ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2022


●●● ( შვეული )

ჩემი ლექსი ჰგავს ნაცრისფერ ქალაქს,
ვარჯგადაჭრილი ხეების ფონზე.
აქ შვეულები წყვეტენ ჰორიზონტს.
აქ მიწისქვეშა,
თუ მიწისზედა გადასასვლელები
კი ცვდებიან სწრაფად,
მაგრამ სიცოცხლეს მინარჩუნებენ.

ჩემი ლექსები
ეკლიანი ცათამბჯენები,
შეხედავ,
ვერ მიხვდები,
აი იქ,
იმ სახლში,
მზე ყავთ გამომწყვდეული,
თუ ომის ცეცხლი უნთიათ?
ან იქნებ მხოლოდ ყვითელი ფარდა...

დეკემბრის პირველს ვერ გაარჩევ ნოემბრისაგან.
ამის ცოდნას სხვა რაღაც გაძლევს.
ხედვა კი სულ სხვა რამ არის.
მაგრამ ერთია კარგად ხედავდე,
მეორეა თქმასაც ბედავდე.

როგორი ხანმოკლე და თავისთავადია
ჩვენი აღფრთოვანება,
ჩვენით აღფრთოვანება
და კიდევ კარგი.

ჰო,
საცობებსაც დაემსგავსნენ ჩემი ლექსები,
მოძრავ,
მოზლაზნულ ჰორიზონტებს,
შეჩერებულებს გადასასვლელთან,
რომ არ შეწყდეს ცვეთა
ფეხით სავალის.

დეკემბერია...
თოვლი გვაკლია მხოლოდ,-
შვეულმფრენი,
შვეულქალაქში.
რომ სტროფი,
სტრიქონი,
მრავალწერტილი...
დაიწმინდოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები