 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 დეკემბერი, 2022 |
მთის მოტივზე ერთი ამოსუნთქვით ვწერ. მთის მოტივზე წერა ვაჟას პოეზიის გავლენით დავიწყე.
რაც თვითიზოლაციაში ვიმყოფებოდი კოვიდპანდემიის გამო, ვაჟა-ფშაველას ლექსზე შექმნილი სიმღერა „მინდა გაკოცო, მაკოცო“ კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა, ხშირად ვღიღინებ. ????
ვაჟას ლექსის გავლენით ეს ლექსი დავწერე:
გული ზღვასავით მიღელავს, ხარ ჩემი სულის ნაჟური, მსურს შენთვის ვჭექო სიმღერა - ესოდენ გარიჟრაჟული.
„მინდა გაკოცო, მაკოცო“, კოცნით აგივსო თვალები, და ერთხელ კიდევ დავლოცო ის შენი ნატერფალები.
არ ვიცი, გითხრა მეტი რა, ეშხით დამდაგე ყმაწვილი, მე - შენი ცრემლის წვეთი ვარ, შენ - ჩემი სულის ნაწილი.
რაც დრო გადის, ვაჟას კიდევ უფრო მეტად ვაფასებ, ვიდრე აქამდე ვაფასებდი. გარდა პოეზიისა და პროზისა, ვაჟას ფილოსოფიური ნარკვევებიც აქვს, რაც უფრო მეტად ამაღლებს ჩემს თვალში, როგორც რიგითი მკითხველის.
2011 წლის 25 იანვარს მივუყვებოდი ჩარგალში ვაჟა-ფშაველას ნაკვალევს და თან ვაჟას სიტყვებს ვიმეორებდი გულში:
„ნეტავ თუ დაგვიფასდება ქართველთა შვილებს ამაგი?!“
დაგვიფასდება, აუცილებლად დაგვიფასდება! სხვანაირად არც შეიძლება, ჩვენ ხომ რაზიკაშვილების მშობელი ერი ვართ!
ვაჟა-ფშაველა სულ სხვა განზომილებაა, სხვა ფენომენია! მის ნაწარმოებებს ლოცვასავით ყოველდღე უნდა ვკითხულობდეთ, რომ უფრო მეტად შევიგრძნოთ სიღრმე და სიდიადე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სიტყვას, სიტყვის ძალას! ვაჟა ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა სიმართლეს, როცა მამათა და შვილთა ბრძოლა მიდიოდა! მიკვირს წიგნებში როგორ ეტევა ლუკა რაზიკაშვილის გენია!
ვინც ვაჟას შემოქმედებას აფასებს, ის ჩემთვის მამულიშვილია!
დაბოლოს, ისევ ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
ერთი გოგონა მიყვარდა - სიკეთის გზებით მავალი, მკერდში ჩამიკრა თბილადა ძველ კოლხთა შთამომავალი.
სამყარო გამილამაზა, ამ გულში ჰპოვა ბინაო, მთების შველივით ლამაზმა ჩემს მკლავზე დაიძინაო.
ეს სიყვარულის ამბავი - საამოდ გასაკვირველი ამ ქვეყანაზე დარჩება, როგორც ამბორი პირველი.
ოთარ რურუა
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|