ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა.მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2022


ლუჩანო ქარში

(მშრალი მოხავე)1

ნამდვილი ამბავი

პროფესიული დაავადების, ლარინგიტის შედეგად
ხმის იოგების გამსხვილების შემდეგ ახალგაზრდა
ლუჩანო პავაროტი დაიბნა.
მაესტრომ კარიერის შეწყვეტაზეც კი დაიწყო ფიქრი,
მაგრამ მშობლიური მოდენას ერთმა მთვარიანმა ღამემ
და ქუჩაში ნაპოვნმა აფიშამ ის საბოლოოდ დააკვალიანა.
მისთვის ეს ნიშანი აღმოჩნდა.

მოჩანს სეკია2 ტალავერიდან...
ქუჩაში მიდის ლუჩანო ნელა:
სან-ფრანჩესკოში3 უნდა შევიდე,
ვიდრე ჯვარცმამდე, სულ ჩოქვით შევალ, –

ფიქრობს ტენორი, ხმაჩახლეჩილი, 
დგას მის წინ ქარში ძველი მოდენა,
და უცაბედად ღმერთმა წერილი
ქარის ძალითვე მის წინ მოდენა.

Აიღო, ხელში შეათამაშა, 
სიტყვაც არასდროს დაჰვიწყებია,
უცხო მომღერლის სახელს აფიშა 
როგორ აცნობდა ქალაქს, სეკიანს. 

ორ გინკგოს4 შორის შორს Formigine5
რა მცირე იყო და რამოდენა... 
– ეგ არი, თავი გამოიჩინე, —
ჩასჩურჩულებდა ყურში მოდენა.

ამ წამს, როდესაც „კარუზოს“ ვუსმენ
და ლუჩანონე სუნთქვას მავიწყებს,
ამოსდის მტერი ზურგზე, ვით კუზი,
ჩემს საქართველოს, ბრმას და სამიწეს.

მიდის ქართველი, იქ სურიენტო...6
აქ – შავ პონტოზე მთვარე კოლხეთის...
ენანებოდა და მიატოვა,
როგორც ოჯახმა – კოჭლი პოეტი...

თუმცა არ იყო იგი კარუზო
და არც დიდების ჟინით იწვოდა,
დასავლეთისკენ გზად ბევრს გაუსწრო,
რომ იქ ეცქირა, სან-ფრანცისკოდან...

ეგდო ნაგლეჯი ძველი აფიშის
და ზედ ეწერა მას: საქართველო,
ნახევრად ლოთი, მხდალი და გიჟი
და აღარ ჰქონდა მას რამ სამსჯელო. 

მკვლელს შეაჩეჩა, რაც კი ებადა,
ამ წამსაც მიდის, იღებს მიგრანტებს
ჩირაღდნიანი ქანდაკება და
ხელს იბანს ერი, როგორც პილატე.

მტერს მამისეულს მიჰყიდის ბინას,
აწყდება თავად ტვირთსავსე პორტებს,
და დგას კუთხეში ხის პიანინო, –
დადუმებული პიანოფორტე.7

მაგრამ ვიდრემდე ჩირაღდანს ნახავს,
უდაბნო უნდა გამოიაროს,
და რადგან მოსე დღეს ქართველს არ ჰყავს,
ებრძვის ტაროსს8 და უხმობს იკაროსს.

მზე აცხუნებს და კალიფორნიის
შფოთავს შორს ყურე იქ აცტეკების,
აქ აფსაროსი, ციხე გონიოს...
მიდის და არვედ მიერეკების, –

ტოვებს, სულთმობრძავს, არც კარუზოა,
არც გავროშია და არც დავრიში,9
მიდის აქედან უგზოუკვლოდ და
იქ იღუპება, მშრალ მოხავეში.

ელის მიგრანტებს კვლავ ამერიკა, –
ნიკე, თემიდა და მრავლის მხსნელი,
და მეთევზეთა ღამე ირიბად
ლონგ-აილენდზე ილევა, ნელი.

დასავლეთისკენ ყველას გაუსწრო,
მაგრამ ვიდრე ფეხს ის მოიკვეთდა,
სულაც არ შერცხვა, რომ თვის სისხლს და ხორცს
შინ არ უშვებდა და მტერს ირჩევდა.

დაივიწყებდა კაცსაც და ღმერთსაც,
არ სურდა მას შინ, საქართველოში,
როგორც ეს მაშინ, – ქარში, – ოდესღაც,
ლუჩოს – ჯვარცმამდე, სან-ფრანჩესკოში.

ეგდო ნაგლეჯი ძველი აფიშის
და ზედ ეწერა მას: საქართველო,
ნახევრად ლოთი, მრუში და გიჟი,
საჯილდაო და საგასამრჯელო. 

5 ნოემბერი, 2022
თბილისი

_______________________________
1. Mojave – მოხავე: უდაბნო მექსიკისა და აშშ-ის საზღვართან ახლოს, ვრცელდება კალიფორნიის, არიზონას, იუტას და ნევადას შტატების ცალკეულ ტერიტორიებზე. სახელწოდება მოხავეს ტომიდან მომდინარეობს;
2. Secchia – მდინარე ემილია-რომანიას რეგიონში. მდინარე პოს ერთ-ერთი მთავარი მარჯვენა შენაკადი;
3. San-Francesco – კათოლიკური ეკლესიის იტალიელი წმინდანის, ფრანჩესკო ასიზელის – San Francesco d'Assisi – სახელობის გოთიკური სტილის კათოლიკური ეკლესია იტალიის ქალაქ მოდენაში. აშენდა 1221 წელს, ფრანცისკელ მცირე ძმების ორდენის ნებით, ჯერ კიდევ წმინდანის სიცოცხლეში, ხოლო მოგვიანებით, წმინდანის მოწაფის, გიერარდო ბოკაბადატის წყალობით, მთელი ქალაქი მოიცვა;
4.გინკგო – გინკგოსნაირთა განყოფილების, შიშველთესლოვანი ფოთოლმცვივანი ხეების უძველესი გვარი;
5. Formigine – ფორმიჯინე: მე-13 საუკუნის ისტორიული ციხესიმაგრე მოდენას კომუნაში (ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული) მდებარე ამავე სახელწოდების პატარა ქალაქში;
6. Surriento – სამხრეთ იტალიაში, სორენტოს ნახევარკუნძულზე მდებარე პატარა ქალაქი, რომელიც ერთმანეთისგან ნეაპოლის ყურესა და სალერნოს სრუტეს განაცალკევებს;
7. Pianoforte – (იტალ.) პიანინო;
8. ტაროსი – დარი და ამინდიცა განიყოფებიან: ამინდი არს რაჲცა ჟამსა შვენოდეს წვიმა, თოვლი ანუ დარ–კეთილობა ჴნვისა, თესვისა და ნადირობისათვის დარის შეხდომა, რაიცა არგებს; ტაროსი არს ამინდისა მსგავსი მოგზაურთათვის, კეთილი დარი თუ ბოროტი ზღვასა თუ ჴმელზე შეხვდეს (სულხან-საბა ორბელიანი „ლექსიკონი ქართული“);
9. დავრიში – მოხეტიალე მუსლიმანი ბერი.

https://www.youtube.com/watch?v=iJFI53qZ7xY

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები