ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2022


შეხვედრები. შეგებებანი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

შეხვედრები. შეგებებანი

        (ჩემთაობელებს)

- აქ რატომ ვზივარ?!
ქვა  - ცივია?!
სულ კი არა და კვირაში ერთხელ თუ გამოვალ,
სამი საათით.
საღამოობით მეგობარი
მითმობს ამ ადგილს,
თვითონ  -  ქირით აქვს აღებული.
ხარჯიც დიდია,
გაისტუმრებს და
რაღაც  თანხა მუდმივად რჩება,
ვეტერანია და მთელ ოჯახს ამით ინახავს.
მათხოვრობაშიც, როგორც ბიზნესში
ოქროს წესია:
- ლოკაცია,
ლოკაცია
და ლოკაცია!

დანარჩენ დროს რაღას ვაკეთებ?!
ბიბლიოთეკა, შენ რომ ასე ზურგი აქციე,
არის  მუდმივად ჩვენნაირთა თავშესაფარი:
სითბო,
სინათლე,
უფასო ჩაი ანდა ყავა,
კომპიუტერი,
კარგი წიგნები - გამოულევლად…
გახსოვს, ვხუმრობდით,
აბა,  წიგნებს ვინ კითხულობსო?
- უსახლკარონი,
პატიმრები,
ავადმყოფები
და პროვინციის მასწავლებლები…
გახსოვს, მეც ლექსებს როცა ვწერდი?
და გაზეთშიც რომ დამიბეჭდეს,
შენც ხომ გაჩუქე!

ხურდის ლოდინში რას ვაკეთებ?!
მე - მჭვრეტელი ვარ,
ხალხს ვაკვირდები.
ვუყურებ,  როგორ  გამოცდილად გულგრილობენ
შეჩვეული შეყვარებულნი;
საშუალონი - შეხვედრისას ეხუტებიან;
ახლები - რაღაც  უხერხულად ირჯებიან,
იბნევიან, რაღაც ებნევათ.
ჯერ ერთმანეთზე არ ირევიან,
თუმცა სახეზე ირევიან,
სიტყვებს ეძებენ.

იმ ქალს უყურე!
იქნება ალბათ ოთხმოცისა,
რა პატარაა,
გალეული,
როგორი მყიფე,
მასწავლებლობა ზედ აწერია.
ფრთხილად  აიღებს შემხვედრის ხელს,
ფაიფურის რამ ლარნაკივით,
ზემოთ აწევს და თითქოს გახედავს,
აბა შუქს თუ ატარებსო, შებინდებულზე,
თანაც თვალებში შესციცინებს,
ეალერსება.

ვინ  ვის ხვდება და როგორ ხვდება,
ზეპირად ვიცი.
განშორებისა  - მე რა ბევრი მომეკითხება!

სულ ერთხელ იყო,
გოგომ წითელპალტოიანმა
უმოსაბმელო, რაღაც, თხელი გასაღებივით
ბიჭს რომ ჩაუდო წყნარად მუჭში,
დაღუნა თავი და  მიმავალი, შემხვედრებისთვის ძალა-ძალით მომღიმარი ვითომ ამაყად,
ვგრძნობდი, ცრემლებს  როგორ ყლაპავდა.

შემდეგ კვირაში გამოჩნდა ბიჭი,
გამოჩნდა გოგოც, მაგრამ  არა  - ის,
როდესაც შენთვის უსიტყვოდ ზიხარ,
შემსწრე ხარ კარგის,
შემსწრე ხარ ავის,
ძვრების,
ძგერების და შხუილების
ხმები შენ გარდა,  ესმის არავის.

მიყურებია აჭარხლებული გოგოებისთვის ჩუმი,
მკლავქვეშა ჩქმეტა-ჩქმეტით
თავაზიანად სახემღიმარი დედიკოები შინისკენ  რომ ერეკებიან;
მიყურებია ხელიდან-ხელში წამალს როგორ გადასცემენ გვერდით ჩავლილნი,
სხვაც ბევრი ხდება საინტერესო.
მარტომავალნი - ცალკე თემაა,
მაგრამ მე  - წყვილებს ვაკვირდები,
მაინტერესებს შეხვედრები, შეგებებანი
და იცი, მართლა,  დრო გადის და უფრო ვრწმუნდები,
რომ არ არსებობს ამქვეყნად წყვილი.
ჩვენ,  გარედან დამნახავები
წყვილს ვამბობთ,
თორემ  შიგნიდან  - ორი მარტოსულია.

რაო, ლექსები?!
ხანდახან ისევ მეწერება.
როცა მეორედ გამოივლი,
იქნებ გაჩვენო
რაღაც ტექსტები,
არაზუსტი მეტაფორები
აღარ-საჩვენო.
მადლობელი ვარ მოკითხვისთვის,
კარგად იყავი!
რაც იყო - იყო,
ვის რა მოვკითხო,
ან  შევაჩვენო!

- ო, მეგობარო, მეგობარო შენ - ბეცთვალება!
დაბლა მაცქერალ შენს თვალს რაღა დაემალება!
მახსოვს დრო იგი,
ლექსის ფეთქვა და  აალება,
მახსოვს  ზამთარიც,
მახსოვს ქუჩა,
შენი წვალება.
გვიან გავიგე  შენი მძიმე გარდაცვალება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები