ნაწარმოებები


დაანონსებულია კონკურსი ლილე 2023. ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირი ბობოხიძე
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2022


...

ასეთ უსუსურს, ამინდებთან დაწყებულ დავას,
რა შთამაგონებს რომ სჯობია არა უმეტეს
მხოლოდ–ღა იმის ლოდინი თუ მზე როდის ჩავა,
რომ ჩასასვლელი მთელი სივრცე გადავუკეტო.
აი მანამ კი, ყურს მივანდობ ქარების ჩურჩულს,
სუსტსა და ძლიერს, ნაქარბუქებს, მომცრო ნიავებს,
რომელიც ხშირად მიმნდობია და ხშირად ურჩი,
რომელიც მზესაც ქროლვის ფონად ალოლიავებს

და ასეთ დაღლილს, გათანგულს და ერთგვარად ჩამქრალს,
მიაცილებენ ღრუბლები და თვალებსაც სცდება,
ფანჯრებსაც ცდება, რაც მაუწყებს ძილის დროს ახლა,
ძილის ოცნებას, და ოცნების სიზმრების წყებას,
რომელიც გაქრა ფანჯრებიდან, გადაესვენა
უკიდურესი სიშორისკენ, სადაც მდევნიან,
სადაც უბრალოდ დამუნჯდება მეტყველის ენა,
ენა, სიგიჟე, ემოცია, ჯავრი, გენია,

და აჰა, ვახრჩობ იმედებში დაკარგულ ციკლონს,
გარეთ ქარია, ტანშიც ქარი, სიზმრებშიც ქარი,
არ არის ძალა ამინდებთან კამათმა იკლოს,
არ არის ძალა, აღარ არის, არ არის, არის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები