ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
15 დეკემბერი, 2022


საახალწლოდ

დიდი ნატვრა

დილიდანვე თოვლის პაპას,
წერილსა წერს ნია.
წუხს, რომ გრძელი გამოვიდა
სურვილების სია.
დედამ უთხრა: - აბა, ამდენს,
როგორ შეძლებს პაპა?
შენისთანა რამდენი ჰყავს,
დაითვალე აბა. -
ფიქრობს, როგორ შეამციროს,
შეელიოს რომელს,
რომ დაუთმოს საჩუქარი
სხვას, ამ ნივთის მდომელს.
შალა, შალა... ჰოდა  ერთი
დაიტოვა მხოლოდ,
- მეტს არაფერს აღარ ვითხოვ,
ესღა არის ბოლო.
არც თოჯინა აღარ მინდა,
არ ვინატრებ ლეპტოპს,
ნუ მომიტან შორტებს, კაბას,
ბოტასებს და ნურც ტოპს.
მხოლოდ ესღა, დიდი ნატვრა,
შემისრულე პაპავ,
დაგვაბრუნე აფხაზეთში
მე, დედა და მამა.


წელი ახალი

რად გვიყვარს წელი ახალი?
თოვლის ბაბუას ველით,
გვინდა, რომ თეთრმა ფანტელმა,
მოქარგოს მთა და ველი.
ნაძვის ხის ძირში დაგვხვდება
საჩუქრის კოხტა ყუთი,
ზოგში - ნანატრი თოჯინა,
ზოგში - ბუცები, ბურთი.
დილით გვაღვიძებს კაკუნი,
მეკვლე დგას კართან ხონჩით,
ლოცვით შემოდის, გვარწმუნებს
ცუდს, ძველ წელიწადს მოვრჩით.
სახლში ტრიალებს სურნელი
ხაჭაპურის და კვარის,
მაგიდა დახუნძლულია
ნუგბარით, ნაირგვარით.
ცაში მაშხალებს ისვრიან,
მოჭიქულია ზეცა...
მრავალ ბედნიერ ახალ წელს
ყველა დაგვასწროს ღმერთმა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები