ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2009


ლ ა მ პ ა



ოთხის ნაცვლად
ერთი კედელი აქვს-
უჭერო,უკარფანჯრო,
გამჭვირვალე,
ზარივით
ლამაზად შემომრგვალებული,
ჰაერის ფურცლისგან შეკერილი.

ეს შუშის კოშკია,
რკინის კვარცხლბეკზე
თითქოს ციდან ჩამოშვებული,
რკინის პატარა ფოთლების წრეში
რბილად ჩაჭედილი…

ამ კოშკში მზეთუნახავია,
ოქროსფერთმიანი,ოქროსფერკაბიანი,
რომლის სიკეთესაც
/სითბოსა და სინათლეს/
ჩვენ ყოველთვის ამგვარად ვაფასებთ:
ძილის წინ,
კარგად რომ დავნაყრდებით,
ზემოდან ჩავბერავთ:”ფუ!”
მაგრამ თუ რაღაცა შეგვეშალა,
კარგად თუ ვერ მოვზომეთ-
პირველივე ჩაბერვაზე
თუ არ გაგვიმართლა,
რკინის ბორბალს მოვიშველიებთ,
მზეთუნახავს გულგრილობის
ბაწარს მოვუჭერთ და ჩავქაჩავთ
ქვემოთ-ნავთიანი ქვესკნელისაკენ.
გაფერმკრთალდება,დაპატარავდება
და,სანამ მიხვდება,
რაც ხდება მის თავს,
ჩვენ კიდევ ერთხელ,
მაგიდას დამუშტული
ხელებით დაყრდნობილნი,
უფრო ვაჟკაცურად ჩავბერავთ:”ფუ!”
და,ყოველ შემთხვევისთვის,
მესამედაც ჩავაფუფუებთ…
და მზეთუნახავი გაქრება წამში,
შუშის კოშკში სიბნელე დაგუბდება
და ღმერთის ჩრდილივით
დაიწყებს კამკამს
და ბამბის ორმოებში ჩაძირულებს,
ვითარცა  “ფუ-ფუ-ფუ”,
სამუდამოდ დაგვავიწყდება
ჩვენთვის სითბოსა და
სინათლის გამომცემი
მზეთუნახავი-დობილი ანგელოზის,
ოქროსფერთმიანი,ოქროსფერკაბიანი,
უმშვენიერესი მსახური,
უმშვენიერესი ზვარაკი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები