ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2022


აღდგენის წილი


მოკაკვე თითი, მოაკაუჭე.
ძილთან, როგორც ბირთვული შიგთავსის სათუთ გარსთან მიახლოება,
ერთ რამედ უნდა გიღირდეს მაშინ,
როცა მის მიღმა წარმოსახვის ანასხლეტები,
ლივლივით გრეხენ ფერად ბოჭკოებს,
შიშის მარცვლებიდან გამოცრეცილ
ობიან ბუშტებს,
რომლებსაც ხეთქავ სულის შებერვით
და არ გამოგდის განზე დგომა როცა სხეულთან,
მიგაქვს ზვირთების ორომტრიალი,
შენგან მოკვეთილ გულგრილობის უნარს რომ წასკდა.
ტუჩს აგიბზუებს უცნობი სახე,
რომელიც არ აქვს არც ერთ ვერსიას,
მოულოდნელს და მოუმზადებელს,
შენივე  მდგომარეობიდან გახმაურებულს,
რომელმაც გაგცა ნამძინარევი.
დროს არ იხელთებ,
არ უძღვები სათაურივით,
წუხილებსა და შესაბამის მომენტებს ისე,
თითქოს აღარსად გეჩქარება,
ჩამორჩი ხალხსაც,
გახალისდი და უძრაობა ისე დაგეტყო,
როგორც დაუცლელ გადავსებულ ურნას ქალაქში,
პოლიეთილენის ქოჩორზე კატით,
როგორც ამოფრქვევამდე ვულკანის ყანყრატოში ნახველივით დაგუბებულ ნაწრეტს,
როგორც დენთის სუნით შემცბარ ნადირს,
როგორც ნავთობის ჭა-ბურღილს,
თითისტარივით ჩასობილს ოკეანეში.
მაღალ სიზმარში კეცავ მომავალს
და არ იცი როგორ დასასრულს დაიმსახურებ,
გარდა იმისა,
რაც მახსოვრობამ შეიძლება მოაჩოჩოს სიტყვებამდე.
მერე თავიდან იწყება დაღლა,
რომელმაც გადატვირთვა უნდა შეგაძლებინოს
და მოსალოდნელ შედეგამდე მიგიყვანოს აუჩქარებლად.


10 დეკემბერი 2022 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები