ნაწარმოებები


დაანონსებულია კონკურსი ლილე 2023. ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირი ბობოხიძე
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2022


კოშმარებამდე

ყელამდე შეკრული ღამის პერანგი
ემოციურად თანაზიარობს ცივ ბალიშთან,
რომლიდანაც აგერ უკე ორი წელია
არ დამიფერთხავს თმის მოკლე ღერი.
არაფერია საინტერესო
იმაში რომ ახლა ღამეა,
და თვალებსა და ჭაღს შორის
ცხვრებმა კი არა,
ნაგაზებმა და კომბლიანმა მეცხვარეებმაც გაიარეს,
მიუხედავად ამისა,
თვალის სინათლე ნათურის სინათლეს ერწყმის,
და გული, გონება და ენა ერთად ამბობს, _ რაც არის არის!
მაგრამ ვინ იხმობს სარამაგუს
არეული ფსიქიკის დასაწყნარებლად?
ეს იგივეა შვილმკვდარ დედას აჩუქო ბლოხი,
ან ჩაწვე წყალში,
და ხედავდე წყლიდან,
როგორ იხრჩობიან ჰაერში ადამიანები.
ალბათ ამიტომ, კიდევ ერთხელ,
გული, გონება და ენა ერთად ამბობს _ რაც არის არის.
მაგრამ ვინ დებს სარამაგუს ქმრის ბალიშზე?!
და აი მოდის ემოცია,
რომლის კადრებშიც განათებულ სცენაზე დგახარ,
და ირგვლივ მყოფი მღელვარე მასა გიყვირის კითხვებს?
_ ვინ დებს სარამაგუს ქმრის ბალიშზე?
_ ის ვისაც არ უნდა რომ აბელი მოკვდეს! _ პასუხობ მასას.
_ ვინ დებს სარამაგუს ქმრის ბალიშზე? _ ყვირიან კითხვას.
_ პოეტის ცოლი _ პასუხობ მწყრალად.
_ ვინ დებს სარამაგუს გარდაცვლილი ქმრის ბალიშზე?_ ხმას იხლეწს მასა
_ გარდაცვლილი პოეტის ცოლი _ შენც ხმა გაწყდება
და იწყება ისევ თავიდან _
არაფერია საინტერესო
იმაში რომ ისევ ღამეა,
შენს თვალებსა და ნათურას შორის დადიან ცხვრები,
ისევ ცხვრები,
და ისევ ცხვრები,
ცხვრებს მოჰყვებიან ნაგაზები,
და ნაგაზებს კომბლიანი მეცხვარეები,
და ისევ იღებ სარამაგუს,
და კლავს კაენი აბელს,
კლავს და თენდება...
მშვიდად განისვენე... ქმარო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები