სოფიკო ჭიაურელის ხსოვნას
ვერეს მდინარესთან საამქრო იდგა. დილიდან დაღამებამდე ხარაზები მთელ თავიანთ დროს ჯაფასა და შრომაში ატარებდნენ. იოსებიც აქ მუშაობდა. კეთილი, ხმელი, თეთრი, მაღალი შუბლითა და დიდრონი შავი თვალებით. წვრილ-შვილის სარჩენად დღესა და ღამეს ასწორებდა. მის ცოლს, მათიკოს, თავისი სათნო ბუნების გამო გულტალკვესა შეარქვეს, რადგან ადამიანთა ყველა ჭირის თანაბრად გამზიარებელი ქალი იყო. მიცვალებულთა გაპატიოსნება და პატივის მიგება მისთვის იმ სათნოებათაგანი გახლდათ, რომლის აღსრულებაც პირდაპირ უფლისკენ მიმავალ გზაზე გაგიყვანდათ. თავად თითქმის არაფრისმქონე ყოველდღე გლახაკებს განიკითხავდა. დახმარება ესე არ იყო მხოლოდ ორშაურიანების გაღება უპოვართათვის. ყოველ დილით მთავარს, რაც ყველა ერისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენთვის, ქართველთათვის, განსაკუთრებით ძვირფასია, ხმელ პურსა და გლეხი ქალისგან ნაყიდ ყველის სამ ნაჭერს თეფშზე დადებდა, თიხის ჭიქას შავი ღვინით აავსებდა და თავის უფროს ვაჟს, ეფვთიმეს, მოუხმობდა, რომელიც ჯერ კიდევ თორმეტისა იყო. ნახევრად მძინარე ეფვთიმე, რომელსაც დედა მოფერებით თიმეს ეძახდა, მამის შეკერილ ჩუსტებს მოირგებდა და საყვედურით სავსე მზერით გამოლასლასდებოდა. კერძი სინიორა ბეატრიჩესთვის უნდა წაეღო. ბეატრიჩე იტალიელ მისიონერებთან ერთად ჩამოსული მღვდლის, დონ მიქელე ესპოზიტოს ერთადერთი ქალიშვილი გახლდათ, რომელიც მამას თან ჩამოჰყოლოდა და აქვე დაფუძნებულიყო. პატარა ნაბოლარას დედა კორსიკაზე გარდაცვლოდა. ძირძველმა კათოლიკე დონ მიქელემ, რომელსაც თბილისურმა საზოგადოებამ და ამქარმა მიქელა შეარქვა, მრავალი წლის წინ უფალს სული მშვიდად მიაბარა. Ბეატრიჩეც, მამის მსგავსად, გულმხურვალე კათოლიკედ დარჩა, რომელიც არა მხოლოდ გარეგნულად, ბუნებითაც დაიმგვანა მიქელემ. ისიც მამამისსავით ფიცხი, მაგრამ გულღია და დიდსულოვანი იყო, როგორც უამრავი იტალიელი. არ დაოჯახდა, რადგან ბუნებას ერთგულებით დაეჯილდოებინა. — Buongiorno, Singora Beatrice!2 ყოველ დილით ამ სიტყვებს ესროდა კარებთან მდგარი თიმე გადმოხვეწილ მოხუც იტალიელ ქალბატონს, რომელსაც მშვენივრად დაესწავლა ქართული, მაგრამ სალამი მაინც ყოველთვის იტალიური იცოდა. თიმე ჩუსტებს კარებთან დატოვებდა და იტალიური ეზოს მეორე სართულზე მცხოვრები ესპოზიტოს სახლში ბავშვური სისხარტით შეაბიჯებდა. — ბუონჯორნოო! შემოდი, პატარა მასკალცონე! შემოდი! — მოესიყვარულებოდა მოხუციც, მის სახლში დილის სხივი და თიმე ერთდროულად აღწევდნენ, — კიდევ ხელდამშვენებული მოხვედი, არა? რამდენჯერ უნდა დავუბარო მათიკოს, კარგი, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... ასე ხომ აღარ შეიძლება! — მაგრამ სიხარულს მაინც ვერ მალავდა, რადგან დილიდან სინათლე აღწევდა მის სითბოს დანატრებულ ოთახებში და ასე ტიტინ-ტიტინით გამოჰქონდა განჯინიდან თიმეს უსაყვარლესი კავალუჩი3 სინიორა ბეატრიჩეს. — გმადლობთ, სინიორა! მეჩქარება, — ეუბნებოდა დამორცხვებული ბიჭი, მაგრამ ქალის დაჟინებული მოთხოვნით მაინც მიჰქონდა თეფშზე დაწყობილი რამდენიმე ნაჭერი კავალუჩი. ასე საყვედურობდნენ ერთმანეთს შორიდან მათიკო და ბეატრიჩე, მაგრამ მაინც ცვლიდნენ საუზმეს. თიმე სინიორას დასმულ შეკითხვებს მორიდებით პასუხობდა. ბოლოს, ისე, რომ თვალში ჩახედვასაც ვერ ბედავდა, ეტყოდა: — უნდა დაგტოვოთ. მამასთან მიმეჩქარება, ამქარში. კიდევ ერთხელ, გრაცია! — მორცხვად გაიღიმებდა, კარებთან თავის ჩუსტებს მოირგებდა და ვერეს აღმართისკენ სტვენით გაუყვებოდა გზას კავალუჩითურთ. იმედი ჰქონდა, ძია ლუკასაც შეხვდებოდა გზაზე, რომელმაც უკვე კარგად იცოდა, ბიჭი უცნობ ქალბატონ ბეატრიჩესგან მამისასთვის საქმეში ხელის შესაშველებლად მიიჩქაროდა და აუცილებლად შეაქებდა კიდევ ერთი სიკეთით დაწყებული დღის გამო. ძია ლუკა მთის კაცი იყო და ბრწინვალე ლექსებსა თხზავდა. ხანდისხან დედაქალაქს სტუმრობდა და ხშირად იმ გზას გაივლიდა, სადაც ბიჭს უნდა ჩამოეარა და გაბრწყინებული შეეგებებოდა მას: — სიკეთის კეთება მამლის ყივილს უნდა დაასწრო, ბალღო! ვხედავ, დღეს შასძელი. კაი ყმა ხარ. არა.. არ მსურის, — უარს ეტყოდა თიმეს მისთვის შეთავაზებულ კავალუჩიზე, — არ გეახლებით მაგ იტალიურს ტკბილეულსა, მადლობა კი გადაეცი იმ დალოცვილს ჩემგან, რომა, არც იცის კია, მაგ რაღაც კავალუჩებსა ისე მიგზავნის ხოლმე. ოდნავ შევერცხლილ წვერზე ჩამოისვამდა ხელს, შემდეგ ბიჭს გადაუსვამდა თავზე და ასე თავდაკვრით გაშორდებოდნენ ისინი ერთმანეთს გზაგასაყარზე. ისევ სტვენით აგრძელებდა თიმე გზას აღმართისაკენ. ამქართან პირველი გაბრო ხვდებოდა ბიჭს, რომელიც ხარაზთა შორის ყველაზე მხცოვანი იყო: მაიყოლე იტალიური კავალუჩი, თიმაჯან? ერთხელ უნდა წამაგყვე და გავიცნო ეგ ქალიო. საღამოხანს შინისკენ ბრუნდებოდა ბიჭი. ივახშმებდა და დედის ნებით დავითის ფსალმუნებს ისე ჩაარიხინებდა, თითქმის ვერაფერი აზრი გამოჰქონდა წაკითხულიდან, მაგრამ დროდადრო ისე შეეჩვია, ბოლოს დაიზუთხა კიდეც. უფრო ჩაფიქრებული და დინჯი გახდა, თავადაც დაინახა ცვლილება, მაგრამ ცდილობდა თანატოლებს არ შეემჩნიათ, რადგან გრძნობდა, ეს ჩამოაშორებდა მათგან. ყოველდღე ესაუბრებოდა დედა თიმეს სიკეთეზე: — სიკეთეს უნდა შეეჩვიო, — ხშირად ეუბნებოდა მას. ის ყველას როდი ძალუძს! უჩვეულო რამაა, შვილო. თუ მისი გემო ვერ გაიგე, ცხოვრებაში ეულად იგრძნობ თავს, მარტოსულად დარჩები, მაშინაც კი, თუკი ირგვლივ ხალხით იქნები გარემოცული. — განა სიკეთეს არ აკეთებდა დათა ძია მთელი თავისი ცხოვრება, ბოლოს მტკვრის პირას ქურდბაცაცებმა რომ მიახრჩვეს, — მოსწრებულად მიუგებდა ამაზე თიმე. დედა ბიჭის მყარად დასაბუთებულ აზრზე იბნეოდა, ხედავდა, ჭეშმარიტებას ამბობდა იგი, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა დაემტკიცებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, აკეთო სიკეთე და თავისას შეაგებებდა. — უფალი მიუზღავს მათ. დათა ძია ნათელშია ახლა. ვინ იცის, საწყალმა ისე იტანჯა ამქვეყნად, მისთვის ასე იყო უმჯობესი, — ყოველთვის ასე ანუგეშებდა დედა თიმეს, მაგრამ ბიჭისთვის ეს სიტყვები საკმარისი არ გახლდათ, რადგან ბუნებით მეამბოხე ბავშვი იყო. — განა არ შეეძლო დალოცვილ ღმერთს, ასეთი საშინელი სიკვდილი არ გამოეგზავნა მისთვის! — არ იშლიდა თავისას თიმე, რომელიც თავისი ასაკისთვის უჩვეულოდ ღრმა ბუნებით დაეჯილდოებინა უფალს. ეს კიდევ უფრო მეტად აბნევდა მშობელს, მაგრამ მშობელი იყო და იცოდა, მხოლოდ სიმართლის თქმით თუ მოერეოდა ბიჭის მეამბოხე სულს. — მისმინე, თიმე, — ერთხელაც ასე უპასუხა შვილს, — ამქვეყნიური ცხოვრება იმქვეყნიურზე გადის. სამოთხე კი მხოლოდ იქ არის. იმქვეყნიური გზა ორად იყოფა. ერთი უფლისკენ მიემართება, მეორე — ეშმაკისაკენ. ესეც ღვთის ნებით ხდება, რადგან მან ადამიანს უთხრა: აღიღე ჯვარი ჩემი და შემომიდეგ მეო. ზოგი დაჰყვა უფალს, ზოგი — ვერ, რადგან რთული და მრავალგვარია ადამიანის ბუნება. ზოგი სიკეთით დადის, ზოგიც ავაზაკად იქცევა. სული კი უკვდავია. წასასვლელი ხომ უნდა ჰქონდეს, როცა სხეულისგან გათავისუფლდება, ჰოდა ან უფალმა უნდა შეიწყნაროს იმქვეყნად, ან ჯოჯოხეთში ამოყოს უნდა თავი. ორი გზა მოგვცა მამაზეციერმა. იმ ქურდბაცაცებმა მეორე აირჩიეს. ეს კი უფლის ბრალი არ არის, რადგან მან ასწავლა იმ მომავალ ქურდბაცაცებსაც, როგორ ევლოთ. დააკვალიანა, მაგრამ ისინი არ დაჰყვნენ მის კვალს. ასე მოძღვრავდა მათიკო ბიჭს, რომელიც ისე შეეჩვია სიკეთის კეთებას, რომ ბოლოს კავალუჩივით ტკბილი გემო გაუხდა ამ დალოცვილ სიკეთეს. არა მხოლოდ საქმით, სიტყვითაც გაილექსა თიმე მისი ქადაგებისას. ამის გამო ეზოში მეგობარმა ბიჭებმა ხუმრობით მამა თიმეც კი შეარქვეს. ყოველ დილით მიჰქონდა თიმეს სინიორა ბეატრიჩესთან საუზმე და კავალუჩით ხელდამშვენებული ადიოდა ხოლმე ამქარში. ძია ლუკამ ლექსთაწყობაში გამართა და ბოლოს თავადაც მოსინჯა ბიჭმა კალამი. გული დაუდო და აღარც გაუგდია ხელიდან. თიმე იმდენად დიდსულოვანი გახდა, რომ კავალუჩის ახლა მხოლოდ თავისი თავისთვის ვერ იმეტებდა. შინ მოჰქონდა და აქ უკვე მათიკოს განჯინაში იდებდა ბინას იტალიური ტკბილეული. საღამოს სათამაშოდ ჩადიოდა და ბავშვებისთვის ეს თავისი კავალუჩი ჩაჰქონდა. შობა ახლოვდებოდა. ბავშვებმა ალილოზე იწყეს სიარული. თიმესაც შემოსძახეს. ბიჭი უგუნებოდ იყო. ორი დღე გასულიყო, რაც სინიორა ბეატრიჩესთვის საუზმე ვერ მიეტანა. სიცხე ჰქონდა. დედასთანაც სიტყვაძუნწი გახდა. ქრისტეშობა ახლოვდებოდა, მას კი არ ეზეიმებოდა. არა, ბავშვებო, ვერ გამოვა თიმე. ავადაა, — გასძახა ფერმიხდილმა მათიკომ კარს მომდგარ ბავშვებს. ეზოს ბავშვებმა, ხვალ იყოს. თიმეს ხათრით ერთი დღე რა მოხდა, გადავდებთ ალილოობასო და უკან გაბრუნდნენ. დაიღალა დღისით ნაჯაფარი ოჯახი. არც ისე გვიანი იყო. დედამ თბილი წინდები ჩააცვა, თიმეს საბანი გადააფარა, გვერდით მიუწვა და ნელსაცხებლების მზადებაში გადაღლილმა ღრმა ძილს მისცა თავი. თიმე კი ვერა და ვერ იძინებდა. სინიორა ბეატრიჩეზე ფიქრობდა. იგრძნო, სიცხემ ოდნავ დაუწია. გამოკეთდა. ახლა კი შეიძლება, — გადაწყვიტა თავისთვის. ადგა, ფეხაკრეფით გაიარა ოთახი. ტანზე თბილად ჩაიცვა. მამის ნაყიდი ქურქი მოისხა. სასადილოში გაიპარა. იცოდა იტალიელი ქალისთვის დედის მომზადებული საუზმის სამყოფელი. ლანგარზე რომ შემოვდგა, ამ შუაღამით, ასეთ ყინვაში უთუოდ გამივარდება ხელიდანო. ხელი დაავლო მამის კალათს, ჩააწყო ყველი და პური. ღვინო... არა უშავს, ღვინოს ხვალისთვის მივართმევ, — იპოვა გამოსავალი. აიღო საგზლით სავსე კალათა, ურდული ფრთხილად გადასწია და შიშისგან ნაჩქარევად გაიხურა კარი. ფეხაკრებით გაიარა ვერანდა, გაფაციცებით იხედებოდა აქეთ-იქით, ფრთხილად მიდიოდა, რათა კიბეებზე შემთხვევით ვინმეს არ გადაჰყროდა მეზობელთაგან, თორემ მაშინვე დედას გააღვიძებდნენ. ეს კი ძალიან არ უნდოდა. ყინვამ სახე დაუსუსხა, მაგრამ მაინც მხნედ მიაბიჯებდა თიმე მენახირეთა ქუჩაზე. რამდენიმე ხანში დაუძლურდა. თბილი სახლიდან ყინვაში გამოსულს სიცხემ აუწია. თუ უწინ ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა, ახლა სვლა შეანელა. არა უშავს, ეფვთიმე. ხომ გახსოვს, აქედან უკვე ასი ნაბიჯიღაა დარჩენილი, რამდენჯერ დაგითვლია! აი, ცოტაც და მივალთ, — გაიმხნევა თავი, მაგრამ ყოველი ნაბიჯის გადადგმისას უფრო და უფრო ებინდებოდა თვალთ. ცოტაც... სამოცდაათი... სამოცდაცხრა... პეტრარკა გაახსენდა...
ყრმობის ნეტარო ტკივილებო, მშვიდობა თქვენდა! გარჩენილი ვარ სიცივეში, როგორც ბეღურა და ბნელში ფეხებს აფორხილებს ოჩოფეხურად ღამე და მასთან წილნაყარი სიკვდილის სევდა.4
ვერეს მიადგა, რომლის ერთ ნაპირს მეორესთან ძველი ქვით ნაგები პატარა რკალისებური ხიდი აკავშირებდა. ხიდს ეძახდნენ, თორემ იმდენად მცირე ზომისა იყო, მის ჯებირს ბიჭის ჯერ კიდევ ნორჩი ხელიც ჰყოფნიდა, დაყრდნობისას ცერა და ნეკა თითები ერთმანეთისთვის მიეჭდო. ლიპზე ფეხი დაუცურდა და დაეცა. მისთვის ნაცნობ ამ ჯებირს ჩაებღაუჯა და ასე თანდათან აწია ტანი. ცაზე მთვარე ანათებდა, რომელიც ხანდახან ღრუბელს მოეფარებოდა. თითქოს რცხვენოდა ზამთრისა, ახლაც რომ სწყალობდა და მაინც ენთო, როგორც სარკმელთან შემოდგმული ჩირაღდანი, მაშინ ბეთლების ცაზე... ვერეს ჩახედა და დაინახა. ბეატრიჩეს მისთვის შეწყობილი კორსიკული იავნანა გაახსენდა:
ხიდქვეშ მთვარე იხედება, ცად ცთომილიც არ თიმთიმებს. შენც ჩათვლიმე, ბიჭო-თიმე.5
ძილ-ბურანში გაეხვა, მაგრამ ნაბიჯებს მაინც ითვლიდა. ორმოც-და რვა... ორმოცდაშვიდი... ოცდაცამეტი, ოცდათორმეტი...... ოცდაშვიდი, ოცდაექვსი... ოცდა...ხხუუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო, და...... ეს რომ მწყემსებმა გაიგეს, მივიდნენ და თაყვანი სცეს მაას... თორმეტი, თერთმეტი, ათი... ცაზე ვარსკვლავი გამოჩნდა, შობის მახარობელიოო...
წაიბორძიკა. კიბე უნდა აევლო. ვეღარ სუნთქავდა. თავს ძალა დაატანა. ახლა სამყოფელის მოაჯირს ჩაეჭიდა. ჯერ კალათი შემოდგა მეორე საფეხურზე. შემდეგ ტანი აზიდა, რომელსაც სრულიად ვეღარ გრძნობდა. წაიბორძიკა და ასე ძლივსძლიობით ააღწია ბოლო საფეხურამდე. ახლა სინიორას კარს აშორებდა სულ თორმეტიოდეღა ნაბიჯი. სამი, ორი, ერთი... და კალათთან ერთად კართან ჩაიკეცა. ხმაურმა შეაღვიძა სინიორა ბეატრიჩე. კარის ხმას განსაკუთრებით ცნობდა, რადგან სტუმარი მისთვის, როგორც უამრავი იტალიელისთვის, ძალიან ძვირფასი იყო. ვინ არის? — შეეცადა ხმაში სილაჩრე არ შეჰპარვოდა. კარზე პასუხად მხოლოდ ფხაჭუნი გაისმა. ვინ არის?! — ელდანაკრავივით გავარდა ბეატრიჩე. შიში მოიცილა და კარი გააღო, მაგრამ სიბნელეში ვერაფერი გაარჩია. მხოლოდ მაშინღა დაიხედა დაბლა, როცა ფეხზე სიმძიმე იგრძნო. — მასკალცონე! აქ რა გინდა! მასკალცონე! — შეჰყვირა სასოწარკვეთილმა ქალმა. ბიჭს სახე გაბრწყინებოდა. — ალათასა-ბალათასა, ხელი ჩავკარ კალათასა, შიგ... Buongiorno! საუზმე, სინიორა! — თქვა და სული განუტევა.
ვერის ძველ სასაფლაოზე დაკრძალეს მასკალცონე. ყოველ დილით საფლავზე ამოსულ მეგობრებს იქვე დადებული სამი ნაჭერი კავალუჩი ხვდებოდათ. პირი არცერთს დაუკარებია. ის თიმეს საყვარელი ტკბილეული იყო.
2017 ______________________________________ 1. Mascalzone — (იტალ.) ყალთაბანდი; 2. Buongiorno, Singora Beatrice! — (იტალ.) დილა მშვიდობისა, სინიორა ბეატრიჩე; 3. Cavallucci — იტალიური საშობაო ნამცხვარი; 4. თარგმანი ჯემალ აჯიაშვილისა; 5. თარგმანი ავტორისა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. სიკეთეს უნდა შეეჩვიო, — ხშირად ეუბნებოდა მას. ის ყველას როდი ძალუძს! უჩვეულო რამაა, შვილო. თუ მისი გემო ვერ გაიგე, ცხოვრებაში ეულად იგრძნობ თავს, მარტოსულად დარჩები, მაშინაც კი, თუკი ირგვლივ ხალხით იქნები გარემოცული
როგორი ბრძნული სიყტვებია და მართლაც, ყოველგვარი პერსონალური აზრის გარეშეც რა საოცრად, ინტელექუალურად წერ პროზას თუ ლექსს, ლიტერატურულ გაზეთშიც წავიკითხე :იგავი ფუტკარზე, ' ჭასთან" და სხვებიც, გაოცებული ვარ შენი ზოგადი ცოდნით და ნიჭიერებით. მადლობა ამ სიამოვნებისთვის. სიკეთეს უნდა შეეჩვიო, — ხშირად ეუბნებოდა მას. ის ყველას როდი ძალუძს! უჩვეულო რამაა, შვილო. თუ მისი გემო ვერ გაიგე, ცხოვრებაში ეულად იგრძნობ თავს, მარტოსულად დარჩები, მაშინაც კი, თუკი ირგვლივ ხალხით იქნები გარემოცული
როგორი ბრძნული სიყტვებია და მართლაც, ყოველგვარი პერსონალური აზრის გარეშეც რა საოცრად, ინტელექუალურად წერ პროზას თუ ლექსს, ლიტერატურულ გაზეთშიც წავიკითხე :იგავი ფუტკარზე, ` ჭასთან" და სხვებიც, გაოცებული ვარ შენი ზოგადი ცოდნით და ნიჭიერებით. მადლობა ამ სიამოვნებისთვის.
2. უღრმესი მადლობა, ბატონო ოთარ! <3 ეს უკვე „ლიტერატურული გაზეთის“ სხვა ნომერში გამოქვეყნდა, ამჯერად ჩემს სხვა პროზაულ ნაწარმოებებთან ერთად.
https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/314733/1/Literaturuli_Gazeti_2019_N20.pdf უღრმესი მადლობა, ბატონო ოთარ! <3 ეს უკვე „ლიტერატურული გაზეთის“ სხვა ნომერში გამოქვეყნდა, ამჯერად ჩემს სხვა პროზაულ ნაწარმოებებთან ერთად.
https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/314733/1/Literaturuli_Gazeti_2019_N20.pdf
1. ძალიან კარგად მოთხრობილი სევდიანი ამბავია! ძალიან კარგად მოთხრობილი სევდიანი ამბავია!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|