ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
10 ოქტომბერი, 2022


ხანდახან ღმერთებიც ტირიან



- ილაპარაკე, რომ დაგინახო!
- მასწავლებელო,  თქვენ  ბრმა ხართ?
- არა, ბრმა არ ვარ!  მე ვხედავ ცას,  ვხედავ ხეებს,  ამ მწვანე ბალახს, მათ თქვეს  თავის სათქმელი, შენ ვერ გხედავ!
- მე ალექსანდრე ვარ,  მეფე  ფილიპე მამაჩემია!
- მე ვხედავ მამაშენს, შენ კი ვერ გხედავ!
- მამაჩემი აქ არ არის ახლა და როგორ ხედავთ!
- შენ  თქვი მამაჩემი  ფილიპეაო?!
- ვთქვი!
- ხოდა მე  ვხედავ მამაშენს,  შენ რომ დაგინახო, ჩემს კითხვას უნდა უპასუხო!
- და თუ ვერ ვუპასუხე?
- ჩვენი  ბოლო გაკვეთილი იქნება დღევანდელი დღე!
- კითხვებზე პასუხი  თქვენ უნდა მასწავლოთ!  მამაჩემმა მითხრა არისტოტელემ ყველაფერი იცისო!
- ყველაფერი ღმერთებმაც არ იციან, ალექსანდრე!
- აბა რატომ არიან ღმერთები?
- უკვე გამოჩნდი,  -  გაეღიმა არისტოტელეს,  -  კითხვა მომეწონა. რამდენი წლის ხარ,  ალექსანდრე?
- ცამეტის!
- ცამეტი  წლისამ ბევრი რამე უნდა იცოდე!
- ვიცი, მაგრამ არა ყველაფერი,  როგორც თქვენ!
- ისევ არ ჩანხარ, ალექსანდრე!  ხო ვთქვი ყველაფერი  ღმერთებმაც არ იციან-მეთქი!
- მაშ მამაჩემი მატყუებს?
- არ გატყუებს,  მამაშენს თავისი სიმართლე აქვს!
- რამდენი სიმართლეა  ქვეყნად?
- ქვეყნად იმდენი სიმართლეა, რამდენიც ადამიანი.  ყველა ადამიანს თავისი საზომის აქვს,  მაგრამ ჭეშმარიტება ერთია.  ალექსანდრე,  როგორ ფიქრობ,  რა არის  ყველაზე დიდი რაც ყველაზე  მცირეშია?
- საღი  გონება  ადამიანის სხეულში!
- იცოდი პასუხი  თუ ახლა მოიფიქრე?
- ვიცოდი.
- საიდან იცოდი?
- მამაჩემს  უყვარს ეს სიტყვები და ისიც ვიცი, რომ თქვენგან ისწავლა! 
- გილოცავ, ალექსანდრე, აი,  უკვე ნამდვილად გხედავ! 
ასე დაიწყო პირველი გაკვეთილი.  თან საუბრობდა, თან    სასახლის ბაღში  სეირნობდა    არისტოტელე ალექსანდრესთან ერთად და თავისი ბავშვობა ახსენდებოდა, როცა მაკედონიის მეფის ამანტასის  სამეფო კარზე  უფლისწულ ფილიპესთან ერთად  ერთობოდა  ათასგვარ  თამაშებით, რომლებსაც უფრო ხშირად თვითონ  არისტოტელე  იგონებდა.  ჯიუტ  ფილიპეს  ყველა თამაშში  სურდა  გამარჯვება  დარჩენოდა.  ალექსანდრეს მზერაშიც    სიჯიუტე ჩანდა, ოღონდ ეს არ იყო  ვირული  სიჯიუტე -  ასე მინდა და ასეა.  ალექსანდრეს გამოხედვა, მანერებიც  კი  ფილიპესი ჰქონდა, მაგრამ იყო განსხვავება - მიზანსწრაფულობა, რომელიც ალექსანდრეში  უფრო აღმატებული  იყო.  ამას პირველ გაკვეთილზე მიხვდა  არისტოტელე    -  აშკარად  მომავალი მეფეა,  - ფიქრობდა  ის, -  თუმცა ამას  სამეფოდ არც მაკედონია და არც საბერძნეთი  არ ეყოფა.
მეორე გაკვეთილზე მიდიოდა სამეფო სასახლეში.  დღეს მათემატიკაში  უნდა გამოეცადა ალექსანდრე.  გზაზე  იხსენებდა  პლატონის აკადემიაში გატარებულ  ოც  წელიწადს - მოსწავლეობიდან მასწავლებლობამდე.  აგონდებოდა წარწერა აკადემიის შესასვლელში ,,მათემატიკის  ცოდნა აუცილებელია“.  თვითონ  იოლად ჩააბარა აკადემიაში მისაღები გამოცდა -  მათემატიკა  ხომ მისი საყვარელი საგანი იყო.  ,,მათემატიკა  გონებას აწესრიგებს. რომ შეიგრძნო ბუნების სილამაზე,  უნდა იცოდე მათემატიკა,  ხოლო  რომ გაუგო ბუნებას, უნდა იცოდე  ფიზიკა!“  - ამ სიტყვებით დაემშვიდობა წინა გაკვეთილზე ალექსანდრეს.  მომავალი  მეფისთვის,  ვინც აპირებს  ხალხის  და ქვეყნის ბედი  ჩაიბაროს    მათემატიკის  ცოდნა  უმნიშვნელოვანესი იქნება.  შემდეგ უკვე ფიზიკაზეც  გადავლენ. სამეფო სასახლისკენ  მოკლე გზით  გადაწყვიტა წასვლა. აქ  დღისითაც  კი  ყველა ერიდებოდა სიარულს.  ბნელი, ვიწრო ქუჩა იყო.  აქ მხოლოდ ქურდები და მეძავები    თუ დადიოდნენ. შენიშნა ვიღაც კაცი  მოდიოდა მისკენ. არც შეუხედავს, უჩუმრად ცდილობდა  გვერდი აევლო.
- არისტოტელე?!
მოესმა უცებ.  ხმა ეცნო.
  -  არისტოკლე, შენ ხარ?!  -  უპასუხა არისტოტელემ.  ის და არისტოკლე  ერთად  სწავლობდნენ  პლატონის აკადემიაში.  არისტოკლე პლატონის ერთ-ერთი ბრმა  მიმდევარი იყო.  საათობით შეეძლო პლატონის თეზისები თუ  აპორიები ემეორებინა და  ყველას პირად მტრად მიიჩნევდა,  ვინც ოდნავ ეჭვს შეიტანდა  საყვარელი მასწავლებლის  ნააზრევში.  ლაპარაკი  კი,  იცოცხლე, უყვარდა არისტოკლეს.  დილიდან საღამომდე შეეძლო ელაპარაკა, მაგრამ თან ისე,  რომ არც არაფერი ეთქვა.
- ანუ პლატონი  მეგობარია და ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარი, ხომ  სტარიგელო?
- როგორ ხარ,  არისტოკლე! - გაიღიმა არისტოტელემ.
- კარგად, კარგად...  შენ კი ისევ ისე, როგორც აკადემიაში,  კოხტად  გამოწყობილი დადიხარ, ყველა თითზე ბეჭედი, მდიდრული მოსასხამი  და  ყველაზე ძვირი სანდლები!
- მეჩქარება ახლა  არისტოკლე,  ისე, გამიხარდა  შენი ნახვა!
- მე კი არ გამიხარდა!  პატივს არ სცემდი  ჩვენ  დიდ  მასწავლებელს!  არადა ყველაზე უფრო შენ უყვარდი  -  გამორჩეულად!  ძალიანაც კარგი, რომ  მისი დაარსებული აკადემიის  მმართველი სპევსიპე გახდა და არა შენ!
- პლატონის ძმისწული კარგი ადამიანია,  იმედია  აკადემიის ისეთივე  წარმატებული  მმართველი იქნება, როგორც პლატონი.  ჩემგან მილოცვა გადაეცი!  ღმერთებმა დაგიფაროს არისტოკლე!
თქვა არისტოტელემ  და  სანამ რაიმეს ეტყოდა თანააკადემიელი,  გზა გააგრძელა.  რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოასწრო და უცებ  ციდან შუქი ჩამოეშვა.    მერე  ხმა გაისმა, რომელიც თითქოს ზეციდან მოდიოდა:
- წამოდი, არისტოტელე!
- ვინ ხარ?  -  იკითხა არისტოტელემ.
- წავიდეთ,  გზაში მოგიყვები!
- სად?
- არ გაინტერესებს საუკუნეების შემდეგ ფიზიკოსები,  ანუ  ის მეცნიერები,  რომელთაც  შენ საფუძველი შეუქმენი, რა დღეში ჩააგდებენ დედამიწას?
- მაინტერესებს, მაგრამ მეფის პირმშოსთან გაკვეთილი მაქვს დღეს, როგორ გავუცდინო?
- ალექსანდრემ ცოტა ხნით დაისვენოს,  ან  ხმალსა და ჯირითში ივარჯიშოს - ეს აშკარად უკეთ გამოსდის ვიდრე ფიზიკა, ან მეტაფიზიკა!
- ანუ ჩემი შრომები იცით?
- ვიცი და  თუმცა შენი ფიზიკა ძალიან შეიცვლება,  შენ მაინც შემორჩები კაცობრიობის გონებას როგორც ფიზიკის მამა!
- ანუ,  როგორც საშინელი  მამა?
- ეჰ, საშინელება  მერე იკითხე შენ.    საწყალი დედამიწა რა დღეშია  რომ იცოდე!  შენ ოცნებობდი  უკეთეს ქალაქზე,  უკეთეს  ქვეყანაზე,  რომ ადამიანები ბედნიერები ყოფილიყვნენ, ახლა ფიქრი მოგიწევს უკეთეს დედამიწაზე,  რათა  დედამიწაც და ადამიანებიც  გადარჩნენ!  შენ  ასკლეპიოსის მოდგმისა ხარ!  მამაშენი ნიკომაქოსი ხომ  ექიმი იყო,  ისე როგორც  ბაბუაშენი ან დიდი ბაბუა?  ახლა საშუალება გაქვს, მცირე დროით თუნდაც,    წიანაპართა პროფესიას დაუბრუნდე, მკურნალი გახდე!
- სამკურნალო  ვინ არის?
- დედამიწა!  საშუალება  გეძლევა უმკურნალო მას, ან რეცეპტი მაინც გამოწერო, რათა გადარჩეს!
- და როგორ წამოვიდე?
- უბრალოდ შუქს გამოჰყევი.
        ,,რა საოცარია და საკვირველი  ეს ყველაფერი, თუმცა რა,  ყოველი შემეცნება,  ხო გაკვირვებით  იწყება!“  -  გაიფიქრა არისტოტელემ  და სინათლეში შეაბიჯა.  შუქს რომ თვალი შეაჩვია,  აღმოჩინა, რომ    დიდი კვერცხის ფორმის  მქონე არც თუ ვიწრო საკანში იყო,  რომელშიც გვერდი-გვერდ, მცირეოდენი დაცილებით ორი სავარძელი იდგა.  რატომღაც დიოეგენე  სინოპელი გაახსენდა,  კასრში მჯდომი, ოღონდ ის, ვინც  ამ კასრში დახვდა,  დიოგენე ნამდვილად არ იყო და  არც  ეს პატარა სამყოფი  არ იყო დიოგენეს  კასრი,    რომელშიც  მხოლოდ ერთი მხრიდან შედიოდა შუქი. პირიქით,  არისტოტელეს ისეთი განცდა  ჰქონდა, თითქოს ეს მომრგვალებული  საკანი  საერთოდაც  შუქით ნაშენი  იყო,  ოღონდ შუქი, რომელიც თვალს არ გჭრის და არ გაბრმავებს,  პირიქით, შუქი, რომელიც  ენერგიას განიჭებს და  ძალას გმატებს.  ერთ სავარძელში  დაახლოებით  არისტოტელეს ხნის მამაკაცი იჯდა, რომელსაც  თეთრი თმა  და წვერ-ულვაში ჰქონდა.  საკნის  კედლებზე  მინის მომრგვალებული ფანჯრები იყო, ხოლო  სავარძლების  წინ  ოვალის  ფორმის  მაგიდა იდგა,  რომლის ზედაპირზეც  სხვადასხვა მოძრავი  სურათი ერთმანეთს ცვლიდა.
- აბა კარგად მოეწყვე, შორი გზა გვაქვს!  მჯეროდა,  რომ უარს არ მეტყოდი, არისტოტელე  სტაგირელო!  - თქვა კაცმა იგივე ხმით, რაც სულ ცოტა ხნის წინ  ესმოდა.
- შეიძლება  გავიგო  ვის ვესაუბრები?  - თქვა არისტოტელემ,  როცა მეორე სავარძელში ჩაჯდა.
- ჩავთვალოთ მეტაფიზიკიდან ვარ! - გაეცინა კაცს,  -  თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია თუ სად მივდივართ და რას ვაპირებთ!
- სად მივდივართ?!
- აიეტის ქვეყანაში.  გახსოვს არგონავტების ისტორია?
- აიეტი,  ოქროს საწმისი, იასონი, მედეა. ასკლეპიოსი  მედიცინის ღვთაებაა,  ზოგი ხალხი კი მედეას მედიცინის ქალღმერთად  თვლის!
- კი,  ტაძრებსაც აგებდნენ მის სახელზე. ამ ქვეყნის ერთ მუნიციპალიტეტში მოგიწევს სტუმრობა, სადაც ახლა  სხვადასხვა პოლისების  მმართველები იკრიბებიან, მათთან ერთად  იქნებიან    სტუმრები  სხვადასხვა  ქვეყნიდან!
- მიზეზი?
- იმსჯელებენ,  როგორ გადაარჩინონ  დედამიწა!
- დედამიწას რა მოუვიდა?
-  დედამიწას სიცხე აქვს, ავადაა!  რეცეპტი უნდა მოიფიქრო,    ანუ მოგიწევს  ამ შეკრებაზე სიტყვით  გამოსვლა?
- აიეტის ქვეყანაში  ბერძნული ეცოდინებათ?
- არა, შენ ილაპარაკებ  აიეტის  ქვეყნის ენაზე,  ანუ ქართულად რომელიც  უკვე იცი?
- როგორ თუ ვიცი?
- იცი, იცი!  მოიცა, ახლავე დარწმუნდები! აიღე წიგნი, რომელიც შენს გვერდით თაროზე დევს, ეს  არის  ,,ვეფხისტყაოსანი“. მისი ავტორი შოთა რუსთაველია,  იმ ქვეყნის შვილი, სადაც მივდივართ.  აბა გადაშალე  და სადაც  მოხვდები  იმ გვერდზე მეორე  სტროფი წაიკითხე: 
არისტოტელემ, სანამ წიგნს გადაშლიდა იქვე სხვა ნაშრომებიც შენიშნა:  ერთს არისტოტელე - ფიზიკა ეწერა, მეორეს  არისტოტელე - მეტაფიზიკა.  მერე  მითითებული    სტროფი წაიკითხა:
- ,,ღმერთსა შემვედრე,  ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,  ცეცხლსა, მიწასა  და  წყალსა, ჰაერთა თანა ძრომასა“... ანუ ოთხივე სტიქიაა ერთ სტრიქონში!  -  თქვა უცებ  და მაშინ  მიხვდა, რომ ქართულად კითხულობდა და ლაპარაკობდა.
- აი, ხედავ?  -  ქართულად  უპასუხა  კაცმაც  და ასევე გააგრძელა საუბარი,  -  სანამ სიტყვით გამოხვალ  მანამდე  პატარა ექსკურსია ჩავატაროთ.  ჯერ გაიგებ  ფიზიკოსების გამო რა დღეშია დედამიწა!  შეხედე ამ დაფას, წლების შემდეგ ადამიანები მას ეკრანს დაარქმევენ.  ხედავ  ცაში მფრინავი  რკინის ჩიტი მიფრინავს, ახლა აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქალაქის თავზე  ის საშინელ ტვირთს ჩამოაგდებს, სახელად  ,,ბიჭუნას“.  მართლა უწყინარი ბიჭუნა არ გეგონოს,  ეს ატომური ბომბია, რომელიც  მტვრად აქცევს  მთელი ქალაქს. ამას რამდენიმე დღეში მეორე ისეთივე ბომბი  და მეორე განადგურებული  ქალაქი მოყვება.   
ეკრანზე    მართლაც ჩანდა  ქალაქის თავზე  აღმართული  უზარმაზარი კვამლისა და მტვრის გროვა.   
- საშინელებაა. ნუთუ  ფიზიკოსების ბრალია ეს?   
- გეთანხმები, საშინელებაა  არისტოტელე,  მაგრამ ზოგი  ამ საქციელს გაამართლებს კიდეც,  ამ იარაღმა ომი დაამთავრა და  უფრო ნაკლები ხალხი დაიღუპაო!  შენ არ ეუბნებოდი  გუშინ ალექსანდრეს, ყველა ადამიანს თავისი სიმართლე აქვსო?!  ჭეშმარიტება ნაკლებად აინტერესებთ  ადამიანებს,  ისევ თავისი  საზომით ზომავენ! ქვეყნებიც ასეა, მათი მმართველი ტირანები ძირითადად  ერთპიროვნულად განსაზღვრავენ  პოლიტიკას! 
- თუ საშუალება მექნება  უკან დავბრუნდე  ყველა ჩემი ნაშრომი  უნდა დავწვა  ფიზიკაზეც და მეტაფიზიკაზეც!
- ეს არაფერს არ უშველის,  ამაო იქნება, არისტოტელე! ამით  თუ ავნებ, თორემ უკეთესობისკენ ვერაფერს შეცვლი!
- ფიზიკოსებმა სასიკეთო  რამეც გააკეთეს ანუ, ამის თქმა გნებავთ?
- რა თქმა უნდა  და თან უამრავი  რამ.  ეს  არის ახალი ტექნოლოგიები,  რომლებმაც ადამიანის შრომა შეამსუბუქა  და თან  უფრო ნაყოფიერი გახადა.  ადამიანები გადაადგილდებიან ცხენის გარეშე რკინის ყუთებით, რასაც ავტომობილი დაარქვეს,  დაფრინავენ ასევე რკინის  ყუთებით, რასაც  თვითმფრინავები დაარქვეს!  ადამიანი კოსმოსში გავიდა, რასაც შენ ეთერს ეძახი,  თუმცა სამწუხაროდ  ხშირად  ახალი ტექნოლოგიების დანერგვა  დედამიწის ჯანმრთელობის ხარჯზე ხდება. დაუნდობლად იჩეხება ტყეები,  ნადგურდება მწვანე საფარი, რამაც უნდა უზრუნველყოს ჰაერში  სიცოცხლისათვის  საჭირო  ერთ-ერთი კომპონენტის ჟანგბადის კონცენტრაცია.    სწორედ ჰაერის  დაბინძურება და  სათბურის ეფექტი  არის  მიზეზი დედამიწის ტემპერატურის ზრდის,    რაც თავის მხრივ  იწვევს  ღვარცოფს, გვალვას,  გაუდაბნოებას,  ტყის ხანძრებს,  წყალდიდობას...
ეკრანზე უკვე  ხრიოკად ქცეული, დახეთქილი მიწის საფარი ჩანდა,  ხანაც  ხანძრები და წყალდიდობები ცვლიდა ერთმანეთს. არისტოტელე ეკრანზე ხედავდა როგორ  ნადგურდებოდა თაობების მიერ წლობით დაგროვილი სიმდიდრე... 
აიეტის ქვეყნის ერთ-ერთ პოლისში,  ოზურგეთში იყო არისტოტელე.  ყველაფერს    აკვირდებოდა.  მოქალაქეების უმრავლესობა  აჩქარებული ნაბიჯით  მიმოდიოდა  ქუჩაში, ზოგს მისი უცნაური ჩაცმულობ აკვირვებდა და ირონიულად იცინოდნენ.    ორი ახალგაზრდას  გამოელაპარაკა:
- მოქალაქეებო, ხომ ვერ მეტყვით  სიმპოზიუმი  თემაზე  ,,ევროპის მდგრადი ენერგეტიკული კვირეული  2022“    სად ტარდება?
- რაი სად ტარდებაო?  - ჩაილაპარაკა ერთმა.
- მსახიობია ეტყობა,  ანუ  გვაღადავებენ!  - უპასუხა მეორემ.
- ვინ ხარ ძამა შენ?  -  დაინტერესდა ისევ პირველი.
- არისტოტელე ვარ სტაგირიდან!  აქ მოვედი  რათა დედამიწას ვუმკურნალო!
- ვინ,  ვარო?! -    პირველი ბიჭი მეორეს მიუბრუნდა.
- დაყრუვდი ძამა? არისტოტელე  ვარ და დედამიწას უნდა ვუმკურნალოო!  -  უპასუხა მეორემ.
- მსახიობია კი არა, რა მოწია ნეტა ამისთანა?! ამას კაი ბალახი  ექნება რაცხა, ხო იცი?!
- ჯიბე არ აქვს, ბალახი სიდან ექნება?  არ გავს მოწეულს!
- აბა მთვრალს,  მით უმეტეს არ გავს! ჭაღარა კი შეპარვია,  მარა  ყინჩად დგას!  თან ხომ იცი,  რა ყნოსვა მაქვს, დალეული  რომ იყოს,  მივხვდებოდი!
- ისე,  რავარი ბეჭდები უკეთია!  ხო არ ავწიოთ,  ჩემი კაი...
- შარია  თუ ძმა ხარ, ყველგან კამერები აყენია!
- ბიჯო,  მგონი  თეატრშია რაცხა ღონისძიება,  ვერტალიოტითაც ჩამოფრინდა დღეს ხალხი, იმაზე ხო  არ  ჩივა?
- ალბათ!    მეც ვნახე  აფიშა!
- კაი კაცი,  გინდა არისტოტელე იყავი და გინდა პლატონი,  არაა ბაზარი.  ახლა გეტყვი რაფერ მიხვიდე.  მოკლედ,  გაყვები ახლა ამ  გზას, შეგხვდება თონე და ლავკაა პატარა, ხილს ყიდიან, მოუხოვ მერე მარცხნივ  გამოჩნდება თეატრის შენობა,  ხოდა    იქანეა რაცხა მაი სიმპოზიუმია,  დასტურ გიჩივი. 
,,აქაც პლატონი! “  - გაიფიქრა არისტოტელემ,  თავის დაკვრით  გადაუხადა მადლობა  ბიჭებს და ნაჩვენებ გზას დაადგა. თუმცა ,,ლავკა“ ვერ მიხვდა რა იყო, თონეს ადვილად მიაგნო -  ნავის  ფორმის  ქართულ პურებს გემრიელი  სურნელი ასდიოდა.  მერე      თაროებზე  ჩამწკვრივებული  ხილის ყუთები დაინახა,  მარცხნივ კი,  გზის ბოლოს, დიდი  შენობა ჩანდა, ალბათ ეს იყო თეატრი...
კართან  სუფთად წვერგაპარსული  ახალგაზრდა დახვდა.  სიმპოზიუმი აქ ტარდებაო, - კითხა.
- თქვენი მოსაწვევი?
- მე არისტოტელე ვარ!
- მე პლატონი ვარ,  ოღონდ მოსაწვევი მჭირდება!
,,ისევ პლატონი“ - გუნებაში  გაიცინა  არისტოტელემ.
- რა ხდება გიორგი?
- ბატონო გოჩა, ვიღაც კაცია,  მოსაწვევი  მოვთხოვე  და არისტოტელე ვარო!
- არისტოტელე თუა მოსაწვევი რად უნდა?  მობრძანდით,  ჩემო ბატონო!    ბატონო არისტოტელე, თუ შეიძლება  თქვენი  ქალაქი მითხრათ, რომ  წამყვანს ჩავაწერინო!
- არისტოტელე    სტაგირიდან!  შეკრებაზე  გამოსვლას ვაპირებ!
- ასევე ჩაგწერთ,  არისტოტელე სტაგირიდან,  ანუ  ბოლო სიტყვა თქვენია! 
... დარბაზში  იჯდა არისტოტელე და უსმენდა გამომსვლელებს,  რომლებიც  იცავდნენ დიალექტიკის ყველა ნორმას, თან თითქოს შთაბეჭდილება დაგრჩებოდა  დედამიწაზე ზრუნვაში აღამებს-ათენებს  ეს ხალხიო.    ერთი ფიქრი აწვალებდა,  თუ ასე ყველამ ყველაფერი კარგად იციან,  ყველა წუხს დედამიწის ბედზე, მაშინ რატომ არის დედამიწა ცუდადო.  რამოდენიმე ხნის შემდეგ  წამყვანმა მისი სახელიც წარმოთქვა. არისტოტელე  წამოდგა  და ნელი, დინჯი ნაბიჯებით მივიდა ტრიბუნასთან.
- მოგესალმებით აიეტის ქვეყნის მოქალაქენო,  პოლისთა  მმართველნო და ამ ქვეყნის სტუმარნო.    მე, არისტოტელე სტაგირელი,  შორი ქალაქიდან და უფრო შორი დროიდან მოსული,  გულდასმით  გისმენდით და  მინდა გითხრათ,  აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი -  როგორ გიყვართ დედამიწა!  ყველა ენა ნამდვილად არ ვიცი, თუმცა არც მეგულება სხვა რომელიმე ენა, რომელზედაც  ჩვენი პლანეტის სახელში სიტყვა დედა ურევია და  მისასალმებელია, რომ  როგორც ყველა ღირსებით სავსე  დროული  მოქალაქე ვალდებულია  მხცოვან დედას უვლიდეს, ისევე თქვენ აქ გამომსვლელნი  თავს ვალდებულად თვლით  მოუაროთ დედამიწას.  თან  ყველაფერი კარგად იცით:  იცით  თუ რაოდენ მნიშვნელოვანია  ენერგიის განახლებადი წყაროების:  წყლის,  მზის, ქარის,  ბიომასის მაქსიმალურად  და ეფექტურად  გამოყენება,  ენერგოეფექტური  ტექნოლოგიების დანერგვა. პარალელურად  კი  ქვანახშირის, ნავთობის, გაზის  მოხმარებების  შემცირება,  რათა  შემცირდეს  ატმოსფეროში სათბური აირების კონცენტრაცია.  ნება მომეცით კითხვა დავსვა: მაშინ რატომ არ აკეთებთ ამას, ან აკეთებთ და  მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით. მე ვნახე გორთან ქარის ტურბინები, ვნახე  თბილისში სახლები მზის პანელებით, ვნახე ელექტრომობილები, რომლებიც არ გამოიყენებენ  ბენზინს.  მაგრამ  ეს  ისე  მცირე რაოდენობით,  რომ ნამდვილად სასაცილოა ის რასაც ამბობთ  იმასთან შედარებით,  რასაც აკეთებთ. კიდევ, რამაც გამაკვირვა და გული  მომიკლა,    ნაგვით სავსე გზის პირები  - ამას ალბათ მტრები აკეთებენ,  რომელნიც ჩუმად  იპარებიან ამ ქვეყანაში - უფრთხილდით მტრებს!  კიდევ,  რაც ღრმად ჩამებეჭდა გონებაში იყო ასფალტამონახეთქი მწვანე ბალახი!  რას აკეთებთ,  თქვენ, ქალაქის მმართველნო? გასაგებია,  იქ,  სადაც რკინის რაშები დადიან ან ველობილიკია,  უნდა იყოს ასფალტი ან  ქვაფენილი, მაგრამ  იქ,  სადაც შეიძლება იყოს მიწა, სადაც შეიძლება გაიხაროს მწვანე  ბალახმა, თქვენ ასფალტით ან ქვებით რატომ  ფარავთ.  დედამიწამ როგორ ისუნთქოს?  ქვებით  და  ხრიოკით სავსეა სხვა უსიცოცხლო პლანეტები, ამით ვეღარავის გააკვირვებთ. აი, მწვანე ბალახით კი ნამდვილად გააოცებთ  ყველას. მერე რატომ გიკვირთ წყალდიდობებები, ღვარცოფები,  ცუნამები. სხვა საკითხია ატომური  იარაღი, რომელსაც ზოგი ქვეყანა ფლობს.  უსულო ჭურჭლად ქცეულო კაცობრიობავ?  იმის მაგივრად, რომ  დასხდეთ და თუ რამ სადავოა, ერთად მოილაპარაკოთ,    მზადა ხართ  ატომური იარაღით  ერთმანეთიც და მთელი დედამიწაც ნაცარ-ტუტად აქციოთ?  მე, როგორც ექიმთა შთამომავალს,  მთხოვეს რეცეპტი დამეწერა,  როგორ ვუშველოთ დედამიწას!  მარტო დედამიწას არა, თქვენ, ადამიანებო  გჭირდებათ შველა, იმიტომ რომ ავად ხართ!  რეცეპტი და წამალი ერთია,  გონს მოეგეთ, გიყვარდეთ  არა სიტყვით,  არამედ საქმით და  ერთად  მოუარეთ დედამიწას!  ვამთავრებ ჩემს სიტყვას, გემშვიდობებით!    დაე ყველა ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ,  ამ დარბაზში მყოფნი, ეს  ქვეყანა და მთელი დედამიწა!
- რა პერფორმანსია!
- ყოჩაღ გურულებს!
- ალბათ ადგილობრივი თეატრის მსახიობია!
    ეს  ხმები  და ტაში  აცილებდა არისტოტელეს.    გამოვიდა თუ არა  შენობიდან,    იქვე  შუქი შენიშნა. ახლა უკვე სიტყვის უთქმელად შეაბიჯა მასში.  კაცი შუქის საკნიდან ეკრანზე  რაღაცას უყურებდა.  უცებ მოეჩვენა, რომ მარტო საკანი არ იყო შუქის, კაციც შუქისა იყო. მერე ეკრანს დაუკვირდა.  ჯერ ხმა ეცნო, მერე  თავისი თავი -  სიტყვას ასრულებდა.  ამ ტაშს რა ჯანდაბად მიკრავენ,  ალბათ საშინელი გამოსვლა მქონდაო, -  გაიფიქრა.
- არა, რატომ?  მომეწონა გამოსვლა!  რეცეპტიც!  ვნახოთ არისტოტელე! მკურნალობის შედეგებს დაველოდოთ,  ახლა კი უკან ვბრუნდებით! -  თქვა  კაცმა და გაიღიმა, თუმცა თვალზე ცრემლი ადგა.
მყისიერად  ზუსტად  იმ ადგილას  აღმოჩნდა,  სადაც რამდენიმე ხნის წინ იყო. ბნელ ქუჩას გახედა.    არისტოკლეს  რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოესწრო მხოლოდ, ანუ  დრო თითქმის საერთოდ არ  იყო გასული.  ,,გამოდის,  ხანდახან ღმერთებიც ტირიან!“ -  გაიფიქრა არისტოტელემ და  ახლა ძალიან  მოუნდა არისტოკლეს ხმა გაეგო.
- არისტოკლე!  -  დაიძახა უცებ.
არისტოკლე მობრუნდა. სახეზე გაკვირვება  დაეტყო.
- გისმენ,  არისტოტელე!
- არაფერი.. არაფერი... -  თქვა  არისტოტელემ,  შებრუნდა  და მეფის  სასახლისკენ  გზა განაგრძო..





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები