაფერზე. მომიკითხა. მისაყვედურა. ვთხოვე ჩემი გადაწყვეტილებისთვის პატივი ეცა.
- სიჯიუტით და მიზანსწრაფულობით მაჯობა.
- ნიკა შენზე უფრო მეტად ჯიუტი იყო ყოველთვის, თუმცა არა მგონია შენზე მიზანდასახული ყოფილიყოს.
- რას გულისხმობ?
- იმას, რასაც და როგორც მიაღწიე.
- კი, მაგრამ, ნიკა და მისი ოჯახი რომ არა, არა მგონია ამდენი შემძლებოდა.
- ხო, ეგ რათქმა უნდა. - პაუზის შემდეგ, თითქმის ამოოხვრით აღნიშნა -  ძალიან მენატრება ხოლმე... - ლალის თვალზე ცრემლი მოადგა.
- აი, ახლა, აქ რომ იყოს....მე არ გამომდიოდა გამხიარულება. ნიკას შენი გადაკისკისების ჯადოსნური უნარი ჰქონდა . როგორ მოგწონდა მისი ოინბაზობები?!
- მე მომწონდა შენ რომ ბრაზდებოდი მასზე, ჭკუის დარიგებას რომ იწყებდი...
- ხოდა დამცინოდით ორივე.
- საიდან მოიტანე? კი არ დაგცინოდი, ვკვდებოდი ისე მიყვარდა შენი სახე, ჭკუის სწავლებისას რომ მიიღებდი ხოლმე.
- აი, ახლაც დამცინი. - ლალიმ საყვედურნარევი გამომეტყველებით გახედა კოტეს.
- ხედავ? ვერ ვახერხებ შენს გაცინებას, ნიკუშას კი ადვილად გამოსდიოდა ყველაფერი,მათ შორის შენი ხასიათზე მოყვანაც. ძალიან მაკლია, დაგვაკლდა მთელს საძმაკაცოს. ასე ყოფილა, სანამ არ დაკარგავ,  ვერ აფასებ სათანადოდ.
- საძაგელი მაგი, საძაგელი! როგორ გაბედა ?! - კოტე გაოცებული უყურებდა ლალის და ვერ მიმხვდარიყო რას ამბობდა ქალი... –
- როგორ გაბედა საჭესთან ნასვამი დაჯდომა?!
- რაა? რა თქვი?
- კი, მენატრება, მაკლია, დამენანა, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ მასზე, ისე რომ აქამდე ვერ მოვინელე. სხვებს არიგებდა, სხვაზე ბრაზობდა და თავად, როგორ გაწირა თავი?!
- კი, მაგრამ ვერ გავიგე, შენ თქვი ნასვამიო - ხომ არ მომესმა?
- ხო, ნასვამი რომ არ დამჯდარიყო, არა მგონია ასე გაეუბედურებინა თავისი ოჯახიც და ყველა, ვისაც უყვარდა,( საკუთარი თავი თუ არაფრად უღირდა).
- ლალი, ნიკუშა ნასვამი არ იჯდა საჭესთან.
- ნასვამი არ მართავდა მანქანას?
- არა, ლალი! არა!
- აბა, რა მოხდა?
- ნოდარის ბავშვის ნათლობაში მივდიოდით ბიჭები . დაიჩემა ჰელიუმის ბუშტების ყიდვა. მე გვერდით ვეჯექი და ტელეფონზე ვლაპარაკობდი მანქანა რომ გააჩერა და კარი გააღო. მეორე ფეხი ჯერ ისევ მანქანაში ედგა, დიდი სიჩქარით მომავალი სედანი რომ დაეჯახა. - ქალი გაოგნებული უყურებდა. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა, თვალი კიბეებისკენ გააპარა და დაეჭვებულმა შეხედა კოტეს. - რატომ გეგონა ან საიდან მოიტანე რომ ნასვამი იყო?
- ეტყობა ასე მითხრეს, ასე მახსოვდა - დაბნეულად უპასუხა ლალიმ.
- ოჰ, ოჰ , ოჰ , როგორი ღვეზელები მომაქვს რომ იცოდეთ?! - ქოთქოთით შემოვიდა ჟუჟუნა.
- ამ სიცხეს ძალიან მოუხდება ცხელი ღვეზელები - მისი ხასიათისთვის შეუფერებელი ტონით ჩაილაპარაკა ლალიმ.
ჟუჟუნამ ვერ ან არ გაიგო კომენტარი, სკამს და ტანს უსწორებდა ერთმანეთს,  როცა ლუიზამ დაუძახა და უხალისოდ გაბრუნდა სამზარეულოში. გზაში ჯადოსავით რაღაცას ბუტბუტებდა.
- მთელმა თბილისმა გაიგო ნიკას ამბავი - აგრძელებდა განცვიფრებას კოტე - და შენ როგორ ვერ გაიგე რა და როგორ იყო?
- ეტყობა არასწორმა ადამიანმა მომიტანა ამბავი. მას მერე ნიკა აღარ მიხსენებია, პირველად ახლა ვსაუბრობ მასზე.
- შენ როგორ დაიჯერე?
- მართალი ხარ, ეტყობა არ ვიცნობდი ნიკას ისე კარგად, როგორც შენ... ძლიან მიხარია რომ გნახე... ცუდზე აღარ მინდა საუბარი, კაი?!
- კარგი, ლალი, კარგი! მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს.
- მკითხე, რა გაინტერესებს?
- რაც ფლორენციაში წახვედი, ნიკა, მას მერე აღარ გინახავს?
- მხოლოდ სიზმარში თუ ვნახავდი, მაგრამ სიზმრადაც არ დამსიზმრებია.
- არც მე. ძალიან მინდოდა მისი ნახვა, ძილში მაინც. მინდოდა ჩავხუტებოდი, მეკითხა , რაც მაინტერესებდა.
- რისი კითხვა გინდოდა? არა მგონია შენთან რაიმე საიდუმლო ჰქონოდა. ხომ გითხრა მე რომ მელაპარაკა? ხომ არ დაუმალავს? - შემცბარმა იკითხა ქალმა.
- კი, კი, მითხრა , ჩვენი ლალიკო ფლორენციაშიაო. დეტალებში აღარ ჩავძიებივარ.
- აბა, რა გინდოდა გეკითხა?
- თვეების უკან, წელიწადი ახალი გასული რომ იყო ავარიის მერე, ნიკას დედა მეწვია და მთხოვა გამერკვია ნიკას ვინმესთან ბავშვი ხომ არ ჰყავდა. მას მერე მოსვენება დავკარგე. თითქოს ყველა შემთხვევა გავიარეთ ბიჭებმა, შევავიწროვეთ ნიკას შვილის დედობის სავარაუდო კანდიდატთა წრე, მაგრამ ამ შევიწროვებულმა წრემ ისეთი გრძნობა დამიტოვა, თითქოს, თითოეული გოგონას გამორიცხვის შემდეგ, ჩემი ცხოვრება, ჩემი მიზნამდე მისასვლელი გზა უფრო ვიწროვდება, იმედები მეწურება...
- ამიტომ დაინტერესდი ჩემი და ნიკას შეხვედრით?
- მაპატიე... მაპატიე რომ თავიდანვე არ მოგიყევი ეს ამბავი, მაგრამ ნამდვილად კი ვაპირებდი მოყულას, როგორც კი ამის საშუალება მომეცემოდა.
- არაფერი გაქვს საპატიებელი. ცოდოა ნონა დეიდა.
- კი, მაგრად უჭირავს თავი, მაგრამ მზის სათვალეების ტარებას რომ მოუხშირა და ტუჩების გვერდითა ნაოჭებმა წამოიღო მისი ტუჩების კიდეები ქვევით, ადვილი მისახვედრი გახდა რომ ეს რკინის ქალიც გატეხა ტკივილმა.
- როგორი დაკვირვებული ხარ!
- დამცინი ახლაც ხო?
- ხო, დაგცინი, დაგცინი იმიტომ რომ ისევ ვერ ისწავლე შენი თავის ფასი. სულ მიკვირდა როოგორ შეიძლება ყოფილიყავი ასეთი უშეცდომო, სწორი და რაღაცნაირი მართალი, ამავე დროს მიუხვედრელი. - მშვიდად და აუჩქარებლად საუბრის მიუხედავად, ბოლო სიტყვები უკვე თითქოს მხოლოდ ყელიდან, მოღუშული კუნჭულიდან ამოსდიოდა ლალის.
- მოიცა, როგორ თქვი? ვერ მოვისმინე კარგად.. „მიუხვედრელიო“ თქვი ბოლოში....
- დაივიწყე.
- ხომ არ  მოიწყინეთ? - ჰკითხათ ლუიზა დეიდამ, რომელსაც სავსე უზარმაზარი სინი მოჰქონდა და ლალი პასუხისგან იხსნა. იცოდა, მოსაწყენად არ ეცლებოდათ წლების უნახავ მეგობრებს. ლალი წამოხტა და სინიდან მაგიდაზე გადმოლაგებაში დაეხმარა.
- შენი ქმარი არ მოვა ლალი? - ჰკითხა ჟუჟუნამ, თითქოს სამზარეულოში ყოფნის მთელი დრო ამ კითხვის მოსაფიქრებლად გაეტარებინა.
- არ ეცალა, თორემ აუცილებლად მოვიდოდა. - ბუნებრივი თავაზიანობით უპასუხა ლალიმ.
- მთელი დღე დაკავებულია? - არ ეშვებოდა ჟუჟუნა.
- დიახ, ჟუჟუნა დეიდა, ზოგი სხვების მაგივრადაც მუშაობს, ამიტომ ასეთი ადამიანები საღამოსაც დაკავებულები არიან.
- რატომ არ გამისინჯეთ ჩემი ღვეზელები? გაცივდა ბავშვებო, აბა ჩქარა გადაიღეთ! - აქოთქოთდა ლუიზა და სათითაოდ გადაუღო ყველას.
- ასე რატომ შეწუხდით ლუიზა დეიდა? - სიყვარულით უსაყვედურა კოტემ.
- ვინ გითხრა რომ შევწუხდი? მეტყობა შეწუხება? რამდენი წელია შორიდან თუ მოგკრავდი თვალს და შენი მეზობლებიდან ვიგებდი შენს ამბებს. ახლა ისევ ჩემთან ხარ, როგორც ძველ კარგ დროს იყო, ქვიშიან-მარილიანები რომ შემომირბენდით და ხელდაუბანელები ეცემოდით  ხორციან „ბლინებს“.
- ლუიზა დეიდა, სულ დამავიწყდა მეკითხა, რა გითხრეს თბილისში? - უეცრად გაახსენდა კოტეს.
- უჰ, მაგ ექიმების ხომ არ დაიჯერება არაფერი. გინდა თუ არა, ცუდად ხარო. ვეუბნები და ვუმტკიცებ რომ ჯანმრთელი ვარ და მგონი რაცხა ვერ გამომდის. სხვა ენაზე მოსაუბრე ხალხია. წერა ხომ ვერ ისწავლეს. მათი ნაწერი მომაკვდავი ვირთხის კარდიოგრამას ჰგავს, ან სიმღერის მისამღერს. - ამაზე ყველას გაეცინა, მაგრამ კოტე არ ეშვებოდა.
- დანიშნულება თუ მოგცეს?
- კი, მომცეს მაგრამ რად გინდა? წერა-კითხვა ტყვილად ვისწავლე ეტყობა - ვერაფერი გავიგე. მივიტანე აფთიაქართან და ჰოი საოცრება - ყველაფერი გაიგო. ერთი უზარმაზარი შეკვრა წამლები გამომიტანა...
- წამლები მაინც მანახეთ...
- ბიჭო, ამოდენა წამლები რომ არ მომხდენოდა, ტყვილა ხომ არ ვიყიდდი? ხოდა, მეც ვუთხარი, ჯერ ერთი კვირის სამყოფი მომეცით და თუ მომიხდება და ვარესად არ გამხდის, აგერ არ ვარ-მეთქი?! –
მიხვდა კოტე რომ მარტივი არ იქნებოდა ლუიზას დაყოლიება ან რამეში გამოტეხვა, თუმცა რაღაცას რომ უმალავდა, ამაში ეჭვი არ შეპარვია.
- ეჰ, წლები გვემატება ჩემო ლუიზა - ამოიხვნეშა ჟუჟუნამ და ისეთი სახე მიიღო, თითქოს რაღაც უნიკალური სიბრძნე ამოთქვა - მეც იმდენი რამე მაწუხებს: წნევა, გულის ფრიალი,სახსრები... ხან ისე შემეკუმშება გული, მგონია უკვე სადაცაა წერილს წავიღებ. ღამე ძილში რომ გავიპარო, არც არავინაა მომკითხველი. კატაბალახას სუნითაა გაჟღენთილი ჩემი სახლი, მაგრამ მარტო კატაბალახა რას მიშველის?! ექიმთანაც ვერ მივსულვარ. ამ პენსიონერებს მათხოვრებივით გვიყურებენ. კარგ ექიმთან მოხვედრას კარგი ფული უნდა. რამდენს უნდა შევწვდე ჩემი პენსიით?! რამე რომ მომივიდეს, ვის ვადარდებ? არავინ მოიკლავს ტირილით თავს.
- უნდა გიხაროდეთ.- თქვა ლალიმ.
- რა უნდა მიხაროდეს? - გაკვირვებისგან შეცბა ჟუჟუნა.
- ის რომ არავინ იტირებს - ესეიგი არავის ანერვიულებთ და არავის გააუბედურებთ თქვენი სიკვდილით. - უპასუხა ლალიმ. თან , თვალს არ აცილებდა ჟუჟუნას და ჯიუტად უსწორებდა მზერას.
- ოჰ, რა დროის სიკვდილია. ჩვენ კიდევ ბევრ ათწლეულს გადავაგორებთ ჩემო ჟუჟუნა. რომ არ გამისინჯო ჩები ბადრიჯანი, ძალიან მეწყინება, ნახე, როგორი ფუმფულა მჭადები დავაცხე?! მიდი,ღვეზელებიც გადაიღე, გადაიღე, ნუ მოგერიდება!- ბათუმში გამოთხოვებული გურული ქალი იყო ლუიზა. ყველა პრობლემას ოპტიმისტურად ხვდებოდა პირისპირ. ერთ დაწუწუნებას ვერ გაიგებდით მისი პირიდან.
- არა, ლუიზა, ხორციან ღვეზელებს ვერ შევჭამ?
- რატო ვითომ, დიეტაზე ხარ თუ?
- მარიამობის მარხვაა და ...
- არც ის ნამცხვვრები იყო სამარხვო? - შეახსენა ლალიმ.
- ვიცი, ქალბატონო, მაგაზე კურთხევა მაქვს აღებული ჩემს მამაოსთან. მარტო ხორცს არ მივირთმევ.  - ნაძალადევი ღიმილით უპასუხა ქალმა.
- სხვა რამე მიირთვი მაშინ ჟუჟუნა, აგერ ნიგვზიანი ბადრიჯანი, მჭადი, ხაჭაპური, სალათა, გებჟალია...
- მადლობა მეგობარო, მადლობა. ყველაფერი ძალიან გემრიელია. კარგა ხანია ხაჭაპური თვალით არ მინახავს. ... ძალიან გემრიელია, მართლაც!
- გაგატან ჟუჟუნა, აუცილებლად გაგატან. - პარალელურად, რამდენიმე ხაჭაპური სუფთა თეფშზე გადაალაგა და ხელსახოცი დააფარა.
- ამბობენ, წუწუნი მათხოვრობის ტოლფასიაო. - თქვა ლალიმ და ისევ ჟუჟუნას მიანათა თვალები.
ქალი გველნაკბენივით,  ასაკისთვის შეუფერებლად სწრაფად წამოხტა სკამიდან და კიბეებისკენ გაიქცა.
კოტე რამდენიმე წამი უყურებდა ხან ლალის და ხანაც გაქცევისათვის უცნაურად ნელა მიმავალ ჟუჟუნას. გაუჭირდა ლალის სახეზე აღბეჭდილი ემოციების წაკითხვა. ვერ მოახერხა სიტუაციის სწრაფად შეფასება. ლალი, რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა, სრულიად უცხო გახდა მისთვის, თუ რაღაც სხვა მიზეზი იყო, ქალის ასე გადასხვაფერების?
ლალი სულაც არ ცდილობდა კოტესთვის მზერის მორიდებას, პირიქით, ჯიქურ უყურებდა, თითქოს სთხოვდა არ ამდგარიყო.
კოტემ ვერ მოითმინა, მიუხედავად იმისა რომ გულში ლალის მაინც ვერ საყვედურობდა, შეეცოდა ქალი და დასამშვიდებლად გაჰყვა.
- სიბრალული ადამიანთა ცხოვრების ყველაზე დიდი წესი და კანონია. - მშვიდად ჩაილაპარაკა ლალიმ და ლუიზა დეიდას ბაღის მცენარეებზე გაუბა საუბარი.

- ჟუჟუნა დეიდა, მოიცადეთ! გთხოვთ, მოიცადეთ! სად გარბიხართ?
- ჩემს მოთმინებას საზღვარი აქვს!
- შეჩერდით ცოტა ხანს!  არ ინერვიულოთ რა! რა იყო ასე გასაბრაზებელი?!
- რა იყოვო? მე რა სულელი გგონივართ? რახან მიჭირს და არ გადამდის ქონება ზოგზოგიერთებივით, ესეიგი ჩემი აბუჩად აგდება შეიძლება?! საფენები სად იყო მაშინ, მე რომ ლალის ვბანდი და ვასუფთავებდი?! სად ან ვის ეცალა მისთვის ჩემს გარდა?! ასე მიხდის სამაგიეროს?! სამათხოვროდ რომ მომიგდეს ერთი ოთახი, თავად სასახლეებში ცხოვრობენ, ყოველ კვირა კურორტებზე დადიან, არ იკლებენ არაფერს და მე, საწყალი ქალი, მოგდებული ბინით ვიარსებებ თურმე.
- არ ვიცოდი თუ უხელფასოდ ეხმარებოდით მის მშობლებს. - მიამიტურად თქვა კოტემ, რაზეც ჟუჟუნა უარესად გაჭარხლდა;
- რა მნიშვნელობა აქვს მიხდიდნენ თუ არა?! ჩემი ასე მიგდება და აბუჩად აგდება არ შერჩება არავის!
კოტემ იფიქრა სიბერის ბრალი იყო ქალის ასეთი უხასიათობა. დიდად არც ახსოვდა მის ბავშვობაში როგორი იყო ჟუჟუნა. წამიერად დაძაბა ტვინი, მაგრამ არაფერი მნიშვნელოვანი არ ამოუტივტივდა.ის ახსოვდა, სანაპიროზე რომ დაჰყვებოდა ლალის, ოღონდ აქსესუარი უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენდა, ვიდრე ჟუჟუნა. ქოლგიანი შეზლონგის ქვეშ მისი დაჯდომა და ძილი ერთი იყო. სხვა არაფერი იყო ეტყობა ისეთი განსაკუთრებული, მნიშვნელობა რომ მიენიჭებინა. ეცოდებოდა მაინც. ეცოდებოდა უპირობოდ, უანგაროდ , ყოველგვარი ქედმაღლობის გარეშე.
- იცი, ჩემო კარგო, ზემოდან მხოლოდ მაშინ უნდა დახედო ადამიანს, თუ მის წამოყენებას აპირებო - ბაბუაჩემმა იცოდა. ჩემზე მეტი რა გაუკეთებია, რა შეუქმნია რომ ასე მიყურებს?!
- ვინ? ლალი?
- დიახ, შენი ლალი!
- მობრუნდით რა, ჟუჟუნა დეიდა, ლუიზაც ინერვიულებს..
- ხო, შენ ლუიზა უფრო გადარდებს, თორემ...
- რას ამბობთ, ჟუჟუნა დეიდა, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. თუ მაინც მიდიხართ, გაგაცილებთ, ტაქსით გაგიყვანთ.
ქალი უხმოდ დაყაბულდა. სახლში ტაქსით წასვლა ცუდი პერსპექტივა არ იყო, ავტობუსით ჯაყ-ჯაყს ნამდვილად სჯობდა.
სადარბაზოდან გადიოდნენ, რომ შემოუტრიალდა , საჩვენებელი თითი შუბლში დაუმიზნა და ღვარძლიანად უთხრა:
- იცოდე, შეგიძლია გძულდე და განმიკითხავდე, მაგრამ ჩემი შეცოდება არ გაბედო!
კოტე კიბეზე გაშეშდა, ვერ მიხვდა, ან რა ბზიკმა უკბინა ქალს, ან რას გულისხმობდა. მის წუწუნს თუ გავითვალისწინებდით, წესით და რიგით უნდა სდომებოდა გარშემომყოფებს შესცოდებოდათ ის.
- და რატომ უნდა მძულდეთ?- პაუზის შემდეგ ჰკითხა კოტემ.
- რაო, არ გითხრა კნეინამ? არ გინდა ახლა თავის მოკატუნება.
- რა უნდა ეთქვა?!
- რასაც ვერ მპატიობს, არადა გადავარჩინე! მაგას ისე უჭრის ენა, მისნაირ უსირცხვილო მატყუარას უფრო დაუჯერებენ, ვიდრე ღირსეულ ადამიანს.
- ლალია მატყუარა? რა მოგატყუათ?
- მთელი ბავშვობა, რომ ვკითხავდი, ხომ გიყვარს ჟუჟუნა დეიდა-მეთქი, ყოველთვის მპასუხობდა რომ ძალიან ვუყვარდი. ესაა სიყვარული? ერთხელ არ დაურეკავს მარტო რომ დავრჩი, ერთხელ!და ახლა, როგორ მექცევა?! მე კიდე სულელმა, მთელი ახალგაზრდობა მას და მის ოჯახს შევალიე! ჩემი საუკეთესო წლები! რამდენს მოვწონდი, რამდენი მთხოვდა ხელს და მაგათ ვერ შეველიე!
- კარგი , ჟუჟუნა დეიდა, წამოდით, ტაქსის დავიჭერ.
კოტე მადლობელი იყო ღმერთის, რომ ტაქსი მალე მოვიდა და ტვირთი მოეხსნა, როგორც კი მანქანაში ჩასვა ქალი. თავი ძალიან სუსტად იგრძნო და გაჩერებაზე მდგარ სკამზე ჩამოჯდა. იდაყვებით მუხლებზე დაეყრდნო და ხელებით საფეთქლები დაიჭირა. შუბლს ქვემოდან გაჰყურებდა ტროტუარს და ასფალტს, მანქანების საბურავებს...მის წინ საშუალო ასაკის ქალი და კაცი იდგა. მზესუმზირას მიირთმევდნენ და ქუჩას ანაგვიანებდნენ, ბოლოს მზესუმზირის შეკვრაც იქვე მიაგდეს.  ამ დროს ხედავს ვიღაცის ჯოხი ცდილობს შეკვრაში შეყოს ცხვირი. რამდენიმე ცდაში მოახერხა და ნელი ნაბიჯით მიიტანა ურნასთან. კოტემ თავი ასწია და ხედავს ორი ყავარჯნით მოსიარულე უაღრესად მოხრილი ბებო, რომლის სახეზეც ცხოვრებას უხვად დაემჩნია ისტორიები. კოტემ ადგილი დაუთმო. მოხუცმა მადლიერებით აღსავსე სახე შეანათა და უთხრა - ჩვენი ქალაქია შვილო, ჩვენი ქვეყანა, ჩვენ თვითონ თუ არ გაუფრთხილდებით, ვინ იზამს ამას ჩვენ მაგიერ?!
- საით მიდიხართ ბებო?
- აი, 5 გაჩერების იქეთ ვცხოვრობ. აგერ, „სუფთა სახლი“ რომაა მაღაზია, ფასდაკლება არის სარეცხ ფხვნილზეო და წამოვჩანჩალდი. აღმოჩნდა რომ გაუთავდათ და აღარ ჰქონიათ. ასე რომ ბებია, ტყუილად ვიარე.
- აგერ ტაქსი ბებია, წაგიყვანთ ტაქსი. - კოტემ ტაქსისტს ფული მისცა და მოხუცთან კარგა ხნის ბრძოლის შემდეგ, ჩასვა მანქანაში და გაუშვა დანიშნულების ადგილას. მძღოლს კი ეღიმებოდა, მაგრამ მანქანების კლაფსონების ხმა რომ არა, ალბათ გასაღიმებლად აღარ ექნებოდა საქმე, რადგან მოხუცი არაფრით არ ჯდებოდა.

ლუიზას სახლში რომ დაბრუნდა, გრძნობდა როგორ გამოსწურვოდა ენერგია. ქალები სულმოუთქმელად ელოდნენ და თვალებით სთხოვდნენ ამოეთქვა რა მოხდა.
კოტე სკამზე წამოჯდა და კოფე მომიდუღეო სთხოვა. კოტე ყავას ყოველთვის თვითონ იდუღებდა , სადაც არ უნდა წასულიყო. ორივე ერთდროულად წავიდა ყავის მოსადუღებლად. კოტეს დრო მიეცა ყველაფერი ვიდეო ფირივით თავიდან ბოლომდე გადაემუშავებინა გონებაში. ყავამ ცოტა მხნეობა მოჰმატა.
- რაო ჟუჟუნამ - ვერ მოითმინა ლალიმ?
- უცნაური ქალია. კარგად არც მახსოვს ადრე როგორი იყო.
- ისეთივე, როგორიც ახლა, უბრალოდ ადრე ცუდად ვიცნობდი, როგორც სჩანს.- უპასუხა ლალიმ
- რას გულისხმობ?
- არაფერს ისეთს, კოტე. ადრე ბავშვი ვიყავი და ასე კარგად ვერ გავიცანი.  - თან ლუიზა დეიდას გადახედა.
- მითხრა, „შეგიძლი გძულდე და განმიკითხო, მაგრამ არ გაბედო ჩემი შეცოდებაო.
- ხოოო, ძალიან თავისებური ხასიათის ქალია. - ჩაილაპარაკა ლუიზამ.
- კი, ძალიან თავისებური . - ირონიით აღნიშნა ლალიმ.
- ძალიან უყვარხართ ლალი, მთელი თქვენი ოჯახი. ასე ამბიბს რომ თქვენს გამო გათხოვებაზეც უარი თქვა.
- ვის უთხრა ნეტა უარი? - მწარედ ჩაეღიმა ლალის.
- ახალგაზრდა რომ იყო, ვინც მის მიმართ ყურადღებას გამოიჩენდა, ეგონა ყველას მოსწონდა. ფუფალასავით ფანტაზიებში გაატარა. სკოლიდან ერთად მოვდივართ და არავინ ჰყოლია სერიოზული თუ არასერიოზული თაყვანისმცემელიც კი. წუწუნის სიყვარულის მიუხედავად, არ უყვარს როცა ვინმეს ეცოდება, არადა ... - აღარ გააგრძელა ლუიზამ.
- ჟუჟუნა რომ შეეყვარებინა ვინმეს, საკუთარი ხასიათი კარგად უნდა დაემალა, მას კი ეს ვერ გამოსდის. - გააგრძელა ლალიმ.
ბოლოს შეთანხმდნენ რომ ჟუჟუნაზე და რაიმე უსიამოვნოზე აღარ ესაუბრათ. მაგიდის ალაგებაში ახალგაზრდები მიეხმარნენ. თითქმის ყველაფერი მილაგებული იყო, ლუიზა შეუძლოდ რომ გახდა. კოტემ წნევა გაუზომა - ქმრის ორმოცის შემდეგ დასჩემდა წნევები და კოტეს ასწავლა ძველი, ვერცხლისწყლიანი მექანიკური წნევის აპარატით გაზომვა. ბევრი რამ ასწალვა გოგო-ბიჭებს ლუიზამ, ამიტომაც უყვარდათ ის განურჩევლად ყველას. სანამ ლუიზამ უკეთ არ იგრძნო თავი, არც ერთმა მიატოვა და არც-მეორემ.
სახლამდე ფეხით გაუყვნენ. ესიამოვნათ ზღვის ჰაერი.
- კოტე, ლუიზას შევატყვე რომ ძალიან ინერვიულა დღეს. არ აპირებდა ჟუჟუნას დაპატიჟებას, მაგრამ ფაქტიურად თავი ძალით დააპატიჟინა. არ მიინდოდა კიდევ უარესად ენერვიულა, ამიტომ აღარაფერი გითხარი.
- შენ... შენ გძულს ეს ქალი? - ჰკითხა კოტემ, თან წინასწარ ეშინოდა პასუხის.
- არ ვიცი, კოტე. მხოლოდ ის ვიცი, რომ თუ კი მართლა მძულს, ის სრულად იმსახურებს ამ სიძულვილის თითოეულ წვეთს.
- რა დააშავა ასეთი?
- რა დაგვიშავა - ასე უფრო სწორი იქნება.
- მეც? და არ ვიცი?
- კი. შენც . მოდი სანაპიროზე ჩავიდეთ, ჩამოვჯდეთ. ასე მირჩევნია საუბარი. შენთან სახლში ამოვიდოდი, მაგრამ ვიცი, როგორი ჭორიკანა მეზობლებიც გყავს.
- კარგი , ლალი, როგორც მეტყვი.
- შემომხედე კოტე და კარგად მომისმინე. ჯერ ჟუჟუნათი დავიწყებ. შენი გამოხედვებიდან დავიჭირე, რომ ბევრი კითხვა გაგიჩნდა. იმის არ მეშინია რომ ჩემზე შეგეცვლება წარმოგენა, რადგან გიცნობ და ვიცი მენდობი, უბრალოდ უნდა იცოდე და მინდა რომ იცოდე ყველაფერი.
ჟუჟუნამ რომ ვერც სწავლაში ივარგა, ვერც სხვა სამსახურში და ელოდა თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს, იმიტომ შესთავაზა დედაჩემმა ჩემს ძიძად მუშაობა.
მაღალმთიანი აჭარიდან იყო მისი ოჯახი. დედას და ბიძას მშობლებს შორეულ ნათესავად ეკუთვნის. მათ ჩამოიყვანეს, მონათლეს, ჩააცვეს , დაახურეს და ასე გაზარდეს აქ, ბათუმში. როცა თბილისში ვიყავით იქ მიგვყავდა. ხელფასიც ჰქონდა და საჩუქრებსაც არ აკლებდნენ ჩემები. რომ გავიზარდე, ბიძაჩემს მოერიდა სულ უსაქმოდ დარჩენილისთვის კიდე რომ უნდა გვეხადა ფული, მისი ოჯახიც გაიზარდა  და ბინა უყიდა აქ, ლუიზა დეიდასთან ახლოს. დედაჩემი ყოველთვე ეხმარება, ბიძაჩემმაც დაუტოვა რაღაც თანხა, რომელიც არ ვიცი რა უყო, იძახის გამქურდესო. ხელის მთხოვნელი რომ ჰყოლოდა, დიდი სიამოვნებით გაამზითვებდა ჩემი ოჯახი. პატარა რომ ვიყავი ისე ვერ ვგრძნობდი ან არც იყო ასე განწყობილი, მაგრამ როგორც კი წამოვიზარდე და შეამჩნიე რამდენი თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ისე მიყურებდა, როგორც გასასრისად გამზადებულ ტარაკანს. მაშინ ვერ ვხვდებოდი მიზეზს. დედაჩემი მამშვიდებდა, თავისი გაჭირვება ეყოფა მაგ ქალს, რაღაც სისულელეები რომ არ მოუგონოვო. ბოლოს კლიმაქსს დავაბრალეთ მე და დედაჩემმა და ამაზე აღარც მიფიქრია. ბებო იტყოდა, ძაღლი რომ გყავდეს სახლში, ის შეგიყვარდებაო და ჟუჟუნაც მიყვარდა და ოჯახის წევრად აღვიქვავდი. ხანდახან გოგოურ ამბებსაც ვუყვებოდი. ვუყვებოდი როცა ვიგრძენი თუ როგორ მომწონდი, როცა სიყვარული ვიგრძენი ისიც ვუთხარი.  კი, კოტე, მიყვარდი და სიცილით ხშირად ვცდილობდი დამეფარა ალმური ლოყებზე, ჩემი მოშტერებები... შენ კი, შენ... ისე ვბრაზდებოდი, ხანდახან მინდოდა კარგად შემენჯღრიე, თმებში გწვდომოდი და მომეჩეჩე - დღემდე ვერ გპატიობ რომ ვერ ან არ იმჩნევდი ჩემს გრძნობებს. მერე კი... მერე ნიკამ გამოიჩინა ინიციატივა. იმ ზაფხულს, სულ სხვანაირად დამიწყო ყურება. გული მომდიოდა რომ ამის უფლებას აძლევდი. ვფიქრობდი, თუ გიყვარდი, საუკეთესო ძმაკაცს როგორ არ ეტყოდი ამის შესახებ. არადა, ბოლო წლებში ვგრძნობდი რომ ასე  იყო. რამდენჯერ დაგიჭირე როცა მიყურებდი. როგორ ზრუნავდი ჩემზე. ნიკას სიცელქეებისაც სწორედ ჩემს გამო გეშინოდა, ფრთხილობდიი რამე არ დამშავებოდა. ბოლოს, მაშინ დავრწმუნდი შენს გრძნობებში, ლუიზა დეიდასთან რომ ისხედით ბაღში და ჩემზე უყვებოდი. ძალით არ მინდოდა მოყურადება, მაგრამ საღამო იყო და კარგად ისმოდა, მეც მაინტერესებდა რას ეტყოდი, ის რას დაგარიგებდა. შენ უყვებოდი როგორი საოცარი ყურები მაქვს. მაშინ ძლივს შევიკავე სიცილი. აქამდე ყურებზე არავის არაფერი უთქვამს. მერე ჩემს ნეკა თითზე უყვებოდი, სასაცილო ხალი რომ მაქვს ფრჩხილთან. ათასი დეტალი მოუყევი, რომელიც დედაჩემმაც არ იცის, მართლა - რომ ჰკითხო, ვერ გიპასუხებს. რამდენად ყურადღებით და დიდხანს მაკვირდებოდი რომ ასე შემისწავლე. რამდენად ძლიერად უნდა გყვარებოდი, რომ ჩემი ნეკაზე მჯდარი ხალიც კი გიყვარდა. ლუიზა დეიდამ გითხრა მაშინ: შვილო, გიყვარს შენ მაგ გოგო და აუცილებლად უთხარი. ლამაზი ბავშვია და სანამ სხვა დაგასწრებს, იყოჩაღეო. შენ შეიცხადე, როგორ, მეგობარია, რას ამბობ ლუიზა დეიდაო . იმ საღამოს სახლში გავბრუნდი. არ ვიცოდი მე გამომეჩინა ინიციატივა თუ დაგლოდებოდი. ჟუჟუნამ, გამოცდილი ქალივით დამარიგა, სიყვარულს მალვა უნდაო და მეც დავდუმდი.  არ ვიცი, ლუიზას რატომ არ უყვარდი, იქნებ იმიტომ რომ ყველაზე მეტად ბედნიერი ვიქნებოდი შენთან და იცოდა ამის შესახებ?! ხედავდა როგორ ზრუნავდი, როგორ შემციცინებდი... ნიკუშამ კი ეს ვერ დაინახა და შევუყვარდი. მისი ლურჯი თვალები არ დამავიწყდება, სიყვარული რომ ამიხსნა, დარწმუნებული იყო, მეც ვეტყოდი იგივეს, მაგრამ დიდი იმედგაცრუება ელოდა. მითხრა, რამდენი ხანიც არ უნდა დამჭირდეს, მაინც დაგელოდები და ცოლს არ მოვიყვანო.
ბევრი ფიქრის შემდეგ ჟუჟუნას ვუთხარი რომ შენთვის სიყვარულში გამოტყდომას ვაპირებდი. მთელი ძალებით ცდილობდა ჟუჟუნა ჩემს გადარწმუნებას. მეუბნებოდა რომ შენ ღარიბი და უქონელი ხარ, რომ მთელი ცხოვრება სიღატაკეში მომიწევს. დედა ახალი გარდაცვლილი გყავდა. მთელი სააბიტურიენტო წელი ფიქრებში და ნერვიულობაში გავატარე. ჟუჟუნა კიდე გამუდმებით მიჩიჩინებდა რომ ნიკა ამერჩია.
როცა გამოცდები მოვიტოვე და ჩავირიცხე, რამდენიმე დღეში ბათუმში უნდა ჩამოვსულიყავი, რომ ასეთი ამბით დამხვდა: იცი, შენმა კოტემაც რომ ჩააბარა? - გამიხარდა. ვიცოდი ნიჭიერი და მონდომებული რომ იყავი. ამას მოაყოლა ის, რომ თურმე ნიკას მშობლებმა თბილისში ბინა გიყიდეს, მასწავლებლები დაგიქირავეს, საჭმელს და სასმელს არ გაკლებდნენ. სიმართლე გითხრა, იმ მომენტში ვერ მივხვდი , მის გამარჯვებულ ტონს, რადგან ძალიან გამიხარდა ნიკას მშობლებისგან ასეთი მზრუნველობა. როცა მიხვდა რომ ტყემალზე ვიჯექი, უფრო მეტი თვითკმაყოფილებით გააგრძელა, რომ ნიკამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ როგორ ძლიერ ვუყვარვარ. მე ვერ მივხვდი შენთვის დახმარების გაწევაში მე რაშუაში უნდა ვყოფილიყავი. ბოლოს ამოღერღა , რომ თურმე ნიკას შენთვის შემოუთავაზებია მომზადება, ფულით უზრუნველყოფა და სახლი თბილისში, ჩემი სიყვარულის სანაცვლოდ და შენც დიდი სიხარულით დასთანხმებიხარ. ამის მერე დაასკვნა ჟუჟუნამ, რომ ვერავინ ვერ დაარწმუნებდა შენს ჩემდამი გულწრფელ სიყვარულში. მე არ დავუჯერე და გახსოვს, დაგირეკე? გკითხე ამბები და შენც აღტაცებული მიყვებოდი შენს დაუჯერებელ ამბებს. ვერ აგიღწერ იმ წუთებში რას ვგრძნობდი. ერთი კვირა ოთახიდან არ გამოვდიოდი. ჟუჟუნას დნახვაც არ მინდოდა და არც არავის ხმის გაგონების სურვილი არ მქონდა, მით უფრო შენი. ჩემი მეზობლის და გამახსენდა ბოლოს, ფლორენციაში რომ წავიდა სასწავლებლად და ასე გადაწყდა ჩემი იქ წასვლა. ყველა გავაფრთხილე რომ არც ნიკას და არც კოტეს დანახვა და ხმის გაგონება არ მინდოდა. რომ არავის დაერეკა ჩემთვის. ყველას ავუკრძალე ჩემზე საუბარი ვინმესთან, მხოლოდ ლუიზა დეიდასთან მქონდა კონტაქტი. პირველად ფლორენციიდან დავურეკე და გადაირია რომ მოვუყევი, არაფრით მჯერა და თუ გინდა მომკალიო. ორივე ისეთი კეთილშობილი და კარგად აღზრდილი ახალგაზრდაა, ვერ დავიჯერებ მაგასო. მე კი დავიჯერე, როგორც ჩანს.
ბოლოს, იმდენი მელაპარაკა ლუიზა რომ მეც შემეპარა ეჭვი.
ერთი წლის უკან კი, დედაჩემის ნომრიდან დამირეკა ჟუჟუნამ და რომ ვერ ფარავდა ისეთი აღფრთოვანებული ტონით მახარა ნიკას ავარია. შენზე დარდის გამო დალია და აიჩეხაო. რა მიზანი ჰქონდა ამის თქმას? მხოლოდ ერთი - ჩემი გამწარება.. არ ვიცი რატომ შემიძულა თუ მომიძულა, არ ვიცი რამე ისეთი თუ დავუშავე ღრმა ბავშვობაში, რაც არ მახსოვს, მაგრამ რაც არ უნდა დამეშავებინა მისთვის კოტე, ასმაგად და ათასმაგად გადამიხადა სამაგიერო. ახლა, ზუსტად ვიცი, რაიმეზე პასუხი რომ მოვთხოვო აზრი არ აქვს. ისევ დაიწყებს უაზრო ბრალდებებს და თავის მოსაწყლებას, მოთქმას, თუ როგორ დავჩაგრეთ და გავაუბედურეთ. მხოლოდ ერთი ზუსტად ვიცი, დედაჩემს და ბიძაჩემს მისთვის დახმარების ჩარიცხვას ავუკრძალავ, მაინც საქვეყნოდ გვჭრის თურმე თავს. ნათლობაში ერთი ნაცნობი შემხვდა და ისე, ძალიან ფაქიზად ჩამირტყა, რომ იმ საცოდავ ქალსაც მიხედეთ, თქვენ კი გხედავთ რომ კარგად ხართო.
კოტე იჯდა სანაპიროსთან, ცალ ხელს მომწყდარი ტალღების ქაფი უსველებდა და თითქოს ვერ გრძნობდა ვერც სხეულს, ვერც გრილ სიოს, ვერც გახურებულ პირი-სახეს, არც მუსიკა ესმოდა. მხოლოდ ლალის თვალებში მოციალე გალაქტიკებს და ტალღებივით მოთამაშე მის კულულებს ამჩნევდა.
- ლალი, არც კი ვიცი რა გითხრა. იცოდი რომ მიყვარდი? ის თუ იცოდი რომ სიგიჟემდე მიყვარხარ?
- კოტე, ვიცოდი, და რომ არა ჟუჟუნა, მინდოდა ყველაფერი მეთქვა შენთვის იმ ზაფხულს, სტუდენტები რომ გავხდით. ჯეკ ლონდონის პერსონაჟივით, მეგობრების სიყვარულის გამო თავის მოკვლას არ ვაპირებდი. დედა თანახმა იყო რომ დავოჯახებულიყავით და ბინის გამოთავისუფლებასაც გეგმავდა. მდგმურებს გავუშვებ, ამ ზაფხულს შევარემონტებ და რადგანაც კოტე გიყვარს, მე ხელს არ შეგიშლიო. მაგრამ , მარტო ჟუჟუნას ბრალიც არაა, მე გიღალატეთ ორივეს, შენც და ნიკასაც. გიღალატე,  როცა დავიჯერე , კოტეს, ჩემს საუკეთსო მეგობარს მერკანტილური მიზნები ამოძრავებდა. გიღალატეთ მაშინაც, როცა გამოუმშვიდობებლად წავედი _ჩვენი მეგობრობა მაინც იმსახურებდა ბოლო შანსს. ვუღალატე ნიკას, როცა არ ვუთხარი რომ შენ  მიყვარდი. ვუღალატე მაშინაც, როცა მისი თვითმკვლელობა დავიჯერე. ასე რომ უცოდველი არც მე ვარ.
- გიყვარს შენი ქმარი? - მოულოდნელად ჰკითხა კოტემ.
- კი, მიყვარს.
- მე რომ გიყვარდი იმაზე უფრო მეტად?
- სიყვარული მგონი ერთადერთია, რისი გაზომვაც სიდიდის მიხედვით შეუძლებელია. ყველა სიყვარულს თავის სურნელი, ფერი და ფორმა აქვს, ისევე როგორც ადგილი ჩვენს გულებში. ზოგი მკვეთრია, ზოგი უფრო ტკბილი , ზოგი მკაფიო და მოელვარე... მე და ვალერის სიყვარული იასამნისფერია, ოცნებებისა და მომავლის გეგმების ფერი. შეიძლება ისეთი ქარიშხლიან-ქარბორბალიანი არა, როგორც ჩვენ გვიყვარდა ახალგაზრდობაში, სამაგიეროდ მშვიდია და დაღვინებული, ლტოლვაზე, გაგებასა და პასუხისმგებლობაზეა აგებული და მგონი ამიტომაცაა ასე მყარი.
- რომ შეგეძლოს შეცვლიდი რამეს?
- წარსულს ვერ შევცვლით , სამწუხაროდ  და ამაზე ფიქრი ფუჭი მგონია. არ მჩვევია უკან ყურება. ახლა , ჩემს მდგომარეობას არ შევცვლი, არც ვფიქრობ ამაზე და არც მომავალში არ ვიფიქრებ, მანამ სანამ რაიმე საფუძვლიანი მიზეზი არ მექნება ამაზე საფიქრელად. ახლა კი წასვლის დროა. მოდი, ნუ გამაცილებ. მძიმე და გრძელი დღე გვქონდა და მინდა  მარტომ გავისეირნო.

როგორ მივიდა სახლამდე კოტე, როგორ დაიძინა, დილით არაფერი ახსოვდა მკაფიოდ. სამაგიეროდ ახსოვდა ლალის სურნელი, ნაზი, ყვავილოვანი და ჰაეროვანი, როგორც ზღვის ბრიზს მოყოლილი გარდენიას სურნელი.

მზე ზღვის ჰორიზონტს ეთამაშებოდა, როცა ლუიზა დეიდას ზარი შემოვიდა. კოტემ ბოდიში მოუხადა რომ დილიდანვე არ მოიკითხა. ქალმა სთხოვა მასთან მისულიყო.
ლუიზა დეიდასთან ლალი დახვდა.
- სასაუბროდ სახლში ვიყო მირჩვნია - უთხრა კოტეს ლალიმ. ლუიზას უკვე გაეწყო ლოჯში პატარა ყავის მაგიდა, მოედუღებინა ყავა და წინა დღის მორჩენილი ნამცხვრებით გაუმასპინძლდა.
- მშვიდობაა ლალი? კიდევ რამე არ ვიცი?
- დაჯექი კოტე. ..
- მე დაგტოვებთ - მორიდებით თქვა ლუიზამ, ეგონა მის გამო არ იწყებდა ქალი საუბარს, არადა , უჭირდა და ცდილობდა ძალა მოეკრიბა.
- არა, ლუიზა დეიდა, თქვენთან არაფერი გვაქვს საიდუმლო. იყავით აქ, უფრო მშვიდად ვიქნებით.
- ლალი, სანამ გული შემიწუხდება, მითხარი რაშია საქმე.
- რასაც მოგიყვები, მინდა სწორად გამიგო. მჯერა, რომ გამიგებ და არ გამინაწყენდები. მერე თავად გადაწყვიტე, შეძლებ ჩემთან მეგობრობას თუ ვერ შეძლებ. ნებისმიერ შემთხვევაში გაგიგებ. - კოტე ყურადღებიანი მსმენელი იყო და გასუსული უსმენდა. - დაახლოებით 3 წლის უკან  ჩემს საუნივერსიტეტო საერთოსაცხოვრებელში ნიკა დამადგა. ძალიან გამიხარდა. იმდენად მონატრებული ვიყავი მას და აქავრობას, აღარ მახსოვდა წყენა, სიბრაზე... კიდევ შემახსენა რომ ჩემს გარდა არავის მოიყვანდა ცოლად და დამელოდებოდა უსასრულოდ. 2 კვირა ერთად გავატარეთ. 8 დღის დაბრუნებული იყო თბილისში, როცა გავიგე რომ ორსულად ვიყავი. ნიკას ვერ ვეტყოდი ვერაფერს. ვალერის ვიცნობდი უკვე, თუმცა მხოლოდ მეგობრების წრეში ვხვდებოდით ერთმანეთს. ვიცოდი რომ მოვწონდი. როცა საბოლოოდ გავაანალიზე რომ ნიკას შვილს ვერ მოვიშორებდი, მივედი ვალერისთან და ყველაფერი მოვუყევი, შენზე, ნიკაზე, ჩემზე, ჟუჟუნაზე. მან მხოლოდ ერთი რამ მკითხა:“ ოდნავ მაინც თუ გესიმპატიურებიო“, მეც გულწრფელად ვუპასუხე, რომ მომწონდა, თუმცა რაიმე სერიოზულ გრძნობამდე საქმე ჯერ არ იყო მისული.  გამიმართლა, ვალერი კარგი მეუღლე და მზრუნველი მამაა. ვუყვარვარ მეც და აჯისაიც. ეს სახელიც ბათუმის, თქვენი და იაპონიის გამო დავარქვით. აჯისაის ჰორტენზიაც ეძახიან იაპონელები და მზის იასამნისფერ ყვავილს ნიშნავს. მასაც ნიკუშასავით ლურჯი თვალები აქვს. დღეს გაფრინდა ჩემი ქმარი და სანამ ჩამოვა, მინდა ნონა დეიდას ვანახო.
კოტეს გული გამალებით უცემდა. თავად ესმოდა როგორ ეხეთქებოდნენ სარქველები, როგორ იკუმშებოდა ერთი, მერე მეორე. თან უხაროდა და არც უხაროდა. თან სწყინდა და ვერც სწყინდა ბოლომდე. ქალი, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა, ჯერ მის საუკეთესო მეგობარს შეუყვარდა, მერე მის გამო დაშორდა და გადაიკარგა, მერე იპოვა და ვერც იპოვა, ახლა კი სიყვარულის გზები სამუდამოდ ჩაინგრა. მისი ქმარი ისე არ ადარდებდა, როგორც ბავშვი , მისი საუკეთესო ძმაკაცისგან.
ბევრი აღარ გაუგრძელებიათ. დაგეგმეს თბილისში წასვლა და ნონა დეიდასთან შეხვედრა.
კოტემ საძმაკაცო ჩათში ჩააგდო: ვიპოვე
მთელი საძმაკაცო ბაქანზე ელოდა. ეხვეწნენ მანქანით ჩამოგაკითხავთო, მაგრამ იუარა - ნიკას მერე მანქანაზე აღარ დამჯდარა.
ამოსუნთქვა არ აცალეს, ბავშვის სურათები გვაჩვენეო. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ძალიან ჰგავდა ნიკუშას, მისნაირი ზღვისფერი თვალები აქვს და შენნაირი სწორი თმაო - უთხრა ალექსამ. მხოლოდ შავო იდგა რაღაცნაირად მოღუშული. ერთი ორი მუჯლუგუნიც კი ჰკრეს ბიჭებმა, რა ცხვირი ჩამოგტირის, არ გიხარიაო. ასეთი ბედნიერი საძმაკაცო ნოდარის ქორწილის მერე არ ენახა კოტეს.
ნონასთან ალეკომ და კოტემ გადაწყვიტა მისვლა.
მანამდე გადაწყვიტეს სადმე აღენიშნათ და სადგურიდან ეგრევე რესტორანში წაიყვანეს კოტე.
ცოტა რომ დალიეს, შავომ კოტეს დაუძახა და მოსაწევად გარეთ გამომყევიო, სთხოვა.
- რა ხდება ძმაო, რაღაც ვერ გცნობ,  რამე პრობლემა გაქვს და არ გვეუბნები?
- პრობლემა გვაქვს ყველას ერთად. კარგად მომიყევი ახლა რა და როგორ იყო. - კოტემ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, სენტიმენტებისა და გულის ფრიალების გამოტოვებით.
- ხოდა, მაგ გოგოს ქონება აქვს?
- რა შუაშია ახლა ეს, ნუ გადამრიე?!
- უბრალოდ მიპასუხე.
- მაგის ქმარი ცნობილი გრაფიკული დიზაინერია. იაპონიაში მუშაობს და კარგად ცხოვრობენ. ლალის და-ძმა არ ჰყავს და მშობლების ქონება მისია. მგონი ვხვდები, გგონია ქონება უნდა და ამიტომ დაიბრალა ნიკას ბავშვის დედობა? გადაირიე? მაგ გოგოს ცხოვრებაში არ მოუტყუებია არავინ და ახლა ამხელა ტყუილს ამბობს გგონია?!
- საქმე ისაა კოტე...
- რაა ბიჭო, არ გადამრიო?!
- საქმე ისაა რომ ნიკუშა უშვილო იყო! - თქვა და თიტქოს ტვირთი მოიხსნაო. ამაზე კოტემ გადაიხარხარა.
- კაი ახლა, ნუ ბჟუტურობ ბლაყვი ბაღანასავით შენი ჭირიმე.
საერთოდ არ მიაქცია შავოს მონაყოლს მნიშვნელობა და ისევ შეუერთდა ბიჭებს. ბევრს არ სვამდა, რადგან საღამოს  რვა საათისთვის ნონა დეიდა უნდა ენახა.
ქალმა იგრძნო რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ეთქვათ მისთვის, თუმცა ასეთ ამბავს მაინც არ ელოდა. სიხარულისგან ხელები აუცახცახდა ორივეს, ცოლ-ქმარს ბედნიერების ცრემლები მოსდიოდათ, ერთმანეთს განათებული სახეებით უყურებდნენ, თან სუნთქვა ეკვროდათ, ხელებს ჰაერში აცახცახებდნენ, თითქოს სადაცაა ბავშვს უნდა შეეხონო. კოტემ ორივეს კატაბალახას წვეთები დაალევინა, ისე ვერ წავალ სახლში და ვერ დავიძინებ მშვიდად, სანამ არ დავრწმუნდები რომ კარგად და უსაფრთხოდ იქნებით ღამე - უთხრა კოტემ. სახლში დამხმარე ქალი ჰყავდათ.
- მზია დეიდა, ღამე ხომ აქ რჩებით?
- კი, დღეც და ღამეც აქ ვარ და არ ინერვიულოთ, მივხედავ ორივეს. გაიხარეთ თქვენ ასეთი კარგი ამბისთვის, თორემ ამათი ყურებით გული მეთუთქებოდა.
- მადლობა კოტე, მადლობა. მჯეროდა შენი. - ეხვეოდა და კოცნიდა ქალი. - მეშინოდა, სულ მეშინოდა.
გახარებულები დაშორდნენ . კიბეებზე ადიოდა, როცა მეზობელი ქალის ყვირილი მოესმა: „ბიჭო , ყბაყურა გაქვს და ახლა მაინც მოისვენე, თორემ შვილები რომ არ გეყოლება, არავინ გამოგყვება ცოლად, იცოდე“.
კოტეს გაახსენდა, ნიკა უყვებოდა რომ ბავშვობაში ორჯერ გადაიტანა ყბაყურა და ორივეჯერ რთული ფორმით. გულზე შემოეყარა კოტეს. სახლში შესული არ იყო, ეგრევე შავოს დაურეკა. ისიც წამში მასთან გაჩნდა.
- ახლა, ძმობას გაფიცებ, მომიყევი საიდან  მოიტანე ის, რაც დღეს მითხარი.
- მაინც არ დაიჯერებ და აზრი?
- შენ მომიყევი და მერე ვნახოთ.
- ჯერ კიდევ სტუდენტები ვიყავით მე და ნიკა, როცა სწავლის გადასახადი კაზინოში წავაგე. მშობლები რომ არ გადამრეოდნენ, აღარ ვიცოდი როგორ მეშოვნა ფული. მერე ჩემი ნათესავი გამახსენდა, სპერმის დონაციისა და სუროგაციის ცენტრი გახსნა და მეხვეწებოდა , შენ და შენმა საძმაკაცო-სადაქალომ არ გინდათ სპერმა და კვერცხუჯრედები ჩააბარეთო. თანხას გარეგნობის, გენეტიკისა და რავი კიდე სხვადასვხა მახასიათებლების მიხედვით გიხდიდნენ - ასიდან ორას აშშ დოლარამდე გიხდიდნენ. გამახსენდა და რამდენიმე საძმაკაცოს ვთხოვე წამომყოლოდნენ და ევაჟკაცად. ზოგმა იუარა, მერე ჩემი შვილები რომ შეხვდნენ ერთმანეთს, რა მეშველებაო. მე მაგის არ მეშინოდა , იმიტომ რომ დანიაში მსოფლიოში ყველაზე დიდ სპერმის ბანკში აგზავნიდნენ და საშიშროებას ვერ ვხედავდი. სანამ ანაზღაურებას მოგცემენ, იქ აგზავნიან და მთელ გენეტიკურ კვლევას და შემოწმებას გადის ეს მასალა. მე სწავლისათვის საჭირო თანხა კი ავაგროვე, მაგრამ ნიკას მოუვიდა უარყოფითი პასუხი. არ დავიჯერეთ, ბევრი ვიცინეთ ამაზე და მეორედ ჩააბარა. მეორედაც იგივე პასუხი მივიღეთ.
- თუ მჯეროდეს!
- ნუ დაიჯერებ, მაგფრამ ფაქტია, აქ რაღაცაშია საქმე. ისე, შემიძლია დასკვნაც გაჩვენო - და შარვლის უკანა ჯიბეში ოთხად გადაკეცილი ფურცელი ამოიღო.
კოტე თვალებს არ უჯერებდა. გაბრუებული უყურებდა დასკვნას და ვერ მიმხვდარიყო: სად იყო ტყუილი და სად - სიმართლე.
მეორე დღეს ნაშუადღევს ჩამოვიდა ლალი თბილისში, თან ჩამოიყვანა აჯისაი, წაბლისფერ , სწორ თმიანი ბავშვი, ულამაზესი, დიდრონი ლურჯი თვალებით. ნონასთან შესახვედრად საღამო დათქვეს.
კოტეს დანა პირს არ უხსნიდა. ლალი გააკვირვა ასეთმა დახვედრამ, თუმცა კოტეს გადაღლილობას დააბრალა.
ნონასთან ისე მოენდომებინათ, მთელი სახლი ბუშტებითა და ყვავილებით იყო სავსე. მაგიდაზე უამრავი ტკბილეული და სათამაშო ელაგა. ლალი დიდი სიყვარულით მიიღეს, როგორც გადამრჩენელს თვალებში შესციცინებდნენ და ხელებს უკოცნიდნენ. ლალი უხერხულად იშმუშნებოდა, მაგრამ ცდილობდა მოერგო ახალი როლი.
საღამოს, როცა აჯისაი დასაძინებლად წაიყვანეს, კოტე გაყვა ლალის და თხოვა, როცა მორჩებოდა საქმეებს , დაბლა, ეზოში დაელოდებოდა.
დიდი ხანი არ მოუწია ლოდინი.
- გისმენ, კოტე.
- ლალი, აბა თვალებში შემომხედე და მიპასუხე, ასეთ უხერხულ სიტუაციაში რატომ ჩამაგდე?
- რას გულისხმობ კოტე?
- იმას, რომ ნიკას შვილი არაა აჯისაი და ამხელა ტყუილი მათქმევინე. ეს საწყალი ხალხი შვილიშვილის ძიებაშია, შენ კი ...
- საიდან მოიტანე რომ ნიკას შვილი არაა?
- მორჩი ახლა ლალი, აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე?! შენ ხომ ტყული არ შეგიძლია. სახე რომ შეგეფაკლა და თვალებში არ მიყურებდი... მაშინ უნდა მიმხვდარიყავი.
- როგორც მოგიყევი ზუსტად ისეა. მე იმხელა დანაშაული მაქვს ჩადენილი, ამით მაინც გამოვისყიდი. ხომ იცი, მე ქონება არ მჭირდება, მხოლოდ ის, რომ ნიკას ხსოვნისთვის, მის მშობლებს მაინც გავუფერადო სიბერე. ისინი იმსახურებენ ბედნიერებას, ამდენი ტკივილის შემდეგ მაინც.
- ხო, მაგრამ ტყუილის ხარჯზე? ნიკა უშვილო იყო, უშვილო და არც მისი ფლორენციაში ჩამოსვლა მგონია სიმართლე. მე არ დამიმალავდა, მეტყოდა აუცილებლად.
- უშვილო? ვინ გითხრა? არა, არ არსებობს რომ ნიკა ...
- აგერ, დასკვნა - და ხელებში ის, უკვე დაჭმუჭნული ფურცელი ჩაუდო.
- წარმოუდგენელი და დაუჯერებელია.
- ხო, შეიძლება, მაგრამ ამ საწყალ, შვილმკვდარ მშობლებს რომ ვატყუებთ, ეს უფრო წარმოუგენელი მგონია.
- კოტე, ბოროტი განზრახვით ნათქვამი სიმართლე, ყველანაირ ტყუილს უჯოკრავს. რა იქნება მერე? უთხარი სიმართლე და მერე რა იქნება ხვდები? ისევ ცრემლიანი ღამეები, ისევ მოლოდინი... თუ, უკაცრავად, მოლოდინიც გაუქრებათ , გესმის? ანუ, იმედის ნაპერწკალსაც უკლავ ამ ხალხს და გაქვს შენ ამის უფლება? გგონია გაქვს? გეგონა გქონდა სიყვარულის მალვის უფლება? ან მე მქონდა უნდობლობის უფლება? მეტს არაფერს გეტყვი.
ქალმა დასკვნის ფურცელი ხელებსი ჩაუკუჭა და სახლში შებრუნდა.
კოტემ აღარ იცოდა რა მოემოქმედა. ბოლოს ისევ შავოს დაურეკა და გადაწყვეტილება ერთად მიიღეს.
ხუთ სექტემბერს აჯისაის დაბადების დღე უნდა ჰქონოდა. მოდი, ცოტა ხანი ვაცალოთ ბედნიერება და წინა დღეს ვუთხრათ , რომ ბათუმში ტყუილად არ იმგზავრონ ამხელა გზაზეო.
ოთხში დილით დაადგნენ მეგობრები - შავო და კოტე.
ნონა მშვენიერ განწყობაზე იყო, შავი კაბისთვის მკერდზე პატარა ჭიამაიაც მიემაგრებინა. ნივთების ჩალაგებაში იყო.
- გამიხარდა ბიჭებო თქვენი მოსვლა. საჩუქრების საყიდლად უნდა წავიდე და ... წამომყვებით?
- ნონა დეიდა, ვიცი, ბევრი საქმე გაქვთ, მაგრამ სულ ხუთი წუთით მოგაცდენთ. - ქალს განწყობა არ დაუკარგავს. მრგვალი მაგიდისკენ მიუთითა, ცივი წყალი და კომპოტი შესთავაზა.
- ნონა დეიდა, აჯისაი ნიკუშას შვილი არაა - ძლივს ამოღერღა შავომ, როცა ნახა რომ კოტე უსასრულოდ ვერ მოიკრეფდა ძალას ამის სათქმელად.  ქალი შეცბა და დაეჭვებული სახით შეხედა ორივეს.
- ნიკას ვერ ეყოლებოდა შვილი - უთხრა კოტემ და ფურცლის ამოღებას შეუდგა.
- ჩადე ახლა მაგ ფურცელი. დიახ, ვერ ეყოლებოდა, რადგან ყბაყურისგან გამოწვეული რეპროდუქციუილი პათოლოგია ჰქონდა. - ბიჭები ცხოვრებაში არ ყოფილან ასეთი გაოგნებულები.
- ახლა, ან მომეხმარეთ საჩუქრების ყიდვაში, ან აგერ ცივი კომპოტი სვით. მე მაპატიეთ, ბევრი საქმე მაქვს - შუბლზე აკოცა ორივეს და ფუსფუსი გააგრძელა.
იმ დღეს ბევრი საჩუქარი შეიძინეს აჯისაისთვის. მეორე დღეს ლალის სახლში დიდი წვეულება იმართებოდა.როცა კოტე ორჭოფობდა, მისულიყო თუ არა მასთან სახლში სტუმრად, ლალიმ უთხრა.
- ლუიზა დეიდასთან გატარებული იმ გრძელი დღის შემდეგ, სახლისაკენ მიმავალმა გადავწყვიტე ყველაფერი. მერე მეუღლეს მოვუყევი დაწვრილებით, ჩემი გადაწყვეტილება გავაცანი და შევუთანხმდი. ისიც დამთანხმდა , რადგან დიდი ადამიანია. ძალიან უნდა შენი გაცნობა. ბევრი მაქვს მოყოლილი შენს შესახებ და არ გამოვა რომ არ მოხვიდე
ლამაზად იყო მთელი სახლი მორთული. ნონა და მისი ქმარი ერთმანეთს ხელს არ უშვებდნენ, ბედნიერები შესციცინებდნენ პატარა, ლამაზი და გონიერი გოგონას ანცობებსა და სიცილ-კისკისს.
კოტემ ბოლოს მაინც გადაწყვიტა მისვლა. ლუიზა დეიდას გაუარა და ორივე ერთად ულამაზესი თოჯინით შეიარაღებულები ესტუმრნენ ლალის.
მიუხედავად იმისა, რომ უჩვეულოდ ეჩვენებოდა ყველაფერი და ჯერ კიდევ ესკალატორიან სიზმარში ეგონა თავი, მაინც ბედნიერი იყო იმით, რომ ნიკუშასთვის მაქსიმალურად გააკეთა ის, რაც შეეძლო ან შეიძლებოდა შესძლებოდა.
როდესაც სტუმრები სუფრასთან მიიწვიეს, მაგიდის თავში ლალის მეუღლე, ვალერი დაჯდა. ყველამ, ვინც კოტეს იცნობდა, მისკენ გამოიხედა - ხან ვალერის უყურებდნენ და ხანაც კოტეს. ლუიზა დეიდამაც კი ვერ შეიკავა ემოციები.
მეგობრებო, ახლობლებო და საყვარელო ადამიანებო, გაიცანით, ეს ჩემი მეუღლეა, ვალერი.
ლალი ბედნიერი სახით აკვირდებოდა თითოეულის გამომეტყველებას.
- იქნებ ვალერია შენი ტყუპისცალი, დედაშენს მკვდარიც რომ არ ანახეს? - ჩაილაპარაკა ლუიზამ.

დასასრული


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები