ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კი-პრი
ჟანრი: პროზა
16 ოქტომბერი, 2022


ცეცხლში გახვეული ფიქრები (ნაწილი 3)

რამდენიმე დღე ბაჩუკის მხოლოდ ახალგაზრდა ექიმები აკითხავდნენ. ჭრილობებს უხვევდნენ. ოლია კი არ ჩანდა. ჯარისკაცს მისი ნახვა უნდოდა, მადლობა უნდა ეთქვა გადარჩენისთვის. გარეთ წვიმდა, ბაჩუკის ფიქრისთვის ბევრი დრო ქონდა. თვალწინ ნონას სახე არ შორდებოდა. პატარა, კიკინებიანი გოგონა მის გვერდით იჯდა მერხზე ათი წელი. მის თვალწინ იზრდებოდა. ბიჭს კარგად ახსოვდა ის დღე, როდესაც კიკინებიანი ბავშვის მაგივრად ლამაზი ახალგაზრდა გოგონა დაინახა. ნონასთვის მთელი ზაფხული არ მოეკრა თვალი. მამამისს ბებიასთან ყავდა გაგზავნილი. ბაჩუკის არ მოუსაკლისებია თავისი მერხის მეგობარი, რომელიც ხშირად ნერვებს უშლიდა და რომლის ჯიბრზეც ყველა გაკვეთილს მასზე უკეთესად სწავლობდა.
აგვისტო იწურებოდა. ბიჭებთან ერთად ბაჩუკი ფეხბურთს თამაშობდა. ოფლისგან გახვითქულმა სულ ერთი წამით გაიხედა მაყურებელი მეზობლებისკენ და ნონას მოკრა თვალი. გოგონას ვარცხნილობა შეეცვალა. ის აღარ იყო გაჩხინკული ბაფთებიანი გოგონა.
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს ბიჭს. თვალწინ ნონას სახე ედგა. იხსენებდა მის ყველა სიტყვას, ქცევას და ფიქრობდა რა ემართებოდა. რატომ ვერ იშორებდა თავიდან.
ჯარისკაცების კვნესა ისმოდა ოთახში. ბაჩუკიმ რამდენჯერმე სცადა ადგომა, მაგრამ თავბრუსხვევა არ ასვენებდა. უმეტესად იწვა და ჯერ დაუბადებელ შვილზე ფიქრობდა. სახეზე ნაცნობი სუნთქვა იგრძნო. სასიამოვნოდ გრილი და ცოტა ოფლიანი.
-ჯარისკაცო გაიღვიძე - ჩაუჩურჩულა ყურში გოგონამ.
ბიჭმა თვალი გაახილა. მის სახესთან ოლია დახრილიყო და გრილ ჰაერს აფრქვევდა.
-ოლია - გაუღიმა ბაჩუკიმ.
-ჩემი სახელი გაგიგია - ფეხზე წამოდგა გოგონა.
-ჩემი გადამრჩენლის სახელი როგორ არ უნდა ვიცოდე. მადლობა ოლია.
-არაფრის. ახლა კი ადექი, სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ. პოლკოვნიკმა ასათიანმა შენთან რაღაც დამაბარა.
-ჩემთან? ახლავე - წამოდგომა ცადა ბაჩუკიმ. თავისდა გასაკვირად გამოუვიდა. ოლიამ ხელი შეაშველა, მხარში შეუდგა და კიბეზე ჩასვლაში დაეხმარა. ჯარისკაცს ესიამოვნა. აღარ წვიმდა, მაგრამ სიცივე იგრძნობოდა. გააჟრჟოლა. ოლიამ მოსასხამი შეუსწორა და ფეხი აუწყო.
-პოლკოვნიკმა დააფასა შენი თავდადება. მალე ორდენზე წარგადგენენ. რაც შეიძლება ჩქარა უნდა დადგე ფეხზე. მაგრამ ომის წინა ხაზის მაგივრად, მთაში გიშვებენ.
-სად მთაში? მთაში რა მინდა.
-ჭუბერის უღელტეხილით დაიწყო ხალხმა წასვლა სვანეთისკენ. იქიდან სამეგრელოში ეცდებიან ჩასვლას. გთხოვს რომ მოხალისეები წაიყვანო და იმ ხალხს მიეხმარო. ფეხით მიდიან. ყინავს და გაუჭირდებათ სვანეთამდე მიღწევა. სატვირთოებს გაგატანს, მაგრამ ისეთი ხალხი უნდა წაიყვანო, ვინც უბრალოდ მოვალეობას კი არ შეასრულებს, არამედ მართლა მიეხმარება.
-როდის მივდივარ?
-როგორც კი შეძლებ. დღეს მე უნდა მივუტანო შენი ჯანმრთელობის ამბავი.
-მაშინ უთხარი, რომ კარგად ვარ - მხრებში გაიშალა ბაჩუკი.
-ჯერ ამ ეზოში უნდა ვისეირნოთ - გაიღიმა გოგონამ და გამომცდელად შეათვალიერა ჯარისკაცი.
-შენ საიდან ხარ ოლია? - საუბრის განახლება სცადა ბიჭმა.
-გალიდან - მოკლედ მოუჭრა გოგონამ.
-რამდენი წლის ხარ? შენი მშობლები სად არიან? - არ ეშვებოდა ჯარისკაცი.
-ბევრ კითხვას სვამ და მე მოსაყოლად დრო არ მეყოფა.
-ეზო დიდია. არ მეჩქარება.
-აღარ არიან ცოცხლები. დაიღუპნენ - ცრემლნარევი ხმით ჩაილაპარაკა გოგონამ. ბაჩუკის ეგონა ამით დაამთავრა თავის ოჯახზე საუბარი, მაგრამ შეცდა, ოლია ისევ ალაპარაკდა: დედით რუსი ვარ, მამით აფხაზი. პირველად არეულობა რომ დაიწყო, კაზაკთა რაზმი შემოვიდა. ჩვენს ქუჩაზე ჩამოიარეს და სხვადასხვა ოჯახებში გადანაწილდნენ. ჩვენს ეზოში რომ შემოვიდნენ, მამა გაეგება. რადგან აფხაზი იყო, ეგონა პრობლემებს არ შეგვიქმნიდნენ. ვახშმობა მოინდომეს. დედაჩემმა სამზარეულოში მიკრა თავი და იქიდან გამოსვლა ამიკრძალა. თვითონაც გვერდიდან არ მშორდებოდა. რამდენიმე კაზაკი მისაღებში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. რამდენიმემ ჩვენი საძინებლები დაიკავა და ეძინა. ორმა, ჩემდა გასაკვირად, სამზარეულოში შემოიარა, იმის გასაგებად, რას ამზადებდა დედა ვახშმად. ერთმა თვალი მომკრა. ამათვალიერა და უკანალზე ხელი წამავლო. დედას მიუბრუნდა და რუსულად უთხრა, ვახშმის შემდეგ გაგვართოსო. დედამ თავი დაუქნია. როგორც კი გავიდა, სარდაფში ჩამიშვა, უკანა კარიდან რომ გავპარულიყავი. თვალებზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა. ვიცოდი რა ელოდა ჩემს მშობლებს, მე რომ ვეღარ მნახავდნენ კაზაკები. სარდაფში რამდენჯერმე გავიარ-გამოვიარე და თვალში თაგვებისთვის დადებული საწამლავი მომხვდა. ტვინში ნათურა ამენთო. გონება გამინათდა და გამეღიმა. სასმელს აუცილებლად მოითხოვდნენ ჩვენი „სტუმრები“. მამა მათ ღვინოს შესთავაზებდა, მეტი ალკოჰოლური არაფერი ქონდა. ღვინის ჭურჭელს თავი მოვხადე და წამალი შიგ ჩავყარე. არ ვიცოდი რამდენად გაჭრიდა, მაგრამ იმედი მქონდა იმოქმედებდა. სარდაფში ჭურჭელი მივწი-მოვწიე და ჩავიმალე. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა. ბოლოს და ბოლოს მამაჩემი ჩამოვიდა და ღვინო წაიღო. კიდევ ერთი საათი ვიჯექი სარდაფში. თავიდან ხმაური ძლიერდებოდა, მერე კი მინელდა. თავშესაფრიდან ამოვძვერი და სახლში ავედი. დედა და მამა სამზარეულოში იდგნენ და „სტუმრებს“ თვალებგაფართოებული მიჩერებოდნენ. ზოგიერთს თავი მაგიდაზე ჩამოედო და ხელები უღონოდ ჩამოეყარა. რამდენიმე  აქეთ-იქით აწყდებოდა კედლებს და აღებინებდა. თუმცა სასიკეთო პირი არც მათ უჩანდათ. ნახევარ საათში მისაღებ ოთახში ყველა უსულოდ ეყარა. გამეღიმა. მერე ისტერიკული ხარხარი ამიტყდა და თავს ვერ ვიკავებდი. ზუსტად ამ ჩემმა გიჟურმა სიცილმა დამღუპა. საძინებლიდან ერთი კაზაკი გამობორიალდა. ალბათ მეგობრებმა არ ან ვერ გააღვიძეს.  დედამ ხელი მკრა და სარდაფში ჩამაგდო. მეც ანგარიშმიუცემლად გავიქეცი. აზრზე რომ მოვედი, ჩემი სახლიდან რამდენიმე ქუჩის დაშორებით ვიყავი. მოვბრუნდი, მაგრამ გვიან იყო. ჩემი მშობლები კაზაკს ეზოში გამოუყვანია და თითო გასროლით დაუხვრეტია. მათი გვამები ისევ ისე ეყარა. წამოვედი და უკან აღარ მივბრუნებულვარ.
გოგონას თვალები ცრემლებით ქონდა სავსე და მათ დამალვას გულმოდგინედ ცდილობდა. ბაჩუკიმ თვალი თვალში გაუყარა და ხელები სუსტ მხრებზე მოხვია.
-ყველაფერი რომ დამთავრდება, რას აპირებ?
-არ ვიცი. ჩემი სახლი დამწვარია. მშობლები აღარ მყავს. სულ მარტო ვარ. რამეს მოვიფიქრებ. - გაღიმება სცადა ოლიამ.
-საავადმყოფოში დავბრუნდეთ. პატარა ბარათს და მისამართს მოგცემ. მე რომც არ ვიყო ცოცხალი, ომის შემდეგ იმ მისამართზე მიხვალ. ბარათს მიცემ და ისინი ნამდვილ შვილად მიგიღებენ. ახლა დავბრუნდეთ და პოლკოვნიკ ასათიანს გადაეცი, ხვალისთვის მანქანები მომიმზადოს.
ჭუბერისკენ მიმავალი გზა თოვლიანი და ყინვიანი იყო. ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, მაგრამ ბაჩუკი მეგობრებთან ერთად სულ ზევით ზევით უღელტეხილისკენ მიიწევდა. ორი მანქანა ტანსაცმლით, საჭმლით, წამლებით და ყველაფერ იმით იყო დატვირთული, რისი შოვნაც კი შეძლეს ჯარისკაცებმა. ქალები, ბავშვები და მოხუცები წინ მიიწევდნენ ქარსა და ყინვაში. ჯარისკაცებს რამდენიმე საფლავის გათხრაც დაჭირდათ, გაყინული მოხუცებისთვის სამუდამო სასუფევლის დასამკვიდრებლად. ყველა მებრძოლს ერთი აზრი უტრიალებდა თავში, აქ ყოფნას და ამ ხალხის ყურებას, ბრძოლის ველზე ყოფნა ერჩივნათ. როგორც იქნა თოვამ გადაიღო. ცა მოიწმინდა და ვარსკვლავები გამოჩნდა. ბაჩუკიმ ცას ახედა. „მოყინავს“ - ჩაილაპარაკა თავისთვის და დათოვლილ ტოტებს თვალიერება დაუწყო.
-რას აკეთებ მეგობარო? - მიმართა გიგაურმა ბაჩუკის. ამ ბიჭმა რამდენჯერმე იხსნა მისი სიცოცხლე და ახლაც გვერდიდან არ შორდებოდა.
-ტოტები მოვაგროვოთ და ცეცხლი დავანთოთ. ამაღამ გაყინავს. ხალხი დაიღუპება. იქნებ გადავარჩინოთ.
-რომ შეგვამჩნიონ და დაგვბომბონ? - ვარაუდი გამოთქვა ჯარისკაცმა.
-არ მგონია თვითმფრინავებს ახლა ჩვენთვის ეცალოს. თან ან შეგვამჩნევენ და ან არა. გაყინვით კი აუცილებლად გაიყინებიან.
გიგაურმა ხელები ასწია, როგორც იტყვიო, ჩაიბურდღუნა და ტოტების მოგროვებას შეუდგა.
გამთენიას ყინვამ ისე მოუჭირა, სუნთქვა აღარ შეიძლებოდა. გამონაორთქლი ჰაერშივე იყინებოდა. ბაჩუკის აქა-იქიდან კვნესის ხმა ესმოდა. ჩანთებზე მიწოლილ ადამიანებს მოუსვენრად ეძინათ. ერთმანეთს ჩახუტებულები გათბობას ცდილობდნენ. ჯარისკაცებმა ხალხში გაიარეს. ვიღაცებს თბილი ტანსაცმელი მიაშველეს, ვიღაცებს წამალი და თვითონაც კოცონთან დაბრუნდნენ. გარიჟრაჟთან ერთად ბავშვის ტირილი ძლიერდებოდა. ბაჩუკიმ თვალი ვერ მოხუჭა. ჯერ არ დაბადებულ შვილზე ფიქრობდა და ნონას გაბერილ, ჯერ თვალით არ დანახულ მუცელს ეფერებოდა.
ბაჩუკის ომში გაწვევის წერილი ხელში ეკავა, როცა მილიონჯერ გავლილი გზა გაიარა თავისი სახლიდან ნონას საძინებლამდე. გოგოს წააკითხა და მის რეაქციას დაელოდა. ნონას ხმა არ ამოუღია. არც ცრემლი გადმოვარდნია. უსიტყვოდ უყურებდა ბიჭს და მის თვალებში ყველაფერი იკითხებოდა, ტკივილიც, ტირილიც და გლოვაც.
„რა ვუთხრა ჩემს შვილებს, როცა სხვები ომობდნენ, მე ჩაის ვსვამდი-თქო?“ - მხოლოდ ეს თქვა ბიჭმა. გარიჟრაჟზე დატოვა სატრფოს ოთახი ბაჩუკიმ ისევ იმავე გზით, რითაც მოვიდა და ისევ ავმა გოშიამ გააცილა.
პატარას ხმა ძლიერდებოდა. ბაჩუკიმ ვეღარ მოითმინა და ხმას გაყვა. ახალგაზრდა ქალი პატარა ჩანთაზე მიწოლილიყო და არ ინძრეოდა. პატარა ალბათ წლამდე იქნებოდა. ხელებს დედის სახეზე აცეცებდა და რაღაცას ლუღლუღობდა. ბაჩუკიმ ქალთან ჩაიცუცქა, ხელი გაიწვდინა და ოდნავ შეეხო. მოულოდნელად სადღაც ქალის კალთიდან ორი პატარა ეშვი გაჩნდა და ბიჭს მკლავზე დაეკიდა. კბილებს პრიალა ცხვირი მოყვა. მალე შავმა დიდმა ყურებმაც არ დააყოვნა და გაბურძგნული ლეკვი გამოჩნდა. ყელზე საყელო ეკეთა მედალიონით. ბიჭს გაეცინა. ძაღლს კისერში ხელი დაავლო და ზევით აწია. „მაქსი“ წაიკითხა მედალიონზე.
-შენ მერე მოგხედავ, ახლა მაცადე მეგობარო - მოეფერა ბიჭი ძაღლს და გვერდით გადასვა. პატარა დამცველი არ ჩერდებოდა. ჯარისკაცს შარვლის ტოტზე ეკიდებოდა და ქალთან არ უშვებდა.
-ქალბატონო - ბაჩუკიმ ქალს ხმადაბლა დაუძახა და ოდნავ შეეხო. უსიცოცხლო სხეული ბიძგს დაემორჩილა და გადატრიალდა. ბიჭი შეცბა, ფეხზე წამოხტა და ხმამაღლა შეყვირა. ყვირილის ხმაზე კბილებამდე შეიარაღებული რამდენიმე მებრძოლი მასთან გაჩნდა.
-ბიჭებო, ქალია მკვდარი - შეაჩერა იარაღმომარჯვებული მებრძოლები ჯარისკაცმა და პატარასთან დაიხარა. ხელში აიყვანა და გულზე მიიხუტა. პატარას სითბო ესიამოვნა. იყუჩა და თვალები მილულა. მაქსი ფეხსაცმელზე ეკიდებოდა და პატარას არ თმობდა.
-ქალბატონი მიწას მივაბაროთ და დანარჩენს მერე მივხედოთ - ორი სიტყვა დაუგდო ბაჩუკიმ მეგობრებს და კოცონისკენ დაიძრა. ლეკვი ფეხდაფეხ მისდევდა.
-რა უნდა ვუქნათ ამათ? - თავზე დაადგა გიგაური მეგობარს.
-მანქანას ვიშოვნი და დედაჩემთან და ნონასთან წავიყვან - არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა ბიჭმა.
-გასაგებია. მანქანას მე გიშოვნი - მიუგო პასუხი მებრძოლმა და გაეცალა.
ბაჩუკიმ პატარა ჩაით და პურით დააპურა. არც მაქსი გამორჩენია. ამ ბავშვის გადარჩენა მისი ცხოვრების მიზნად იქცა და მეტი არაფერი აინტერესებდა.
ორი საათი არ იყო გასული, გიგაურმა რუსული „ნივა“ რომ მოიყვანა. მანქანაში ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად ისხდნენ და გულზე ძაღლ და ბავშვ მიხუტებულ ბაჩუკის თვალებდაჭყეტილი მიჩერებოდნენ.
-ესენი ქუთაისში მიდიან ძმაო, თან გაგიყოლებენ. იქიდან რამეს იზამ - მხარზე ხელი დაარტყა გიგაურმა მეგობარს - მე უღელტეხილზე ამ „უაზით“ გადაგიყვანთ. წადი და მალე დაბრუნდი.
ბაჩუკის გული გაუთბა, მეგობარს გადაეხვია. მხარზე აკოცა და მანქანაში ჩაჯდა. ქურთუკის უბეში ორი პატარა ყავდა ჩასმული და თავისი სიცოცხლის ფასად დაიცავდა ორივეს. ბავშვს მშვიდად ეძინა,  ყურებპანტურა კი მებრძოლს ჯერ ისევ უნდობლად უყურებდა და თვალს არ ხუჭავდა.
ბაჩუკი გამთენიას მიადგა სოხუმის მისადგომებს. მის თანამებრძოლებს დანგრეულ შენობებში მიმობნეულს ეძინათ. კოცონის ნაღვერდალი ოდნავ ბჟუტავდა. თენდებოდა. ახლოს ზღვის წყნარი ფშვინვა ისმოდა. ჯარისკაცმა ზურგჩანთა კოცონთან მიაგდო და ნაკვერჩხალი გაქექა. თბილ ქვაზე ჩამოჯდა და სივრცეს თვალი გაუსწორა. სადღაც ხეებიდან ოდნავი ტკაცუნი გაისმა, რასაც ავტომატის გასროლა მოყვა. ნანგრევებიდან პირველი გიგაური გამოვარდა. კოცონთან პირქვე დამხობილ სხეულს დაადგა და გადმოაბრუნა. ბაჩუკის ხუჭუჭა თმა შუბლზე ჩამოყროდა და ტყვიით გახვრეტილი შუბლიდან თბილი სისხლი ჟონავდა. მებრძოლმა ცალ მუხლზე ჩაიჩოქა. მეგობრის თავი გულზე მიიხუტა და აღრიალდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები