ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2022


წვიმის ლექსი

***
მიწად ჩამოსულ წვიმის ყველა წვეთს
მინდა, რომ ვკითხო, შენი ამბავი.
ქალი ყოველთვის ამჩნევს ყველაფერს -
მე რა მაქვს შენთვის დასამალავი?

რაც გინდა მკითხე, თუმცა პასუხი,
ზოგიერთ კითხვას ვერ დაამარცხებს.
ჩემი დუმილის აურზაური
ქუხილად ესმის ახლა ქალაქებს.

თითქოს კი არ წვიმს, ეს მე ვეშვები...
წვეთ-წვეთად ვაღწევ მიწის წიაღში,
რომ შენზე ფიქრის დიდი ფესვები,
ჩემი სხეულით შემოვიარო.

ჩემი სხეულით ვკვებო ტკივილი,
რომელიც მიმზერს სულში ბავშვივით
და ერთიმება ტკივილს ღიმილი,
სახიდან ცრემლის წვიმით წაშლილი.

მე წვიმას ვუცდი, რომ ვკითხო შენზე.
ზეციდან ალბათ არ ვჩანვართ შორ-შორს
და როგორც ბოშა გადმოშლილ ხელზე
მე წვიმის წვეთში დავეძებ ბოლოს

იმ ბედის, რასაც ვირჩვედი თავად.
(რამდენ სიკვდილთან დავრჩი პირისპირ.)
სახეზე მხოლოდ ნიღაბი დამრჩა
და ვერ ვიმეტებ სახეს წვიმისთვის

შესაგებებლად და ვდგავარ მარტო,
როგორც სიჩუმე დახვრეტის წუთთან
და ჩემი მკვეთრი დუმილის გამო
ყველაზე მეტად თავადვე ვწუხვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები