ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 დეკემბერი, 2022


●●●(წიწაკა)


ვუყურებ ამ საახალწლო სამზადისისთვის მოფუსფუსეებს და ფუტკრებს ვამგვანებ,
გაზაფხულის ტკბილი ნექტარივით რომ მიარბენინებენ სახლში სანოვაგეს,
რუდუნებით რომ არჩევენ
ნაძვის ხეებს,
ბრჟღვიალა სათამაშოებს,
საჩუქრებს საყვარელი ახლობლებისთვის,
სავალდებულო საჩუქრებს.
ვუყურებ და ისე ჩამტკბარან,
როგორც გოზინაყი,
თაფლი გასდით,
მოხალული ნიგვზის სუნი აქვთ და პრიალებენ.
წვრილმან დარდს ივიწყებენ,
მონატრებასაც უმკლავდებიან,
რომ რაც შეიძლება მეტი ადგილი დატოვონ იმედებისთვის.
წესით აქ უნდა შევჩერებულიყავი,
მაგრამ ვერ,
ჩემი ნაძვის ხის ძველი სათამაშო მომაგონდა,-
წიწაკა,
დღემდე ასეა - უიმისოდ როგორ მოვრთავ?!
ერთი ეგ მომყვა უნაძვისხეო ბავშვობიდან.
აღარც კი მახსოვს როგორ მოხვდა ჩემთან.
ალბათ ვიღაცამ დაიწუნა,
წიწაკას რა უნდაო ტკბილ ახალ წელთან და მისახსოვრა.
არ კი იცოდა,
რომ წიწაკა
მწარე სწორედ იმითაა, რომ მეგატკბილია.
მისი ხათრით
ეზოში მდგარ ფიჭვს ტოტი მოვტეხე,
კედელზე ჩაქუჩით და ლურსმნით მივაჭედე და
ზედ დავკიდე.
საბრალო იყო მარტოდმარტო,
მე კი სხვა სათამაშო არ მებადა,
აი "დილა" კი უამრავი.
მენანებოდა,
როცა ნახატებს ვჭრიდი ჟურნალებიდან,
მაგრამ წიწაკა უფრო მეტად მებრალებოდა მარტოობისთვის.
ყველა ნახატი გამოვჭერი, რაც მომეწონა
და ტოტზე დავკიდე.
მერე კამფეტებს მოვაბი  ძაფი და ისინიც დავკიდე.
მეც მიხაროდა,
ძმაც გავახარე,
მან კი ჩხირკედელა მამაჩემის დანატოვარი
ფერადი ტრანზისტორები გადააბა
და დილისთვის
ორ მძივად
დამახვედრა იმ ფიჭვის ტოტზე.
მამამ მიგვატოვა,
დედა ტიროდა...
ჩვენ კი მაინც თაფლივით დავტკბით,
მოხალული ნიგვზის სუნიც აგვივიდა.
ვპრიალებდით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები