ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
3 ნოემბერი, 2022


პეპლისფრთებიანი სპილო



იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი კუდრაჭა გოგო მარი, რომელიც  მალე ცხრა წლის გახდებოდა. ერთ მშვენიერ გაზაფხულის დილას, გაიღვიძა თუ არა, მარიმ მთელი ხმით ტირილი მორთო: ,,საქართველოში მინდააა!“ თან ისე ხმამაღლა, რომ მისმა ბერლინელმა მეზობელმა, ფრაუ ბერტამ ცხელ ხაზზეც კი დარეკა, მეზობლად ქართველი ემიგრანტი  ცხოვრობს, სახლში ბავშვი ტირის, ეტყობა მასზე ძალადობენო. დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ მარი დედასთან ერთად ბერლინის გარეუბანში ცხოვრობდა. ჯერ სირენის, მერე უკვე კარებზე კაკუნის  ხმაც გაისმა. სახლში შემოსულ პოლიციელებს სასტუმრო ოთახში ატირებული ბავშვი დახვდათ, რომელიც მათთვის გაუგებარ ენაზე კვლავ აგრძელებდა მოთქმას, - ,,საქართველოში მინდააა!“
პოლიციელებმა, სამწუხაროდ ქართული არ იცოდნენ, რაში იყო საქმე, ვერ მიხვდნენ. - რატომ ტირი პატარა? - ჰკითხა ქალმა პოლიციელმა. კუდრაჭა მარი, ქართველი კი იყო, მაგრამ საქართველოში მხოლოდ სამიოდ თვე ჰქონდა გატარებული, ისიც ის დრო, რომელსაც ასაკში არც კი უთვლიდნენ, ანუ დედის ორგანიზმში რომ იყო ჯერ კიდევ, ამიტომ გერმანული მშვენივრად იცოდა, მაგრამ, მაინც ქართულად გასცა პასუხი. - ,,პატარა სულაც არა ვააარ! საქართველოში მინდააა!“ დაბნეულმა ქალმა  პოლიციელმა მეორე, კაც პოლიციელს მიაპყრო მავედრებელი მზერა, - რა ვქნათო. მან კი ,,ეს ბავშვი ვისიაო“ - კუდრაჭა მარის დედას, თამარს ჰკითხა, რომელსაც თინეიჯერის შეხედულება ჰქონდა და  ძნელად თუ წარმოიდგენდი რომ დედა იყო. ,,ჩემია”, - უპასუხა მან. ,,რატო ტირის?“-  საქართველოში  უნდა!“ კუდრაჭა მარიც, თითქოს სათარგმნი პროგრამა ჩართესო, ახლა უკვე გერმანულად აგრძელებდა  ტირილს: ,, Ich möchte nach Georgien gehen!“
საქართველოში ყოფნა თამარსაც უნდოდა, ენატრებოდა სამშობლო, რომელიც ცხრა წელიწადზე მეტია არ ენახა უკვე. ამ მონატრებას შვილის სიყვარულით ინელებდა. ქართულად ლაპარაკიც და წერა-კითხვა ხომ ასწავლა, მერე,  მარი სასკოლო ასაკის რომ გახდა, დიდხას ეძება,  ბერლინში იქნება და  ქართული სკოლა ვიპოვოო. სამწუხაროდ, ამაოდ. ამიტომ მარი გერმანულ სკოლაში შეიყვანა და  რადგან იქ არ ასწავლიდნენ, თვითონ გახდა საღამოობით შვილის ქართულის მასწავლებელი, ჯერ გოგებაშვილის დედა ენა იშოვნა, მერე მეორე, მესამე და მეოთხე კლასის ქართულის წიგნებიც და ასე ეგონა  მარისთან ერთად ისევ სკოლაში სწავლობდა. საღამოობით, გაკვეთილებზე ახსენდებოდა  საქართველო, სკოლის დამთავრება, ბათუმში გატარებული აგვისტო, შტორმივით თავსდატეხილი სიყვარული, თავბრუსხვევები, გულისრევები... მერე ექიმთან მისვლა და... თითქოს ახალი გულის  ფეთქვა იგრძნო ორგანიზმში... დამფრთხალი გიგა, ისიც ახლადსკოლადამთავრებული და მისი  სიტყვები: ,,რა დროს ჩვენი ბავშვია და ცოლ-ქმრობა, ჩვენ თვითონ ბავშვები ვართ, ფულს ვიშოვნი და მოვიცილოთო!“ როგორ შეზიზღდა მაშინ ის, ვისი დანახვაც ასე ეგონა მთელ ქვეყანას ერჩივნა. ,,მთელი ცხოვრება დედობაზე ვოცნებობ, ჩემს შვილს ვერ მოვკლავო”, - გიგას უთხრა და იმ დღესვე დაბრუნდა  თბილისში, ტირილით მოუყვა მშობლებს ყველაფერი. მამამ, მითხარი ის ბიჭი ვინ არისო. არაო,  ის  მოკვდა,  ჩემთვის არ არსებობსო, - თამარმა. ამას მოჰყვა ერთaდერთ შვილზე მშობლების ნერვიულობა, უძილო  ღამეები. ჯერ მამის ინსულტი, მერე დედის და ერთი თვის შუალედში მარტო დარჩენა. ორი წლით  უფროსი დაქალი იყო გათხოვილი გერმანიაში. მან ურჩია აქ ჩამოდი, მოგეხმარები, აქ შეგიძლია თან  იმუშაო, თან ისწავლოო, ბავშვსაც აქ გააჩენო... 
ამასობაში პოლიციელებმა საბუთები შეუმოწმეს დედა-შვილს: თამარს ორმაგი მოქალაქეობა  ჰქონდა, საქართველოსი და გერმანიის, თან, მიუხედავად მცირე ასაკისა  ბერლინის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი  იყო უკვე, მარი საერთოდაც გერმანიაში იყო დაბადებული... 
- საქართველოში რატომ გინდა, პატარა?  - ჰკითხა ქალმა პოლიციელმა.
-  მე პატარა არ ვარ, მე ქართველი ვარ, ჩემი სამშობლო საქართველოა!  -  ცხრა წლის დაგროვილი სიამაყით, გერმანულად უპასუხა ბავშმა.
-  საქართველო სად არის?“ - იკითხა  ახლა უკვე  კაცმა პოლიციელმა.
–  აი, აქ არის! - გული უჩვენა მარიმ...
-    მარი, რა უხერხულ სიტუაციაში მაგდებ, ხო დაგპირდი ამ ზაფხულს წაგიყვან საქართველოში-მეთქი, ჰქენი სიკეთე, მეტს ნუღარ მანერვიულებ ხო?! - უთხრა თამარმა შვილს, როცა პოლიციელები წავიდნენ.
- დეე, შენ წინა ზაფხულსაც დამპირდი! - უკვე აღარ ტიროდა მარი.
- არც ისე პატარა ხარ, რომ ვერ გაიგო, ეს ყველაფერი ხარჯია, შვილო! კი იცი, გერმანიაში რომ წამოვსულიყავით, ბინის გაყიდვა მომიხდა, იქ ბინაც ხო გვინდა, სხვა ხარჯები, მაგრამ ამ დილით რა დაგემართა მაინც?
- იცი, დე, ჩემი კლასელები ამბობენ, ვიღაც სიკეთის დედოფალი არის თურმე და ადამიანებს ყველა სურვილს უსურვებს, წუხელ სიზმარში ჯერ სიკეთის დედოფალი ვნახე და საქართველოში  წასვლა და მამიკო ვთხოვე, ჩემს კლასელებს ყველას მამიკოები აკითხავენ, მეც მინდა მამიკო მყავდეს.  მერე    ვნახე, თითქოს ჩემი დახატული სპილო საქართველოში მიფრინავდა და შემშურდა! მე ვიშოვნი ფულს! აი ჩემს რომელიმე ნახატს გავყიდი და...
- ჩემი მტირალა მხატვარი გოგო, რა კარგად გამაცინე, ხელოვნება გადაარჩენს სამყაროს! როგორ უთხარი პოლიციელებს, საქართველო ჩემს გულშიაო? შენ ხარ ჩემი საქართველო, შენ ხარ ჩემი  ბედნიერება! გოგო, ცხრა წლის გახდები მალე და ახლა მოგინდა მამიკო! მოდი ჩაგიხუტო გულში!
მარიმ,  არაო  და სიცილით საკუთარ ოთახისკენ გაიქცა, მაგრამ დედა დაეწია, გულში ჩაიკრა და დიდხანს, დიდხანს  კოცნიდა.
გავიდა რამდენიმე დღე. უნივერსტიტეტიდან დაბრუნებულ თამარს კარებთან  დახვდა თვალებგაბრწყინებული მარი:
-  დედიკო,  დედიკო,  სპილო გაიყიდა, აი რომ დამცინოდი, სპილოს  როდის იყო ფრთები ჰქონდაო, ახლა სასწრაფოდ უნდა გავაგზავნოთ ანგარიში, ფულს  ჩაგვირიცხავენ!
- შვილო, იცი რა რთული დღე მქონდა... ცოტა დამასვენე!
-  დედა, სწრაფად რა, იქნებ გადაიფიქრონ?
-  დამასვენე, მარი...  რაო, რა გაიყიდაო!
-  ჩემი ნახატი. საქართველოდან მომწერეს, თურმე მართლა არსებობს ,,სიკეთის დედოფალი“,  და საქართველოშია.  მწერს, მე ვიყიდი შენს ნახატს ოციათას ევროდო! ერთხელ რომ თქვი, ხო გახსოვს,  ოცი ათასი ევრო რომ მქონდეს, საქართველოში დავბრუნდებოდით, სადმე სოფელში სახლს ვიყიდდი,  სოფლის სკოლში ვიმუშავებდი და იქვე შენ ისწავლიდიო, აი ახლა გვაქვს ფული!
- მარი, ამ ზღაპრების მოყოლას ჯერ ვივახშმოთ მერე კი გაკვეთილს ჩამაბარებ!
- დედიკო, რატო არ გჯერა, აი, წამოდი, განახო... გავაგზავნოთ რა ანგარიშის ნომერი!
.... მხოლოდ ანგარიშზე დამჯდარი თანხა რომ იხილა, მაშინ დარწმუნდა  თამარი, რომ ,,სიკეთის  დედოფალი“ მართლაც რეალური პიროვნება იყო. მანამდე მიმოწერაც ნახა. ,,სიკეთის დედოფლის“  კითხვაზე, თუ რაში უნდა დაეხარჯა აღებული ფული, მარი პასუხობდა, მე და დედიკო  საქართველოში ვაპირებთ დაბრუნებას და სოფელში სახლის ყიდვასო. ალბათ ვიღაც ქველმოქმედიაო, გაიფიქრა. შვილო, რადგან დავპირდით ახლა ნახატი უნდა გავაგზავნოთო, - მარის უთხრა, თან  დაამატა, - თუ გსურს უკან გადავრიცხავ ამ თანხას. ,,დედიკო, იცი, მეც მენანება ჩემი სპილო, მაგრამ ისიც ხო საქართველოში მიფრინავს, მერე ზაფხულში ხო ჩვენც გავფრინდებით, ხოდა სამივენი  ბედნიერები ვიქნებითო“, - უპასუხა მან.
ზაფხულიც დადგა. ბერლინის საქმეები მოაწესრიგა, დაქალი და ფრაუ ბერტა აცილებდათ  აეროპორტში. - თბილისში მე დაგხვდებითო, - ,,სიკეთის დედოფალი“ იწერებოდა. მართლაც  თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსულებმა შორიდანვე დაინახეს სიმპატიური ქალბატონი, რომელსაც  ხელში დიდი პლაკატი ეჭირა, წარწერით ,,სიკეთის დედოფალი“.
- მართლა დედოფალი არ გეგონოთ, ლალი მქვია, სანამ სახლს იყიდით და დალაგდებით, ერთ ადგილას მინდა მიგიყვანოთ! -  უთხრა დედა შვილს  და მანქანისკენ წარუძღვა. თბილისის გარეუბანში, ორსართულიან სახლში შეიპატიჟა  სტუმრები. მერე - ,,ერთი ადამიანი მინდა გაგაცნოთ,  რომელიც აქ ცხოვრობს.  ის საქართველოში თქვენ კეთილმოწყობაზე  იზრუნებსო“, - თქვა და მეორე ოთახში გავიდა. 
,,დე, ნახე ჩვენი სპილო?“ - კედელზე  ჩამოკიდებული, ჩარჩოში ჩასმული თავისი ნახატი შენიშნა უცებ მარიმ.  თამარმაც შენიშნა ნახატო,    ამასობაში მასპინძელიც  დაბრუნდა, თამარმა მის უკან მომავალი გვირილების თაიგულიანი გიგა რომ დაინახა, ახლა ფეხები  მომეკეცებაო და დივანზე ჩამოჯდა. მარი ვერაფერს ხვდებოდა, ისიც გვერდით მიუსკუპდა დედას.
გიგა თამართან მივიდა, მის წინ დაიჩოქა, ჯერ გვირილები გადასცა და ასევე დაჩოქილმა, თან  თვალზე ცრემლმომდგარმა ,,თუ შეძლებთ, ორივემ მაპატიეთო“, - თქვა და თავი დახარა. - დედიკო,  ვინ არის ეს კაცი? - დედას გვერდზე შვლის ნუკრივით მიეხუტა მარი. ,,მამაშენია, შვილო!“ - ძლივს  თქვა თამარმა და ატირდა, გიგაც ტიროდა. ,,დედიკო, აკი მეუბნებოდი, მამიკო აგვისტოს ომში  დაიღუპაო!“ - ატირდა მარიც და უფრო მიეხუტა დედას, თან შეეცოდა და ატირებულ მამას თავზე  გადაუსვა ხელი, ანუ მე ვაპატიეო. ოთახში ვინც არ ტიროდა, თან თითქოს ეღიმებოდათ კიდეც,  ნახატზე გამოსახული მფრინავი პეპლისფრთებიანი  სპილო და ,,ინტელექტბანკის“ პიარ მენეჯერი, ქალბატონი ლალი,  იგივე ,,სიკეთის დედოფალი“ იყო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები